"ქრისტეს ეკლესია"
"ქრისტეს ეკლესია"
ხშირად გამვლელთა გულის მოსაგებად მართლმადიდებლებსაც კი უწოდებდნენ თავს
ე.წ. "ქრისტეს ეკლესია" საქართველოში ნაკლებად ცნობილი რელიგიური მიმდინარეობაა. ეს სექტა ჩვენს ქვეყანაში 1993-94 წლებში შემოვიდა.
თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც გამვლელებს ბიბლიის შესახებ ლექციაზე ეპატიჟებოდნენ, თუმცა არ ასახელებდნენ თავიანთ კონფესიას, უფრო მეტიც - ხშირად გამვლელთა გულის მოსაგებად მართლმადიდებლებსაც კი უწოდებდნენ თავს, და მხოლოდ აღნიშნულ "ლექციაზე" ირკვეოდა ჯგუფის წმინდა სექტანტური ხასიათი. ეს გახლდათ საქართველოში "მისიონერული" მოღვაწეობისთვის ჩამოსული ე.წ. "ქრისტეს ეკლესია".

რამდენიმე წლის წინათ პოსტსაბჭოთა სივრცეში (მათ შორის საქართველოში) გამოჩნდნენ ახალი სწავლების მქადაგებლები, რომლებიც თავიანთ თავს "ქრისტეს ეკლესიას" უწოდებდნენ. მალე უცხოელ მისიონერებს პირველი მიმდევრები გაუჩნდათ.

ბევრს ეგონა, რომ ბაპტისტების, ადვენტისტებისა და ორმოცდაათიანელების გვერდით ქვეყანაში მოქმედება დაიწყო კიდევ ერთმა პროტესტანტულმა ორგანიზაციამ, მაგრამ ეს ასე არ იყო. ინფორმაციის უქონლობის გამო სახელმწიფო ორგანოებმა რეგისტრაციაში გაატარეს ძალზე აქტიური და საშიში ტოტალიტარული სექტა, რომელსაც მრავალი ქვეყანა ებრძვის.

ე.წ. "ქრისტეს ეკლესია" აშშ-ში დაარსდა 1979 წელს, როცა ბოსტონში, პატარა პროტესტანტულ საზოგადოებაში, დაინიშნა ახალი პასტორი კიპ მაკკინი. როცა მაკკინმა საკუთარი მოძღვრების ქადაგება დაიწყო, მრავალმა მორწმუნემ მიატოვა სამწყსო, მაგრამ მალე გამოჩნდნენ ახალმოქცეულებიც. არსებობის პირველი 10 წლის მანძილზე მაკკინის სწავლების მიმდევართა რიცხვმა ძალზე იმატა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დაფუძნდა ახალი ეკლესიები. სექტა დღემდე იზრდება, მისი მოძღვრება მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანას სწვდება.

სექტისთვის დამახასიათებელია წმინდა წერილის უკიდურესად პრიმიტიული განმარტებები, განსაკუთრებით აგრესიული მეთოდების გამოყენება, ზეწოლა პიროვნებაზე. მისი მიზანია, ჩაუხშოს ადამიანს კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. სექტისთვის განსაკუთრებით ნიშნეულია ე.წ. "დამრიგებლობითი" სისტემა, რომლის მიხედვით, "მოძღვრის" ყოველი სიტყვა "მოწაფისთვის" უმაღლეს კანონად ითვლება.

სექტა თავის წევრებს თითქოსდა "საღვთო წერილის" თითოეული სიტყვის ხელშეუხებლობას უქადაგებს, სინამდვილეში კი ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი არის სიტყვა "მოძღვრისა". სექტა აგებულია "პირამიდული" პრინციპით: ყველა "მოძღვა-რს" ჰყავს თავისი "მოწაფეები", რომლებიც, თავის მხრივ, არიან "მოძღვრები" და ჰყავთ თავიანთი "მოწაფეები" და ა.შ. ასეთივე პრინციპია დაცული ადმინისტრაციულ მოწყობაში: ბოსტონის ეკლესია 24 ძირითად ფილიალს მართავს, რომლებსაც, თავის მხრივ, ჰყავთ შვილობილი ეკლესიები სხვადასხვა ადგილას.

აი, რას წერს "ქრისტეს ეკლესიაზე" პროტესტანტი პასტორი სტივ ვუკი: "ქრისტეს ეკლესია" მიმართავს გადმობირების კლასიკურ მეთოდებს, რომლებიც უმეტესად ტოტალიტარულ კულტებში გამოიყენება. მისი დამახასიათებელი თავისებურებაა დეტალურად დამუშავებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების სისტემა, რომელსაც ისინი თავიანთ მიმდევრებსა და ყველა იმ ადამიანზე იყენებენ, ვინც კი მათი მისიონერული მოღვაწეობის არეალში მოხვდება". სექტის კრებებზე მთავარი ყურადღება ეთმობა ქადაგებას, რომელსაც მქადაგებელი იმგვარი იმპულსური ტონით კითხულობს, რომ ხშირად აუდიტორია ექსტაზურ მდგომარეობაში ვარდება. სექტაში კარგადაა დამუშავებული წევრთა გადმობირების მეთოდიკა, რაც მისიონერთა შორის ხშირად ერთგვარი შეჯიბრის სახესაც კი იღებს - ვინ მეტ პიროვნებას მოიყვანს. ამასთანავე, მოწმდება, რამდენად კარგად მუშაობს ეს "მონადირე".

"ქრისტეს ეკლესიის" წევრები ძირითადად ახალგაზრდების გადმობირებას ცდილობენ. ყველას, ვინც თუნდაც მცირედ ინტერესს გამოამჟღავნებს ამ სექტისადმი, მრავალგზის ახსენებენ თავიანთ არსებობას, იწვევენ სიმპოზიუმებზე, ევანგელურ კრებებზე, დილის მედიტაციებზე, "ბიბლიურ" დისკუსიებზე და ა.შ.

პირველი გაცნობისას "ქრისტეს ეკლესიის" მიმდევრები არ ამხელენ იმას, რომ აღნიშნული ორგანიზაცია წმინდა რელიგიურ ხასიათს ატარებს. თქვენ დაგპატიჟებენ "ლექციაზე", სადაც მოღიმარი ხალხის, სასიამოვნო სასაუბრო თემის და მუსიკის მეტს ერთი შეხედვით ვერაფერს შენიშნავთ. ლექციის ბოლოს ყველა დამსწრეს შესთავაზებენ ხელიხელჩაკიდებულ საერთო ლოცვას და აქედან იწყება პირველი ნაბიჯები სექტაში. საერთოდ, ხელების ჩაკიდება ოკულტისტებისთვის ძირითად ლოცვით პოზას წარმოადგენს. ამგვარად, ლექციაზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი ოკულტურ-სექტანტური ლოცვის უნებლიე მონაწილე ხდება. ბოლოს პიროვნება, რომელმაც სექტის შეკრებაზე მიგიყვანათ, მოდის თქვენთან და გეუბნებათ, რომ შემდეგ ლექციაზე უფრო მეტს გაიგებთ ყოველივე იმის შესახებ, რაც აქ ხდებოდა და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად.

საერთო ჯამში, "ქრისტეს ეკლესიას", ისევე, როგორც სხვა ტოტალიტარულ სექტებს, შემდეგი ნიშან-თვისებები ახასიათებს:

ზეწოლა: სექტანტები თავს გახვევენ თავიანთ სწავლებას გზაში, მაღაზიაში, ინსტიტუტში, სამსახურში... "მისიონერები" ჯიუტად გადაგეკიდებიან და როგორც კი "დანებდებით" მათ დაჟინებულ თხოვნას და ტელეფონის ნომერს დაუტოვებთ, უმალვე შეტევაზე გადმოდიან: ხშირად რეკავენ, გეპატიჟებიან "ბიბლიურ წრეზე", მსახურებებზე და ა.შ. თუნდაც უარი უთხრათ, გააფრთხილოთ, რომ ქრისტიანი ხართ და ეკლესიას ემსახურებით, რეკვა მაინც არ შეწყდება.

არც ერთი თავისუფალი წუთი: თუ ერთხელ მაინც დაესწარით მათ კრებას, დარწმუნდებით, რომ თქვენი ყოველი წუთი და ყოველი საათი დაკავებული იქნება: დაძაბული "ევანგელური" სისტემა, ბიბლიის "შესწავლა", მსახურებები... ეს ყველაფერი "მოძღვრისა" და უხუცესების ფხიზელი ზედამხედველობით მიმდინარეობს. ეს ყოველივე საშუალებას არ მოგცემთ, დაფიქრდეთ, შეჩერდეთ და გაარკვიოთ, რა გემართებათ. თქვენი ყველა პირადი საქმე გაურკვეველი დროით გადაიდება, ვიდრე "მოძღვრები" რჩევას არ მოგცემენ, საერთოდ აიღოთ ხელი პირად ცხოვრებაზე.

ჯგუფური ზემოქმედება: თუ ჯგუფის მიმდევარი გახდით, არანაირი საიდუმლო აღარ გექნებათ. ჯგუფის ყოველი წევრი განუწყვეტლივ ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რათა უმრავლესობის ნებას დაემორჩილოს. ცნობილია შემთხვევები, როცა სექტის წევრებს მრავალსაათიანი დაკითხვა და დამუშავება მოუწყვეს იმის გამო, რომ დაესწრნენ მსახურებებს სხვა ეკლესიაში. თანდათან ვეღარც კი ამჩნევთ, როგორ გიჩნდებათ მისწრაფება, ასიამოვნოთ ჯგუფს. მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკული შენიშვნა ლიდერთა მიმართ, რადგან ისინი ყოველთვის "მართლები" არიან. ნებისმიერი კრიტიკა იკრძალება.

ახალი პრობლემები: გამუდმებით გირჩევენ, გადასახლდეთ საერთო ბინაში (სადაც ორ-სამ ოთახში 10-15 ადამიანი ცხოვრობს). უკვე დაგავიწყდათ, როდის გამოიძინეთ ბოლოს. მეტწილად ძალიან გვიან წვებით, ადგომა კი 5-6 საათზე გევალებათ. ისევ არ გაქვთ საშუალება, მარტო დარჩეთ და დაფიქრდეთ.

კვების ნაკლებობა: უკვე მიეჩვიეთ ქრონიკულ შიმშილსა და საკვების ნაკლებობას. თუ სექტის დოქტრინისგან განსხვავებული აზრი გაგიჩნდებათ, შთაგაგონებენ, რომ "მარხვა" აუცილებელია, რათა დაძლიოთ სიამაყე და საკვების გარეშე გტოვებენ. ამის შემდეგ თქვენ უფრო დამყოლი და ყურადღებიანი გახდებით.

დანაშაულის კომპლექსი: უნდა თქვათ მხოლოდ ის, რაც საჭიროა. თქვენს მიერ დასმული ნებისმიერი კითხვა შეიძლება თქვენსავე წინააღმდეგ შემოტრიალდეს. პასუხს, ცხადია, ვერ მიიღებთ. სამაგიეროდ, მოგცემენ რჩევას, მეტი ყურადღებით წაიკითხოთ ბიბლია და გაიძულებენ, თქვენი საქციელი მოინანიოთ, თან გამუდმებით გამუნათებენ: "როგორ მოგიბრუნდა ენა?" ანდა "შენში უარყოფისა და სიამაყის სული ლაპარაკობს!" თქვენც ბოლოს და ბოლოს დარწმუნდებით, რომ ნებისმიერი შეკითხვა ცოდვაა. ნათქვამი უნდა მიიღოთ რწმენით, ყოველგვარი განსჯის გარეშე.

კონტროლი: სექტის ყოველ წევრს "მოძღვრობის" დეტალურად დამუშავებული სისტემით აკონტროლებენ. "მოძღვარი" ჰყავს სექტის ყოველ წევრს. დაცულია მკაცრი დისციპლინა. "მოძღვარი" ყოველთვის გადევნებთ თვალყურს. მას ყოველდღიურად აბარებთ ანგარიშს იმის თაობაზე, რა ჩაიდინეთ ან შეგემთხვათ, უამბობთ ყოველ თქვენს ნაბიჯს, უსიტყვოდ ემორჩილებით მის ბრძანებას და იღებთ სასჯელს "ცოდვების" გამო. სექტის ერთ-ერთი წევრის თქმით, ქალიშვილთან შეხვედრა მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლება, ოღონდ... სხვადასხვასთან! თუ მაინცდამაინც ერთსა და იმავე გოგონასთან გსურთ ურთიერთობა, "მოძღვრის" ნებართვა უნდა მიიღოთ. ისიც, საუკეთესო შემთხვევაში, უფლებას მოგცემთ, შეხვდეთ მას თვეში ერთხელ, მერე - კვირაში ერთხელაც, მაგრამ დაქორწინებაზე ლაპარაკი მხოლოდ იმ პირობით შეიძლება, თუ ის გოგონაც სექტის წევრი გახდება.

ბოლოს და ბოლოს გარესამყაროსთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტთ და სექტის მონად იქცევით.

უთუოდ უნდა დავამატოთ ისიც, რომ "მოძღვარი" ყოველთვის მართალია, მისი სიტყვა საბოლოოა, მისი ძალაუფლება - სრული. ამიტომ სექტაში მოხვედრილს მისი დატოვება ძალიან გაუჭირდება.

ტყუილი: ისევე, როგორც სხვა სექტები, "ქრისტეს ეკლესია" საზოგადოებას თავის შესახებ ნამდვილ ცნობებს არ აწვდის და ახალ წევრებს "გულახდილი" ტყუილით ხიბლავს. ხშირად ისინი სხვა ორგანიზაციის წევრებად წარმოგვიდგებიან. მაგალითად, ლონდონის ეკონომიკურ ინსტიტუტში "ქრისტეს ეკლესიის" მისიონერებმა თავი "ისტორიული ლიტერატურის საზოგადოების" წევრებად, "ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოებად" წარადგინეს. ხშირად ისინი თავს გვაცნობენ უბრალო ქრისტიანებად, რომლებიც საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწევიან. სინამდვილეში ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ "ქრისტეს ეკლესია" წარმოადგენს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას, რომ არაფერი, რაც მას არ ეკუთვნის, არ არის ქრისტიანობა და სამუდამო სიკვდილისთვის არის განწირული.

გთავაზობთ წერილს "ქრისტეს ეკლესიის" ყოფილი წევრისა, რომელმაც შეძლო, სექტასთან კავშირი გაეწყვიტა:

"ლონდონის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. უამრავი მეგობარი მყავდა. ჩემი ცხოვრება ნაყოფიერი და საინტერესო იყო, მაგრამ, როგორც ადამიანთა უმეტესობა, მეც სულიერ დაუკმაყოფილებლობას განვიცდიდი და ვეძებდი პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც მაღელვებდა. პირველ კურსს ვამთავრებდი, როცა ჩემმა მეგობარმა, ნიჭიერმა და სიმპათიურმა ახალგაზრდამ, თავის ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე მიმიწვია.

მსახურების შემდეგ მან შემომთავაზა, ერთად შეგვესწავლა ბიბლია. დავიწყეთ შეხვედრები, ეკლესიაში სიარულს მოვუხშირე, მერე არა მხოლოდ კვირაობით, სხვა დღეებშიც დავიწყე იქ სიარული. მკაცრი ზნეობითა და ეკლესიისადმი ერთგულებით ამ ხალხმა ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მეგონა, ჩემი ცხოვრება, ჩვევები და იდეები ძალიან ჩამორჩებოდა მათსას. ბევრი მაფრთხილებდა, რომ ისინი ტოტალიტარულ სექტას წარმოადგენდნენ, მაგრამ ჩემი მეგობარი გვერდიდან არ მშორდებოდა და მაიძულებდა, რეგულარულად შევხვედროდი. ის ისეთ შეუპოვრობას, ისეთ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა, რომ უარის თქმა შეუძლებელი იყო...

დავრწმუნდი "ქრისტეს ეკლესიის" "ჭეშმარიტ" სწავლებაში, მოვინათლე და მათი წევრი გავხდი. რამდენიმე თვე ამ ამბავს ოჯახს ვუმალავდი...

რელიგიური კრებები და ღონისძიებები ყველა წევრისთვის სავალდებულო იყო. ერთ კვირადღეს ეკლესიაში კონცერტი იმართებოდა, მე კი გამოცდებისათვის უნდა მოვმზადებულიყავი. დავაპირე, გამეცდინა ეს ღონისძიება, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ ჯგუფის ლიდერი გახლდათ, გამკიცხა...

თანდათან მივხვდი, რომ სექტაში აუცილებლად მიიჩნეოდა არა ღვთისმსახურება, არამედ სიმპოზიუმები, ევანგელისტური შეკრებები, დილის მედიტაციები, ბიბლიური დისკუსიები, კონფერენციები, სემინარები, ჯგუფის საერთო კრებები და ფულადი შესატანი - ეკლესიის ყოველი წევრი ვალდებული იყო, რეგულარულად საეკლესიო ფონდში განსაზღვრული თანხა შეეტანა. ამ აუცილებელი გადასახადის გარდა, "მოძღვრები" თანხებს დროდადრო სპეციალური პროექტებისთვისაც ითხოვდნენ. მე დამარწმუნეს, დავსახლებულიყავი სხვა "ძმასთან" ერთად. თუ რაიმე კითხვა გამიჩნდებოდა და გამბედაობა მეყოფოდა, საკუთარი აზრი გამომეთქვა, მპასუხობდნენ: "ნუთუ საერთოდ არ იცნობ ბიბლიას?!", "იმედი გაგვიცრუე", "არ მეგონა, რომ ასეთ შეკითხვას დამისვამდი", "ძმაო, შენ უნდა შეიცვალო"...

ყოფილი მეგობარი ჩემი მოძღვარი გახდა. ჩვენ კვირაში სამჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. მირჩიეს, მას დავმსგავსებოდი და ყველაფერში დავმორჩილებოდი. ერთმა მქადაგებელმა ისიც კი განმიცხადა, მოძღვრისადმი "სიგიჟემდე ერთგულნი" უნდა ვიყოთო. მოგვიანებით თვითონაც გავხდი მოძღვარი...

გვაიძულებდნენ, დღეში ერთიდან ხუთ კაცამდე მიგვეყვანა სექტაში. ისეთი ხალხი უნდა შემერჩია, რომლებიც მომავალში ლიდერები და მოძღვრები გახდებოდნენ.

უნივერსიტეტში ნიშნები თანდათანობით გამიუარესდა, მეგობრებთან, რომლებიც ამ სექტის წევრები არ იყვნენ, ურთიერთობა გამიწყდა, გამიქრა იუმორის გრძნობაც. მეგობრები და ნათესავები მეკითხებოდნენ, რა მემართებოდა, მე კი მათ შეკითხვებს სატანურ ცდუნებას ვარქმევდი... მაგრამ ამ "ეკლესიაში" ბედნიერი არ ვყოფილვარ. ჩემი "მოძღვარი" გამუდმებით მარწმუნებდა, რაც უფრო მეტ ხალხს გადმოიბირებ "ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე", მით ნათელი გახდება შენთვის ყველაფერიო. მჯეროდა, რომ არსებობდა ერთადერთი ალტერნატივა: ან "ქრისტეს ეკლესია", ანდა მუდმივი, ჯოჯოხეთური ტანჯვა.

ჩემმა მშობლებმა მოიწვიეს სპეციალისტები, რომლებიც გარკვეულნი იყვნენ "ქრისტეს ეკლესიის" სწავლებაში. მათ კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შევძელი. ხუთწუთიანი საუბრის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ სადღაც სერიოზული შეცდომა დავუშვი, მერე კი სამდღიანი საუბარი დამჭირდა, რომ ამ სწავლებისა და მეთოდების სრულ სიყალბეს ჩავწვდომოდი. ამის შემდეგ მალევე მივატოვე ეს სექტა. ამ სპეციალისტებისთვის რომ არ დამეჯერებინა, გაცილებით მეტხანს შევრჩებოდი მათ ან მთელ სიცოცხლეს მათთან გავატარებდი.

ყველა წევრს ვურჩევ, დროზე მიატოვონ "ქრისტეს ეკლესია" და ნორმალური და სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყონ".

ვფიქრობთ, ეს ნაამბობიც საკმარისია, რათა გავაცნობიეროთ, რაოდენ დამანგრეველ პოტენციალს ფლობს ე.წ. "ქრისტეს ეკლესია". ეს კლასიკური, ტოტალიტარული კულტი მხოლოდ მისი თითოეული წევრისთვის კი არა, მთელი საზოგადოებისთვის სახიფათოა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ "ქრისტეს ეკლესიას" აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მრავალ უნივერსიტეტში აკრძალული აქვს მოღვაწეობა.

"შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს" (იოანე 8:32), - უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს. ნებისმიერ სექტას, ნებისმიერ კულტს, რომელიც ჭეშმარიტებას უარყოფს, საერთო არაფერი აქვს ქრისტესა და მის ეკლესიასთან. თუ ეს გვემახსოვრება, ყოველთვის შევძლებთ ტოტალიტარული სექტების ამოცნობას. ვიყოთ ყურადღებით, ვიყოთ ფრთხილად - "ქრისტეს ეკლესია" ერთ-ერთი მათგანია.
ბეჭდვა
1კ1