ტოტალიტარული სექტები
ტოტალიტარული სექტები
"წინა ცხოვრების წინა ცხოვრებაში ჩამოგახრჩვეს"...
გაგრძელება
როგორ ხდება სექტაში გადაბირება?
გზა ამ სექტისკენ ხშირად ე. წ. "ოქსფორდის ტესტით" იწყება. მომცრო ფურცელს, რომელსაც მიმზიდველი წარწერა ამშვენებს: - "გაიცანით ადამიანი. ეს ადამიანი თავად ბრძანდებით", ან ქუჩაში შემოგაჩეჩებენ, ან საფოსტი ყუთში ჩაგიგდებენ და საენტოლოგიის (დიანეტიკის, ჰაბარდის და ა.შ.) ცენტრში მიგიწვევენ, სადაც უფასოდ გთავაზობენ "ადამიანის შესაძლებლობათა ოქსფორდის ტექსტის" შევსებას, რომელსაც სპეციალისტი შეაფასებს და ყველაფერს გეტყვით, რაც საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდეთ...

სინამდვილეში "ოქსფორდის ტესტს" არც ოქსფორდის უნივერსიტეტთან აკავშირებს რამე და არც - თავად ქალაქ ოქსფორდთან... იგი სავაჭრო ფლოტის ყოფილმა მეზღვაურმა შექმნა, რომელსაც არავითარი ფსიქოლოგიური განათლება არ ჰქონია.

ტესტი, რომელიც სულაც არ გახლავთ ანონიმური, ორასი კითხვისაგან შედგება, მათგან ბევრი საკმაოდ პირადულია - აუცილებელია სახელის, გვარის, მისამართის, დაბადების წლის მითითება, ჩვენი მოქალაქეებიც ყველაფერს ანდობენ იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც არაფერი იციან.

ხსენებული ინფორმაცია კი მონაცემთა ბაზაში ინახება, ადამიანი, როგორც იტყვიან, "ყურებით ჰყავთ დაჭერილი".

როგორი სიზუსტითაც უნდა გასცეთ პასუხები, ხსენებული ტესტის შედეგი კი მუდამ ერთსახოვანია: - გაცნობებენ, რომ ურთიერთობებში მოიკოჭლებთ, რომ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ჩინებული გზა, - ჰაბარდის რომელიმე კურსზე უნდა ჩაეწეროთ, რაც, მათივე მტკიცებით, მეცნიერული მეთოდია.

შესაძლოა, ამ კურსის ფასი გეძვიროთ (რუსეთში დაახლოებით 100 დოლარს უდრის), მაგრამ, თურმე, ამ თანხის გადახდა გიღირთ, რამდენადაც ურთიერთობა გარშემომყოფებთან გაგიუმჯობესდებათ, გააკონტროლებთ მათ და იმას ათქმევინებთ, რისი მოსმენაც გსურთ...

საენტოლოგი რეგისტრატორები აგრესიული მარკეტინგის ინტენსიურ კურსს გადიან, ამიტომ მოუმზადებელ ადამიანს ძალზე უჭირს მათ დაჟინებულ თხოვნაზე უარის თქმა.

ჰაბარდი მიმდევრებს შთააგონებდა: - "როდესაც ადამიანი ჩვენს კურსებზე ეწერება, ჩათვალეთ, რომ ის სამყაროს აღსასრულამდე ჩვენია... ნურავის მისცემთ უფლებას, საენტოლოგიას თავისი არსების ოდენ ნაწილი დაუთმოს"...

თუ ადამიანი პირველ კურსზე ჩაეწერა, დაჟინებით მოუწოდებენ, დაესწროს აუდიტინგის სეანსს, რომელიც საკმაოდ ძვირია, თუმც კი, თავიდან ფასი არცთუ დიდი გეჩვენებათ.

კურსებზეც და აუდიტინგის დროსაც ნატიფი ჰიპნოზის სისტემას იყენებენ, რომელიც ინდუცირებულ (თავსმოხვეულ) ეიფორიას იწვევს - ნარკოტიკული თრობის მსგავს მდგომარეობას, რის შემდეგაც ადამიანი მზადაა, ყველაფერი გაიღოს, რომ ეს მდგომარეობა კვლავ განიცადოს.

ურთიერთობათა საენტოლოგიურ კურსთა დაუსრულებელი რიგი მოსამზადებელი ვარჯიშებით იწყება: - მჯდომარე პოზიციაში მუხლები მწვრთნელის მუხლებს უნდა მიაბჯინოთ და თვალი თვალში ისე გაუყაროთ, რომ არ დაახამხამოთ... ეს ყველაფერი დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. თუ გაინძრევით ან თვალს დაახამხამებთ, მწვრთნელი გეტყვით: - "ჩაიშალა, თავიდან ვიწყებთ!"

სინამდვილეში კი ეს ძალზე მძლავრი ჰიპნოზური ზემოქმედებაა. ვინც ეს სავარჯიშო შეასრულა, იუწყებიან, რომ საბოლოოდ ადამიანი წითელ რგოლებს ხედავს, ყველაფერი ბუნდოვანდება და რეალობის აღქმა იცვლება...

მორიგი სავარჯიშოა "ხარდამჭერი" ან "ხარგამღიზიანებელი": - მწვრთნელი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ თავგზა აგიბნიოთ: - კვლავ თვალდაუხამხამებლად ზიხართ მის პირისპირ, ის კი უხამსი, საშინელი სიტყვებით მოგმართავთ, რომ გაგაღიზიანოთ და თვალი დაგახამხამებინოთ ან გაგანძრიოთ...

ყველა საენტოლოგიურ ორგანიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირი სავარჯიშოებია. არსებობს კიდევ ასეთი სავარჯიშო: - "უყვირე საფერფლეს!" და მსოფლიო საენტოლოგებიც უყვირიან საფერფლეს. შემდეგ ყვირიან: - "ადექი-მეთქი, გესმის? ადექი, ადექი! ახლა კი დაჯექი!" და საფერფლეც "ჯდება".

თუ მავანმა დაიჯერა, რომ შეუძლია, საფერფლეს დაჯდომა და ადგომა აიძულოს, ადვილად დაიჯერებს, რომ ძალუძს, ნებისმიერ ადამიანს ის გააკეთებინოს, რაც სურს.

ადამიანი საენტოლოგიური კიბის პირველ საფეხურზე დგება (საენტოლოგები მას უსაზღვრო თავისუფლებისა და უსაზღვრო ბედნიერებისაკენ მიმავალ ხიდს უწოდებენ)...

ეს ხიდი რომ ბოლომდე გაიაროთ, 350 ათასი დოლარი მაინც უნდა გადაიხადოთ, შესაძლოა, 400 ან 500 ათასიც... ადამიანი აუდიტინგებზე დამოკიდებული "ნარკომანი" ხდება და ყველაფერს გაიღებს, რომ მორიგ აუდიტინგზე "დაიმუხტოს".

რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ფრანგი არქიტექტორი, რომელსაც აღარაფერი გააჩნდა, რომ კურსების საფასური გადაეხადა, მეუღლის თვალწინ ფანჯრიდან გადახტა... მსგავსი მაგალითი უამრავია...

რაღა თქმა უნდა, მოქმედებს ფსიქოლოგიური მექანიზმიც: - ფულს იხდით, მაგრამ დანაპირებს ვერ იღებთ, გეუბნებიან, რომ ცოტა კიდევ უნდა გაიღოთ (თქვენ ხომ უკვე ამხელა თანხა გადაიხადეთ!) და სასურველს მიიღებთ...

მუშაობს ფსიქოსომატიკაც: - როდესაც გვჯერა, რომ რაღაც ხდება, გვეჩვენება, რომ ეს მართლაც ასეა, მით უმეტეს, რომ საენტოლოგიური სისტემაც მარქსიზმის მსგავსად მოქმედებს. ხომ გახსოვთ ლოზუნგი: - "მარქსის სწავლება ყოვლისშემძლეა, რადგან მართებულია!"

მათი მტკიცებით, საენტოლოგიაც ყოვლისშემძლეა, მით უმეტეს, რომ ყველაფერს, რასაც განიცდით, ამას ადასტურებს: - თუ აუდიტინგისას სურდოსაგან განიკურნეთ, რაღა თქმა უნდა, საენტოლოგიას უნდა უმადლოდეთ, თუ ვერა, ესეც ამ მოძღვრების ყოვლისშემძლეობის მაგალითია, პრობლემა კი მხოლოდ თქვენში მდგომარეობს: - როგორც ჩანს, როდესღაც დამთრგუნველ პიროვნებას დაეკონტაქტეთ, შესაძლოა, იგი მშობელი დედა იყოს, მამა, შვილი ან სულაც მეუღლე... თუ ასეა, მათთან კონტაქტი სამუდამოდ უნდა გაწყვიტოთ...

ასე რომ, პასუხისმგებლობა მეთოდიდან ადამიანზე გადადის...

როგორც ვთქვით, აუდიტინგებისას აშკარავდება თქვენი ყველაზე პირადული ინფორმაცია, რომელიც სათუთად აღინუსხება და იმ შემთხვევისთვის ინახება, თუ საენტოლოგთა მიტოვებას განიზრახავთ... მაშინ დაგაშანტაჟებენ და ხსენებული ინფორმაციის გასაჯაროებით დაგემუქრებიან...

გახსენებისა და ენგრამების წაშლის ძვირადღირებული პროცესების დაწყებიდან მოკლე დროში აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ეს ენგრამები ადამიანის ტვინში დაბადებამდე აღიბეჭდება... ამიტომ უნდა გაიხსენოთ ყველაფერი, რაც დედის წიაღში ყოფნისას გადაგხდათ და საკუთარი ჩასახვაც კი...

აქ სრული ძალით იწყებს მოქმედებას ჰიპნოზის ეფექტი, როდესაც ადამიანი ტრანსის მდგომარეობაში შედის და "გახსენებას" იწყებს.

შემდეგ კი კლიენტს საზეიმოდ უმხელენ ჰაბარდის დიდ "აღმოჩენას": - თურმე ადამიანი სხეული არ არის და ის სულიერი არსებაა (თურმე ეს ჰაბარდამდე არავინ იცოდა!), ის სხეულში ცხოვრობს, გონებას იყენებს და მას "თეტანი" ეწოდება.

მალე გამცნობენ, რომ ფარული "თეტანი" ბრძანდებით, რომელიც მილიონობით წლებია, რაც არსებობს... დროთა მანძილზე მას უამრავი ენგრამა მიეკრა და დამძიმდა.

თავიდან თეტანები სამყაროში მოფარფატე უკვდავი სულები იყვნენ, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რას განიცდიდა მატერია, სხვადასხვა მატერიალურ ფორმებში განხორციელდნენ და იმდენად დაიხუნძლნენ უსიამოვნო შთაბეჭდილებებით, რომ სხეულიდან სხეულში გადასახლებისას საკუთარი არსება დაივიწყეს და მხოლოდ სხეულები დარჩნენ... ამიტომ, თქვენი ამოცანაა, წარსულში ყველა ცხოვრების და მათთან დაკავშირებული ყოველი ენგრამის გახსენება, რადგანაც მხოლოდ ასე მიაღწევთ "ქლირის" მდგომარეობას...

მოკლედ, ადამიანი საბოლოოდ სწყდება რეალობას.

თუ იტყვით, რომ, მაგალითად, კისერი გაწუხებთ, საენტოლოგები დაასკვნიან, რომ "წინა ცხოვრების წინა ცხოვრებაში ჩამოგახრჩვეს"...

ცხადია, ბევრს საამისო ფული არ ეყოფა, ამიტომ ორი გამოსავალი არსებობს: - გადახდისუუნარო პირი შინ ბრუნდება, პერიოდულად ტელეფონით უკავშირდებიან საენტოლოგები, ხომ არ გამოუჩნდა სახსრები, თან ემუდარებიან, რომ ესა თუ ის კურსი "უზარმაზარი ფასდაკლებით" შეიძინოს, ხოლო თუ ორგანიზაცია რომელიმე ადამიანით დაინტერესდა, სექტასთან კაბალურ ხელშეკრულებას სთავაზობენ, სექტის დატოვების შემთხვევაში კი ვალდებული იქნება, გადაიხადოს ათობით და ასობით ათასი დოლარი, რომელიც მასზე ორგანიზაციამ დახარჯა... ეს სექტის წევრთა შენარჩუნების მშვენიერი საშუალებაა, მაგრამ ადამიანებმა არ იციან, რომ ამ პირობებში გაფორმებულ კონტრაქტს არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს.

თუ მავანი ორგანიზაციაში დარჩა და "ქლირის" პოზიციას მიაღწია, ამ დროისათვის უკვე იცის, რომ "ქლირი" მხოლოდ "ხიდის" ნახევარია, ამას მოჰყვება მოქმედ თეტანთა კურსები.

სადღეისოდ რვა მკაცრად გასაიდუმლოებული საფეხური არსებობს, რომელთა გასრულების შემდგომ ადამიანი მოქმედი თეტანი ხდება, შეუძლია სხეულიდან გასვლა, პლანეტათა ამოძრავება, კატასტროფების გამოწვევა, ვულკანთა ამოქმედება და ყველაფერი, რაც მოეხასიათება.

გაგრძელება იქნება


ბეჭდვა
1კ1