რატომ იტაცებთ ფროიდის მოძღვრება
რატომ იტაცებთ ფროიდის მოძღვრება
ფროიდიზმის სახელით ცნობილი მიმდინარეობა ავსტრიელ ნევროპათოლოგს, ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს, ფსიქოანალიზის შემქმნელს, ზიგმუნდ ფროიდს უკავშირდება. ზ. ფროიდი 1856 წელს დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ქ. ფრაიბერგში (ახლა ჩეხეთშია). ბავშვობაში, გოეთეს გავლენით, ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული, ვენის უნივერსიტეტში სწავლისას მისი მსოფლმხედველობა პოზიტივიზმისა და მექანიციზმის გავლენის ქვეშ ყალიბდებოდა. 1876-82 წლებში ცხოველთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობდა. 1902 წლიდან ვენის უნივერსიტეტის პროფესორია. ამ პერიოდიდან იწყებს მთავარი ნაშრომების გამოქვეყნებას. 1938 წელს გერმანიის მიერ ავსტრიის ოკუპაციის გამო ინგლისში გადასახლდა. 1939 წელს გარდაიცვალა ლონდონის მახლობლად, ჰემფსტედში.

ფროიდის სწავლებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ე.წ. პიროვნების სტრუქტურულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანის საქციელს სამი ურთიერთმოქმედი ინსტანცია განაპირობებს: "იგი" (ID - ლათ., ES - გერმ.), "მე" (Ego, Ich) და "ზე-მე" (Super-Ego, Uber Ich). "იგი" ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა და ლტოლვათა სფეროს აღნიშნავს, "მე" - ცნობიერების სფეროს, ხოლო "ზე-მე" - გარემომცველი საზოგადოებისგან მომდინარე და ინდივიდის ცნობიერებაში დალექილი, ძირითადი ზნეობრივი ხასიათის შეხედულებების, მოთხოვნილებებისა და ნორმების სფეროს.

ინდივიდის საქციელს უშუალოდ "მე" განაგებს, მაგრამ ისე, რომ იგი ერთდროულად ბიოლოგიური ლტოლვებიდან გამომდინარე იმპულსებითაც ხელმძღვანელობს და "ზე-მე"-ს მოთხოვნებითა და ნორმებითაც. რამდენადაც ლტოლვები თავიანთი იმპულსებით ხშირად ეწინააღმდეგებიან "ზე-მე"-ს მოთხოვნებსა და ნორმებს, ეს უკანასკნელი, როგორც "ცენზორი", განდევნის "მეს", შიგნით არ უშვებს მათ და, ამდენად, შესატყვის საქციელში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, მაგრამ განდევნილი ლტოლვები არ კვდებიან და რეალიზაციის სხვა გზებს ეძებენ. არაცნობიერის სფეროში განდევნილი ლტოლვები ცნობიერ სფეროში სახეშეცვლილნი ბრუნდებიან. ფროიდი ბიოლოგიური ლტოლვებიდან უმთავრესად სქესობრივ ლტოლვას - ლიბიდოს მიიჩნევს. ამდენად, ადამიანის ყველა მოთხოვნილება, ყველა სწრაფვა სინამდვილეში არაცნობიერში განდევნილი სექსუალური ინსტინქტების ტრანსფორმაციას წარმოადგენს, რომელსაც ფროიდი საგანგებო ტერმინით - "სუბლიმაციით" აღნიშნავს. სუბლიმაციის პროცესში ადამიანის ბნელი, სქესობრივი ინსტინქტები ხელოვნების, რელიგიური გრძნობის და სხვა "ნიღბების" სახით გვევლინებიან. აქედან გამომდინარე, ფროიდი არა მარტო ადამიანის არსებასა და მის საქციელს აცხადებს ბიოლოგიური, პირველ რიგში, სექსუალური ინსტინქტებით დეტერმინირებულად, არამედ მისი მოღვაწეობის (მხატვრული შემოქმედების, რელიგიური მისწრაფების და ა.შ.) განმაპირობებლადაც სუბლიმირებულ სქესობრივ ლტოლვას მიიჩნევს.

ფროიდი საკუთარი თეორიის საშუალებით ახდენდა ხელოვნების ნაწარმოებთა ანალიზსაც. მისი აზრით, ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე აქვს ლტოლვა მოპირდაპირე სქესის მშობლისადმი, რომელსაც ფროიდი "ოიდიპოსის კომპლექსს" უწოდებს. საზოგადოებრივი ნორმების ზეწოლით აღნიშნული კომლექსი არაცნობიერის სფეროშია განდევნილი და იგი ყოველნაირად ცდილობს ცნობიერების ზედაპირზე ამოხეთქვას სხვადასხვა ნევროზის სახით. ამიტომაც ყოველი ადამიანი პოტენციური ნევროტიკოსია და მხოლოდ ცხოვრების პირობებზეა დამოკიდებული ნევროზების მძიმე ან მსუბუქი ფორმით გამოვლენა. ხელოვნებაც, ფროიდის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა ამგვარი ნევროტიკული დამუხტულობის გამოვლენა, ოღონდ არა პათოლოგიის ფორმით (ისტერია, შიზოფრენია, პარანოია და სხვა), არამედ სუბლიმირებულად, მხატვრული ნაწარმოების, ესთეტიკურად შენიღბული სახით.

თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ფროიდისეული ინტერპრეტაცია შექსპირის "ჰამლეტისა", რომლის მთავარი აზრი ისაა, რომ კლაუდიუსმა ჰამლეტს არაცნობიერის სიღრმეში ჩაუსახა არა მტრობის, არამედ კეთილგანწყობის ინსტინქტი, მაგრამ რადგან კლაუდიუსი არ კმაყოფილდება ამით და ცოლად ირთავს ჰამლეტის დედას, იგი თვითონ ხდება მისი მეტოქე, რის გამოც ჰამლეტს უკვე მტრობის ინსტინქტიც უჩნდება. სწორედ ამგვარი ამბივალენტურობა, ორი საპირისპირო ინსტინქტის არსებობა განაპირობებს, ფროიდის აზრით, ჰამლეტის ტრაგიკულ მერყეობას. ამგვარი პანსექსუალისტური წანამძღვრების მეოხებით აანალიზებს ფროიდი სხვა მხატვრულ ნაწარმოებებსაც (ლეონარდო და ვინჩის, დოსტოევსკის და ა.შ.).

სქესობრივი ლტოლვის გამოვლენაა, ფროიდის მიხედვით, სიზმრებიც. მან მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში საკმაოდ ბევრი დრო დაუთმო სიზმრების ახსნა-განმარტებას, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ყველა სიზმრის სიღრმისეულ საფუძველს განდევნილი სექსუალური მისწრაფებები წარმოადგენენ. ფროიდი სიზმრად ნახულ ყველა საგანსა თუ მოვლენას სექსუალური სიმბოლიკის მეშვეობით განმარტავდა.

ზოგიერთი მკვლევარი ფროიდის სუბლიმაციის თეორიას პლატონის ეროსზე სწავლებას უკავშირებს, მაგრამ თუ პლატონთან ყოფიერების დაბალი ფორმები მაღალი ფორმებიდან გამომდინარეობს, ფროიდთან პირიქით, ყოფიერების ყველა მაღალი ფორმა დაბალ ფორმაზე - ერთადერთ რეალურად არსებულ ბიოლოგიურ პროცესებზე დაიყვანება. საერთოდ, ფროიდი მუდამ უსვამდა ხაზს თავისი სწავლების წმინდა ემპირიულ ხასიათს და ფილოსოფია ინტელექტუალური ძალების უაზრო ხარჯვად მიაჩნდა. ასევე ზერელე და ნიჰილისტური იყო მისი შეხედულება რელიგიაზეც, რომლის წარმოშობასაც კვლავ საკუთარი თეორიის საშუალებით ახდენდა. ფროიდი "ტოტემსა და ტაბუში" (1913წ.) იზიარებდა ე. ჰეკელის "ფილოგენეტიკურ კანონს", რომლის თანახმადაც ინდივიდის ონტოგენეზი მისი ფილოგენეზის განმეორებაა. ამ კანონს ფროიდი ფსიქოლოგიურ სფეროზეც ავრცელებდა. ამ მხრივ მისი სისტემა მითოსს უახლოვდება: "ისტორიის პირველ აქტად ცხადდება დანაშაული, რომელმაც კონკრეტული ფორმა მიიღო მამის ან პირველყოფილი ადამიანების ჯგუფის ლიდერის მოკვლით მისი მეტოქე შვილების მიერ, მაგრამ ლტოლვათა ამბივალენტურობის კანონის ძალით, მკვლელობას თან სდევს სინანული, მონანიების გრძნობა, რის გამოც ხდება ინსტინქტების ჩახშობა, ხოლო შემდეგ - მათი სუბლიმაცია და ასე იბადება რელიგია. ამ დროს მოკლულ მამას განასახიერებს რომელიმე ტოტემური ცხოველი და ადამიანებსაც მასზე გადააქვთ რეალური მამის მიმართ ამბივალენტური გრძნობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდს რელიგიის, როგორც "კოლექტიური ნევროზის", შესახებ ვულგარული წარმოდგენა არც შემდგომ შესცვლია, რისი გამოხატულებაც იყო სიცოცხლის ბოლო წელს დაწერილი პამფლეტი "მოსე და მონოთეისტური რელიგია".

საერთოდ, ადამიანის მოღვაწეობის რომელ მხარესაც არ უნდა შეეხოს ფროიდი, მისი მსჯელობა ყველა შემთხვევაში მთლიანად ზღვარდაუდებელი ბიოლოგიზმითაა განმსჭვალული. სწორედ ამის გამო დაგმეს და აკრძალეს იგი საბჭოთა კავშირში 30-იან წლებში, მანამდე კი ძალზე პოპულარული იყო. მართალია, მარქსისტებს მოსწონდათ ის, რომ ფროიდი ადამიანს უპირველესად ბიოლოგიურ არსებად წარმოაჩენდა, მაგრამ შემდგომში აღარ მოეწონათ, რომ ფროიდი უგულებელყოფდა ადამიანს, როგორც სოციალურ არსებას. სოციალური გარემო, საზოგადოება, კლასები, მასები და ა.შ. მარქსიზმის აუცილებელი ცნებებია. სხვათა შორის, 1933 წელს, ხელისუფლების სათავეში მოსვლისას, ფაშისტებმაც დაწვეს ფროიდის წიგნები, მაგრამ ალბათ უფრო მისი ებრაული წარმოშობის გამო.

გადაჭარბებული ბიოლოგიზმისა და პანსექსუალიზმის გამო გაემიჯნა ფროიდის სწავლებას მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგი (1878-1961წ.წ.) - სიღრმისეული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების "ანალიტიკური ფსიქოლოგიის" ფუძემდებელი. მან შემოიღო "კოლექტიური არაცნობიერის" ცნება, რომელიც რაღაც უპიროვნო სუბსტანციად მოიაზრება - დაახლოებით ანრი ბერგსონის ელან ვიტალ-ის ("სიცოცხლის სწრაფვის") მსგავსად. იგი უფრო ღრმაა, ვიდრე ინდივიდუალური ფსიქიკა და ადრეული თაობების (წინაპრების) გამოცდილებათა ანარეკლს წარმოადგენს, რომელიც ტვინის სტრუქტურაშია აღბეჭდილი. მის შინაარსს შეადგენენ ყველა ადამიანისთვის საერთო პირველხატები - არქეტიპები, რომელთა დინამიკაც საფუძვლად უდევს მითებს, მხატვრული შემოქმედების სიმბოლიკასა და სიზმრებს. საინტერესოა, რომ იუნგი "კოლექტიური არაცნობიერის" არსებობას ადამიანში ექსპერიმენტული სახით ადასტურებს. მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როდესაც ჰიპნოზის ქვეშ მყოფმა უსწავლელმა გოგონამ ზეპირად წარმოთქვა ჰომეროსისა და ჰორაციუსის ნაწარმოებთა მთელი თავები. ქრისტიანისთვის ნათელია, თუ ვინ მეტყველებდა უწიგნური გოგონას პირით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს აგრეთვე ე.წ. ნეოფროიდიზმი. იგი ძირითადად აშშ-ში განვითარდა. მისი წარმომადგენლებიც არ ცნობენ ფროიდისეულ ბიოლოგიზმს და საწყის დებულებად სოციალური (ე. ფრომი) ან კულტურული (ა. კანდინერი) დეტერმინიზმი მიაჩნიათ.

გარდა ამისა, ბევრი მწერალი, ხელოვანი და მეცნიერი ფროიდის მოძღვრებას არ იზიარებდა და გმობდა. ინგლისელი პროფესორი ჩარლზ აბრაჰამსი კი საერთოდ უარყოფს ფსიქოანალიზის მეშვეობით ნევროზების მკურნალობის შესაძლებლობას და ფროიდს XX საუკუნის უდიდეს შარლატანად აცხადებს.

ასეა თუ ისე, ფროიდის თეორიამ მაინც დიდი გავლენა იქონია ჩვენს დროში. ამის მიზეზი ისაა, რომ, ჯერ ერთი, დასავლეთის სეკულარიზებული, არარელიგიური საზოგადოება მზად იყო რაღაც ახალი, სენსაციური "აღმოჩენის" მისაღებად. მეორეც, მიუხედავად გადაჭარბებისა, ფროიდმა დაუფარავად დაიწყო ლაპარაკი სქესობრივი ლტოლვის შესახებ, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბიოლოგიურ იმპულსს წარმოადგენს, მაგრამ მისი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან, როგორც ანტირელიგიურმა და მატერიალისტურად მოაზროვნე პიროვნებამ ადამიანის ამგვარი, სექსუალურ ლტოლვას დაქვემდებარებული მდგომარეობა ნორმად ჩათვალა, სავსებით ბუნებრივად მიიჩნია იგი და ყოველგვარი ადამიანური მისწრაფებისა და საქმიანობის საფუძვლად გამოაცხადა. ქრისტიანობა კი გვასწავლის, რომ სქესობრივი ლტოლვა, მრუშების ვნება ცოდვით დაცემის შედეგია, იგი ერთგვარი სნეულებაა, ბიწია ადამიანის ბუნებისა. სქესობრივ ლტოლვას ქრისტიანული ასკეტიკა ერთ-ერთ საშიშ და ძნელად დასათრგუნავ ვნებად მიიჩნევს (წმინდა მამები ამბობენ: არ დაიჯერო, რომ ავხორცობის ვნება დაამარცხე მანამ, ვიდრე შენს კუბოს ბოლო ლურსმანს არ ჩააჭედებენო), ამიტომაც ქრისტიანის უპირველესი ვალია, სხვა მომაკვდინებელ ვნებებთან ერთად, სიძვის ვნებასაც ებრძოლოს. ეს კი მისგან უდიდეს ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს. ფროიდი კი დაცემული, ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანის სქესობრივ ლტოლვას და მისგან გამომდინარე ყველა შედეგს ცოდვად კი არ მიიჩნევს, არამედ ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად. ამიტომაც იყო, რომ ფროიდის სწავლებამ, სხვა მიზეზებთან ერთად, ძალზე შეუწყო ხელი XX საუკუნის დასავლეთში გამოცხადებულ "სექსუალურ რევოლუციას", რომლის ნაყოფს დღეს ჩვენც ვიმკით.

ფროიდის სწავლების პანსექსუალურ ხასიათზე დიდი გავლენა მოახდინა თვით მის პიროვნებაში, როგორც ჩანს, ჯერ კდიევ ბავშვობიდან არსებულმა სექსუალურმა და ფსიქიკურმა გადახრებმა, რომლებმაც ფროიდის ცხოვრების ბოლო პერიოდში ახალი ძალით იჩინა თავი, რაც, გარკვეულწილად, მის მსოფლმხედველობაშიც აისახა, კერძოდ, ფროიდი ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედ იმპულსებს განმარტავდა, როგორც "სიცოცხლის ინსტინქტსა" (ეროსი) და "სიკვდილის ინსტინქტს" (თანატოსი), როგორც ორი კოსმოსური ძალის გამუდმებულ ბრძოლას. ალბათ, ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ ფროიდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1