ყველაზე საშიში და უკურნებელი ცოდვა ცოდვასთან შეგუებაა
ყველაზე საშიში და უკურნებელი ცოდვა ცოდვასთან შეგუებაა
მოვიდა ქვეყნად ნათელი და განდევნა ბნელი დღიდან. მოვიდა ქვეყნად ბრწყინვალება დაუღამებელი დღისა და ბნელის შვილებმა მოიკვეთეს იგი თავიანთი არსებიდან. ბრმათ აღეხილათ თვალი, ბრმადმხედველნი კი იქცნენ კერპებად თავიანთი სიბრმავისა და მკვლელებად ნათლისა. წინამძღვარნი, მწიგნობარნი და სჯულისმოძღვარნი წინამძღოლნი გახდნენ საკუთარი სიკვდილისა, ხოლო ისინი, ვინც რწმენით ეზიარნენ ძეს ნათლისას, "იქმნენ ძენი მაღლისანი და სიკვდილი არა იხილეს უკუნისამდე". ნათელმა ამხილა ქვეყნად ბნელი და უწოდა ბნელს ბნელი, ხოლო ისინი, ვინც რაცხდნენ ბნელს ნათლად, დარჩნენ თავიანთ სიბნელეში. სიმდაბლემ ამხილა ამპარტავნება, დღის შუქზე გამოიტანა მისი სიმწირე და არარაობა. ამპარტავნებამ უარყო და მოიძულა სიმდაბლე, რადგან განშიშვლებულს და მხილებულს სიმდაბლის მიერ ბოროტებამ და შურმა გაუმაგრა ზურგი და კვლავ სიკვდილი და თვითგანადგურება არჩია. მოვიდა ქვეყნად სიმდიდრე წარუპარველი და განმდიდრდნენ გლახაკნი სულითა, არათუ მდიდართაგან დაეფარა სიმდიდრე მოუკლებელი, არამედ მშვინვიერთ და ხორციელთ საკუთარი ნებით დაუფარეს დიდება და ბედნიერება თავიანთ თავს, რადგან არ შეიწყნარეს მისი მომნიჭებელი. ნათელი ამხელს ბნელს და ყოველივე იმას, რაც მისგანაა, გულით მდაბალს უყვარს მამხილებელი მისი, რადგან აღდგომასა და სიცოცხლეს ხედავს მასში. კურნებას მხოლოდ ამპარტავანი გაურბის, რაც მეტი მედიდურობისა და უგრძნობელობისკენ მიაქანებს მას.

გამოვლენილი, განცდილი სნეულება განკურნების დასაწყისია ხშირად, მაგრამ როდესაც სნეულება თავს ფარავს სნეულში მისივე უგუნურებითა და სიჯიუტით, ყოველ წუთს შორდება მადლს კურნებისას. ყველაზე საშიში და უკურნებელი ცოდვა ცოდვასთან შეგუებაა, რაც აუცილებლად მისი ერთგულებითა და მასთან დამეგობრებით მთავრდება. ამ მდგომარეობაში მყოფს უკვე აღარ ძალუძს გაარჩიოს ნათელი ბნელისგან, სიკეთე ბოროტებისგან, რადგან აღარ შესწევს ნიჭი განმრჩეველობისა, რაც კიდევ ერთი ტკბილი ნაყოფია კეთილგონიერებისა. გულით, მოთმინებითა და მოშურნეობით ადამიანი აუცილებლად ეზიარება ნათელს ღვთისას, კურნებას ხორციელი და სულიერი სნეულებისას. რწმენის სიცოცხლე უფლის სიცოცხლით ძიებაშია დაფარული, რაც მხოლოდ შენს არჩევანსა და შენს ხელშია. რწმენას ვერავინ შობს შენში "გარნა უფლისა", და ვერავინ გაზრდის მას შენში, თუ არა კვლავ უფალი შენით. ვისაც სურს, რომ გადარჩეს და იხსნას თავი ვნებათა ტყვეობისგან, ის აუცილებლად გადარჩება, რადგან ჰყავს მას მხსნელი - იესო ქრისტე.

მზის შუქსა და დღის ნათელს ყოველი სულიერი მოუთმენლად ელის, სულიერი ნათელი კი მრავალთათვის უთენებელ ღამედ ქცეულა და არც კი ცდილობს თავი დააღწიოს მის წვდიადს, რადგან ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია მისი შინაგანი, უხილავი ღირსება. ცოდვა სიბნელეა, მაგრამ ყველაზე საშიში მისი მრავალი თვისებიდან ისაა, რომ იგი ცნობიერების დამაბნელენელია. ცოდვა ფარავს და ახშობს გულისა და გონებისთვის მართებული ხედვისა და აღქმის შესაძლებლობის უნარს. ქურდი სიბნელეს მიელტვის თავისი გულისწადილის აღსასრულებლად, ამის მსგავსად ცოდვაც ჯერ აბნელებს გონით ნაწილს სულისას და ამის შემდგომ აღწევს "საწადელს თვისი ნებისა". მხოლოდ უფლის სიტყვაა ადამიანისთვის სანთელი ათასგვარი მანკიერებით დაბნელებული სულისთვის, იგია განმანათლებელი უმეცართა, მასწავლელი უცოდინართა, შემწე და მანუგეშებელი ღვთის მადლის მაძიებელთა, სიხარული მწუხარეთა, კეთილი მეგზური გზააბნეულთა, მასაზრდოებელი სულიერად მშიერთა, დამაცხრობელი ვნებათა, გადამყრელი სევდისა და უიმედობის ღრუბელთა. იესო ქრისტეა მძლეველი სოფლისა, განმათბობელი გაყინული გულებისა, ნათელი ქვეყნიერებისა, მასწავლელი ჭეშმარიტებისა და მისკენ სავალი გზისა. იგია დამსჯელი ამა სოფლის მთავრისა, განმაქარვებელი სიკვდილისა და მომმადლებელი ჩაუვალი მზის ელვარებისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, სუფევა და პატივისცემა მამასთან და სულთან ერთად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეჭდვა
1კ1