ტოტალიტარული სექტები
ტოტალიტარული სექტები
საინტოლოგია (იგივეა რაც დიანეტიკა)
ფუძემდებელია რ. ჰაბარდი (1912-1986), 1950 წლამდე იგი ფანტასტი-მწერალი გახლდათ, შემდეგ ახალი რელიგიის "წინასწარმეტყველი". 1949 წელს, მწერალ-ფანტასტთა ყრილობაზე მან განაცხადა: "ერთი პენსის (ფულადი ერთეული) გულისთვის თხზულებების წერა სასაცილოა. თუ გსურს იშოვო მილიონი, ამისთვის საუკეთესო გზაა ჩამოაყალიბო საკუთარი რელიგია".

ერთი წლის თავზე ის აქვეყნებს ნაშრომს "დიანეტიკა - სულიერი სიჯანსაღის თანამედროვე მეცნიერება", ხოლო 1954 წ. ამკვიდრებს საკუთარ საინტოლოგიურ ეკლესიას, რომელშიც ერთმანეთს ფსიქოანალიზი, ბუდიზმი და ზოგიერთი სხვა მიმართულების ელემენტები ერწყმის. ეს მიმდინარეობა მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა რელიგიად, რომ აშშ-ში რელიგიური ორგანიზაციები არ იხდიდნენ გადასახადებს. თავიდანვე საინტოლოგია საკმაოდ სარფიან ბიზნესად იქცა. ყოველი ახალი წევრი განწმენდისა და თანაზიარების ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასვლისას პროგრესულად მზარდ გადასახადს იხდიდა. ამ ქმედებების შედეგად სექტის ზოგიერთ მიმდევართა ფსიქიკურმა აშლილობამ და სახელმწიფო სტრუქტურების არქივებში არსებულმა მასალებმა ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დაპატიმრების საფუძველი შექმნა. სექტის იდეოლოგია საკუთარ მიმდევრებს სულიერი და ფიზიკური პრობლემებიდან სრულ გათავისუფლებას პირდება. თავად ჰაბარდი სიცოცხლის ბოლომდე ვერ გათავისუფლდა ნიკოტინური და ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან (დღეში 80 ცალ სიგარეტს ეწეოდა) და დევნის მანიით იყო შეპყრობილი. დოკუმენტურად დადასტურებულია მისი გატაცება შავი მაგიით.

საინტოლოგიის თეორია და პრაქტიკა
თითოეული ადამიანი - უკვდავი სულია, "ტეტანია", რომელიც მარადიულად გარდაისახება როგორც აქ, დედამიწაზე, ისე იქ, კოსმოსში. ძლიერი სულიერი ემოციები, განსაკუთრებით კი სულიერი ტრავმები ერთგვარად ეკრობა, ეწებება ტეტანს და ამძიმებს სულის არსებობას. ასეთი დანამატების გააზრება ხელს უწყობს მისგან განთავისუფლების, "განწმენდის" პროცესს. განწმენდა უშუალოდ პაციენტისა და საინტოლოგიის მსახურის დიალოგის პროცესში, სპეციალური ხელსაწყოს ე-მეტრის საშუალებით ხდება. ეს ხელსაწყო გალვანომეტრია, რომელიც სხეულის კანის ელექტროგამტარობას ზომავს, ის ორი რკინის ქილისა და ინდიკატორი ისრისაგან შედგება. პაციენტი ხელში იკავებს ამ ქილებს, მას უსვამენ შეკითხვებს და თუ რომელიმე შეკითხვა მომატებულ ემოციურობას გამოიწვევს, ხელსაწყოს ისარი მკვეთრად გადაიხრება. შეკითხვას მანამ იმეორებენ, სანამ ისარი მშვიდი არ გახდება. ეს ნიშნავს, რომ ხინჯი გაქრა. სრული განწმენდა ყველა ხინჯის გაქრობის შემდეგ ხდება. მიზანი წლების მანძილზე დაუღალავი შრომით მიიღწევა და ათეულობით ათას დოლარს მოითხოვს. თუმცა, ამის შემდეგაც სექტის წევრს კიდევ რვა უმაღლესი საფეხურით განწმენდას სთავაზობენ. მიიჩნევა, რომ სულს ჩამოცილებული ხინჯები თავისუფლად მოძრაობენ სამყაროში და აქვთ უნარი ზეგავლენა მოახდინონ სივრცეზე, დროზე, მატერიაზე.

საინტოლოგები ცდილობენ სახელმწიფო მმართველობის აპარატის, პრესტიჟული სასწავლებლებისა და მსხვილი საწარმო დაწესებულებების მმართველობის ხელში ჩაგდებას. მასთან მებრძოლი ადამიანების გასანადგურებლად საინტოლოგები იყენებენ სხვადასხვა ბინძურ მეთოდებს, მათ შორის: ცრუ ჩვენებას, დევნას, დამამცირებელი ინფორმაციების შეგროვება-გავრცელებას, დასმენას და ა.შ. ცნობილია, საინტოლოგების რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის: "ნარკონონი" (ნარკომანების სარეაბილიტაციო ცენტრი), "კრიმინონი" (პატიმართა სარეაბილიტაციო ცენტრი), "ჰაბარდ-კოლეჯები" და ა.შ.

საინტოლოგიური პრაქტიკის ფსიქიკისათვის დამანგრეველი შედეგებისაგან განკურნება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბევრ ქვეყანაში ეს სექტა აკრძალულია. საინტოლოგების ტოტალური სექტა აღიარებულია საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მავნე, დესტრუქციულ სექტად.

ახალი კულტების უმრავლესობის ძირითადი მიზანია ახალბედა წევრების მოზიდვა, რომელიც სექტის ხელმძღვანელთა გაძლიერებასა და გამდიდრებას ემსახურება. სამწუხაროდ, ხშირად სექტაში გაწევრება ადამიანების პირად ტრაგედიად და ცხოვრებისეულ კატასტროფად იქცევა ხოლმე. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ადამიანები ვალდებულნი არიან, გულისყურით ჩაეძიონ ამგვარ სექტებში გაერთიანების პირველ მიზეზს და მაქსიმალურად დაიცვან თავი ახალი არატრადიციული კულტებისაგან.

ბეჭდვა
1კ1