ღმერთის სიტყვით, ისრაელთ ასწიეს სჯულის კიდობანი და იერიქონის კედლებს გარს შემოევლნენ
ღმერთის სიტყვით, ისრაელთ ასწიეს სჯულის კიდობანი და იერიქონის კედლებს გარს შემოევლნენ
ბიბლიის მიხედვით, ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი აღგავა მიწის პირიდან ციდან გადმოსულმა ცეცხლმა. უფლის რისხვა გამოიწვია ამ ქალაქების მცხოვრებთა უკეთურებამ და ყოვლად შემაზრზენმა ცოდვებმა. ღმერთმა გამოუცხადა აბრაამს, რომ სოდომი უნდა მოესპო, რადგან მისი ცოდვები ზეცას შემოჰღაღადებენო.

სოდომის და ახლო ქალაქების მცხოვრებლები მართლაც მეტად ბოროტნი, ბიწიერნი და საშინლად გარყვნილნი იყვნენ. უფალი ხედავდა, რომ მათგან მოულოდნელი იყო სინანული და სწორ გზაზე მოქცევა, ხოლო ცოდვანი მათნი - ისეთი მძიმენი, რომ მათი ქვეყანაზე დარჩენა საშიში იყო: სხვებიც მათ მაგალითს წაბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა. ამიტომ უფალმა გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა ისინი.

აბრაამის ძმისწული სოდომში ცხოვრობდა, ამიტომ აბრაამს შეეშინდა, ისიც სხვებთან ერთად არ დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალს, რომ მან დაიფაროს უსჯულო ქალაქი, თუ მასში ცოტაოდენი მართალნი მაინც იქნებიან: უფალო, შენ ხარ მართლმსაჯული, და ნუთუ მართლებსაც ბიწიერებთან დაღუპავ? თუ იქ ორმოცდაათი მართალი ადამიანი იპოება, ნუთუ მათთვის არ დაიფარავ მთელ ქალაქს? უფალმა უპასუხა: მე ვაპატიებ ყველას, თუ მაგდენი მართალი ადამიანი მათ შორის ერევაო. აბრაამმა კიდევ გაბედა და ჰკითხა: ორმოცდახუთი რომ იყოსო? ნუთუ მთელ ქალაქს დაღუპავ ხუთი მართლის დაკლების გამო? უფალმა მიუგო: არც მაშინ დავსჯიო. მოწყალე პასუხით წაქეზებულმა აბრაამმა თანდათან დააკლო მართალთა რიცხვს: თუ ორმოცი იქნება? თუ ოცდაათი? თუ ოცი? თუნდ ათიც რომ იყოს? უფალმა ბოლოს უპასუხა: არ დავღუპავ ათი მართალი კაცის გულისთვისაცო.

საღამო იყო, როცა ორი ანგელოზი შევიდა სოდომში. ლოთი ერთადერთი მართალი კაცი იყო მთელ იმ ქალაქში, წინ მიეგება მათ და გულით სთხოვა, რომ მას სწვეოდნენ და ღამე მასთან გაეთიათ. ანგელოზები დათანხმდნენ და მივიდნენ ლოთის სახლში, რომელიც მათ მშვენივრად გაუმასპინძლდა. ამ დროს მათ კარს მიადგნენ ბიწიერი და აბეზარი სოდომელები და მოითხოვეს ლოთისგან, რომ მას მიეცა მათთვის სტუმრები შეურაცხყოფისთვის. ლოთმა ხვეწნა დაუწყო: ძმებო, ნუ უზამთ მათ ბოროტსო, მაგრამ სოდომელებმა მუქარით დაუყვირეს: როგორ, შენ უცხო კაცი ხარ, სხვა მხრიდან მოთრეული, და ჭკუა ჩვენ უნდა გვასწავლო? ახლა გიჩვენებთ სეირს! - თქვეს ეს და გაექანნენ ლოთისაკენ, მაგრამ ანგელოზები მიეშველნენ, ლოთი გამოაცალეს ხელიდგან ხალხს, შეიყვანეს შინა და მოკეტეს კარები. სოდომელებს უნდოდათ, კარები შეემტვრიათ, მაგრამ ანგელოზებმა მათ სიბრმავე დამართეს. დაბრმავებულმა ხალხმა ვეღარაფერი გაიგო, კარებს ვერ მიაგნო და წავიდ-წამოვიდა. ამის შემდეგ ანგელოზებმა განუცხადეს ლოთს: ჩვენ გამოგზავნილნი ვართ ღვთისაგან ამ უსჯულო და გარყვნილი ქალაქის აღმოსაფხვრელად. თუ შენ ნათესავები გყვანან, ჩქარა გაიყვანე ქალაქიდან. ლოთს სოდომში ჰყავდა დანიშნული სასიძონი თავისი ქალებისათვის. შეატყობინა მათ ეს ამბავი და სთხოვა, რომ დაეტოვებინათ ქალაქი და გაქცეულიყვნენ, მაგრამ მათ არ დაუჯერეს თავიანთ სასიმამროს და მასხრადაც აიგდეს. მეორე დღეს, სისხამზე, მზის ამოსვლამდე, ანგელოზებმა უბრძანეს ლოთს, რომ თავისი ცოლით და ქალებით საჩქაროდ გაქცეულიყო ქალაქიდან. რადგანაც ლოთი იგვიანებდა, ამიტომ ანგელოზებმა წაავლეს ხელი, გამოიყვანეს იგი სახლობით სოდომიდან და უთხრეს: უშველე ჩქარა თავს, გასწი, უკან ნუღარ მოიხედავ და ნუ გაჩერდები ამ მინდორზე, თორემ დაიღუპებით; ლოთმა გაუგონა ანგელოზებს და გაიქცა თავისი სახლობით. ამოვიდა თუ არა მზე, აი, რა საშინელი სასჯელი მიაყენა უფალმა სოდომსა და მის ახლო ქალაქებს: ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა, მოედო ქალაქებს, მათ გარშემო არემარეს და მთლად გადაბუგა, შემდეგ გასკდა დედამიწა, ქალაქი ჩავარდა და მის ადგილას გაჩნდა საშინლად მწარე ზღვა. ლოტის ცოლმა არ აასრულა ღვთის ბრძანება, წინააღმდეგ ანგელოზის დარიგებისა, იგი გზაზე გაჩერდა, მიიხედა უკან, თითქოს ნანობდა სოდომის დატოვებას. ამისთვის მასაც საშინელი სასჯელი მიადგა: მისი სხეული უცებ გადაიქცა მარილის სვეტად. აბრაამმა თავისი ბინიდან დაინახა უშველებელი სვეტი კვამლისა, რომელიც სოდომიდან მაღლა ადიოდა, და ამით გაიგო, რომ მართლმსაჯულ უფალს ვერ უპოვია ამ წაბილწულ ქალაქში ის ათი მართალი კაცი, რომელთა გულისთვის მისი დაფარვა აღუთქვა აბრაამს.

ბიბლიაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ როცა ებრაელებმა ეგვიპტის ტყვეობას თავი დააღწიეს და უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის შემდეგ აბრაამის მიწას დაუბრუნდნენ, ქანაანის მაშინდელი მოსახლეობა მრავალი და ძლიერი იყო. მაგრამ მათ შორის ძლიერ გავრცელებული იყო აბეზრობა და გარყვნილება. სწორედ ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა, დაესაჯა ისინი, მან დააძლევინა ისინი ებრაელებს ისუ ნავეს წინამძღოლობით. პირველ ქალაქს, რომელსაც მიადგა ისუ ნავე ასაღებად, ერქვა იერიქონი. იერიქონი იყო დიდი და გამაგრებული ქალაქი, მისი მცხოვრებნი კი უღმერთონი და ცოდვილნი. იერიქონის აღებას ებრაელები ვერ შეძლებდნენ, უფალი რომ არ დახმარებოდათ. დაფიქრებულ ისუ ნავეს გამოეცხადა უფალი და უთხრა: ნუ გეშინია, მე ჩაგაგდებინებ ხელში იერიქონსა და მის მეფეს. ღმერთის სიტყვით, ისრაელთ ასწიეს სჯულის კიდობანი და იერიქონის კედლებს გარს შემოევლნენ. სჯულის კიდობანს უკან მისდევდნენ მღვდლები და ჯარი. ასე უარეს გარშემო ექვს დღეს. ბოლოს, როცა მეშვიდე დღეს მეშვიდედ შემოუარეს, მღვდლებმა საყვირები დაუკრეს და მთელმა ხალხმა საშინლად დაჰკივლა. იმავე წამს ქალაქის კედლები დაიქცა, თავზარდაცემულმა მცხოვრებლებმა ვეღარა გააწყვეს რა, ისრაელნი დაუბრკოლებლივ შევიდნენ იერიქონში და დაიმორჩილეს ის. იერიქონის აღების შემდეგ ისუ ნავემ მალე დაიმორჩილა ოცდაათ სამეფოზე მეტი. ცხადად ეხმარებოდა მას ღმერთი და ამარცხებდა ქანაანის ქალაქებს იქ გამეფებული ცოდვების გამო, სჯიდა მათ ისრაელიანთა ხელით.

ბეჭდვა
1კ1