ბაჰაიზმი - მის მიმდევართა აზრით, პლანეტის ყველა ადამიანის საერთო რელიგიაა
ბაჰაიზმი - მის მიმდევართა აზრით, პლანეტის ყველა ადამიანის საერთო რელიგიაა
ბაჰაიზმი წარმოიშვა 1844 წელს - ირანში, ქალაქ შირაზში, სადაც ვაჭარმა სეიდ ალ მუჰამედმა თავი ბაბად (თარგმანებით - "კარიბჭედ") გამოაცხადა, რაც ალაჰსა და მორწმუნეს შორის შუამავალს ნიშნავს. მან ღვთის წარმოგზავნილის მოსალოდნელი მოვლინების შესახებ დაიწყო ქადაგება, დასრულებულად გამოაცხადა ყურანსა და შარიათზე დამყარებული კანონების ბატონობა და ამბობდა, რომ მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეკავა პანთეიზმსა და მისტიციზმს. ბაბმა გაამარტივა ისლამი და შეამცირა ლოცვების რაოდენობა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი ითამაშა ქალმა - ზაგრე ხანუმმა, რომელიც მოითხოვდა მრავალცოლიანობისა და ქალის დამამცირებელი სხვა მუსულმანური ჩვეულებების გაუქმებას.

მოგვიანებით ირანის ხელისუფლებამ ბაბი დააპატიმრა. 1850 წელს, შაჰის ბრძანებით, ის და მისი მიმდევრები სიკვდილით დასაჯეს. მისი გვამი მოწაფეებმა ისრაელში გადაასვენეს და ქარმელის მთაზე დაკრძალეს. ლიდერის გარეშე დარჩენილი მოძრაობა მალე შესუსტდა.

13 წლის შემდეგ ბაღდადში ვინმე ჰუსეინ ალიმ, იმავე ბაჰა-ულამ (1817-1892) საკუთარი თავი გამოაცხადა "იმ ადამიანად, ვის შესახებაც ბაბი წინასწარმეტყველებდა" და ახალი რელიგიის ფუძემდებელი გახდა (აღსანიშნავია, რომ ბაჰა-ულა მანამდე მუსულმანი იყო).

ბაჰა-ულამ გადაწყვიტა, ისეთი ახალი რელიგიის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ყველა ხალხს. იგი ლოცვას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ბაბის მიერ შემოღებული ბევრი აკრძალვა გააუქმა.

ირანში ბაჰა-ულა დააპატიმრეს და გადაასახლეს, თუმცა მას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია რელიგიური საქმიანობა. ბაჰაიზმის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა ბაჰა-ულას შვილმა აბას-ეფენდიმ, რომელმაც მიიღო სახელი აბდულ-ბაჰა ("ბაჰას მსახური"). მან არაერთგზის იმოგზაურა ევროპასა და ამერიკაში, სადაც ბაჰაიზმს ქადაგებდა და მრავალი მიმდევარიც შეიძინა.

ბაჰაისტები თვლიან, რომ ბაჰა-ულა აგრძელებს "ღვთის განმცხადებლების" - აბრაამის, მოსეს, ბუდას, ზოროასტრის, ქრისტეს, მუჰამედის რიგს; ყოველი მათგანი იყო "ღვთაებრივი მკურნალი", რომელიც კაცობრიობას მისი დროის შესაფერის წამალს უბოძებდა. ბაჰაიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მათი მოძღვრება ქრისტიანობისა და ისლამის სინთეზია. რადგანაც ბაჰაიზმი ისლამურ წიაღში წარმოიშვა, მასში მრავლადაა მაჰმადიანური რიტუალები და ტერმინოლოგია. ბაჰაისტების აზრით, დაახლოებით 100 წლის შემდეგ, კაცობრიობის განვითარების შემდგომი ეტაპისათვის მოსალოდნელია ბაჰა-ულას მომდევნო "მაუწყებლის" მოსვლა. ბაჰაიზმის დედააზრი ასეთია: დადგა პლანეტის ყოველი ადამიანის ერთ საყოველთაო საზოგადოებად გაერთიანების დრო. ამგვარი გაერთიანების პრინციპები შემდეგია: მსოფლიო რელიგიათა საერთო წყაროსა და ერთიანობის აღიარება (რათა გამოირიცხოს ადამიანებს შორის რელიგიური წინააღმდეგობები, აუცილებელია საერთო რელიგია, ასეთი კი ბაჰაიზმია), აღიარება იმისა, რომ ჭეშმარიტი რელიგია სრულ თანხმობაშია მეცნიერებასთან, საყოველთაო განათლების აუცილებლობა, ცრურწმენების უარყოფა, სქესთა შორის თანასწორუფლებიანობა, სიღარიბის და სიმდიდრის უკიდურეს ფორმათა აღკვეთა, საყოველთაო მშვიდობა დედამიწაზე, მსოფლიო თანამეგობრობის ფედერალური სისტემის დამყარება, საერთო ენა და ა.შ.

ბაჰაისტების აზრით, საჭიროა მსოფლიოს ხალხების გაერთიანება როგორც ტერიტორიული, ისე რელიგიური ნიშნით. ისინი მოუწოდებენ ადამიანებს ისეთი მსოფლიო საზოგადოების შექმნისაკენ, სადაც საერთოდ არ იქნება ომები.

ბაჰაისტთა მთავარი რელიგიური წიგნია "ქითაბ აკდა"("უწმინდესი წიგნი") რომელშიც ბაჰაიზმის ძირითადი დოქტრინებია გადმოცემული. მასში ნათქვამია: "ახლა გამოჩნდა ღვთაებრივი რელიგია, მოვიდა ქვეყნიერების მეუფე და გვიჩვენა გზა. მისი დადგენილება კეთილი საქმეებია, მისი წეს-ჩვეულება - გასაჭირთა დათმენა. ეს რელიგია ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებს, ამ წეს-ჩვეულებებს კი ადამიანები მიჰყავს სამყაროში, სადაც ნაღველი არ არის. ეს რელიგია და მისი ადათ-წესები ყველა რელიგიასა და წეს-ჩვეულებებს მოიცავს. მიიღეთ და დაეუფლეთ მას".

ბაჰაიზმის მიმდევრები უფლისადმი ლოცვას დღეში სამჯერ აღავლენენ, რის დროსაც თითოეულ ბაჰაისტში "უფალი იბადება". ლოცვის წინ ბაჰაისტები, მუსულმანთა მსგავსად, განბანის წესს აღასრულებენ. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ მედიტაციებს, კითხულობენ ბაჰაიზმისა და სხვა მსოფლიო რელიგიების "წმინდა წერილებს" და ა.შ. ბაჰაისტური დღესასწაულების უმრავლესობა ბაჰა-ულას ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი კალენდარიც: წელიწადი მოიცავს 19-დღიან თვეებს (სულ 361 დღეს), ხოლო 4 დღე არის დამატებითი მე-18 და მე-19 თვეებს შორის. ბაჰაისტებს აქვთ ტაძრების მსგავსი "თაყვანისცემის სახლები", რომელთა კედლებზეც "ქითაბ აკდადან" ამოღებული ციტატებია წარწერილი. სხვადასხვა ქვეყანაში ბაჰაიზმის 8 "თაყვანისცემის სახლი" მოქმედებს. გარდა ამისა, ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი სასწავლებლები, გამომცემლობები, რადიოსადგურები და ა.შ.

საქართველოში ბაჰაისტები XX ს-ის 90-იან წლებში გამოჩნდნენ. 1992 წელს ჩვენს ქვეყანაში, ბაჰაიზმის "გავრცელების საერთაშორისო კომიტეტის" დავალებით, მისიონერები - ირანელი როჰანი და ინდოელი აფშინა - ჩამოვიდნენ. თავიდან ახალმა მისიონერებმა ბაჰაიზმზე 20-მდე რუსი ეროვნების ადამიანი მოაქციეს. 1993 წელს თბილისში "ბაჰაის სასულიერო ასამბლეა" დაარსდა.

ამჟამად საქართველოში ბაჰაიზმს რამდენიმე ასეული მიმდევარი ჰყავს. თბილისში ბაჰაისტები აკაკი წერეთლის გამზირზე არსებულ ცენტრში იკრიბებიან.
ბეჭდვა
1კ1