"სულიწმინდა ქრისტიანში არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით"
"სულიწმინდა ქრისტიანში არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით"
"ენა ჩემი - მტერი ჩემი", - ასე გამოხატავენ წმინდა მამები იმ დიდ საფრთხეს, რომელსაც ენა უქმნის ადამიანს. ამაოდმეტყველება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვნებაა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რამხელა ზიანის მომტანია ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა. დაიმორჩილეთ ენა და ამით მთელ სხეულს დაიმორჩილებთო, - ამბობს იაკობ მოციქული.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. მას შეუძლია კაცის მოკვლაც და განკურნებაც. სიტყვა, გარკვეულწილად, უფლის სიმბოლოცაა. სახარება ხომ მაცხოვარს ღვთის სიტყვად მოიხსენიებს.

სიტყვის არსზე, მნიშვნელობასა და ამაოდმეტყველების ცოდვაზე გვესაუბრება მირქმის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ლაზარე (ვარდოსანიძე):

- სიტყვა გამტარია, რომლის მეშვეობითაც სულში აღიძვრება არა მხოლოდ აზრები და სახეები, არამედ შეგრძნებების, განცდების, გრძნობებისა და სურვილების ნაკადი. პავლე ფლორენსკი ამბობს: "სიტყვა ადამიანის ნების ემანაციაა, მისი სულის გამოვლინება, ძალთა დამოუკიდებელი ცენტრი ხმოვანი ტალღის ფორმით".

სიტყვით შეიძლება ადამიანი აამაღლო, განწმინდო, გააკეთილშობილო, შესძინო რწმენა, სიხარული და მხნეობა, ააღორძინო მასში სიყვარული, გულმოწყალება, მიმადლო სულის სიმშვიდე და მყუდროება. თუმცა სიტყვითვე შეიძლება მოკლა, მოშხამო სული, შეჰყარო მას ყველა სახის ვნება, ცოდვა და მანკიერება. როგორც წმინდა მოციქული იაკობი ამბობს, "ენაი კაცთაი ვერვის ხელეწიფების დამწყსად. დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მომაკუდინებელითა. რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა და მით ვსწყევთ კაცთა. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაი და წყევაი".

მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ბრძანებს: "ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრებულ იქნეს, ვითარცა მახვილი და მაშინ ის მოსწყლავს და კლავს. შეიძლება დალბობილ იქნეს, ვითარცა ზეთი და მაშინ ის კურნავს".

ვაცნობიერებთ კი ღვთის წინაშე მთელ პასუხისმგებლობას წარმოთქმულ სიტყვათა გამო? მაცხოვარი ამბობს: "ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". ხოლო მაკარი დიდი გვასწავლის: "ბოროტი სიტყვა კეთილსაც ბოროტად გადააქცევს, ხოლო კეთილი ბოროტსაც გარდაქმნის კეთილად". რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ადამიანებს, როგორ არ ვუკვირდებით ამას, რამდენჯერ გვითქვამს დაუფიქრებლად რამე და შემდეგ მწარედ გვინანია! როგორც წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს, "თქმით შენ შობ სიტყვას, შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს განკითხვის დღემდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენს მხარეს ან შენს საწინააღმდეგოდ".

- წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება ასე იწყება: "პირველითგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი". როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები, რატომ არის მართლმადიდებელ ეკლესიაში სიტყვა მაცხოვართან გაიგივებული?

- "პირველითგან" აღნიშნავს ძის დაუსაბამო არსობას მამისა თანა - არსობას უწინარეს ყოველთა დროთა და საუკუნეთა, როცა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი ცა და ქვეყანა, როცა ჯერ კიდევ არ იყვნენ ქერუბიმნი და სერაფიმნი. თვით უფალი გვაუწყებს მამისა თანა თავისი არსობის შესახებ: "და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა". წმინდა ბასილი დიდის სწავლებით, შეუძლებელია იმის მოაზრება, თუ რა იყო ამ "პირველითგანის" უწინარეს, რამეთუ ეს უკანასკნელი არ იქნებოდა პირველითგან, თუკი მის უწინარეს რაიმე არსებობდა.

წმინდა ირინეოსის განმარტებით, მახარებელი გვამცნობს, რომ სიტყუაი, ვის მიერაც არსებობა მიიღო ყოველივე ქმნილმა, განუყოფელია ღმრთისაგან, უახლოეს მიმართებასა და ერთიანობაშია მასთან, ოღონდ ისე, რომ არის კერძო, თვითმყოფი პირი. "მახარებელმა ის კი არ თქვა, რომ სიტყვა იყო ღმერთში, არამედ ის, რომ სიტყვა იყო ღმრთისა თანა, რითაც გვიჩვენა სიტყვის თვითკმარობა, როგორც პირისა, ანუ მისი ჰიპოსტასური განსხვავება მამა ღმერთის პირისაგან". ასე რომ, საუკუნითგან, დაუსაბამოდ ღმერთისა თანა არსებული სიტყუა არის განთვისებული, დამოუკიდებელი პირი.

იმისთვის, რომ გაუგებარი არ დარჩენილიყო, მაინც რა არის სიტყვა, მახარებელი ამბობს: "და ღმერთი იყო სიტყუაი იგი" ანუ სიტყვა არა მხოლოდ უშინაგანეს ერთობასა და თანაზიარობაშია მამა ღმერთთან, არამედ თვითონაც იყო და არის ჭეშმარიტი ღმერთი.

რა აზრი უკავშირდება ამ გამოთქმას: "სიტყუა" (ლოგოსი) - და რატომ არის იგი გამოყენებული საღვთო პირის მიმართ?

წმინდა მამა იოანე ოქროპირი ამბობს: "რადგანაც ძის შობა უვნებო შობაა, ამიტომ მახარებლის მიერ იწოდება კიდეც სიტყვად. საღმრთო შობა უვნებოა, მიუწვდომელია და უცხოა განყოფისათვის". ნეტარი თეოფილაქტე გვასწავლის მის დაუსაბამობას მამასთან ერთად. როგორც იმის თქმაა შეუძლებელი, რომ გონება ზოგჯერ სიტყვის გარეშე რჩება, ასევე მამაც არასდროს ყოფილა და არ არის ძის გარეშე. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებით, ძე ღმრთისა იწოდება სიტყვად იმიტომ, რომ მისი მიმართება მამისადმი ისეთივეა, როგორიც სიტყვისა გონებისადმი და არა მხოლოდ უვნებო შობის გამო, არამედ მამასთან შეერთების გამოც, და იმიტომაც, რომ მიავლინებს მას". ბოლოს, კვლავ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები გავიხსენოთ: "აი, რატომ უწოდა მახარებელმა ძეს სიტყვა: რაკი ღმერთმა გამოგვიცხადა, რომ სიტყვა არის მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, ამიტომ ვინმეს რომ არ ეფიქრა ვნებიან შობაზე, წინდაწინ აღკვეთს ამას თვით სახელწოდებით სიტყვისა, გვაჩვენებს რა, რომ იშვება კიდეც მამისაგან ძე და იშვება უვნებოდ... მაგრამ იმიტომაც უწოდა ასე, რომ ძე მოევლინა ქვეყანას, რათა მამის შესახებ ეუწყებინა ჩვენთვის: "რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქვენ".

უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რაოდენი ძალა გააჩნია უფლის სიტყვას. "არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, - ამბობდნენ მასზე იუდეველები, - რამეთუ ხელმწიფებით იყო სიტყუაი იგი მისი". ამ სიტყვით აღადგენდა უფალი მიცვალებულთ, ახდენდა სასწაულებს და გარდაქმნიდა კაცთა სულებს. სიტყვითვე მოქმედებდნენ წმინდა მოციქულნი, რომლებმაც დაუდეს დასაბამი ქრისტეს ეკლესიას და უფლის მოწაფეთა ურიცხვი დასი ყველა ქვეყანასა და ყველა დროში.

- სიტყვებს დაუფიქრებლად ვისვრით. ეს ხშირად სანანებელი გვიხდება და, სამწუხაროდ, გონს გვიან მოვეგებით ხოლმე. მრავალმეტყველება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვნებაა თანამედროვე საზოგადოებაში. რისგან წარმოიშობა ის?

- იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ მრავალმეტყველება ორი წყაროდან ერთ-ერთისგან იღებს სათავეს: ან აღვირახსნილი ცხოვრებისგან ან, რაც ყველაზე ხშირია, მოსაგრეთა შორის, ცუდმედიდობისგან. ზოგჯერ კი ნაყროვანებისგანაც. როგორც წმინდა ალექსანდრე ელჩანინოვი წერს, "სულიერ ზრდასა და მრავალსიტყვაობას შორის უკუპროპორციული კავშირია. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით, ამაშია საცდური ყოველი "მასწავლებლობისა". ბერი ბარსანოფი ოპტელი ამბობდა, - სამოთხეში მონანული ცოდვილი ბევრია, ყბედი კი არც ერთიო.

- რამდენად მძიმეა ეს ცოდვა, რა შედეგებამდე მიჰყავს მას ადამიანი?

- ამაოდმეტყველების ცოდვა დროის უბრალო დაკარგვით არასდროს მთავრდება. იგი შებილწულს ტოვებს კაცის სულს, რამეთუ მას ყოველთვის თან სდევს განკითხვა, დაცინვა, საკუთარი თავმოყვარეობის დაკმაყოფილება, ვნებების გაღვიძება. ბერი პართენიოს კიეველი ამბობდა: "უქმადმეტყველება ანადგურებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს". წმინდა ნიფონტი კონსტანტინოპოლელი კი გვასწავლის: "ვისაც გამუდმებით არა აქვს დაცული ბაგენი, თუნდაც მთელი წელი მარხულობდეს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს". ღირსი ანტონი დიდი წერს, რომ "სულიწმინდა ქრისტიანში არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით".

წმინდა მამათა რჩევების მიხედვით, ადამიანთან ყოველი აუცილებელი საუბრის ჟამს უნდა დავიცვათ სიტყვის სიმოკლე და განვეშოროთ უსარგებლო მრავალსიტყვაობას. მრავლისმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, საბაბი სიზმრებში მოუწესრიგებელი და ბილწი წარმოსახვებისა, შელახვა ლოცვისა, გაცივება წმინდა სითბოსი. ამიტომაც არის აუცილებელი ყურადღება, სათქმელის მოკლედ მოჭრა. ხანდახან ხომ ერთი დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვაც კმარა ღმრთის მადლის დასაკარგად.

ვისაც შეუცვნია თავისი ცოდვით დაცემა, აღვირს ასხამს ენას, ხოლო მრავლისმეტყველს ვერ შეუცვნია თავისი თავი სათანადოდ. რომელსაც ახსოვს ამ ცხოვრებიდან განსვლის შესახებ, მან აღიკვეცა მეტყველება და, მომხვეჭელი სულიერი გოდებისა, განერიდა მრავლისმეტყველებას, ვითარცა ცეცხლს. შემცნობელი ღვთის სიყვარულის სიტკბოებისა გაურბის ხალხმრავლობასა და მრავლისმეტყველებას, ვითარცა ფუტკარი - კვამლს. ვინც შეძლო ენის მოთოკვა, ერთი დარტყმით კვეთს მრავალი მანკიერებისგან დაწნულ კვანძს.

აი, რას ამბობს წინასწარმეტყველი: "ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით". ვთქვათ ის, რაც შეგვფერის, დაე, განწმენდილ ბაგეებს არ დასცდეთ ის, რასაც ურცხვი და უტიფარი ბაგეები წარმოთქვამენ, რამეთუ "რაი მოყუსობაი არს სიმართლისა და უსჯულოებისა ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა?" სჯობს, განვეშოროთ ყოველივე უჯეროს და აღთქმულ სიკეთეთა მიღების იმედი დავიტოვოთ, ვიდრე ამაოდმეტყველებას აყოლილებმა დავკარგოთ ნიჭი ლოცვისა. რამეთუ ხუმარა და ამაოდმეტყველი მაგინებელიც იოლად ხდება, მაგინებელი კი სხვა უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1