"ერისკაცთათვის ყველა ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარეობაა, ხოლო მონაზონთათვის - საკუთარი თავის სიყვარული"
"ერისკაცთათვის ყველა ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარეობაა, ხოლო მონაზონთათვის - საკუთარი თავის სიყვარული"
კაცობრიობა დასაბამიდან ცდილობდა მატერიალური საუნჯის შეგროვებას , მაგრამ ვერცხლისმოყვარეობის ვნება ჩვენს დროში განსაკუთრებით გამძაფრდა, რაც მძლავრი იარაღი ხდება ბოროტი ძალის ხელში. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- ეკლესიური კუთხით გამოიყოფა რვა ვნება, რომლებიც ყველაზე მეტად აზიანებს ადამიანის სულს. ერთ-ერთი არის ვერცხლისმოყვარეობა.

- მამა ამბროსი ოპტელი ამბობს: "ერისკაცთათვის ყველა ბოროტების სათავე არის ვერცხლისმოყვარეობა, ხოლო მონაზონთათვის - საკუთარი თავის სიყვარული". როგორც იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "ვერცხლისმოყვარეობა მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი კარგავს ღვთის იმედს". აგროვებს ფულს, ქონებას, ჰგონია, ეს სიმდიდრე მისი კეთილდღეობის გარანტია, რომ გაჭირვების ჟამს უფალი არ დაეხმარება, სიდუხჭირეში ჩავარდება... ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი ქრისტიანული მიდგომა. ბოლო წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ისე ირჩინა თავი, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა ამას. კრიტიკულ სიტუაციებში მოდიოდა უფლისმიერი შვება, წყალობა და მატერიალური პრობლემები გვარდებოდა.

ერთ-ერთმა მოძღვარმა გვიამბო: ბერები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ ქალაქში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს. უგზავნიდნენ სურსათ-სანოვაგეს. როდესაც მივედით, ოჯახის პატრონმა ტირილი დაიწყო: აღარაფერი გვქონდა, ბავშვებისათვის რომ გვეჭმია, ფულიც გამოგველია და აი, უფალმა თქვენი სახით დახმარება გამოგვიგზავნა. მაგრამ მარტო მადლიერების გამო როდი მეძალება ცრემლი, ჩემს სულმოკლეობას უფრო ვტირიო.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ვერცხლისმოყვარეობის ვნების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ისიც, რომ ადამიანი არ ენდობა უფალს, შფოთავს, მოთქვამს ხვალინდელ დღეზე. ყოველ კაცში არის უნდობლობის მომენტი ღვთის განგებულებისადმი, რომ უფალი მას უკიდურეს მომენტში არ დაეხმარება, რაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძნელი გადასალახია და დიდ მუშაობას მოითხოვს საკუთარ თავზე. ამიტომ აღსარებაში ხშირად არის საჭირო ამის დაფიქსირება.

პატერიკში ასეთი შემთხვევა გვხვდება. ერთმა მებაღემ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ღარიბ-გაჭირვებულთა დასახმარებლად მოწყალებას აგროვებდა, გაიფიქრა: - მოდი, დავიტოვებ რამეს შავი დღისთვისო. მართლაც, თავი მოუყარა ფულს. დადგა ეს შავი დღეც - ფეხი იტკინა და მოსაჭრელი გაუხდა. ექიმებთან სიარულში ის დანაზოგი დაეხარჯა. მებაღე ოპერაციის წინ უფალს ევედრებოდა, შენდობას სთხოვდა: - შემინდე, უფალო, და გამომიმჟღავნე, რისთვის მეწია ეს სასჯელიო. უფალმა ხილვის საშუალებით აუწყა - ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ფულზე ამყარებდი იმედს და არა ღმერთზეო. მაგრამ მის მიერ არსრულებული კეთილი საქმებისა და სათნოებების გამო უფალმა განკურნა იგი. ამ სასწაულის მნახველი ყველა განცვიფრებული დარჩა.

- სახარებაში უფალი ვრცლად საუბრობს, რომ ადამიანმა საუნჯე მიწაზე კი არა, ზეცაში უნდა დააგროვოს. თანამედროვე ადამიანი კი თანდათან უუცხოვდება სახარებისეულ სულს, კარგავს უბრალოებას და კომფორტულ ცხოვრებას ესწრაფვის...

- სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ და რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რით შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციური მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესი არა ხართ? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს. სამოსელზე რაღას ზრუნავთ. შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან. არც შრომობენ და არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონიც კი თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი მათგანი. თუ მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედმორწმუნენო? ამრიგად, ნუ ზრუნავთ, რა ვჭამოთ და რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთ. ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი, უწინარეს, ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე. და ეს ყოველივე შეგემატებათ" (მთ. 6,25-33).

სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანში უფრო მეტად შეინიშნება ფულის შოვნისკენ მისწრაფება, რაც ბევრ რამეში გამოიხატება. ერთხელ, ერთ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზოგადოებას დაუსვა შეკითხვა, რა იყო მათი შეხედულებით ქვეყნის უპირველესი პრობლემა. მე მაშინ ვთქვი, - ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ თანამედროვე ადამიანი ხშირად ღალატობს საკუთარ თავს-მეთქი. რა იგულისხმება ამაში? არის ისეთი პროფესიები, მაგალითად, ისტორიკოსობა, ფილოლოგობა და ა.შ., რომლებიც დღეს უკვე ნაკლებ პრესტიჟული და ნაკლებ შემოსავლიანია. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ახალგაზრდები ნაკლებად მიისწრაფვიან ამ პროფესიების დასაუფლებლად. სამაგიეროდ, ისინი ცდილობენ, გახდნენ ბანკირები, იურისტები, ბუღალტრები და ა.შ. ხშირად ახალგაზრდები ღალატობენ საკუთარ თავს და იმ საქმიანობას კი არ მისდევენ, რაც მათი მოწოდებაა და რაც უფალმა განუსაზღვრათ, არამედ წინა პლანზე აყენებენ ისეთ პროფესიებს, რაც მათ შემოსავალს მოუტანს, კარიერას შეუქმნის და ა.შ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენი დროის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა არის ის, რომ ადამიანი ღალატობს საკუთარ თავს და ამით ღალატობს უფალს. უფლის ღალატი მარტო ათი მცნების დარღვევა და არაქრისტიანულად ცხოვრება არაა. უფლის ღალატია, ჩემი აზრით, ისიც, როდესაც შემოსავლის, სიმდიდრის, კარიერის გულისთვის აკეთებ არა იმ საქმეს, რომელიც გსიამოვნებს და რისთვისაც ხარ მოწოდებული, არამედ სულ სხვა რამეს. სამწუხაროდ, დღეს ამ მოვლენებმა საკმაოდ დიდი მასშტაბები მიიღო.

- ვერცხლისმოყვარეობის ვნება ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ებრძვის ადამიანს და ხანშიშესულთ უმძაფრდებათ. რას უკავშირდება ეს?

- ახალგაზრდას მეტი საშუალება აქვს, რომ ენთუზიაზმით იმუშაოს, დაეხმაროს სხვას. ხოლო შემდომ, როდესაც წლები ემატება, ხშირად ოჯახი აწვება სარჩენად, ცდილობს, რაც შეიძლება რაციონალურად დახარჯოს ენერგია; ისე იშრომოს, რომ ამ შრომამ საზღაური მოუტანოს. ასე რომ, ასაკთან ერთად ძალიან ხშირად მოდის წინ ეს მომენტი. თუ რაღაც ანაზღაურებას არ ელიან, ნაკლებად აკეთებენ საქმეს. ამიტომაც, ერთ-ერთი განსაზღვრებით, ვერცხლისმოყვარეობა განსაკუთრებით ებრძვის ხანშიშესულს, დიდი სულიერება და საკუთარ თავზე დიდი მუშაობა მართებს კაცს, რომ ასაკის ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ვერცხლისმოყვარეობა მძაფრად ვლინდება სიკვდილისწინა ბრძოლებშიც. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, სიკვდილის წინ ადამიანს ეშმაკი ებრძვის სწორედ იმ ვნებით, რომლებიც განსაკუთრებით მძაფრად ჰქონდა მიწიერ ცხოვრებაში. მაგალითად, ძუნწს და ხარბს ზოგჯერ ეშმაკი ცდის იმით, რომ მის სულს აშფოთებს აზრებით, თუ სად წავა მთელი მისი ქონება. წარმოადგენინებს, რომ ის ხალხი, რომელთაც მისი სიმდიდრე დარჩებათ, მეტად მალე გაანიავებს და მტვრად აქცევს ყველაფერს. ასეთი ამბავი კი არის მოთხრობილი ერთ-ერთ წიგნში. ერთმა მომაკვდავმა ძმას უთხრა, სად ჰქონდა შენახული ალმასები. ძმამ მიუტანა. იფიქრა, ალბათ ამ სიმდიდრის ვინმესთვის დატოვება სურსო. მომაკვდავმა კი ალმასები გადაყლაპა.

- სამწუხაროდ, ეს პრობლემა ეკლესიის წიაღშიც დგას. მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას ზოგჯერ სასულიერო პირებიც ამჟღავნებენ, რაც მეტად დამაბრკოლებელი ხდება მრევლისა და საზოგადოებისათვის...

- მღვდელმსახურს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს, სჭირდება ზრუნვა არა მხოლოდ სულიერი, არამედ მატერიალური კეთილდღეობისთვის თავისი ოჯახის წევრების უზრუნველსაყოფად. ასეთი მზრუნველობა სრულიად გამართლებული და ნებადართულია. სამღვდელო მსახურება არ მოითხოვს მღვდლისგან, დაივიწყოს და უგულებელყოს თავისი სახლი, ოჯახი, შვილები. მსხვერპლგამღებობა მწყემსის მხრიდან არ უნდა სცილდებოდეს იმ ზღვარს, როცა იწყება განურჩევლობა საკუთარი ოჯახისადმი, ახლობლებისადმი, სახლეულთა კეთილდეღობისა და ყოფითი პრობლემებისადმი. საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა რომ უზრუნველყოს, შვილები არჩინოს, შემოსოს, მათ ჯანმრთელობას, სისუფთავეს მიხედოს, შინაც აუცილებელი ნივთი იქონიოს - ყველა ეს საზრუნავი საძრახისი როდია მღვდლისთვის. ისინი უშუალოდ მის უმთავრეს საქმიანობით რიგში უნდა ვიგულოთ და ამაში არამც და არამც არ შეიძლება დავინახოთ ცდუნება მატერიალური სიკეთეებით გატაცებისა.

საცდური იწყება უკვე სხვა დონეზე, როდესაც, მაგალითად, მღვდელს ჰგონია, რომ მისი სასულიერო ღირსების ძალით მატერიალურადაც სხვებზე უკეთესად უნდა ცხოვრობდეს. ქვეყნიური სიკეთეებისადმი გულგრილობის ნაცვლად მასში ზრდას იწყებს მომხვეჭელობის, შემოსავლის გამრავლების ვნება. ამის გამო იგი თანდათანობით ახშობს საკუთარ თავში თანალმობის გრძნობას დაჩაგრულისადმი, სნეულისადმი. რა თქმა უნდა, ეს ყველას როდი შეეხება, მაგრამ ეკლესიის წიაღში ყოველთვის იდგა ეს პრობლემა და თანამედროვე სამყაროში უფრო მძაფრი და აქტუალური ხდება.

არის ასეთი წინასწარმეტყველება ღირსი მამის ლავრენტი ჩერნიგოველისა ბოლო ჟამის შეახებ: დგება უკანასკნელი ჟამი, როდესაც სასულიერო პირთ გაიტაცებთ ამქვეყნიური ამაოება და სიმდიდრე, წაერთმევათ იესოს ლოცვა. ისინი სულ დაივიწყებენ მას. დაადგებიან გზას, რომელზეც არ უნდა დადიოდნენ და სხვებსაც აიყოლიებენ. იყავით ბრძენნი და განმსჯელნი. მათ ლამაზ სიტყვებს მოუსმინეთ, საქმეებს კი ნუ მიბაძავთ. ამიტომ ეს პრობლემაც უნდა გავაცნობიეროთ და ვებრძოლოთ მას.
ბეჭდვა
1კ1