მცირედმორწმუნეობა
მცირედმორწმუნეობა
ერთხელ იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და გალილეის ზღვით წავიდა ღადარინელთა ქვეყანაში. ცურვის დროს დაიძინა. უეცრად ატყდა ძლიერი ქარი. ნავი წყლით ივსებოდა. მოწაფეები შეშინდნენ, გააღვიძეს ის და უთხრეს: "უფალო! ვიღუპებით, გვიშველე!" იესომ უთხრა მათ: "რად შეშინებულხართ, მცირედმოწრმუნენო?" მერმე ადგა, შერისხა ქარსა და ზღვას და დადგა დიდი მყუდროება. ყველანი გაკვირდნენ და ამბობდნენ: "ვინ არის ეს, რომ ქარიც და ზღვაც ემორჩილებიან მას?" (მათე 8, 23-27; მარკოზი 4, 35-41; ლუკა 8, 22-25).

უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი. მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამ თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ; ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, იესო კი მარტო იდგა ხმელეთზე. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა, ღელავდა და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს. ღამის მეოთხე გუშაგობისას მოხდა ეს. ზღვაზე სვლით მივიდა მათთან იესო და დააპირა გაესწრო და უკან მოეტოვებინა ისინი. მოწაფეებს შეეშინდათ, მოჩვენება ეგონათ და შეჰყვირეს. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. პეტრემ უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენ ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან. მანაც უბრძანა: მოდი! გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან. მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე! მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედმორწმუნეო, რამ შეგაეჭვა? და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი. ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ. მოწაფეებს უნდოდათ იესოსთან ერთად ემგზავრათ, მაგრამ ნავი სასწაულებრივად მაშინვე მიადგა ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ (მათე 14, 22-33; მარკოზი 6, 45-52; იოანე 6, 15-21).

სახარების ამ ეპიზოდზე წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: "როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: "ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინდა და იწყო დანთქმად, ღაღადყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!" (მთ. 14,30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რომ მიზეზი მისი მცირედმორწმუნეობა იყო: "მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი?" ასევე ქრისტიანები თავიანთი ბოროტი საქმეებისა და ბოროტი ცხოვრების მიზეზად ცდუნებებს თვლიან, რომლებსაც ვერ ლახავენ. მათი ამაო საქმეების ჭეშმარიტი მიზეზი კი ისაა, რომ მათი რწმენა სუსტი და მწირია. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ეშმაკი ვერ შეძლებდა, ცოდვის საშინელ მონობაში მოექცია".

მცირედმორწმუნეობა - ესაა ყველაზე გავრცელებული ცოდვა. ზოგჯერ იგი ურწმუნოებაში გადადის, თუმცა ამ დროს კაცი შეიძლება ღმრთისმსახურებაზეც დადიოდეს და აღსარებასაც ამბობდეს. მცირედმორწმუნე შეგნებულად არ უარყოფს ღმრთის არსებობას, მაგრამ ეჭვი ეპარება მის ყოვლადძლიერებაში, მოწყალებასა და განგებულებაში. თავისი ქცევით, ყველაფრით, რაც მისთვის ძვირფასია, თვით ცხოვრების წესით იგი ეწინააღმდეგება იმ სარწმუნოებას, რომელსაც სიტყვით აღიარებს. ასეთი კაცი არასოდეს დაინტერესდება უბრალო დოგმატური საკითხებითაც კი, რადგან ეშინია, არ დაიკარგოს ის გულუბრყვილო, ხშირად არასწორი წარმოდგენა ქრისტიანობაზე, ერთხელ და სამუდამოდ რომ შეუთვისებია. ასეთები მართლმადიდებლობას ეროვნული, შინაური ტრადიციების ჩარჩოებში აქცევენ, წეს-ჩვეულებებისა და ჟესტების ამარა ტოვებენ, კეთილხმოვანი საგალობლებითა და სანთლების ციმციმით ტკბებიან, ანუ გარეგნულ ბრწყინვალებამდე დაჰყავთ, და ამით კარგავენ ყველაზე ძვირფასს ეკლესიაში - უფალ იესო ქრისტეს. მცირედმორწმუნის რელიგიურობა მჭიდროდაა დაკავშირებული ესთეტიკურ, ვნებიან, სენტიმენტალურ გრძნობებთან, ადვილად უთავსდება ეგოიზმს, ცუდმედიდობას, გრძნობიერებას. ამ სენით შეპყრობილი ადამიანები მოძღვრისაგან ქებასა და პატივს მოელიან, აღსარების დროს ხშირად სხვებს უჩივიან, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ. მოჩვენებითი ღმრთისმოშიშებიდან ისინი ადვილად გადადიან გაღიზიანებასა და მრისხანებაზე. ცოდვას ვერ ხედავენ, ხშირად გულგრილობას იჩენენ გარშემომყოფთა მიმართ, ეგოისტები და ფარისევლები არიან, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ და მიაჩნიათ, რომ რაკი ცოდვებს არ სჩადიან, ამიტომ ცხონებაც გარანტირებული აქვთ. საერთოდ, რელიგიური თვითკმაყოფილება და თავდაჯერება ღმრთისა და ეკლესიისგან დაშორების უმთავრესი ნიშნებია.

ბეჭდვა
1კ1