იუდას ცოდვა
იუდას ცოდვა
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.

უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი ვერ დაემალებოდა მას. ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო, და არც დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან, მაგრამ ძალდატანებით არ მიიზიდა თავისკენ, რადგან ღმერთმა ჩვენ თავისუფალი არჩევანის მქონე არსებებად შეგვქმნა. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ - კეთილს თუ ბოროტს. უფალს სურს, ადამიანი თავისივე ნებით იყოს კეთილი, რადგან იძულებით სიკეთე სიკეთე არ არის. ამრიგად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. და თუკი მან თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება, ეს ექიმის ბრალი კი არ არის, არამედ მკურნალობის უარმყოფელისა.

როგორ მოხვდა იუდა ისკარიოტელ მაცხოვრის მოწაფეთა შორის?

მაცხოვრის ათორმეტ მოწაფეთა შორის სრულყოფილი არცერთი არ ყოფილა. ისევე, როგორც მთელი ებრაელი ხალხი, ისინიც მოელოდნენ მესიას, ოღონდ ის წარმოედგინათ ხელმწიფედ, რომელიც მათ რომაელებისაგან გაათავისუფლებდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. ხომ გახსოვთ, რა სთხოვა იოანე და იაკობ ზებედეს ძეთა დედამ მაცხოვარს: როდესაც გამეფდები, ჩემი შვილები მარჯვნივ და მარცხნივ დაიყენეო. ასევე წარმოედგინა იესოს მოღვაწეობის დასასრული იუდა ისკარიოტელს.

ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე იესოს მემრუშე ქალი ეახლა, თაყვანი სცა და თავისი გულშემუსვრილების ნიშნად ფეხებზე 300 დრაჰკანის ღირებულების ნელსაცხებელი დაასხა. იმხანად ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, უფრო მეტი, ვიდრე 5000 ადამიანის დასაპურებლად იქნებოდა საჭირო. მაშინ მხოლოდ იუდა კი არა, სხვა მოციქულებიც დრტვინავდნენ: განა არ აჯობებდა, ეს ფული მშიერ-მწყურავალთათვის დაგვერიგებინაო?! სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ისკარიოტელმა, მაცხოვარი გაეცა.

მოციქულებმა სრულყოფილი ცოდნა მაცხოვრის შესახებ სულიწმიდის მოფენის შედეგად მიიღეს, მაგრამ მანამდე, იესოს გვერდით ყოფნისას, თავიანთი ნაკლოვანებანი დაძლიეს და ნელ-ნელა გაიზარდნენ, იუდამ კი ეს ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. უფრო მეტიც - როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას ჩააბარა მოციქულების საერთო ყულაბა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული - თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა; მაგრამ იუდას სულში არაფერი შეცვლილა. იგი ხედავდა, როგორ იმსხვრეოდა მისი ოცნება. მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფე გამხდარიყო. საკუთარი ქოხიც კი არ ჰქონდა, თავი რომ მიედრიკა. ჩვენ ვიცით, რომ იესოს მეუფება არ იყო ამქვეყნიური, მაგრამ იუდას ეს არ ესმოდა. ის მხოლოდ იმის გამო წუხდა, რომ მისი ერთგულება და იესოს თავგამოდებული მიმდევრობა ამაო აღმოჩნდებოდა, არ მოუტანდა არც სიმდიდრეს, არც პატივს და იგი სიღარიბესა და დევნილობაში დალევდა სულს.

არავინ იცის, რა გრძნობები ბობოქრობდა მაშინ იუდას სულში. ალბათ, უფრო ბოღმა, პატივმოყვარეობა, მომხვეჭელობა, უმადურება, მრისხანება... შეეძლო, ასეც ემართლებინა თავი: ეგებ მის საქციელს ხელი შეეწყო მესიის სამეფოს გამოცხადებისათვის? ბოლოს და ბოლოს, იესოს ხომ ხელეწიფებოდა, სასწაულებრივად გადაერჩინა თავი? თუ არადა, ის ხომ ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა მომკვდარიყო? მაშ, თუკი იესოს სიკვდილი გარდაუვალი იყო, რატომ არ შეიძლებოდა, იუდას ცოტათი მაინც ეხეირა ამით? ანდა რატომ არ უნდა ყოფილიყო საქებარი მისი საქციელი, როცა მღვდელმთავრებიც რთავდნენ ამის ნებას?

ნუ დაგვავიწყდება, რომ საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატის აქტი. იესომ სხვა მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები, მაგრამ არც ამ დროს გაიღვიძა მისმა სინდისმა. ამიტომაც იუდას საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს - ის ბოლომდე თავის უკეთურებაში დარჩა.

"ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი, - მოგვითხრობს იოანე მახარებელი, - და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ?

მიუგეს მას: იესო ნაზარეველს.

უთხრა მათ: მე ვარ...

როდესაც უთხრა მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ" (იოანე 17, 3-6).

იესოს მართლაც შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაბარდა მათ. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.

ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი "კარიბჭე", აპრილი, 2004 წ.
ბეჭდვა
1კ1