მუნმა თავი "სამყაროს იმპერატორად" გამოაცხადა
მუნმა თავი "სამყაროს იმპერატორად" გამოაცხადა
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული ოკულტურ-სინკრეტული, შამანისტურ-სპირიტისტულ-მესიანისტური სექტაა.

ზემოხსენებული მოძრაობა დღეს ყველაზე საჩინოა რუსეთში, ქუჩებში ხშირად შეხვდებით "ხელმოკლე სტუდენტთათვის" შესაწირის შემგროვებელ ან წვრილმანებით მოვაჭრე ჭაბუკებს და ქალიშვილებს, ხოლო როდესაც იკითხავთ, თუ რომელი ორგანიზაციიდან არიან, გიპასუხებენ, რომ "პრინციპთა კვლევის საუნივერსიტეტო ასოციაციას" წარმოადგენენ, სინამდვილეში კი მუნიტები სულ სხვა რამეს გულისხმობენ.

ეს ახალგაზრდები "ფრანდრაიზინგით" (სახსრების მოპოვებით) არიან დაკავებულნი და ქვეყანაში მოძრავ ჯგუფებად მოგზაურობენ... ისინი საშინელ ანტისანიტარიაში ცხოვრობენ და საღამომდე თანხის გარკვეული ოდენობის მოძიება ევალებათ, ამასთან, ასეპტებს ხშირად გზავნიან სექტის დამაარსებლისა და მესიის, კორეელი მულტიმილიონერის, სან მენ მუნის მრავალრიცხოვან საწარმოებში სამუშაოდ და სიმბოლურ ხელფასს უხდიან...

საზოგადოდ, მუნიტები აღმოსავლური სიმბოლიზმის მრავალფეროვნებით ხასიათდებიან.

მაინც, რა არის "სენ მუნის" მოძრაობის არსი?

იგი კორეელმა მუნ სან მენმა 1954 წელს დააარსა, ეს გახლავთ სპირიტისტული მოძრაობა შამანიზმის ძირებით, რომელსაც ადამიანთა რასის განწმენდა განუზრახავს მუნის ოჯახის თავკაცობით. ამ ოჯახის ცენტრში "პირველი ჭეშმარიტი ადამიანი" და "პირველი ჭეშმარიტი ქალი", - "კაცობრიობის პირველი ჭეშმარიტი და საიმედო წინამძღვრები" დგანან, თავად ეკლესია კი ამ მოძრაობის ოდენ ნაწილია, თითქოსდა, მისი რელიგიური განყოფილება...

წიგნში, "ღირსი მუნის იმპერია", თავად მუნისვე შემუშავებული სექტის ოფიციალური სტრუქტურაა მოცემული.

შიდა წრე მუნს, "ჭეშმარიტ ადამიანს" და "მეორედ მოსვლის მეუფეს" (უფალს) ეკუთვნის, მეორე - "ჭეშმარიტ მშობლებს", - მუნს მეუღლითურთ, მესამე - მათ ცამეტ შვილს, - ,ჭეშმარიტ ოჯახს", შემდეგი - "შიდა წრის კლუბს", - ცამეტ შვილს და მათ მეუღლეებს, მას მოსდევს "მმართველი ჯგუფი" და ასე შემდეგ...

თავად მუნიტები კი "გაერთიანების მოძრაობის" წევრთ ამგვარად ჰყოფენ: - "თანამგრძნობნი", "მონაწილენი" და "გავლენის ქვეშ მყოფნი", მაგრამ ყოველ ამ წრეს, ერთი ცენტრი კრავს, - "ჭეშმარიტი მამა" და "ახალი ადამი", - "ღირსი მუნი"...

გარე წრეს მუნის საწარმოთა და ბეჭდურ გამომცემლობათა თანამშრომლები განეკუთვნებიან, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელნი "გაერთიანებული ეკლესიის წევრები" არიან...

მუნს კაცობრიობის მოქცევის მოკლევადიანი გეგმა როდი აქვს. მართალია, მისი საბოლოო მიზანი სწორედ ამაში მდგომარეობს, მაგრამ ჯერ ყველა მსოფლიო რელიგიის, სახელმწიფოსა და კულტურის გაერთიანება უნდა მოხერხდეს ერთი მეფის - მუნის გარშემო...

თუმცა, 1985 წელს მუნმა მოვლენებს ბუნებრივი განვითარება აღარ აცადა და თავი "სამყაროს იმპერატორად" გამოაცხადა... სულ ცოტა რამღა დარჩა: - როდესაც სამყარო მას იმპერატორად ცნობს, დადგება კიდეც "ღვთის სასუფეველი", მუნი კი მშვიდად "გარდავა სულთა სამყაროში და მაცხოვნებელ ღვაწლს იქ განაგრძობს", "მესიის შვილები" კი მის საქმეს დედამიწაზე აღასრულებენ...

90-ს გადაცილებულმა მოხუცმა ყველაფერი გააკეთა, რომ სექტაში მემკვიდრეობითობა უზრუნველეყო, თუმცა, სინამდვილე ბევრად ჭირვეული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმოიდგინა: - წუთისოფელი სულაც არ ჩქარობს მის იმპერატორად აღიარებას, მისი უფროსი მემკვიდრე, ჰიო ჯინ მუნი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზეა დამოკიდებული, მიუხედავად მამის სწავლებისა, მუნის შვილები, როგორც "ახალი კაცობრიობის" უზენაესი პირმშონი, სრულიად უბიწონი არიან...

1994 წელს კორეაში დიდი მუნიტური ფორუმი გაიმართა, რომელსაც გორბაჩოვის გარდა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტები და დიდჩინოსნებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, ბელორუსის ყოფილი პრეზიდენტი, მოსკოვის ყოფილი მერი და სხვანი...

მუნიტური ორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე ტური განახორციელა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უფროსმაც, რაშიც სოლიდური ჰონორარიც მიიღო...

მუნიტურ ყრილობებზე სიტყვა წარმოუთქვამს აშშ-ის კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს, ფორდსაც და კიდევ არაერთ ყოფილ თუ ამჟამინდელ მოღვაწესა თუ დიდჩინოსანს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1