შტაინერი და მისი მოძღვრება
შტაინერი და მისი მოძღვრება
ანთროპოსოფია
ანთროპოსოფია საკმაოდ პოპულარულია ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილში. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ტოტალური ათეიზმის ეპოქაში, როდესაც ერთადერთ ჭეშმარიტ ფილოსოფიად მატერიალიზმი იყო აღიარებული , ხოლო საეკლესიო ლიტერატურის გამოცემა და ქადაგება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, განათლებული და მატერიის მიღმა არსებულ რეალობასთან ზიარებას მოწყურებული ადამიანი სხვადასხვა უცხო, როგორც ევროპულ, ისე აღმოსავლურ, მოძღვრებებში ეძიებდა სულიერ თავშესაფარს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა ანთროპოსოფია. იგი თავისი მისტიციზმითა და ეგზოტიკურობით ხიბლავდა შიშველი მატერიალისტური მსოფლმხედველობის წიაღში აღზრდილ ადამიანს, მაგრამ ესეც ერთგვარი ინტელექტუალური და სულიერი სატყუარა აღმოჩნდა, რომელმაც მრავალი ადამიანის სული ჩაითრია სიცრუის ახალ ჭაობში, ანუ მოხდა ისე, რომ ადამიანი, რომელმაც თავი დააღწია ერთ ანტიქრისტიანულ სწავლებას, მეორე, არანაკლებ საშიში ანტიქრისტიანული სწავლების მიმდევრად იქცა. ანთროპოსოფიის სიყვარული ჩვენში დღესაც არ განელებულა, რასაც ბოლო წლებში ქართულ ენაზე გამოცემული ანთროპოსოფიული ლიტერატურის სიუხვეც მოწმობს, ამიტომაც ამ სწავლების ჭეშმარიტი არსის წარმოჩენა დღესაც აუცილებელი და საჭიროა.

ანთროპოსოფიის (ბერძნ. ანთროპოს - ადამიანი, სოფია - სიბრძნე) შემქმნელი რუდოლფ შტაინერია (1861-1925), რის გამოც ამ სწავლებას ხშირად შტაინერიზმსაც უწოდებენ. თავდაპირველად შტაინერი თეოსოფიის მიმდევარი იყო, მაგრამ შემდგომში, გარკვეული უთანხმოების გამო, ჩამოსცილდა მას და დამოუკიდებელი მოძღვრების - ანთროპოსოფიის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც თეოსოფიის მემარცხენე, რადიკალურ ფრთას წარმოადგენს. ძირითადი სხვაობა მათ შორის ისაა, რომ თუ თეოსოფიის უმთავრესი მასაზრდოებელი წყარო იუდაიზმი და ბუდიზმია, შტაინერმა თავისი სწავლების საფუძვლად გნოსტიციზმი და მანიქევლობა აირჩია.

უნდა აღინიშნოს, რომ შტაინერი არ იყო ორიგინალური მოაზროვნე, ის ერესიარქადაც არ შეიძლება ჩაითვალოს. იგი უფრო ეკლექტიკოსი, პლაგიატორი და კომპილატორია. შტაინერმა გულდაგულ შეაგროვა ყველა ის ერეტიკული სწავლება, რომელიც ეკლესიამ თავისი ისტორიის მანძილზე უკუაგდო და საკუთარი ინტერპრეტაცია მიანიჭა მათ.

გარდა გნოსტიციზმისა და მანიქევლობისა, ანთროპოსოფია გარკვეულწილად იყენებს მაზდეანობის, ინდუიზმის, ჰერმეტიზმის, შუა საუკუნეთა ალქიმიისა და კაბალას ცალკეულ დებულებებს, ასე რომ, "ახალი", "უნიკალური" მოძღვრების პრეტენზიის მქონე ანთროპოსოფია სინამდვილეში ყალბი იდეების ხელოვნურ კონგლომერატს წარმოადგენს. შტაინერის ყველა ნაწარმოები (მან მრავალი წიგნი დაწერა, ლექციების რიცხვი კი 8000-ს აღემატება) უკიდურესი სუბიექტივიზმით გამოირჩევა და მთლიანად მის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. თავის რიტუალებში შტაინერი იყენებდა ინდუისტურ მედიტაციებს, გნოსტიკოსთა რიტუალურ ცეკვებს, აგრეთვე ზოგიერთ მასონურ წეს-ჩვეულებას. ამ უკანასკნელთაგან შტაინერმა იმდენად ბევრი რამ ისესხა, რომ I მსოფლიო ომის დროს, როცა მასონობა ოფიციალურად აიკრძალა, გერმანიაში, როგორც მასონური, ანთროპოსოფიული საკულტო კრებებიც აკრძალეს. ომამდე ცოტა ხნით ადრე შტაინერმა შვეიცარიის ქ. დორნახში საკუთარი ტაძარი ააგო, რომელიც შემდგომ დაიწვა, რასაც ახალი ტაძრის აშენება მოჰყვა. იგი, პირველის მსგავსად, წარმართულ საკერპეს ჰგავდა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით იყო დაყოფილი და შიგ წარმართულ ღვთაებათა (მარსი, ვენერა და სხვა) ქანდაკებები იდგა. ტაძრის გახსნაზე რ. შტაინერმა განაცხადა, რომ მისი ცხოვრებისეული დანიშნულება წარმართობის რეაბილიტაცია იყო.

რ. შტაინერი სპეციალობით ინჟინერ-არქიტექტორი იყო. მან დამოუკიდებლად შეისწავლა მედიცინა, გატაცებული იყო ჰომეოპათიით (გამოიგონა ჰომეოპათიური წამლებიც, რომლებსაც დღემდე იყენებენ მედიცინაში). არსებობს ანთროპოსოფიული საავადმყოფოები, სადაც მედიცინა შერწყმულია ასტროლოგიასა და მაგიასთან. შტაინერისტებს აქვთ სკოლები, საბავშვო ბაღები, მათგან აღსანიშნავია ე.წ. ვალდორფის სკოლა.

შტაინერი წერდა წიგნებს ფილოსოფიის, ხელოვნებათმცოდნეობის, მედიცინის შესახებ. დიდ პატივს სცემდა გოეთეს, რომელსაც არაერთი გამოკვლევა უძღვნა.

განმარტავდა სახარებასაც (ცხადია, გნოსტიკური სულისკვეთებით). მან თვითონაც დაწერა "მეხუთე სახარება", რომელიც, სხვათა შორის, ნაკლებადაა ცნობილი თვით შტაინერის მიმდევართა შორისაც კი. როგორც ჩანს, მას განგებ უმალავენ საზოგადოებას, რათა ნაადრევად არ დააფრთხონ ახალმოქცეულნი (თავის "სახარებაში" შტაინერმა იესო ქრისტე ზარატუსტრას განხორციელებად გამოაცხადა). ებიონიტების კვალად, შტაინერი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე იოსებისა და მარიამის ქორწინების ნაყოფია, რომ ახალშობილში სხვა, ადრე გარდაცვლილი იესოს სული ჩასახლდა (ანთროპოსოფია, ისევე როგორც სხვა ოკულტური სწავლებანი, აღიარებს რეინკარნაციას) და ყრმაში ორი სული ცხოვრობდა. შტაინერის იესო სუსტი, ზნეობრივად ნაკლული, მუდამ ორჭოფი ადამიანია. როდესაც წარმართები ემუქრებიან, იგი მზადაა მსხვერპლი შესწიროს კერპებს და მხოლოდ გულის შეღონება იხსნის ღვთის უარყოფისგან. 30 წლის ასაკში, ნათლისღებისას, იესოზე გადმოდის ქრისტე - მზის ეონი, რომელიც შვიდ ელოჰიმს ანუ შვიდ კოსმოსურ სულს შეიცავს. ჯვარცმის დროს იესოს სხეული რომელიღაც ნაპრალში ჩავარდა და იქვე პოვა სამარე.

აქედან გამომდინარე, არც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა არსებობს - აღდგომა ილუზიაა, სინამდვილეში აღდგა მხოლოდ ქრისტეს ეთერული სხეული, რომელიც 1914 წელს კვლავ მოევლინა სოფელს. როგორც ცნობილია, 1914 წელს დაიწყო I მსოფლიო ომი, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი და უბედურება მოიტანა. ამ დროს თავად რ. შტაინერი ბიზნესს ეწეოდა: ჰქონდა თამბაქოს პროდუქციის საწარმოს აქციები, შემოსავალი - მედიცინიდან, ღებულობდა შემოწირულობებს და ა.შ.

შტაინერი ქრისტეს, გარდა გნოსტიკურისა, მანიქევლური და მაზდეანური თვალთახედვითაც განიხილავდა, კერძოდ, მისი აზრით, ქრისტე სინათლისა და სიკეთის ღმერთს, აჰურამაზდას, შეერწყა, რადგან აჰურამაზდა ამარცხებს არიმანს (ბოროტ ღმერთს). ამდენად, ქრისტეს მოსვლაც შტაინერისთვის სხვა არაფერია, თუ არა მზის ეონის დამკვიდრება, სამყაროდან სიბნელისა და წყვდიადის განდევნა და მზის მარადიული დღესასწაული.

როგორც ვხედავთ, რ. შტაინერი თავის სისტემას მთლიანად წარმართობაზე აფუძნებს და ქრისტეს სახელს სპეკულაციისთვის იყენებს, რათა ქრისტიანულ ტრადიციაზე აღზრდილ ევროპელთა ადაპტირება უფრო ადვილად შეძლოს. ამას გარდა, რ. შტაინერი ცდილობს, უჩვენოს ყველას, რომ მისი სწავლება არაა ანტიქრისტიანული. მეტიც, ამტკიცებს, რომ ანთროპოსოფია ქრისტიანობის ერთ-ერთი, როგორც თვითონ უწოდებდა, "გაღრმავებული" მიმდინარეობაა, რომ თითქოს არსებობს რაღაც "ეზოთერული" ქრისტიანობა, რომლის შესახებაც შტაინერმა აუწყა კაცობრიობას.

რაც შეეხება იმ ნაირგვარ სულიერ ილეთებს, რომელთაც რ. შტაინერი თავის მიმდევრებს სთავაზობს, ისინი აღმოსავლური ვარჯიშების კომპლექსებს წარმოადგენენ (მედიტაციების ჩათვლით), რომელთაც საოცარი ოკულტური ძალის გამოწვევის უნარი მიეწერება.

ანთროპოსოფიის მიმდევართა უმრავლესობაც, თვით შტაინერისავე თქმით, სწორედ მათში მთვლემარე შესაძლებლობის გასავითარებლად და ძლიერების მოსახვეჭად დაეწაფა ამ სწავლებას და არა არარსებული რელიგიურ-ფილოსოფიური სიღრმეების დასაუფლებლად.

ზოგიერთი შტაინერისტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ანთროპოსოფია რელიგია არ არის, რომ იგი ადამიანის სულიერი ძალების განვითარებას, მის ჯანმრთელობას და ა.შ. ემსახურება. ამდენად, მისი მიმდევარი იმავდროულად მართლმადიდებელიც შეიძლება იყოს. ამ არგუმენტის უსუსურობა აშკარაა - რელიგია არც მარქსიზმია, მაგრამ განა შეიძლება მარქსისტი ქრისტიანის არსებობა წარმოვიდგინოთ? მარქსიზმი ხომ აშკარა ანტიქრისტიანული სწავლებაა, რომელიც უახლოეს წარსულში სასტიკად დევნიდა ეკლესიას.

ანტიქრისტიანული, ოკულტური სწავლებაა ანთროპოსოფიაც. იგი ნეოწარმართობაა, რომელმაც ააღორძინა და ევროპული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის სამოსით შემოსა ეკლესიის მიერ საუკუნეთა მანძილზე უკუგდებული სხვადასხვა ანტიქრისტიანული, მწვალებლური დოქტრინა.

ამრიგად, ჩვენში მოდური რ. შტაინერის სწავლება სინამდვილეში ძველ მოძღვრებათა ერთობ უსახურ, ეკლექტურ ნაზავს წარმოადგენს, რომელიც ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1