მეშვიდე დღის ადვენტისტები მეორედ მოსვლას 1995 წელს ელოდნენ...
მეშვიდე დღის ადვენტისტები მეორედ მოსვლას 1995 წელს ელოდნენ...
"სატანა სხვადასხვა სახის საცდურს იყენებს. იგი ნახევარ სიმართლეს გვეუბნება და ცრუ მოძღვრებას გვთავაზობს, რათა გზა-კვალი აუბნიოს ყოველ მორწმუნეს... ქრისტიანული სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც სრულიად ახალ-ახალ გზებს გვთავაზობენ სულიერი განვითარებისა და გამარჯვების მისაღწევად. ისინი გვპირდებიან, რომ თუ მათ მიერ შემოთავაზებულ გზას დავადგებით, აღარ შეგვექმნება რაიმე პრობლემა სულიერ სფეროსთან დაკავშირებით... თუმცაღა ასეთ გზას არავინ მიუყვანია დაპირებულ შედეგებამდე. პირიქით, მას მორწმუნე სასოწარკვეთამდე და დამარცხებამდე მიჰყავს. ქრისტიანული სექტები ცდილობენ, გამარჯვების "სულიერი საიდუმლოებით" აცდუნონ და მოატყუონ გზააბნეული ქრისტიანები", - ნათქვამია სხვა სექტების შესახებ ადვენტისტურ გამოცემაში "ქრისტიანული ცხოვრება", თუმცა ეს სიტყვები თამამად შეიძლება მივუსადაგოთ თვით ადვენტიზმს.

ადვენტიზმი XIX ს-ის 30-იან წლებში აშშ-ში წარმოიშვა. მის დამაარსებლად ითვლება ყოფილი ბაპტისტი უილიამ მილერი (1781-1849). ის ამერიკელი ფერმერი იყო, უბრალო, ღარიბი ოჯახის შვილი, რომელმაც სკოლის სულ ორი კლასი დაასრულა. მილერს ძალიან უყვარდა კითხვა და 35 წლამდე სკეპტიკოს-აგნოსტიკოსი იყო, შემდეგ კი ბაპტისტი მქადაგებელი გახდა და საღვთო წერილის აქტიური შესწავლა დაიწყო. სხვა სექტების დამაარსებელთა მსგავსად, მილერიც კადნიერად ეკიდებოდა ბიბლიას და მის თვითნებურ ინტერპრეტაციას ახდენდა. მან პრიმიტიული თეორიების ჩამოყალიბება დაიწყო და ბოლოს დაასკვნა, რომ მოახლოებული იყო ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო და მსოფლიოს სულ მალე აღსასრული დაუდგებოდა. მოგვიანებით მილერმა ქვეყნიერების აღსასრულის თარიღიც "იწინასწარმეტყველა", ხოლო როცა შეახსენებდნენ მაცხოვრის სიტყვებს, არავის ძალუძსო იცოდეს მეორედ მოსვლის დღე ან საათი, მილერი პასუხობდა, რომ იგი წინასწარმეტყველებდა არა დღეს ან საათს, არამედ წელს (თვით სახელწოდება "ადვენტიზმიც" ლათინური სიტყვა adventus-იდან წარმოდგება, რაც "მოსვლას" ნიშნავს). მილერმა 1818 წელს აღსასრულის თარიღი "გამოთვალა", - მისი ვარაუდით, ეს 1843 წელი უნდა ყოფილიყო, - რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა: წარმოგიდგენიათ, 25 წლის შემდეგ სამყარო დაემხობა! ხალხი კი ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას და ეჭვიც კი არაფერში ეპარება; მომავალი მხოლოდ მან, მილერმა იცის!

და აი, 1831 წელს მილერმა თავისი "აღმოჩენის" მხურვალე ქადაგება დაიწყო. მოძღვრება მალე მთელ ამერიკას მოედო. ბევრმა ირწმუნა მისი, მაგრამ დადგა 1843 წელი და, რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. მილერმა გამოაცხადა, რომ გაანგარიშების დროს შეცდა და ქვეყნიერების აღსასრული 1844 წლის 21 მარტისთვის გადაიტანა. მისი "წინასწარმეტყველების" თანახმად, დაიხოცებოდა ყველა, გარდა ადვენტისტებისა, მაგრამ არც ახლა მომხდარა რამე. მილერი დეპრესიაში ჩავარდა, მაგრამ მომხრეებმა ურჩიეს, გამოთვლისას მოეშველიებინა ებრაული კალენდარი, რომლის მიხედვით, ახალი წელი 1844 წლის 21 ოქტომბერს დგებოდა. მილერი "მიხვდა", რომ სწორედ ეს თარიღი იყო შეუმცდარი. ამჯერად "წინასწარმეტყველმა" არა მარტო დრო, არამედ ადგილიც დაასახელა - ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთი მთა. მილერმა ისე დაარწმუნა ხალხი თავის ფანტასტიკურ იდეებში, რომ მათ თავი მიანებეს ხვნა-თესვასა და მოსავლის აღებას, ბევრმა სახლ-კარიც კი გაყიდა და ფული დაარიგა. დანიშნულ დღეს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, ქრისტეს მომლოდინე ხალხი ბორცვზე შეიკრიბა, მაგრამ მესია, ცხადია, არ მოსულა. ეს დღე "დიდი იმედგაცრუების დღედ" იქცა.

გულგატეხილი ხალხი დაიშალა, ყველაზე თავდაჯერებულნი კი, კრახის მიუხედავად, ადვენტისტთა ორგანიზაციაში გაერთიანდნენ. თავად მილერი ბაპტისტებმა 1845 წელს გარიცხეს თავიანთი სექტიდან და მალე გარდაიცვალა კიდევაც.

სახელგატეხილი "წინასწარმეტყველის" ერთ-ერთი მიმდევარი, ხირამ ედსონი, "დიდი იმედგაცრუების" მეორე დღეს ხორბლის ყანაში სეირნობდა, სადაც "ღვთაებრივი გამოცხადება" მიიღო: თურმე 1844 წელს უფლის მოვლინება მომხდარიყო, მაგრამ "უხილავად". ქრისტე შესულიყო ზეციურ ტაძარში, რომლის შესასვლელიც ადრე დახშული ჰქონდა, და "გამოკვლევის სამსჯავრო" დაეწყო. იგი განიხილავდა თითოეული ქრისტიანის ცხოვრებას და წინასწარ იკვლევდა, ვინ იყო ღირსი აღდგომისა და ვინ - არა. ეს სასამართლო, ახალგამომცხვარი წინასწარმეტყველის თქმით, 80-დან 100 წლამდე გასტანდა, მერე კი დადგებოდა მეორედ მოსვლა.

ამის კვალობაზე, ადვენტისტები მეორედ მოსვლას ჯერ 1914 წელს ელოდნენ (ამავე წელს ელოდნენ "არმაგედონს" იეღოვას მოწმეები), შემდეგ - 1932-33 წლებში. ადვენტისტთა უკანასკნელი "წინასწარმეტყველება" მეორედ მოსვლის თარიღად 1995 წელს ასახელებდა.

მილერის კიდევ ერთმა მიმდევარმა, ჯორჯ სპერმა, 1844 წელს გამოსცა 6 ქადაგება, რომლებშიც სულის უკვდავებას უარყოფდა (სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის უარყოფა დღემდე წარმოადგენს ადვენტისტთა ერთ-ერთ განმასხვავებელ დოქტრინას).

ადვენტიზმის მეორე ფუძემდებელია ნათელმხილველი ელენ უაიტი (1827-1915). მას დროდადრო უცნაური გულყრები ემართებოდა, რომელთაც თვითონ "ღვთიურ გამოცხადებებს" უწოდებდა. ერთ-ერთი "ხილვის" ჟამს უაიტს თითქოსდა სჯულის ფიცრები გამოეცხადა, რომლებზეც 10 მცნება ეწერა. მეოთხე, რომელიც ებრაელებს მეშვიდე დღის - შაბათის - მოხსენიებას ავალდებულებს, კარგად არ იკითხებოდა. ამის კვალობაზე, ელენ უაიტმა დაასკვნა, რომ კვირის ნაცვლად შაბათი უნდა ეუქმათ. ამიტომ სექტის მიმდევრებს "მეშვიდე დღის ადვენტისტებსაც" უწოდებენ.

ელენ უაიტი ირწმუნებოდა, რომ ანგელოზი გამოეცხადა და სხვა პლანეტებზე სამოგზაუროდ წაიყვანა. ამის შემდეგ მან დაწერა წიგნი "დიადი ბრძოლა ქრისტესა და სატანას შორის", რომელშიც ადვენტისტური დოქტრინის საფუძვლებია გადმოცემული (იგი ქართულად 1998 წელს დაისტამბა 9000-იანი ტირაჟით). ელენ უაიტის "გამოცხადებებს" ადვენტისტები დღესაც უდიდეს პატივს მიაგებენ და ბიბლიასთან ერთად სარწმუნოების სწავლების წყაროებად თვლიან.

ადვენტისტები მიიჩნევენ, რომ სწავლება მეორედ მოსვლის შესახებ უმთავრესია წმინდა წერილში, დანარჩენ დოგმატებს კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ისინი ირწმუნებიან, რომ მეორედ მოსვლისას დადგება ქრისტეს ათასწლოვანი მეფობის ჟამი, როდესაც მართალნი აღდგებიან, ხოლო სატანა 1000 წლით შეიკვრება, შემდეგ კი ქრისტე მესამედ მოვა. ამ დროს აღდგებიან ცოდვილნი და სატანა მცირე ხნით გათავისუფლდება, რათა აცდუნოს ხალხი და ქრისტეს სამეფოს წინააღმდეგ უკანასკნელი ბრძოლისთვის შემოიკრიბოს, მაგრამ მალევე ციდან ჩამოვა ცეცხლი და გაანადგურებს მათ.

ჯერ კიდევ 1927 წელს ადვენტისტური გამოცემა "ბლაგოვესტნიკი" წერდა: "ჩვენ ვასრულებთ ჩვენს წმიდა მოვალეობას, დარწმუნებულნი ვართ, რომ ქრისტეს მოსვლა ახლოსაა. მართალია, არც ერთმა ადამიანმა არ იცის დღე და საათი, ხოლო ქრისტემ ზუსტი დროის განსაზღვრა აკრძალა, მაგრამ სამყაროს მდგომარეობა და სხვადასხვა მოვლენა, თუკი მათ მოციქულებრივი სიტყვის ფონზე განვიხილავთ, მეტყველებს, რომ ქრისტეს მოსვლა კარსაა მომდგარი" (1927, #6).

საზოგადოდ, სწავლება მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ გადმოცემულია სახარებასა და სამოციქულოში (მათე 24:1; თესალ. 4:13; 1,1-3; 2 თესალ. 2) და ადვენტისტურ მოძღვრებასთან არაფერი აქვს საერთო. სახარება გვამცნობს მაცხოვრის ორი მოსვლისა და ერთი საყოველთაო განკითხვის შესახებ. ქრისტეს მესამედ მოსვლის შესახებ სწავლება (ისევე, როგორც არაერთი სხვა დოქტრინა) ადვენტისტთა მიერაა შეთხზული.

ყველა ადვენტისტი ვალდებულია, იდღესასწაულოს შაბათი. ამ დღეს ეკრძალებათ მუშაობა, კერძის მომზადება და რამის ყიდვაც კი. სექტის წევრები იცავენ ელენ უაიტის მიერ შემოღებულ კვებით აკრძალვებს (ე.წ. "სანიტარულ რეფორმას") - არ ეკარებიან ღორის ხორცს, ყავას, ჩაის, ღვინოს, კოკა-კოლას და ვეგეტარიანულ რაციონს ამჯობინებენ. "ალკოჰოლის მიღება, როგორიც არ უნდა იყოს მისი კონცენტრაცია, ნარკოტიკის ზემოქმედებას ჰგავს. ფაქტობრივად, ალკოჰოლი ნარკოტიკს უტოლდება. ამგვარად წაბილწულ ადამიანს არა აქვს ადგილი ცათა სასუფეველში... მადა ხშირად გვიბიძგებს, მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც არათუ არ აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ ხშირად ვნებს კიდევაც მას. ორიენტირება იმაზე, თუ როგორ იკვებება უმრავლესობა ჩვენს ირგვლივ, შეცდომაა... იმისთვის, რომ გავიგოთ, რომელი საკვებია ჯანსაღი და სასარგებლო, უნდა გავეცნოთ უფლის ჩანაფიქრს ადამიანის კვების შესახებ. მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, კაკალი - აი, რა განგვიწესა შემოქმედმა საკვებად", - ნათქვამია ადვენტისტური "ახალი ცხოვრების" სწავლების კურსის სახელმძღვანელოში (გამოცემულია ქართულადაც). გარდა ამისა, სექტის მიმდევრებს ეკრძალებათ ყოველგვარი გართობა, თვით მხატვრული ლიტერატურის კითხვაც კი.

ადვენტისტთა სექტა მისიონერული და პროზელიტური აქტიურობით გამოირჩევა, რაც ზოგჯერ სკანდალური ფაქტების მიზეზადაც იქცევა ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ სუდანში დიდი აღშფოთება გამოიწვია 200-მდე სკოლის მოსწავლის ერთობლივმა "ნათლობამ", რომელიც ამერიკელმა ადვენტისტმა მისიონერებმა მშობლების უნებართვოდ ჩაატარეს, თუმცა კი თავიდან ირწმუნებოდნენ, რომ სუდანში მხოლოდ სურსათის დასარიგებლად და ბიბლიის ისტორიის კურსის წასაკითხად იყვნენ ჩამოსულნი. ადვენტისტური ორგანიზაციის წარმომადგენელმა კი ამის თაობაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მათ, ვინც ეს აქცია ჩაატარა, ბავშვები ობლები ეგონათ. 1999 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადივოსტოკის ეპარქიამ სარჩელი აღძრა სამხარეო პროკურატურაში "სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ" კანონის დარღვევის გამო. ეპარქია უჩიოდა მეშვიდე დღის ადვენტისტთა ავსტრალიელ პასტორს, რომელმაც, "ბიბლიის შემსწავლელ ლექციებზე" ფართო აუდიტორია რომ მოეზიდა, დამალა, რომელი კონფესიის წარმომადგენელი იყო, რაც კანონის დარღვევად ითვლება.

ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ადვენტისტები ექვემდებარებიან მსოფლიო ცენტრს - მეშვიდე დღის ადვენტისტთა გენერალურ კონფერენციას, რომლის რეზიდენცია ვაშინგტონში მდებარეობს.

რუსეთში ადვენტისტები პირველად XIX ს-ის მიწურულს გამოჩნდნენ. საქართველოში კი რუსეთიდან შემოვიდნენ XX ს-ის დასაწყისში. მოგვიანებით სექტაში ქართველებიც გაერთიანდნენ.

დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ადვენტიზმს რამდენიმე ასეული მიმდევარი ჰყავს. საქართველოში სექტის ლიდერია პეტრე ლაგუტოვი. თბილისში ადვენტისტები მ. "ნაძალადევთან" იკრიბებიან.

p.s. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის "ყოველთა მგლოვიარეთა სიხარულის" ტაძართან რამდენიმე წელია მოქმედებს არატრადიციული რელიგიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. ამ ცენტრის დახმარებით უკვე მრავალი სექტანტი (იეღოველი, ადვენტისტი, ბაპტისტი თუ სხვა) დაუბრუნდა დედაეკლესიის წიაღს.
ბეჭდვა
1კ1