,,საენტოლოგია არ გახლავთ უბრალოდ ბოროტება, იგი ბოროტების აღმატებული ფორმაა"
,,საენტოლოგია არ გახლავთ უბრალოდ ბოროტება, იგი ბოროტების აღმატებული ფორმაა"
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება


მრავალი სახელმწიფოს სასამართლომ ჰაბარდი დამნაშავედ ცნო, ზოგან კი იგი პერსონა ნონ გრატადაც გამოაცხადეს.

მაგალითისთვის, 1978 წელს მას საფრანგეთმა ოთხწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა შეუფარდა თაღლითობისთვის. თუმცა, მართლმსაჯულებას ხელიდან გაუსხლტა.

საენტოლოგიის ღვაწლმოსილი დამფუძნებელი, რომელსაც, საკუთარი შვილების თქმით, ვენერიული დაავადება და მძიმე ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა და მსოფლიოს კალიფორნიის ერთ-ერთ მიტოვებულ რანჩოში ემალებოდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მხოლოდ გარდაცვალებამ გადაარჩინა (სავარაუდოდ, მას ,,წასვლაში" უახლოესი მიმდევრები ,,დაეხმარნენ", რადგან მოხუცი მძიმედ ტვირთად ექცათ).

ცხოვრების ბოლოს ჰაბარდი წარმოუდგენლად გამდიდრდა, - მის ანგარიშზე ყოველკვირეულად დაახლოებით მილიონი დოლარი ირიცხებოდა. მისი ქონება 640 მილიონ დოლარს აღემატებოდა. თუმცა, სიმდიდრე, შეიძლება ითქვას, დიდად ვერც გამოადგა: - დევნის მანია სჭირდა, რის გამოც ყველასი და ყველაფრის ეშინოდა და მისი ადგილსამყოფელი სამად სამმა ადამიანმა იცოდა, რომელთაგან ორმა კავშირი გაწყვიტა საენტოლოგიასთან.

აი, რას გვიამბობენ ისინი უმაღლეს საფეხურზე მყოფი მოქმედი თეტანის უკანასკნელი წლების შესახებ, რომელსაც თითის ერთი აქნევით მთების დაძვრა ხელეწიფებოდა.

თავის მდიდრულ ვილას ჰაბარდი ხან გადააკეთებდა, ხან გადმოაკეთებდა, თუმცა, მის სრულყოფას მაინც ვერ მოესწრო და უკანასკნელი წლები ეზოში მდგარ ბორბლებიან ფურგონში, ინვალიდის ეტლში გაატარა, ხშირად ჰქონდა პარანოიისა და ისტერიის შემოტევები, ასე რომ, სული კი მიჰყიდა ეშმაკს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი სარგებელი არ უნახავს.

მისი ცხედარი დაწვეს, ფერფლი კი წყნარ ოკეანეს გაატანეს.

***
ჰაბარდის გარდაცვალების შემდეგ საენტოლოგიის ორგანიზაციას უამრავი ქვეგანყოფილება დარჩა. მათ შორის ელიტარული სტრუქტურა ,,საზღვაო ორგანიზაცია". მოკლედ გიამბობთ მისი ჩამოყალიბების თაობაზე: როდესაც მსოფლიოს რამდენიმე სასამართლომ ჰაბარდის დევნა იწყო, ის საკუთარი გემით ნეიტრალურ წყლებში გაუჩინარდა... რამდენიმე წლის მანძილზე დაცურავდა პორტიდან პორტში: - ერთი ქვეყნიდან გაძევებული მეორისაკენ იღებდა გეზს. სწორედ ხსენებული გემის შემადგენლობა გაერთიანდა ,,საზღვაო ორგანიზაციაში".

მისი წევრები სამუდამოდ ეკუთვნიან ორგანიზაციას, ხშირად ანაზღაურება არც გააჩნიათ, მხოლოდ ჯიბის ფული - სიგარეტისა და კბილის პასტისთვის...

გემზე ცხოვრებისა და ჰაბარდთან ერთად ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობისას, მათ უმნიშვნელო შეცდომებისათვისაც კი სასტიკად სჯიდნენ...

მოგვიანებით ჰაბარდმა ,,სარეაბილიტაციო პროექტების რაზმი", ასე ვთქვათ, საენტოლოგიური გულაგი შექმნა, სადაც დამნაშავე საენტოლოგებს ჭუჭყიანი სამოსით სიარული და ყველაზე ბინძური სამუშაოს შესრულება ევალებათ, საზრდოდ მხოლოდ ნასუფრალი ერგებათ, ხმის ამოღების უფლება არ აქვთ და იატაკზე ან ფარდულებში სძინავთ... ყოფილა შემთხვევა, როდესაც ზოგ მათგანს მორგში ან საქათმეში უთევია ღამე...

ყველაზე გამოუსწორებელთათვის ჩამოყალიბდა ,,სარეაბილიტაციო პროექტების რაზმის სარეაბილიტაციო პროექტების რაზმი", ე.წ. გულაგი გულაგში, სადაც ადამიანთა დამცირება და შეურაცხყოფა წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს...

***
ყველა საენტოლოგიურ ორგანიზაციას არ განვიხილავთ, ვისაუბრებთ მხოლოდ ,,მეურვეთა სამმართველოს" შესახებ, რომელიც ნაცისტური სადაზვერვო სამსახურის მსგავსებით შეიქმნა და მთავარი მიზანი საენტოლოგიის მტრების დევნა იყო.

მისი წევრები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდნენ: - აღწევდნენ დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში, საგადასახადო სამმართველოსა და ინტერპოლში, საიდუმლო მასალებს იპარავდნენ და მათ გაყალბებასაც კი ახერხებდნენ.

ამას ჰაბარდმა ,,ოპერაცია ფიფქია" დაარქვა, რომლის მიზანიც საენტოლოგიის იმიჯის გაუმჯობესება და მტრებთან ბრძოლა გახლდათ.

ბოლოს, საენტოლოგები იმდენად გათავხედდნენ, რომ აშკარად იწყეს მოქმედება და, როგორც მოსალოდნელი იყო, 1980 წელს გამოიჭირეს კიდეც...

საენტოლოგიას უამრავი ,,ფასადი" ორგანიზაცია აქვს, რომელთაც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აქვს საერთო მასთან...

როდესაც ,,ჰაბარდ-კოლეჯის" ან ,,დეტოქსიკაციის საერთაშორისო ცენტრის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთო არაფერი აქვთ საენტოლოგიასთან, უსინდისოდ ტყუიან, რადგან მათ უცილობლად ექნებათ გაფორმებული ხელშეკრულება ,,რელიგიური ტექნოლოგიის ცენტრთან", რომელიც ჰაბარდის ყოველ სიტყვას ,,წმინდა წერილად" აცხადებს, რომელიც არავითარ ცვალებადობას არ ექვემდებარება.

***
დაბოლოს, ყურადღება მივაპყროთ იმ ძალზე მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც ზემოხსენებულ ორგანიზაციას ახასიათებს: - სხვადასხვა საენტოლოგიური ჯგუფის განცხადებები, ტერმინები, სახელწოდებანი და მათი ჭეშმარიტი არსი მკვეთრად განსხვავდება ერთურთისაგან. მათთვის ეთიკა საყოველთაო თვალთვალს და დაბეზღებას, ,,სამართლიანი თამაში" - ოპონენტის წინააღმდეგ ყოველგვარი ზნეობრივი და იურიდიული ნორმისგან თავისუფალ არაადამიანურ დამოკიდებულებას გულისხმობს, ,,მეურვეთა სამმართველო" კი - სინამდვილეში სადაზვერვო და დამსჯელი ფუნქცითაა აღჭურვილი...

ამასთან, საიდუმლო უკანონო სადაზვერვო ოპერაციას ,,ფიფქია" უწოდეს, ხოლო ,,დიანეტიკა" - მეცნიერება სულიერი ჯანმრთელობის შესახებ, თურმე სინამდვილეში ,,მკვლელობის უჩვეულოდ რბილი მეთოდი" ყოფილა...

წარმოიდგინეთ, რაოდენ გაუკუღმართებული და გაიძვერა უნდა იყოს ადამიანის ფსიქო, რომ მსგავსი რამ მოიფიქროს, თუმცა, ყველაფერს ნათელი მოეფინება, თუ ჰაბარდის პიროვნებას გავიცნობთ და გავიხსენებთ, რა წყაროთი (სატანიზმის კროულისეული ვერსია) საზრდოობს დიანეტიკა და საენტოლოგია.

ცნობილია, რომ ზოგადკაცობრიულ ღირებულებათა აბუჩად აგდებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სატანისტთა ყოფაში. ეს უკანასკნელნი ცოდვად მიიჩნევენ ერთგულებას, სიწრფელეს, პატიოსნებას, ოჯახურ ერთგულებას, შესაბამისად, მათი რიტუალები ყოველივე იმას შეურაცხყოფს, რაც ადამიანთა უმრავლესობისათვის სიწმინდეა; - წმინდა წერილს, ხატებს, ჯვარს, ტაძარს, წინაპართა საფლავებს...

აშკარაა, ჰაბარდისათვის ამა თუ იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულების აღმნიშვნელი სიტყვის შინაგანი არსის ცვლილება და მისი საწინააღმდეგო არსით ჩანაცვლება მაგიური ქმედება იყო სიკეთის მისამართით, რაც ღმერთის აბუჩად აგდების რიტუალურ აქტს უდრიდა...

იგი მსხვერპლს სწირავდა თავის ,,იმპერატორ ქალს", რომლის საშინელი ხატება მისტიკურად განხორციელდა მისსავე ორგანიზაციაში.

სწორედ აქედან იღებს სათავეს საენტოლოგიის მეთოდების სატანისტურ რიტუალურ მკვლელობათა მსგავსი არაადამიანური სისასტიკე და სახელმწიფოებრიობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ და ამაშიც მდგომარეობს მისი ანტიქრისტიანული მიზანიც.

ასე რომ, ეპიგრაფად გამოტანილი დასკვნები, რომელნიც 1965 წელს ავსტრალიის ვიქტორიას შტატის სპეციალურმა კომისიამ გამოიტანა, შესაძლოა, დავაზუსტოთ: - ,,საენტოლოგია არ გახლავთ უბრალოდ ბოროტება, იგი ბოროტების აღმატებული ფორმაა".

ბეჭდვა
1კ1