როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
იყავით ფხიზლად!
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ".
( ებრ. 13,9)

ბოლო ხანს თბილისის ქუჩებსა და ბინებში სექტანტები მასობრივად ავრცელებენ მოსაწვევებს სახელწოდებით "ღმერთს სძულს ცოდვა", რომელშიც ვკითხულობთ: "ცოდვამ დააშორა ადამიანი ღმერთს. მას შემდეგ ადამიანი გახდა ღმერთის მტერი... თუ შენ იესოს ირწმუნებ, გექნება მარადიული სიცოცხლე. თუ შენ ავად ხარ და ფიქრობ, რომ არაფერი გეშველება - იესომ ჯვარზე დაამარცხა შენი ავადმყოფობა. ფიქრობ, რომ არავის უყვარხარ? შენ იესოს უყვარხარ. თუ ცოდვამ გული დაგიმძიმა და ცდილობ, შენი ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრო, გახსოვდეს იესოს შეუძლია გაპატიოს შენი ცოდვა და გაგათავისუფლოს ყველა სიმძიმისგან. თუ ფიქრობ, რომ დამთავრდა შენთვის სიცოცხლე, ერთი რამ უნდა იცოდე - იესო გელოდება შენ! ადამიანის სიცოცხლე წარმავალია. იესოს დახმარებით შენ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება, ამისთვის შენ იესო გჭირდება! სამოთხე და ჯოჯოხეთი რეალურია. შენ დგახარ არჩევანის ზღვარზე. აირჩიე სიცოცხლე! იესო ქრისტე ყველა ადამიანის სახსნელად მოვიდა. ის მოკვდა ჯვარზე, რათა ჩვენ ვიცოცხლოთ... უფალი დღეს ელოდება ყველა ადამიანისგან, რომ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები და აღვადგინოთ მასთან ცოცხალი ურთიერთობა. ის შენი პირადი მხსნელია!"

ამ "შთამბეჭდავი" ტექსტის შემდეგ მოსაწვევში მითითებულია მხოლოდ "სახარების რწმენის ეკლესია" (რომელშიც ღვთისმსახურება ყოველ კვირას ტარდება) და მისი კოორდინატები, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს "სახარების რწმენის ეკლესია" სინამდვილეში ორმოცდაათიანელთა სექტაა!

მოსაწვევის გარდა, იგივე სექტა თბილისის ქუჩებში ავრცელებს ახალი აღთქმისა და ფსალმუნების სტოკჰოლმის გამოცემის განახლებულ ვერსიას, რომელიც ე.წ. "გედეონის საძმოს" მიერ 2009 წ. ქ. მინსკში დაიბეჭდა. "გედეონის საძმო" ევანგელისტურ-პროტესტანტული ორგანიზაციაა, თუმცა ამის შესახებ ახალი აღთქმის "გედეონისეული ვერსიის" ეპილოგში არაფერია ნათქვამი. "გედეონების უმთავრესი ამოცანაა, მთელ მსოფლიოში განავრცონ სახარება, რომ ყოველ ადამიანს მიეცეს საშუალება, შეიცნოს და აღიაროს იესო ქრისტე პირად მხსნელად. გედეონებმა და მათმა თანაშემწეებმა, მორწმუნეებმა მრავალი ქრისტიანული ეკლესიიდან, უკვე გაავრცელეს მილიონზე მეტი ბიბლიისა და ახალი აღთქმის ეგზემპლარი სასტუმროებში, საავადმყოფოებსა და საპატიმროებში, დაურიგეს სამხედროებს, მოსწავლეებსა და სამედიცინო მუშაკებს. ჩვენ სიხარულით გადმოგცემთ ძვირფას ღმერთის სიტყვას და ვიმედოვნებთ, რომ ყოველდღიურ კითხვაში უამრავ სასიამოვნო წუთს გაატარებთ" - ვკითხულობთ ახალი აღთქმის "გედეონისეული" გამოცემის ბოლოსიტყვაობაში.

თბილისის ქუჩებში ახალი აღთქმის წიგნების დარიგებასთან ერთად სექტანტები გაუცნობიერებელი ადამიანების ნდობით ბოროტად სარგებლობდნენ და მეტი დამაჯერებლობისთვის მოქალაქეებს ნინოობასაც კი ულოცავდნენ (სინამდვილეში, როგორც ვიცით, სექტანტები წმინდანებს პატივს არ მიაგებენ და უარყოფენ, თუმცა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ქადაგებისას სექტანტი მისიონერები ასეთ ტაქტიკურ სიცრუეს არ ერიდებიან).

თბილისის ქუჩებში დარიგებულ ახალი აღთქმის წიგნებში რამდენიმე ადგილას ჩარტყმულია შტამპები, რომლითაც საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია მოქალაქეებს იწვევს მსახურებაზე ყოველ კვირას 11 და 15 საათზე, მეტროსადგურ "დიდუბის" ახლოს (იქვე მითითებულია კოორდინატებიც).

"სახარების რწმენის ეკლესია" - ეს სახელწოდება ჩვეულებრივი მოქალაქისთვის არაფრისმთქმელია და იგი ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში კარგად შენიღბულ ორმოცდაათიანელებთან აქვს საქმე (ამ მისამართზე ორმოცდაათიანელთა სექტის ცენტრია განთავსებული).


თბილისის ქუჩებში დარიგებულ ახალი აღთქმის წიგნებში რამდენიმე ადგილას

ჩარტყმულია შტამპები, რომლითაც საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია

მოქალაქეებს იწვევს მსახურებაზე ყოველ კვირას 11 და 15 საათზე,

მეტროსადგურ "დიდუბის" ახლოს (იქვე მითითებულია კოორდინატებიც)


ცნობილია, რომ ორმოცდაათიანელები, სხვა სექტების მსგავსად, ქადაგებისას იცავენ "ანონიმურობის პრინციპს": ადამიანი მანამდე უნდა გადაიბირო, სანამ რაიმეს შეიტყობს ამ სექტის არსისა და წარმომავლობის შესახებ. სექტანტები ყველანაირად ცდილობენ, "სავარაუდო მოსაქცევმა" რაც შეიძლება გვიან გააცნობიეროს, რომ განსხვავებული კონფესიის წარმომადგენელთან აქვს ურთიერთობა. ამ დროს შეუძლებელია, არ გაგახსენდეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დარიგება: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმერთისგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე, 4,1). ცნობილი მართლმადიდებელი აპოლოგეტი, მამა ანდრეი კურაევი გვაფრთხილებს: "თანამოსაუბრეს უთუოდ მოსთხოვეთ ვინაობის დაზუსტება. ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რასაც მქადაგებელი გეტყვით (მაგალითად, "ჩვენ ქრისტეს ეკლესია ვართ"). მოითხოვეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მისი სექტის ისტორიაზე, მართლმადიდებლობასთან დამოკიდებულებაზე. ამგვარად საკუთარი არჩევანის თავისუფლებას დაიცავთ. ბევრ მქადაგებელს ურჩევნია, რაც შეიძლება გვიან გააცნობიეროთ დილემა - ერთგულება ან განდგომა ტრადიციული რწმენისაგან... თუ გსურთ შეიტყოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლობასთან ახალგაცნობილ "ქრისტიან" მქადაგებელს, სთხოვეთ, პირჯვარი გამოისახოს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მცირე ხატს ემთხვიოს. თუ უარი გითხრათ, ეს იმის მაუწყებელია, რომ იგი რომელიღაც არამართლმადიდებლურ-პროტესტანტული ერთობის წარმომადგენელია".

ქართველებს XIX-XX საუკუნეებში დაარსებული სექტები და ვერც მათი მხარდამჭერები ვერ გვასწავლიან ტოლერანტობასა და სინდისის თავისუფლებას, რადგან ქართველი ერი ამ ფასეულობებს ამ სექტების დაარსებამდე ბევრად ადრე, იმ "შავბნელ" შუასაუკუნეებშიც იცავდა, როდესაც ევროპაში ადამიანებს რწმენისთვის ცოცხლად წვავდნენ...

სექტანტებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები მზაკვრულად არ მალავენ თავის აღმსარებლობას და არ ცდილობენ ნებისმიერი საშუალებით "მიიტყუონ" ადამიანები ღვთისმსახურებაზე. მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა ისიც შესანიშნავად იციან, თუ ვინ არის "სიცრუის მამა" (იოანე, 8,44) და ვინ და რატომ ცდილობს პირველივე შეხვედრისას დაუმალოს თანამოსაუბრეს თავისი კონფესიური კუთვნილება...

ბეჭდვა
1კ1