"ჩვენ სექტანტებს კი არ ვებრძვით, არამედ ვიბრძვით სექტანტებისთვის"
"ჩვენ სექტანტებს კი არ ვებრძვით, არამედ ვიბრძვით სექტანტებისთვის"
ათეიზმის 70-წლიანი ბატონობის დროს ხალხი თანდათან დაშორდა ეკლესიას, სულიერებას, მოაკლდა სარწმუნოებრივ განათლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართველი ერი დედაეკლესიისკენ შემობრუნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იცნობს მართლმადიდებლური რწმენის საფუძვლებს. ამას შესანიშნავად იყენებენ ახალშემოსული ტოტალიტარული სექტები, სარგებლობენ ქართველთა დიდსულოვნებითა და სტუმართმოყვარეობით, უფრო და უფრო ააქტიურებენ პროზელიტურ საქმიანობას და ცდილობენ, ქრისტიანებს თავს მოახვიონ თავიანთი ერეტიკული მოძღვრებები.

ქართველი ერისთვის მამა-პაპათა რჯულის შეურაცხყოფა საკუთარ შეურაცხყოფას ნიშნავს. საუკუნეთა მანძილზე ქართველობა და ქრისტიანობა ისე შედუღაბდა, რომ, წმინდა ილია მართლის თქმისა არ იყოს, "ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის". ქართულმა ეკლესიამ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის ერთიანობის, სახელმწიფოებრიობის, ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის შენარჩუნებაში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეობაზე უცხო სექტების ასეთი ზეწოლა ბევრს აღაშფოთებს და საპასუხო რეაქციას იწვევს.

"დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტებისა, ორმოცდაათიანელებისა, ევანგელისტებისა, იეღოველებისა, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლებისა: ბუდისტებისა, ინდუისტებისა, კრიშნაიტებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ... უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომლებიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად და იგი დღემდე იცავს ერთიანი, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის მრწამსსა და ტრადიციებს... დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებენ მართლმადიდებლობას და სხვა სექტებში გადადიან. თვითონ სიტყვა "მართლმადიდებლობა" ანუ მართლად, სწორად დიდება ღვთისა, ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს", - წერდა 1991 წლის სააღდგომო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. თუ როგორ ვიღეთ ყურად ჩვენი მწყემსმთავრის გაფრთხილება, ამას, ალბათ, ისტორია შეაფასებს,

მე კი მხოლოდ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ თქმულა: ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სექტანტობის გავრცელება არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვისაც (რომ აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების ხელყოფის პრაქტიკაზე) საფრთხის შემცველია. ამის საილუსტრაციოდ იეღოველ-რასელისტთა სექტის პოზიციის გაცნობაც კმარა. მაგალითად, იეღოველთა ჟურნალი "გამოიღვიძეთ" წერს: "თუ ვინმე გკითხავს: რა ეროვნების ხარ? - უპასუხე, რომ იეღოვას მოწმე ხარ"(!), - რასაც ასეთი კომენტარი მოსდევს: "მეამაყება, რომ ისეთ ორგანიზაციაში ვარ, რომლისთვისაც მნიშვნელობა არა აქვს ეროვნებას" (9.XII. 1998 წ. რუბრიკა "რასობრივი სიამაყე"). რასელისტთა სექტა კატეგორიული წინააღმდეგია, პატივი მიაგოს ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნულ სიმბოლიკას (დროშას, გერბს და სხვ.), უარყოფს პატრიოტიზმსა და საკუთარი ქვეყნის დაცვის აუცილებლობას; ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს.

იეღოველთა ჟურნალი "საგუშაგო კოშკი" წერს: "სკოლის მოსწავლეებს გაბედულება სჭირდებათ, როდესაც მათგან სამშობლოსა და დროშისადმი ერთგულების ნიშნად ფიცის წარმოთქმას მოითხოვენ. ასეთი ფიცის წარმოთქმა, ფაქტობრივად, დროშისა და სამშობლოს თაყვანისცემის ტოლფასია" (1. III. 2003 წ.). გარდა ამისა, რასელისტებს ეკრძალებათ არჩევნებში, ეროვნულ დღესასწაულებში მონაწილეობა და ა.შ. სექტა სახელმწიფოს, როგორც ასეთს, სატანისტურ მოვლენად მიიჩნევს, "ბოროტ სისტემას" უწოდებს და მისი განადგურების თეზისს ქადაგებს. ასეთივე დამოკიდებულება აქვს იეღოველთა სექტას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი - რასელისტურ გამოცემებში იგი "მსოფლიო ცრურელიგიის იმპერიად", "სიბილწედ" და სატანის ნების შემსრულებელ "ათრქიან შავ-წითელ მხეცად" მოიხსენიება (ჟურნ. "საგუშაგო კოშკი", 1.05. 1999 წ.). ამიტომაც იყო, რომ 2001 წლის 12 ოქტომბერს ამ სექტასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გაერომ მათ რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ამასთან დაკავშირებით გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა: "როგორც ჩანს, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით "იეღოვას მოწმეების" დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ, რაც საკმაოდ უცნაურია".

უკანასკნელ ათწლეულში ტოტალიტარული სექტები სერიოზულ პრობლემად იქცა მთელ პოსტაბჭოთა სივრცეში, ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გაიხსნა რამდენიმე საინფორმაციო-მისიონერული და საკონსულტაციო ცენტრი, რომლებიც არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების მსხვერპლთა რეაბილიტაციას ემსახურება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით გთავაზობთ ა.ს. ხომიაკოვის სახელობის არატრადიციული რელიგიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელის, მამა ოლეგ სტენიევის ინტერვიუს, რომელიც მან გაზეთ "მეგაპოლის-ექსპრესს" მისცა. ვფიქრობთ, იგი ჩვენთვისაც საინტერესო და აქტუალურია.

- მამაო ოლეგ, ნუთუ არატრადიციულ რელიგიათა ბადეში მოხვედრილ ხალხს მართლაც სჭირდება რეაბილიტაცია?

- თავად განსაჯეთ. იეღოვას მოწმეთა სექტის წევრი, 19 წლის პავლე, სიკვდილის პირას იყო, რადგან იეღოველებმა სისხლის გადასხმა აუკრძალეს. ქალებმა ჩვილი ბავშვები ქმრებს შეატოვეს და მონაზვნებად წავიდნენ სეკო ასაჰარასთან. როცა ვიპოვეთ ისინი, მათმა "სულიერმა მოძღვრებმა" გვითხრეს, რომ შვილებისთვისაც, ქმრებისთვისაც, ყველა ნათესავისა და ჩვენთვისაც კი უკეთესი იქნება, თუ ისინი მათთან დარჩებიან და სულიერ პრაქტიკას მოჰკიდებენ ხელს, აქაოდა, ეს მთელ რუსეთში შეცვლისო ვითარებას.

უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა აღმოსავლური სექტებიდან და გაერთიანებებიდან ხალხი დაზიანებული ფსიქიკით წამოსულა. ზოგან იყენებენ ნარკოტიკებს, ე.წ. სუფთა ვიტამინებს, საკმეველს, რომელსაც ძროხის ნაკელს უმატებენ. ამ საქმიანობას ეწევა თითქმის ყველა ინდუისტური სექტა და რელიგიური ორგანიზაცია. მოსკოვში არის საშინელი სექტა, სადაც მხეცურ რიტუალებს ატარებენ. ისინი უკრავენ ადამიანის წვივის ძვლისგან გაკეთებულ სალამურზე. ეს ტანტრისტული სექტაა.

- ისიც არის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული?

- რეგისტრირებულია თითქმის ყველა სექტა. იმას მოგახსენებდით, რომ ისინი უკრავენ სალამურებზე, შემდეგ გამოაქვთ ადამიანის თავის ქალაში ჩასხმული რაღაც მათრობელა სასმელი, რომელშიც გურუს სპერმას ურევენ. ამ სასმელს ყველა რიგრიგობით სვამს.

- იქნებ ისინი, უბრალოდ, ერთობიან ასე უცნაურად და ეს უაზრო გართობანი უსაფრთხოა?

- 3-4 წლის შემდეგ ამგვარი "თამაშების" მიმდევარი ადამიანი პრაქტიკულად უგონო, რელიგიური ფანატიკოსი ხდება... მე ვიცნობ ერთ კრიშნაიტ ქალს, რომელიც სცემს შვილებს, აგლეჯს ჯვრებს. სხვათა შორის, მიუხედავად კრიშნაიტების განცხადებისა, მონათლულებს ჩვენს რწმენაზე არ მოვაქცევთო, პრაქტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს.

- ყოფილ სატანისტებს თუ მოუმართავთ დახმარებისთვის?

- ერთხელ ჩვენთან ორმოციოდე წლის მამაკაცი მოვიდა ცოლთან ერთად. ისინი დიდი ხნის განმავლობაში სატანისტური სექტის წევრები იყვნენ. ჩვენ ამ კაცთან მუშაობა დავიწყეთ და მან სექტა დატოვა. ესმოდა, რომ სატანისტები დევნას დაუწყებდნენ და თავშესაფარი გვთხოვა. ჩვენ იგი ერთ მოშორებულ ეპარქიაში დავმალეთ, მაგრამ სატანისტებმა მაინც იპოვეს და ასეთი პირობა წამოუყენეს: ან ცოლთან ერთად დაბრუნდებოდა სექტაში, ან შსს-ს გადაეცემოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიტუალურ მკვლელობაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. ცოლი შეშინდა და დაბრუნდა, ის კაცი კი ნებაყოფლობით ჩაბარდა პოლიციას. იგი ბერად აღიკვეცა და ამჟამად ციხეში ზის. ის ლმობიერებას იმსახურებს, რადგან დანაშაული რელიგიურ საფუძველზე ჩაიდინა.

- მაგრამ ჩვენთან თითქოს საერთოდ არ არსებობს რელიგიური დანაშაული. შსს-ში ამით სპეციალური განყოფილება არ არის დაკავებული...

- ძალიან სამწუხაროა. ამ დანაშაულებებს თავისი სპეციფიკა აქვს. რევოლუციამდელი რუსეთის პოლიციაში იყო ასეთი განყოფილებები. სასამართლოც ითვალისწინებდა, რომ დანაშაული რელიგიური ფსევდოიდეის ზეგავლენით იყო ჩადენილი.

სექტანტები ძირითადად უმაღლეს სასწავლებლებში, მომავალ ინტელიგენციასთან "მუშაობენ" - სურთ, ჩვენი ახალგაზრდობა სადღაც განზე გაიყვანონ.

სექტანტებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პროფესიონალური ანონიმურობის პრინციპია. პირველი შეხვედრისას ძნელად მიხვდებით, რომელ სექტას ან ორგანიზაციას ეკუთვნიან. ხალხი ხშირად სუფთა სინდისით მიდის რაღაც ღონისძიებაზე და ფიქრობს, რომ ბიბლიას შეასწავლიან; მოსაწვევში უწერიათ: "ქრისტიანული შეხვედრა", - ბევრის აზრით, "ქრისტიანული" "მართლმადიდებლურს" ნიშნავს, - ხოლო როცა მივლენ, ირკვევა, რომ ეს ან იეღოველები არიან, ან მორმონები, ან კიდევ ვიღაც სხვანი.

მოსკოვში მომრავლდნენ ე.წ. ექსტრასენსები და ჯადოქრები, რომლებიც ქრისტიანულ სიმბოლიკას და ლოცვებსაც კი იყენებენ. ერთი ასეთი ცრუმკურნალი თავის სეანსებს "მამაო ჩვენოს" ჯგუფური კითხვით იწყებს და ამთავრებს.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეკლესია საკმარისად არ აქტიურობს?

- არა ხართ მართალი. მართლმადიდებელი ეკლესია ბევრს აკეთებს. მაგალითად, ზაფხულში მდინარე ობზე დადიოდა თბომავალი-ეკლესია. იგი მიდიოდა ისეთ ადგილებზე, სადაც არასოდეს ყოფილა მღვდელი. არის ასეთი მივარდნილი დასახლებები, რომელთა მკვიდრნი მონათლულებიც კი არ არიან. მათი პირველი კითხვა იყო: "სექტანტები ხომ არა ხართ? მართლა მართლმადიდებლები ხართ?"

- საიდან ასეთი უცნაური კითხვა?

- სექტანტები დიდი ხანია ვერტმფრენებით დაფრინავენ მათთან და ხალხს მათი აგრესიისა ეშინია.

რაც შეეხება ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრს, ჩვენ სექტანტებს კი არ ვებრძვით, არამედ ვიბრძვით სექტანტებისთვის. ჩვენთვის ძვირფასია ყოველი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს... ჩვენი ცენტრის დახმარებით სექტები მრავალმა ადამიანმა მიატოვა.

P.S. საქართველოში არსებული რელიგიური ვითარების ფონზე მალე, ალბათ, გადაუდებელ ამოცანად იქცევა მსგავსი სარეაბილიტაციო-მისიონერული ცენტრის გახსნა, სადაც მოძღვარი, ფსიქოლოგი და სხვა პროფესიის სპეციალისტები ერთობლივი ძალისხმევით დაეხმარებიან ტოტალიტარული სექტების ბადეში მოხვედრილ ჩვენს თანამემამულეებს.
ბეჭდვა
1კ1