ტოტალიტალური სექტები
ტოტალიტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
ასეთ ბროშურებს სექტანტები უხვად უგზავნიან იმათ, ვინც გაბედა და "საკუთარი ნებით" მიატოვა საენტოლოგია.

არსებობს საენტოლოგთა ბროშურები, სახელწოდებით "წარმატების ისტორია", რომლის ავტორებიც გვიამბობენ, თუ რა შეუძლიათ ამა თუ იმ საფეხურის დაუფლების შემდგომ. საენტოლოგებს მსგავსი თხზულების დაწერა ყოველი კურსის დასრულების შემდგომ ევალებათ, თუმცა, დასაწერი რომც არაფერი ჰქონდეთ, თითიდან გამოწოვილი ამბების "მოკვარახჭინება" მაინც მოუწევთ. ხსენებულ ბროშურებს კი "უმი ხორცის" (საენტოლოგები ამას "გარეშე" პირებს უწოდებენ) მოსაზიდად იყენებენ...

ყველაფერი ერთობ ჭკვიანურად დაიგეგმა: - თუ მავანმა დაპირებულ წარმატებას ვერ მიაღწია, საენტოლოგიას სასამართლოში ვერ უჩივლებს, რადგან სარეკლამო ბუკლეტში მხოლოდ კერძო პირთა მონათხრობია მოყვანილი საკუთარი წარმატების შესახებ და არა ორგანიზაციის რაიმე კონკრეტული დაპირება...

მაგალითისთვის მოგვყავს მესამე საფეხურის მოქმედი თეტანის ნაწერი:

" - ახლობელს ვესტუმრე. მის კატას სხვა კატასთან ჩხუბის შედეგად თვალი ჰქონდა დაზიანებული, აუდიტინგი ჩავუტარე და ერთ დღეში მდგომარეობა შეუმსუბუქდა".

საშუალო საფეხურზე მყოფი საენტოლოგი ქალბატონის მონათხრობი კი ასე გამოიყურება:

" - მგზავრობისას მიწის მთხრელი შევნიშნე, რომელიც სილას ერთი გორაკიდან მეორეზე ყრიდა... გორაკები არათანაბარი ზომის გამოვიდა... მე გონებრივი შეტყობინება გავუგზავნე, რომ სილა სხვა მიმართულებით დაეყარა და მანაც მყის იწყო სილის მეორე გორაკზე დაყრა. შემდეგ შეჩერდა და გაიფიქრა: - "რატომ ვყრი სილას მხოლოდ ერთ მხარეს?!" ბრძანება გავუგზავნე, დამშვიდებულიყო და მანაც მშვიდად განაგრძო მუშაობა".

ერთ-ერთი მოქმედი თეტანი ქალბატონი კი აი, რას გვამცნობს:

"მეუღლესთან ერთად სახურავზე ვიდექი და ხანძარს ვუყურებდი. მეხანძრეები დაბნეულად მუშაობდნენ... ჩვენ გონებრივი შეტყობინებები გავუგზავნეთ, რომ შეგროვილიყვნენ და შეთანხმებულად ემოქმედათ... ორი საათიც არ იყო გასული, ხანძარი ჩააქრეს".

ხედავთ, რა შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეიძლება! განა არ ღირს ამაში ასიათასობით დოლარის გაღება?!

ბოლოს კი ციტატის სახით ერთ-ერთი სარეკლამო ბროშურის შინაარსს მოგიყვანთ, რომელსაც სექტანტები უხვად უგზავნიან იმათ, ვინც გაბედა და "საკუთარი ნებით" მიატოვა საენტოლოგია.

დასაწყისში მოყვანილია ჰაბარდის მოწოდება და მისი თარგმანის ფაქსიმილე:

"გვჭირდება აუდიტორები! ჰსც - ს სჭირდება შტატიანი აუდიტორები. კოშმარული ხელფასი. რთული "ქლირამდელი" პროცესი. გაუსაძლისი სამუშაო გრაფიკი. სანაცვლოდ, ჩვენი აუდიტორებისაგან მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ აუდიტორებს ვამზადებთ და თქვენ ბოლო 2500 წლის მანძილზე უდიდესი ბიძგის ნაწილი გახდებით. მსურველი მრავალია, რჩეული - მცირე.

გახდით შტატიანი აუდიტორი!!! შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ეს ფორმა.

(განმცხადებელმა უნდა მიუთითოს საპასპორტო მონაცემები და ტელეფონის ნომერი).

გთავაზობთ კიდევ ერთ ბროშურას, რომელიც ზემოთ მოტანილს ერთვის. იგი 26-კითხვიანი ანკეტაა, რომლებზე პასუხის გაცემა მომავალი "აუდიტორისათვის", როგორც ჩანს, სავალდებულოა:

"ძვირფასო მეგობარო! გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთ მოტანილ კითხვებს (კვლავ მისათითებელია საპასპორტო მონაცემები და ტელეფონის ნომერი):

1) როდის შეიტყვეთ პირველად დიანეტიკისა და საენტოლოგიის შესახებ?

2) რომელი კურსები გაიარეთ?

3) ჰაბარდის რომელ შრომებს იცნობთ?

4) მიაღწიეთ თუ არა წარმატებას დიანეტიკისა და საენტოლოგიის გამოყენების შემდეგ?

5) როგორია თქვენი ოჯახური მდგომარეობა?

6) გყავთ შვილები? მიუთითეთ ასაკი.

7) თქვენი ასაკი.

8) სამუშაო ადგილი.

9) რა პროფესიის ბრძანდებით?

10) რამდენად სრულყოფილად ფლობთ ინგლისურს?

11) მსახურობდით ჯარში?

12) ნასამართლევი ხართ?

13) გავლილი გაქვთ თუ არა ფსიქიატრიული მკურნალობის კურსი?

14) ჩაგიტარდათ თუ არა ელექტრო, ინსულინ ან შოკური თერაპიის რომელიმე სახეობა, თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაცია ხომ არ გადაგიტანიათ?

15) ოდესმე გაგიყიდიათ ნარკოტიკები?

16) ოდესმე შეგიტანიათ სარჩელი სასამართლოში (ან იმუქრებოდით ამის გაკეთებით) საენტოლოგიური ორგანიზაციის ან ხელმძღვანელთა წინააღმდეგ?

17) ხართ თუ არა (ან იყავით თუ არა) თქვენ ან თქვენი ნათესავები დაკავშირებული დაზვერვის სამსახურთან?

18) თქვენი რომელიმე მშობელი, მეურვე ან ოჯახის წევრი ხომ არ არის საენტოლოგიის მოწინააღმდეგე?

19) გაქვთ თუ არა დიდი ვალი?

20) ოდესმე გასაიდუმლოებულ სამხედრო დანაყოფში ან სამთავრობო ორგანიზაციაში ხომ არ გიმსახურიათ?

21) ოდესმე ლსდ (ფსიქოაქტიური ნივთიერება, ჰალუცინაციების გამომწვევი), "ანგელოზის მტვერი" - ფენციკლიდინი (ჰალუცინოგენი) ხომ არ მიგიღიათ?

22) ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ხომ არ ხართ?

23) გაქვთ თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?

24) ოდესმე ნარკოტიკებს ხომ არ მოიხმარდით?

25) გაქვთ საენტოლოგიურ ორგანიზაციაში მუშაობის სურვილი?

26) იცნობთ თუ არა ისეთ ადამიანს, ვისაც საენტოლოგიური ორგანიზაციის შტატში მუშაობის სურვილი აქვს?

12-დან 25-მდე კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, დაწვრილებით აღწეროთ ისინი ანკეტის უკანა მხარეს. შევსებული კითხვარი გამოგზავნეთ ჰაბარდის ჰუმანიტარულ ცენტრში. გმადლობთ!

როგორც იტყვიან, კომენტარი უადგილოა.

გაგრძელება იქნება

ბეჭდვა
1კ1