გულისთქმანი
გულისთქმანი
ადამიანში სამი ნება მოქმედებს: უფლის, ბოროტის და მისი თავისუფალი ნება
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: "ქრისტიანული სრულყოფის მისაღწევად განუწყვეტელი და დაუნდობელი უხილავი ბრძოლა გვმართებს საკუთარ თავთან, ბოროტ გულისთქმებთან. თუ ნამდვილად გვსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება უნდა აღვიბეჭდოთ: 1. არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი, 2. გულში ყოველთვის გვქონდეს სრული სასოება უფლისა, 3. განუწყვეტლივ ვიღვაწოთ, 4. გამუდმებით ვილოცოთ".

- როგორ ვებრძოლოთ აკვიატებულ აზრებს და ბოროტ გულისთქმებს?

- მართლმადიდებელი მოძღვრები და წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ბოროტ გულისთქმას ლოცვით შევებრძოლოთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცნობიერების ყველაზე ძნელად შესასრულებელი ფუნქცია ლოცვაა. იმისთვის კი, გულისთქმებთან ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, ლოცვა ყველაზე ეფექტური იარაღი და საშუალებაა. ხშირად ლოცვის სწავლაც ბრძოლით მიიღწევა. წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ყველა ლოცვა - ლოცვა არ არის. მას სამი ასპექტი უნდა ახასიათებდეს: პირველი - ლოცვა ყურადღებით უნდა იყოს წარმოთქმული. მოაკელით მას ყურადღება და ლოცვა აღარ იქნება; მეორე - ლოცვა უნდა იყოს ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით აღვლენილი. თუკი მას ღვთის წინაშე საუბრისა და დგომის განცდას მოვაშორებთ, არც ამ შემთხვევაში ჩაითვლება ლოცვად; მესამე - ლოცვას აუცილებლად სინანული, ცოდვათა განცდა უნდა ახლდეს.

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ბრძანებს: "ლოცვა საშუალებაა ყველა იმ სათნოების მოსახვეჭად, რომლებიც ჩვენზე გარდამოევლინება დაუშრეტელი წყაროდან - უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულიდან. ლოცვის მეშვეობით სულიერი ბრძოლისას საკუთარ საბრძოლო მახვილს უფლის მარჯვენას ვუთმობთ - ის ებრძვის მტერს ჩვენს ნაცვლად და ამარცხებს. მაგრამ ლოცვამ მთელი თავისი ძალა რომ გამოავლინოს, საჭიროა, მუდამ მყოფობდეს ჩვენში. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა გულისთქმებთან ბრძოლაში. ამ წუთიდან იგი სულის შეუღწეველ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს და არც ამსოფლიურ ხიბლსა თუ ცდუნებებს. გულში ლოცვის არსებობა თავისთავად შეწყვეტს ბრძოლას. ამიტომაც უნდა ჩქარობდეს ქრისტიანი, გულში ლოცვა დაინერგოს და იზრუნოს, რომ იგი მუდამ მყოფობდეს მასში".

არ აქვს მნიშვნელობა, ცოდვას განვახორციელებთ თუ არა, მისი გულში გავლება უკვე ცოდვაა, რაც უფალს გვაშორებს. თანამედროვე ყოფაში ბევრი საცდურია მორწმუნისთვის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უფალი უშვებს, ბოროტმა ჩვენში ფარული ზრახვები აღძრას, რათა მასთან ბრძოლამ უფალთან დაგვაახლოვოს.

- რა იგულისხმება ბოროტ გულისთქმაში და როგორ შეებრძოლოს ადამიანი ცოდვილ ფიქრებს?

- წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი (სხირტლაძე): ადამიანში გულისთქმების შემოტევას ბოროტი აღძრავს. მას შეუძლია, მკრეხელური აზრებით, ბილწი გულისთქმებით შეგვაძრწუნოს. ასე მოსდის ერისკაცსაც და მონაზონსაც. ბოროტი ცდილობს, შეგვაძრწუნოს იმის წარმოსახვით და აკვიატებით, რაც არ მოგვწონს, არ გვსიამოვნებს, რასაც ორგანულად ვერ ვიტანთ, არ შეესაბამება ჩვენს ზნეობრივ საზომებს და გულისთვისაც უცხოა. ასეთი გზით უკეთური ცდილობს, გააბას საუბარი ადამიანის სულთან და გახადოს მართვადი. ამის საშუალებას მას ხშირად ჩვენ თვითონ ვაძლევთ შეუნანებელი ცოდვებით, დაუდევარი დამოკიდებულებით საკუთარი სულის მიმართ, ვნებებისადმი მორჩილებით...

მუდმივად უნდა ვეცადოთ, გონება არ დაეთმოს იმას, რაც მიუღებელია სულიერი სიმრთელის თვალსაზრისით. ამის უპირველესი საშუალება, იარაღი არის ლოცვა. ფსალმუნში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს: "ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ". ანუ დავით მეფე, ფსალმუნთა მთქმელი, გვასწავლის, რომ ბოროტთა შემოტევის ჟამს მათი მოგერიება უფლის სახელით შეიძლება. უფლის სახელის ხსენებაში კი იგულისხმება ლოცვა ღვთისადმი. ღმერთი სწორედ იმისთვის აძლევს ბოროტს ჩვენზე ასეთი ზემოქმედების უფლებას, რომ გვასწავლოს ლოცვა, თავისი სახელის სიტკბო, გაგვაძლიეროს მისი ყოვლისშემძლეობის და სახიერების რწმენაში, მისდამი სასოებაში. რაც შეიძლება ხშირად ვიმეოროთ იესოს ლოცვა: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" შეგვიძლია შემოკლებითაც ვთქვათ: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ან თუნდაც: "უფალო, შემიწყალე!" შეგვიძლია ვიმეოროთ ასევე ძილისწინა ლოცვებში სათქმელი ერთ-ერთი ლოცვა: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონაი შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გულის სიტყვაი უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

გულისთქმების შემოტევის არ უნდა შეგვეშინდეს. მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს. არ უნდა ველოდოთ, რომ უცებ, ლოცვის პირველი დღეებიდანვე გავთავისუფლდებით. ღვთის ნებაა, როდის გვიშველოს, ჩვენი საქმე კი მის მიმართ ვედრებაა და მზადებაა იმისთვის, რომ გული უფლის ტახტად ვაქციოთ.

- წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი: "გულისთქმებთან ბრძოლა - უხილავი ბრძოლაა".

- "არსებობს რეალობის ორი მხარე - ხილული და უხილავი. სინამდვილის უხილავი მხარე გულისხმობს იმას, რასაც ვერ ვხედავთ, და ზოგჯერ კარგია კიდეც, რომ ვერ ვხედავთ. საერთოდ, უამრავ რამეს ვერ ხედავს ადამიანი, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს უამრავი რამ არ არსებობს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ის უფრო არსებულია, რასაც ვერ ვხედავთ, ვიდრე ის, რასაც აღვიქვამთ. გულისთქმებთან ბრძოლაც ხშირად უფრო მწვავე, დრამატული და ძლიერია, ვიდრე ხილულ მტერთან ბრძოლა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი ვიღაცას ებრძვის, ან პირიქით, ვიღაც ან რაღაც ებრძვის მას. გულისთქმებთან ბრძოლა, ძირითადად, მიმდინარეობს ადამიანის გულში, სულში, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ სულიწმინდის ტაძარი იყოს.

ხანდახან ადამიანზე ფიზიკურად ხორციელდება უხილავი ბრძოლა - სხეულებრივი უძლურებანი, ავადმყოფობები, რომლებიც ხილული სახით წარმოგვიდგება, ხშირად შინაგანი ბრძოლის შედეგია. სწორედ ცოდვილ გულისთქმებთან ბრძოლის შედეგია ის განსაცდელები, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ ერებიც. ეს ბრძოლა უხილავად მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურად იწოდება, რადგან თითქმის ყოველთვის ის ხილულზე უფრო ხილულია.

გულისსიტყვებთან, ფიქრებთან, ზრახვებთან ბრძოლა სულიერი დრამაა, დაპირისპირებაა, რომლის დროსაც ადამიანზე სულიერი, ფსიქიკური, სამშვინველისეული, ხორციელი ზეწოლა ხდება".

- წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი: "გულისთქმებთან ბრძოლა ყველა დანარჩენ ბრძოლაზე რთულია, ვინაიდან საკუთარ თავთან ორთაბრძოლაში ჩაბმულნი მოწინააღმდეგესაც აქვე ვაწყდებით, ამიტომ მასში გამარჯვება ყველა სხვა გამარჯვებისგან გამორჩეულია".

- ადამიანმა საკუთარ გულისთქმებთან ბრძოლა რომ დაიწყოს, პირველ ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს, რომ სცოდავს, ცოდვილია; ხშირად სწორედ ეს გვიჭირს ხოლმე. ვერ ან არ ვაცნობიერებთ, რომ სულის გადასარჩენად გამუდმებით ბრძოლაა საჭირო, ვურიგდებით ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას, უფრო მეტიც, მას ბუნებრივადაც კი ვთვლით. ის, რაც ურწმუნოს ნორმალური მდგომარეობა ჰგონია, მორწმუნისთვის არანორმალურია.

ჩნდება კითხვა: რისთვის არის საჭირო სულიერი ბრძოლა? ჩვენი გადარჩენისთვის, ცხონებისთვის. სწორედ ჩვენი ხსნისთვის გაიღო მაცხოვარმა თავისი სისხლი და ხორცი. ქრისტე მუდმივად გვავალებს არა მარტო იმას, რომ ამ ბრძოლაში ვიყოთ ჩაბმულნი, არამედ იმასაც, რომ გავიმარჯვოთ.

ადამიანში სამი ნება მოქმედებს: უფლის, ბოროტის და მისი თავისუფალი ნება. ღვთის ნება მაცხოვნებელია, ბოროტის - დამღუპველი, ხოლო რაც შეეხება ადამიანის თავისუფალ ნებას, გააჩნია, საითკენ მიიდრიკება - სიკეთისკენ ანუ ღვთისკენ თუ ბოროტებისკენ. რომელ ნებასაც იღებს ადამიანური ნება, ისე ვითარდება მისი სულიც: იღებს უფლის ნებას - მიდის ღმერთისკენ, განაგდებს ღვთის ნებას - ხდება საკუთარი თავის მტერი. ამიტომ ყველაფერი უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღვასრულოთ.


ადამიანის არჩევანის მნიშვნელობა.

- წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი: "ადამიანის არჩევანი" მნიშვნელოვანია. ჩვენში ჩადებულია რისკი არასწორი არჩევანისა. საკუთარ თავში იმდენ ნება-სურვილს აღმოვაჩენთ, რამდენი ძალა და მოთხოვნილებაც გვაქვს და, იმის მიუხედავად, ღვთის ნებას ეთანხმება თუ არა, ყველა მათგანი დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად თავდაპირველად საკუთარი სურვილებისა და ბოროტი გულისთქმების დათრგუნვა გვმართებს, საბოლოოდ კი მათი სრული ჩახშობა და ჩაკვლა. ხოლო ამაში რომ წარვემატოთ, განუწყვეტლივ უნდა აღვუდგეთ ცუდს და საკუთარ თავს კეთილის ქმნა ვაიძულოთ, ანუ საკუთარ თავში გამუდმებით ვებრძოლოთ იმას, რაც ხელს გვიშლის უფლისკენ სვლაში".


ეკლესიის როლი გულისთქმებთან ბრძოლაში...

- დეკანოზი იოანე მამულაშვილი: ეკლესია გვასწავლის, როგორ უნდა წარვმართოთ ცოდვილ გულისთქმებთან ბრძოლა, როგორ განვმტკიცდეთ სულით. ეკლესია სულიერადაც შეგვეწევა და ამ ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებსაც კურნავს.

ეკლესია მორწმუნე ქრისტიანებს "ქრისტეს მხედრებს" უწოდებს. გამოცდილმა მხედარმა კარგად იცის, რომ მის საბრძოლო მომზადებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ თვით მისი სიცოცხლეც. მორწმუნემ სულიერი სრულყოფის გზაზე საკუთარ თავს დაუძლურების ნება არ უნდა მისცეს.

გულისთქმებთან ბრძოლაში, პირველ ყოვლისა, იმ სიყვარულით უნდა შევიარაღდეთ, რომელსაც უფალი გვაძლევს. საზოგადოდ, მთავარი სათნოება ქრისტესმიერი სიყვარულია. სამი საღვთისმეტყველო სათნოება: ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტი ცოდნა და ქრისტესმიერი სიყვარული - არის ის, რაც ყველაზე ძლიერ იარაღს გვაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სამი სათნოება დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ამგვარად შეიარაღებულ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი ამარცხებს, მისი გული მუდმივად უფლისკენაა მიმართული.

უძლიერესი იარაღია ევქარისტიის წმინდათაწმინდა საიდუმლოც. იგი საიდუმლოთა შორის უმაღლესია, სულიერ იარაღებს შორის უძლიერესი და ბოროტის შემმუსვრელი. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე - მასში.

გულისთქმებზე გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვინც საკუთარ ადამიანურ ძალებს კი არ ეყრდნობა, არამედ მფარველობისთვის თავი უფალს მიანდო და ეკლესიის მიერ სულიწმინდის მადლით აღიჭურვა.

თანამედროვე ადამიანი, ნებით თუ უნებლიეთ, კომპიუტერითა და ტელევიზიით ათასგვარ მაცდუნებელ ინფორმაციას იგებს და მას ცოდვილი ფიქრებიც აეკვიატება ხოლმე. რა ქნას, უარი თქვას ტექნიკის ამ მიღწევებზე?

- დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე):
როცა ტელევიზორის გავლენაზე ვსაუბრობთ, უნდა გავარჩიოთ მისი აპარატურული მხარე და პროგრამული. ტელევიზორს, როგორც აპარატს, აქვს ძალიან დიდი გავლენის უნარი. იგი ზემოქმედებს მხედველობაზეც და სმენაზეც. ტელესაშუალებებით შესაძლებელია ისეთი ეფექტების შექმნა, რომლებიც არ არის რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ტელევიზორი მხოლოდ იარაღია და თავისთავად ვერ გვავნებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ვუყურებთ არა ყუთს, არამედ იმას, რაც მისით გადმოიცემა.

მთავარი პროგრამული ნაწილია. ეს არის ის, რისთვისაც არსებობს ტელევიზორი. ახლა თითქოს თავისუფლების დრო დაგვიდგა, მაგრამ თავისუფლება ხომ ვნებებისგან გათავისუფლებაშია. დღეს ტელეგადაცემებს გარკვეულწილად მაყურებელი უკვეთავს თავისი გემოვნებით. ნაკლებრეიტინგული გადაცემა მალევე ქრება ეკრანიდან.

- და როგორია თანამედროვე მაყურებლის გემოვნება?

- დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე):
მართლაც საკითხავია, როგორია მასის გემოვნება. ვნებისაგან განუწმენდელი ადამიანი თავისი ცოდვების მიხედვით ირჩევს გადაცემებსაც. რას ვხედავთ დღეს? სერიალებში გაუთავებელი მრუშობა, სისხლის აღრევა, ძალადობაა. სანახაობის დონემდე დაყვანილი "მსჯელობა" ქვეყნისათვის მტკივნეულ საკითხებზე; განკითხვა და დაგესვლა; ინფორმაცია უცხოეთში მომხდარ საშინელ კატასტროფებზე, სისხლისღვრაზე, რომელიც ჯერ გვძაბავს, მერე კი ვეჩვევით და უკვე საქართველოში მომხდარიც კი არ გვაღელვებს. რეკლამა, რომელშიც მუდმივად არის მინიშნება მრუშობაზე. ახლა ვნახოთ, რა დრო ეთმობა ქართულ ტრადიციებზე საუბარს, ქართულ კულტურას, ისტორიის გახსენებას, შემეცნებით გადაცემებს, არაფერს ვიტყვი მართლმადიდებლურ თემატიკაზე. რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეთქვა, რომ მხოლოდ მაყურებელი განაპირობებს "ტელერეპერტუარს", მაგრამ, ცხადია, რომ ეროვნული ძალების გავლენა ტელეგადაცემებზე მინიმალურია. ამ ფსევდოკულტურაზე თაობები იზრდებიან. ეს არის ის, რაც აზიანებს ქართველ კაცს. თითქოს მრავლდება მრევლი ეკლესიაში, მაგრამ ძალიან მცირეა მათი რიცხვი, ვინც ეკლესიურია ცნობიერებით და ჭეშმარიტად იღვწის ცხოვნებისათვის.


- ინტერნეტში ბევრი სასარგებლო რამის მოძებნა შეიძლება...

- დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე): ხელაღებით უარყოფა ტექნიკისა ერში ცხოვრებისას არ უნდა იყოს სწორი. ჩვენ რომ გვქონდეს მეტი მონდომება ლოცვაში, მეტი მოშურნეობა ღმრთისმსახურებაში, მეტი უკომპრომისობა ცოდვასთან მიმართებით, მსგავსი თემა არც კი წამოიჭრებოდა. მრავალი მიღწევა თანამედროვე მეცნიერებისა შეგვიძლია გამოვიყენოთ ღმრთის სადიდებლად.

- ჩვენი ერის ხსნა და "ძლევა ბარბაროსთა ზედა" მართლმადიდებლობაშია...

- ეს აზრი და იდეა შესანიშნავად აქვს გამოხატული წმინდა ილია მართალს: "ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც "ძელმა ჭეშმარიტებისამან", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესი ყოველს სხვა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა; იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს-აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თითონ ქართველიც. ამ კაცთმოყვარე ღმერთისთვის იწამა ჩვენი ქვეყანა, მას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც-კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზე, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავპირდასისხლიანებულმა, ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა... ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის, ჩვენ კი - ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის და ამ ერთმა მუჭა ერმა შევინარჩუნეთ ყველაზე ძვირფასი სამი საუნჯე: "ენა, მამული, სარწმუნოება".

წმინდა მეფემ - დავით აღმაშენებელმა, დიდგორის ომის წინ მიმართა თავის ლაშქარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღმერთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით". მეფე დავითის ასეთმა რწმენამ და გასაოცარმა საბრძოლო შემართებამ დიდი გავლენა იქონია მეომრებზე, უკან დახევა არავის უფიქრია და აღსრულდა ძლევაი საკვირველი - ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა, უფლის წყალობით, სძლია მტრის ნახევარმილიონიან ლაშქარს. საქართველოს და მის ღვთივკურთხეულ მეფეს ღმერთი შეეწია ამ უთანასწორო ომში. ისტორია ასე მოგვითხრობს ამ ომის შესახებ: "ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმინდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".

თითოეულმა ქრისტიანმა და ქართველმა უნდა გააცნობიეროს საკუთარ ცოდვილ გულისთქმებზე ზნეობრივი გამარჯვების აუცილებლობის მნიშვნელობა.

ღმერთი შეეწიოს "ღვთივდაცულ" ჩვენს ერს, მოანიჭოს მას: "ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა"... "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით..." ამინ!

ბეჭდვა
1კ1