რას "გვასწავლიან" "იეღოვას მოწმეები"
რას "გვასწავლიან" "იეღოვას მოწმეები"
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).

ამ დღეებში ზაფხულის სიცხით გათანგულ თბილისელებს რასელისტთა (ე.წ. იეღოვას მოწმეთა) სექტის წარმომადგენლებმა "სიახლე" შესთავაზეს - თბილისის ქუჩებში სტენდები დადგეს და ღია პროპაგანდას მიჰყვეს ხელი. მსგავსი რამ ჩვენს სინამდვილეში არ მომხდარა. როგორც ჩანს, იეღოველთა სექტა, სხვა სექტების მსგავსად, ადაპტაციასა და ქადაგების ახალი, უფრო ეფექტური მეთოდების მოძიებას ცდილობს.

სტენდებზე ძირითადად წარმოდგენილია "იეღოვას მოწმეთა" სექტის ერთ-ერთი წიგნი "რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?" არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსულ, ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, ინდურ და სხვა ენებზეც. როგორც ჩანს, იეღოველთა სექტის ადგილობრივმა ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის საცხოვრებლად, სამუშაოდ, სამოგზაუროდ თუ სხვა მიზნით და მათი გადაბირება და საქართველოში უცხოენოვან იეღოველთა კრებების ჩამოყალიბება არ იქნებოდა ურიგო (შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ყოველივე არცთუ შორეულ პერსპექტივად მოგვეჩვენება).

ზემოაღნიშნულ წიგნთან ერთად "იეღოვას მოწმეები" ასევე არიგებენ სექტის სხვა გამოცემებსაც - ჟურნალებს: "რას გვამცნობს ბიბლია?" და "გამოიღვიძეთ!"

სექტის "მომღიმარი" წევრები იქვე, სტენდთან გაგესაუბრებიან და თუ მცირე ცნობისმოყვარეობა მაინც შეგამჩნიეს (ან მოწოდებულ ჟურნალებზე მაინც არ ეტყვით უარს), "ბიბლიის შესასწავლი ყოველკვირეული პროგრამის" მოსაწვევითაც დაგასაჩუქრებენ, "ყოველი შემთხვევისთვის" თქვენს კოორდინატებსაც ჩაიწერენ და შაბათობით "იეღოვას მოწმეთა" კრებებზეც დაგპატიჟებენ.


იეღოველთა სექტისათვის ქადაგების ტაქტიკისა და სტრატეგიის ცვალებადობა და ადგილობრივ გარემოზე მორგება-ადაპტირება რომ უცხო ხილი არ გახლავთ, ეს თვით სექტის კონფიდენციალური დოკუმენტებითაც დასტურდება. მაგ. "იეღოვას მოწმეთა" სექტის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ წერილში, საქართველოს "ყველა კრების სამსახურებრივი კომიტეტისადმი", ნათქვამია: "სარაიონო ზედამხედველებმა (სექტის მაღალჩინოსნებმა, - ს.კ.) შენიშნეს, რომ მაუწყებელთა (სექტის აგიტატორთა, - ს.კ.) უმრავლესობა უმეტეს დროს ქუჩებში მსახურებას უთმობს. მსახურების ეს ფორმა მრავალ ქვეყანაში მართლაც წარმატებულია, რადგან ხალხის სახლებში ნახვა სულ უფრო ძნელდება. ნაცვლად ამისა, ჩვენს ტერიტორიებზე (იგულისხმება საქართველო, - ს.კ.) იეჰოვას მოწმეებთან ქუჩებში საუბრის სურვილის აშკარად შემცირება შეინიშნება. მრავალმა მაუწყებელმა და პიონერმა შენიშნა, რომ ქუჩებში მსახურებას ამჟამად ძალიან მცირე შედეგი მოაქვს, ადამიანებს ეშინიათ მისამართების ან ტელეფონის ნომრების მოცემა. ამის გამო იმ მაუწყებლებს, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ქუჩებში მსახურებას, განმეორებითი მონახულებები აღარ აქვთ... გვესმის, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს გამოწვეულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაჩაღებული ცილისწამებებით იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ (როგორც ვხედავთ, მედიას სექტების მხილებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია! - ს.კ.), თუმცა ისიც გვესმის, რომ საჭიროა, მსახურება ადამიანთა მოთხოვნილებებსა და ადგილობრივ პირობებს მივუსადაგოთ. ჩვენ მივიღეთ მრავალი შეტყობინება იმის შესახებ, თუ რა შესანიშნავი შედეგი მოაქვს კარდაკარ მსახურებას (იგულისხმება სექტანტთა სახლებში "ვიზიტები" - ს.კ.), ამიტომ განსაკუთრებით ვთხოვთ ყველა მაუწყებელს, საგანგებო ყურადღება გადაიტანოს უშუალოდ კარდაკარ მსახურებაზე. სრულიად დასაშვებია, მომავალში აქცენტი კვლავ ქუჩაში მსახურებაზე გადავიტანოთ" (25.03.2002).

საინტერესოა, რომ სექტის ცენტრიდან გამოგზავნილ ამ კონფიდენციალურ დოკუმენტს ასეთივე "კონფიდენციალური" ხელმოწერა ახლავს - "თქვენი ძმები იეჰოვას მოწმეები".

ვფიქრობ, სექტის ამ ლიდერთა "გულწრფელ" ინსტრუქციას კომენტარი არ სჭირდება... ჩვენს აპოკალიფსურ ეპოქაში კი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სულ უფრო აქტუალურად ჟღერს წმინდა პავლე მოციქულის გაფრთხილება: "მეშინის, ნუუკუე, ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თვისითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ. უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაი სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაი სხუაი, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ!" (2 კორ. 11, 3-4), "დაღათუ ჩვენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1,8).

ბეჭდვა
1კ1