ცრუ ფიცით და ცრუ დასმენით არ განიკითხო მოყვასი შენი
ცრუ ფიცით და ცრუ დასმენით არ განიკითხო მოყვასი შენი
როცა ადამიანი ცილისწამების ტკივილს განიცდის და მაყვედრებელთა წნეხის ქვეშ ექცევა, ბუნებრივია, მისი ადამიანური ქმედება შეიძლება ღვთისთვის არასათნო აღმოჩნდეს. თუ ამას სულიერი თვალით შევხედავთ, ეს უფლის მცნებების საწინააღმდეგო ქმედებაა, ადამიანური თვალით კი საკუთარი თავის დაცვა და ღირსების შელახვის აღსადგენად ბრძოლა. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება?

გვესაუბრება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი დავით ლონდარიძე.

- უფალმა ათ მცნებაში ძველი აღთქმის ეკლესიას მეცხრე მცნების სახით მისცა მცნება - "არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა". ანუ ცრუ ფიცით და ცრუ დასმენით არ განიკითხო მოყვასი შენი. რა არის ამ ცოდვის სიმძიმე და რატომ არის ეს ცოდვა მძიმედ აღიარებული?

- იმდენად დიდი და მძიმეა ამ ცოდვის დამანგრეველი ძალა, რომ წმინდა მამები ამგვარად განმარტავენ, - თუ გველს ენა ორად აქვს გაყოფილი, ცოდვა სამი ენით განიყოფა და სამივეს წამლავს. ერთი იმას, ვის გულშიც გაივლის ეს ცოდვა, მას შხამავს და კლავს, მეორე, ვისაც ამას ასმენინებს, იმას. მოსმენილი ცოდვა ნებსით თუ უნებლიეთ ძალიან მძიმედ აისახება ხოლმე ადამიანის გონებაზე. როცა ამ ცოდვას ისმენს და დიალოგში ერევა, თვითონაც მონაწილე ხდება ამ ცოდვისა. მესამეა ის, ვის მიმართაც არის ეს ცოდვა მიმართული. იმდენად მძიმეა ამ ცოდვის ზემოქმედება, უდიდეს სულიერ ხარისხზე უნდა იყოს ადამიანი ამაღლებული, რომ ამ ცოდვამ მასზე ზემოქმედება არ მოახდინოს. ხშირად ადამიანები თავიანთი სუსუსტის გამო ამ ცოდვას შესაბამისი რეაგირებით, აგრესიით, თავის მართლებით და კვლავ განკითხვით პასუხობენ.

ეს ცოდვა სამგზის კლავს კაცის სულს, ის ენის სახით წარმოიქმნება. მაცხოვარი სახარებაში ამბობს, - "ენითა შენითა გამართლდები და ენითა შენითა გამტყუნდები". ადამიანი, რომელიც სცოდავს ცილისწამების ცოდვით, აღძრულია სხვის მიმართ შურით, პატივმოყვარეობით და ცილისწამების სახით გამოხატავს თავის შინაგან ცოდვიან, დაცემულ წინაპირობას. ცილისწამება კლავს ადამიანის კეთილ სახეს. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ცილისწამება კაცის მკვლელია.

- როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ცილისწამება და როგორ შეიძლება ამ ცოდვაზე რეაგირება?

- მივიღოთ, როგორც განსაცდელი, თუმცა ეს განსაკუთრებულად მძიმეა ქრისტიანისთვის. ხშირად ადამიანს ცილს სწამებენ იმაზე, რაც მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. მაგალითად, მეუღლეს - ღალატის გამო, ქალწულს - სიძვა-მრუშობას აბრალებენ. განსაკუთრებით მოკრძალებულსა და თავშეკავებულს ქურდობას სწამებენ და უდიდეს ტკივილს აყენებენ. როგორ დავიცვათ თავი? გონიერმა ადამიანმა ეს განსაცდელი კარგად უნდა გამოიყენოს. უამრავი შემთხვევაა წმინდა მამების ცხოვრებიდან, რომლებმაც დაითმინეს ცილისწამება. მაგალითად, იოანე დამასკელი ბავშვობაში განსაკუთრებული თავაშვებულობით, თავნებობით გამოირჩეოდა და ვერ მოახერხა უფალმა სიყვარულით, ხმობით ეკლესიაში მოყვანა. მას ასეთი ცილი დასწამეს - ცხვრის მოპარვა დააბრალეს. ამის გამო ციხეში აღმოჩნდა. იქ იპოვა მიზეზი იმისა, თუ რატომ დაუშვა უფალმა მასზე ტკივილი. იმართლა თავი, მაგრამ დაინახა ის ცოდვა, რომლის გამოც მოხვდა საპყრობილეში. ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა. თუ ჩვენ ცილისწამების შემთხვევაში თავის მართლებას დავიწყებთ, შესაბამისად, რეაგირება ჩვენი ბოროტგანმკითხველის მიმართ იქნება ისევე აგრესიული, როგორც მან ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინა. მაშინ გამოდის, რომ არ გვცოდნია ღვთის გზა და ვერ მიგვიგნია ჩვენში უფალი. მთავარია, როცა ცილს გვწამებენ, ეს თავმდაბლობით და მორჩილებით მივიღოთ. თუ ქრისტეს მივიღებთ თავმდაბლობით, ამით ჩვენ ქრისტეს მივიღებთ საკუთარ გულში იმიტომ, რომ მაცხოვარი იყო ყველაზე მეტად შეურაცხყოფილი და წამებული. თუ ქრისტიანები გვეწოდება, ისეთივე რეაგირებით უნდა ვუპასუხოთ ამ განსაცდელს, როგორც მცხოვარი პასუხობდა მასზე მოწეულ ყოველგვარ განსაცდელს. გონიერი ქრისტიანი ცდილობს, თავის სასარგებლო გამოადნოს ამ ცოდვებისაგან. ცოდვის დაბრალება კი ადამიანის შინაგანი ამპარტავნებისა და ქედმაღლობიდან იწყება. განკითხვის ერთ-ერთი და კიდევ უფრო მძიმე ფორმაა, როცა რაიმე ცოდვას დაინახავ და გაიგებ. მაცხოვარს მოჰყავს მათეს სახარებიდან ასეთი მაგალითები: როცა თქვენს წინაშე შესცოდავენ თქვენი ძმები, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? ის ვალდებულია, ჯერ მარტოს უთხრას ამის შესახებ და ამხილოს მისი ცოდვა. თუ არ დაუჯერებს, მაშინ ვალდებულია, საკრებულოში ამხილოს. საკრებულო ეკლესიის სამწყსოს წარმოადგენს, რომელიც სიხარულით და სიყვარულით შეაგონებს თავის სულიერ შვილს, აუხსნის ამ ცოდვების სიმძიმეს და დააძლევინებს მას. ერთ ქალბატონს სურდა ოჯახური დავა მეფის დახმარებით გადაეწყვიტა და კონსტანტინე დიდს მოახსენა, - ჩემი ქმარი განგიკითხავს, გლანძღავსო. მეფემ მშვიდად მოუსმინა და უპასუხა, თუ მე მლანძღავს, შენ რა გინდა და თუ შენ გლანძღავს, მე რა შუაში ვარო. ამით დააცხრო მისი ბოროტი აზრები.

ადამიანის მხილებასა და განკითხვას შორის განსხვავებაა. როცა იმხილება ადამიანი ეკლესიის მხრიდან, მხილება და შეგონება ხდება. როცა ადამიანი ამას აკეთებს არა სიყვარულით, არამედ მისი ცოდვის წარმოჩენით, ეს უკვე არის განკითხვა, რომელიც მოყვასის მიმართ ბოროტად არის აღძრული. არა სიყვარულით მოიკითხავს თავის მოყვასს, არამედ ბოროტად და ხაზს უსვამს თავის მართლმდგომარეობას ღვთის წინაშე. ღვთის წინაშე ჩვენ ყველანი მტყუანები ვართ. არავინ არის მართალი, გარდა უფლისა, ჩვენი შემოქმედისა.

***
ცოდვა ცილისწამებისა ბევრ ადამიანს გულს უკლავს, მძიმე ლახვარს ჩასცემს და ძალიან ძნელი ხდება საზოგადოების თვალში მისი რეაბილიტაცია. დევნილის სახით არის და მუდმივად ცდილობს თავის დაიცვას. ასევე ცდილობს აღიდგინოს სამოქალაქო სტატუსი, ღირსება, თუმცა კარგი იქნება, თუ უფალს მივენდობით და არა სამაგიეროს მიგებით, არამედ თავმდაბლობით და მორჩილებით მივიღებთ. უფალი ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს, რის გადატანასაც ვერ შევძლებთ. პირიქით, განსაცდელებით უფალი საკუთარ ცოდვებზე მიგვითითებს და საკუთარ თავში გვახედებს.

დიდება უფალს, რომ ჩემი პირადი მაგალითი ჩემი პირადი მარგალიტია სულიერი გამოცდილებისა. ერში სამხედრო ვიყავი და ერთმა მეზობელმა ცილი დამწამა, - ბინა გამიტეხაო. იმდენად მძიმე იყო ჩემთვის ამის გადატანა, რომ სწორედ იქ დამარტყეს, რასაც ვუფრთხილდებოდი. ვცდილობდი, ზნეობრივად მეცხოვრა. რადენიმე დღით მილიციაშიც მოვხვდი. მძიმე იყო ჩემი მდგომარეობა მორალურად, ფიზიკურადაც. იმდენად განვიცადე, რომ რამდენიმე დღეში 11 კილოგრამი დავიკელი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ იქ ვნახე ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვეძებდი - ჭეშმარიტი მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც აბსოლუტურად უცხო ადამიანს მიმფარველა, მიპატრონა. საოცარი, გამთბარი გულით გამოვედი გარეთ და ეკლესიის აქტიური წევრი გავხდი. ვიგრძენი, თუ რა იყო ჩვენი უფალი რეალობაში. როგორია ჩვენი სარწმუნოება თავისი შინაგანი მდგომარეობით, როგორია მზრუნველობა ადამიანის მიმართ ღვთისგან. საპყრობილიდან სრულიად უცხო ადამიანი გამოვედი. შევედი კი გაბრაზებული, განრისხებული. მქონდა მაშინ შურისძიების საშუალება... ცილისწამებიდან დაიწყო ჩემი, მორწმუნის, სულიერი წინსვლა. დღეს უკვე სასულიერო პირი ვარ. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის, იმ საოცარი სიყვარულისათვის. უფალს უნდა ვევედროთ, რათა არ ავირიდოთ განსაცდელები, თუნდაც ეს მძიმე ცილისწამება იყოს, იყოს ნება ღვთისა და მოგვცეს ძალა, რომ ეს განსაცდელები ღირსებით, მოთმინებით, მორჩილებით და თავმდაბლობით გადავიტანოთ. დამბეზღებელი დაბეზღებით განიკიხავს მოყვასს და აბსოლუტურად კარგავს თავისი გულიდან მოყვასის სიყვარულს. ის მარტო დადის და შეიძლება ითქვას, თავისი თავის მკვლელიც არის. ადამიანი, რომელიც თავის თავში კლავს მოყვასის სიყვარულს, თვითონ კვდება, რადგან გული უცხო ხდება. მით უმეტეს, როცა ადამიანი ცილს სწამებს მოყვასს, ის ბოროტი მკვლელი და თავისთავად თვითმკვლელიც ხდება. უნდა გავიაროთ დიდი სიმძიმე ამ დამანგრეველი ცოდვისა და უნდა მოვარიდოთ თავი ამ ცოდვას. თუ ადამიანი სიკეთის არდამნახავია, ის აუცილებლად მიდის ამპარტავნებამდე, რომელსაც სატანა ჰქვია. სატანა იყო პირველი მატყუარა და მაცდური. ჩვენ მას ცილისმწამებელს ვეძახით. ის, საბოლოო ჯამში, კაცის მკვლელიც არის. მან უფალს დასწამა ცილი, თითქოს ის უმალავდა რაღაცას ადამს, არ უნდოდა, გაღმერთებულიყო.

საშინელ სამსჯავროზე ყველას ჩვენ-ჩვენი, საკუთარი განკითხვის დღე უნდა გვახსოვდეს. ჩავეძიოთ საკუთარ თავს, გამოვიძიოთ ჩვენი ცოდვები, ვიდრე სხვები გვამხელდნენ, თუნდაც ეს დემონები იყვნენ. აქვე მოვინანიოთ, ვაღიაროთ ცოდვები და თვითონ ვიყოთ საკუთარი ცოდვების განმკითხველნი. ეს არის ის გზა, რასაც უფალი გვასწავლის, გზა შინაგანი თვითგანწმენდისა და სულიერი განახლებისა.

არ შეიძლება სხვისი შემფასებელი და მოკირკიტე ვიყოთ. ყველაზე კარგია, თუ ღვთის შემეცნების პროცესს, თუნდაც ადამიანურობის შემეცნების პროცესს საკუთარი თავიდან დავინახავთ. ვინ ვარ მე, როგორი ვარ, რა არის ჩემი გული? როცა ადამიანს პირველად ვხვდები და გავიცნობ ხოლმე, ვთვლი, რომ ის არის სრულყოფილი, ჩემზე განუზომლად კარგი ადამიანი. ასეთი ურთიერთობებით ვიწყებ მასთან ურთიერთობას. არ შეიძლება ადამიანს ეჭვით შეხედო და შენი წარმოდგენებით შეაფასო. როგორც გარეგნული ტანისამოსით ვერ შეაფასებ ადამიანის სულიერ მდგომარეობას, ასევე არ შეიძლება ადამიანი შეფასდეს მისი ერთი ქცევით. ადამიანს იმხელა თავისუფალი ნება აქვს, რომ შეიძლება დილით გმირი იყოს და საღამოს ლაჩარი. ან კიდევ დილით წმინდანი იყოს და საღამოს შეიძლება ისეთ დაცემულ მდგომარეობაში იხილო, გაგიკვირდეს კიდეც. შემეცნების მიხედვით ადამიანის სამი ტიპი არსებობს. პირველი: როგორი გგონია შენი თავი, მეორე: როგორიც სხვას ჰგონიხარ და მესამე: როგორიც სინამდვილეში ხარ. ვინ იცის, როგორი ხარ შენ სინამდვილეში? შენმა სულმა, სინდისმა ყველაზე უკეთ იციან ეს. თითოეულ ადამიანში ღვთის ხატება უნდა დავინახოთ. ქრისტეს ხატებას და დიდებას უნდა ვცეთ პატივი. თუნდაც შეამჩნიო, რომ ეს ხატება შეიძლება ტალახშიც, უმძიმეს ცოდვებშიც იყოს ჩაძირული.

შეიძლება ადამიანი იყოს არაეკლესიური, მაგრამ ადამიანურობის ისეთი მაღალი საზომი ჰქონდეს, რომ უკეთ ერკვეოდეს ადამიანურ საკითხებში, ვიდრე ეკლესიის წევრი, რომელსაც ეს არ აქვს და ზერელედ უყურებს ყველაფერს. კმაყოფილდება იმით, რომ ეკლესიის წიაღშია და თავისთავადობით მიეცემა რამე. "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს". ეს არის ცოცხალი ქრისტიანობა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ.
ბეჭდვა
1კ1