თვითდაჯერებაა ყოველგვარი დაცემისა და ცოდვის სათავე
თვითდაჯერებაა ყოველგვარი დაცემისა და ცოდვის სათავე
უკეთური ძალები
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ნათლის ანგელოზი დაეცა, სამყაროში ცოდვა შემოიჭრა, ადამის ცდუნების შემდეგ კი ეშმაკი კაცობრიობის დაუძინებელ მტრად იქცა. ახლა ჩვენი უპირველესი მოვალეობა მასთან ბრძოლაა. მხოლოდ ეშმაკის დამარცხებით თუ დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს.

ბოროტ ძალებსა და მათთან ბრძოლის ხერხებზე გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

- მამაო, ბოროტ ძალებს უამრავი სახელით იხსენიებენ: ეშმაკი, დემონი, სატანა... რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს, რას აღნიშნავს ისინი იმ ენებში, საიდანაც ქართულში დამკვიდრდა?

- ამ ტერმინთა მნიშვნელობა მეტად საინტერესოა. სატანის, იმავე დემონის, ეშმაკის სახელი სხვადასხვა ენაზე ასე ჟღერს: "შაითან" - არაბულად, "სეთი" - ეგვიპტურად, "იოამა" - იაპონურად,
"დევი" - სპარსულად , "ბეჰერითი" - სირიულად, "დიაბოლოს" - ბერძნულად, "დიავოლ" - რუსულად. ამჟამად სამ ტერმინზე: დემონზე, დევსა და დიავოლზე - შევჩერდები.

ქართულად ბოროტ ძალას უმეტესად ეშმაკს უწოდებენ, ზოგ შემთხვევაში კი მხდომლად, დევად ან დემონად მოიხსენიებენ ხოლმე. დევი და დემონი გარკვეულწილად მსგავსია, თუმცა არც ერთი არ გახლავთ ქართული წარმოშობისა. "დევი" და "ეშმაკი" ფალაური სიტყვებია (ფალაური საშუალო სპარსულ ენას ეწოდება). დევი ამ ენაში კეთილი ძალის აღმნიშვნელი იყო. მისი ანალოგია ბერძნული სიტყვა "დემონი", რომელიც ქრისტიანობამდელ ეპოქაში ასევე კეთილ ძალას აღნიშნავდა. სწორედ ქრისტიანობის წიაღში მიიღეს ამ სიტყვებმა ბოროტი ძალების, ეშმაკეულის მნიშვნელობა. ეს ორი მაგალითი ჩინებული ნიმუშია ენათა გაქრისტიანებისა. ენათა გაქრისტიანება მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი იყო - სიტყვის შინაარსობრივი ცვლილება თავისთავად კი არ მოხდა, არამედ ეს განაპირობა ამ სიტყვის აღმნიშვნელი არსების შესახებ მოძღვრების ცვლილებამ. თუ წინათ მათ სახიერ, კეთილ, ადამიანთა შემწე არსებებად თვლიდნენ, ქრისტიანულ მოძღვრებაში წარმოჩნდნენ გარეგნულად ზოგჯერ სიკეთის მომნიჭებელ, მაგრამ არსობრივად მხოლოდ საკუთარ თავს მინდობილ, თვითდაჯერებულ, მაცდუნებელ ძალებად. ამიტომაც ეს ორი სიტყვა, რომლებიც ანტიკურ სამყაროში დადებითი მნიშვნელობის მატარებელი იყო, ეშმაკეულთა აღმნიშვნელ ტერმინად გარდაიქმნა.

სიტყვა "დიავოლ" რუსულ ენაშია დამკვიდრებული. ის ზედმიწევნით გამოხატავს ეშმაკის მთავარ თვისებას - "დიაბოლო" ბერძნულად ცილისმწამებელს ნიშნავს. კაცობრიობის ისტორიაში ეშმაკის ყველაზე ცხოვლად, საზიანოდ გამოვლენილი თვისება კი ცილისწამება გახლავთ.

- საიდან იღებს ეშმაკეული ძალა სათავეს? რამ განაპირობა მისი დაცემა?

- მოგეხსენებათ, ეშმაკი დაცემული ანგელოზია. მას, ისევე როგორც ადამიანს, უფალმა არ შეუზღუდა არჩევანი და თავისუფალი ნება მიანიჭა. სადაც თავისუფალი ნება არ არსებობს, ბუნებრივია, იქ არც დაცემაა და არც ცხონება. ცხონება მაშინ არის შესაძლებელი, როცა დაცემა არსებობს; დაცემული უნდა აღსდგეს, ცხონდეს. დაცემა კი მხოლოდ თავისუფალი ნების გარემოში ხდება.

საზოგადოდ, ცოდვით დაცემას, უმართებულო გზაზე დადგომას განაპირობებს არა ამა თუ იმ პირის შინაგანი ბუნება (რაკი ბუნებით ყველა კეთილია), არამედ ის, თუ როგორ ისარგებლებს ამ შინაგანი ბუნებით ესა თუ ის პირი. მას აქვს თავისუფალი ნება - უნდა, თავისი ბუნების ხმას მიჰყვება მართებული მსვლელობით, უნდა, დაუპირისპირდება მას. დაცემის წყარო სწორედ საკუთარ ბუნებასთან დაპირისპირებაა. ეშმაკიც, ისევე როგორც ყველა ანგელოზი, ეკლესიის მამათა სწავლებით, კეთილ არსებად არის შექმნილი, ამიტომ უკეთურება დაპირისპირება იყო მისსავე ბუნებასთან. ეშმაკი არ მიჰყვა საკუთარი ბუნების გზას, მის საღვთო მადლს, რომელიც ყველაში სუფევს, განუდგა მას და დაეცა.

როდის ხდება განდგომა? ცხადია, თვითდაჯერების ჟამს. თვითდაჯერებაა ყოველგვარი დაცემისა და ცოდვის სათავე. მაგრამ რა იქცა თვითდაჯერების მიზეზად?

როგორც აღვნიშნეთ, დასაბამიდან ეშმაკი წარმატებული ანგელოზი იყო. სულიერ წიაღში წარმატებულობა ყოველთვის შეიცავს გარკვეულ საფრთხეს: რაც უფრო აღმატებულია პირი, მით უფრო მეტია დაცემის საშიშროება. ამ წარმატებამ ეშმაკი იქამდე მიიყვანა, რომ ღმერთთან გატოლება მოიწადინა.

- მაშ, თვითდაჯერება წარმოშობს სხვა ვნებებს?

- ასეც შეიძლება ითქვას. თვითდაჯერების უპირველესი შედეგი შურია. როცა თვითდაჯერებული ჭვრეტს მასზე აღმატებულს, უჩნდება შური მის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ მრავალი ცოდვის სათავე ხდება.

მოგეხსენებათ, არსებობს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა. შური ერთ-ერთი მათგანია. ამ შვიდ ვნებას შორის ერთ-ერთი ყველაზე საშინელია სასოწარკვეთილება. შეიძლება ითქვას, რომ ყველა სხვა ცოდვა მომაკვდინებელია, უფრო იმის გამო, რომ ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს. სასოწარკვეთილება დაახლოებით იგივეა, რაც თვითდაჯერება და აი, რატომ: სასოწარკვეთილება ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს ცხონების, კეთილი ძალის, უფლის იმედი. უფლის სასოების უქონლობა მისგან მოწყვეტას ნიშნავს, ხოლო თუ უფალი სიცოცხლეა, მისგან მოწყვეტა სიკვდილია და დაცემა. სხვაგვარად, სასოწარკვეთა სრული უიმედობაა, სრული მოწყვეტა უფლისაგან, რადგან თუ ადამიანი ღმერთთან არის დაკავშირებული, არ შეიძლება, მისი იმედი არ ჰქონდეს, რამეთუ თავად უფალია ყოვლად იმედი და ყოვლად სასოება. აქედან გამომდინარე, ესა თუ ის ადამიანი სასოწარკვეთის გზით ასრულებს თავისი თავის მკვლელობას.

რაც შეეხება თვითდაჯერებულობას, სიტყვაც ცხადყოფს, რომ ასეთ კაცს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. თუ დავუკვირდებით, ეს იგივე უიმედობაა, რამეთუ თვითდაჯერებული უფლის სასოებას არაფრად მიიჩნევს და მასზე მაღლა საკუთარი თავის იმედს აყენებს. ე.ი. მას არ სწამს ღვთის განუზომელი სიკეთის და ენდობა მხოლოდ საკუთარ თავს, ხოლო საკუთარ თავს დანდობილი ადამიანი აუცილებლად დამარცხდება, თუნდაც ლოგიკურად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და არა სარწმუნოებრივად. ასე რომ, ეშმაკის თვითდაჯერებულობამ მოიტანა სასოწარკვეთილება, ხოლო სასოწარკვეთილებამ - დაცემა. თავდაჯერება და სასოწარკვეთა წარმოშობს მრავალ სხვა ვნებას, ზიანის მომტან გულისთქმას, რომელნიც, ცხადია, ასევე დამღუპველია.

აქვე უნდა აღინიშნოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ანგელოზი დაეცა თავისუფალი ნების გამო. გაჩნდა დაცემის სათავე - თვითდაჯერება და არა მხოლოდ საკუთარ თავზე დანდობა, არამედ, საზოგადოდ, ქმნილებას მინდობა. მიენდობი ანგელოზს - ქმნილებაა, ადამიანს - ისიც ქმნილებაა... აი, აქედან ხდება ჩვენთვის ნათელი, რატომ კრძალავს საეკლესიო ლიტერატურა ადამიანის გაღმერთებას, მის თაყვანისცემას, რატომ წერს წმინდა პავლე მოციქული, ანგელოზიც რომ მოვიდეს და გაუწყოთ იმისგან განსხვავებული, რაც წმინდა წერილში წერია, არ დაუჯეროთო.

- როდის მოხდა ეშმაკის დაცემა? სამყაროს შექმნამდე თუ მის შემდეგ? როგორია ეშმაკის დაცემისშემდგომი ბედი?

- ეშმაკი მანამდე დაეცა, სანამ მატერიალური სამყარო მთელი თავისი არსით წარმოჩნდებოდა, უკეთურება სამყაროში ადამიანის გაჩენამდე შემოვიდა.

ეკლესიის მამათა მოძღვრებით, ანგელოზები სამყაროს სხვადასხვა რეგიონში ზედამხედველებად, განმგებლებად იყვნენ განწესებულნი. ეშმაკიც, სანამ დაეცემოდა, დადგენილი გახლდათ ადამიანის გარემომცველი სივრცის გამგებლად, რომელსაც პერიგეა (ატმოსფერული სივრცე) ჰქვია. ამიტომ არის ასე ახლოს ადამიანის სამკვიდრებელთან და მის დაცემას ცდილობს.

ყველა ცოდვას, ეკლესიის მამათა სწავლებით, თავისი ეშმაკი შეესაბამება. ცხადია, ყოველი ადამიანი ერთი და იმავე ცოდვით ერთნაირად დამძიმებული არ არის, ამა თუ იმ პიროვნებას ინდივიდუალური მიდრეკილება აქვს სხვადასხვა ვნების მიმართ. როცა გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ზეცად მაღლდება, მას იმ ცოდვის ეშმაკები ცდიან და ტანჯავენ, რომელიც ამქვეყნად ჩაუდენია. ამიტომ არის, რომ უბრალო ხალხი კი არა, წმინდა მამებიც, როცა აღსასრულს უახლოვდებოდნენ, ძრწოდნენ იმის გახსენებაზე, რომ ჰაერის მცველთა რეგიონი უნდა გაევლოთ. ასურელ მამათა ცხოვრებაში იოანე ზედაზნელი რამდენიმეჯერ ამბობს: "მეშინის მათ ჰაერის მცველთაგან, ნუუკუე არა განუტევონ სული ჩემი". ცნობილია გამოთქმა, ცოდვა მძიმეა, მადლი - მსუბუქიო, მადლი ცოდვისგან თავისუფლებას ნიშნავს. ყველა ცოდვას თავისი განმაქარვებელი მადლი შეესაბამება. რაც მეტი მადლი აქვს ადამიანს, მით ნაკლებია მასში ცოდვა და მით უფრო თავისუფლად მაღლდება ის.

- ეშმაკი პირველად სამოთხეში ვლინდება გველის სახით. რატომ?

- იმიტომ, რომ სადაც ჭეშმარიტებაა, იქ ავლენს თავს სიყალბეც, რადგან ის ჭეშმარიტების არსებობას ვერ ეგუება, უნდა დაუპირისპირდეს მას. სამოთხე უაღმატებულესი ჭეშმარიტებაა, სამოთხის წიაღი იგივე საღვთო წიაღია, მარადიული ნეტარების სამყოფელი. სწორედ იქ, სამოთხეში გამოვლინდა ხე ცხოვრებისა ანუ სიცოცხლის მომნიჭებელი ხე და სწორედ აქ, ამ ცხოვრების ხესთან მოხდა დაპირისპირებაც. ამიტომაც იყო, რომ ეშმაკმა პირველად სწორედ სამყაროს გვირგვინის შექმნის შემდეგ გამოამჟღავნა თავი, რათა ჭეშმარიტების ყველაზე დიდ გამოვლინებას შეწინააღმდეგებოდა.

- როგორ აცდუნებს ეშმაკი ადამიანს, რა გზით აღწევს ის ჩვენში?

- ამის საუკეთესო მაგალითი ალბათ მის მიერ უფლის გამოცდა იყო. ეშმაკმა მაცხოვარი სამჯერ გამოსცადა. ეშმაკის პირველი გამოცდა იმაში გამოიხატა, რომ უდაბნოში ქრისტეს (რომელიც 40 დღის ნამარხულევი იყო) შესთავაზა - ეს ქვები პურად აქციეო. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი მოქმედება სავსებით შეესატყვისებოდა ღმრთის ძის მსახურების საბოლოო მიზანს, თითქოს რა შეიძლება გვქონდეს იმის საწინააღმდეგო, რომ უდაბნოში ბაღნარი ყვაოდეს და შიმშილი, სიღატაკე, გაჭირვება არ ტანჯავდეს ადამიანს, ხოლო ეს მძიმე შრომა და ოფლის ღვრა არსობის პურის მოსაპოვებლად, რაც პირველმა ადამიანმა შეცოდებით მოაწია თავის მოდგმას, როგორც უფლის წყევლა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს?! მაგრამ მთელი მზაკვრობა ეშმაკის საცდურისა ის იყო, რომ უფალს შესთავაზა, უხვება და კეთილდღეობა დაემყარებინა აქ, ხილულ, მატერიალურ სამყაროში, რაც, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერ მოუტანდა ხრწნადი და მოკვდავი სხეულით შემოსილ ადამიანს, ვერ დაუბრუნებდა მას თავდაპირველ მდგომარეობას - საუკუნო სიცოცხლეს. მხოლოდ გარეგანი გაუმჯობესება ყოფისა, თვით ადამიანთა ზნეობრივი გაუმჯობესების გარეშე, იქნებოდა ბოროტების სრული ზეიმი. მაძღარი კეთილდღეობა მიუღწეველს გახდიდა მათ ზნეობრივ გამოსწორებასა და სრულყოფას. ამიტომაც იყო, რომ უფალმა იესო ქრისტემ მტკიცედ უპასუხა მზაკვარ გამომცდელს: "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა". ცხადია, უფლის ამ სიტყვებით სულაც არ არის უგულებელყოფილი ადამიანთა ხორციელი მოთხოვნილება, მაგრამ მას მეორეხარისხოვანი ადგილი აქვს მიჩენილი, სულიერი მოთხოვნილების შემდგომ. მეორე გამოცდა იმაში გამოიხატა, რომ ეშმაკმა უფალი წმინდა ქალაქ იერუსალიმში წაიყვანა, ტაძრის გუმბათზე დააყენა და უთხრა: "უკეთუ ძე ხარ ღვთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყნად, რამეთუ წერილ არს ვითარმედ: ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა
წარსცე ქვასა ფერხი შენი" - გადახტი, ხომ წერია, ანგელოზები დაგიცავენო. ეშმაკი თითქოს ეუბნებოდა უფალს: გადავარდი ამ სიმაღლიდან და ეჩვენე გაოცებულ ხალხს ანგელოზთაგან აპყრობილი და გარშემორტყმული, რათა მათ ამ სასწაულის ხილვისას ღვთის ძედ შეგიცნონ და გაღიარონო. ერთი შეხედვით, ეშმაკს სურდა, ადამიანებში მაცხოვრის ღვთაებრივი ძალის რწმენა გაეღვიძებინა, მაგრამ სინამდვილეში მისი გამოცდის მიზანი სხვა არაფერი იყო, თუ არა უარყოფა ქრისტეს ჯვრისა, მის მიერ აღსრულებული ცოდვათაგან გამოსყიდვისა. ის ქრისტეს სთავაზობდა, ისეთი წინამძღვარი გამხდარიყო, რომელიც ბრბოს მხოლოდ გარეგნული სახილველით, ეფექტური ზემოქმედებით გაიყოლიებდა და არ მოითხოვდა თავისი მიმდევრებისგან არავითარ ზნეობრივ ღვაწლსა და თავდადებას. ასეთი წინამძღვარი კი სწორედ ანტიქრისტე შეიქმნება, რომელიც ცრუ სასწაულებითა და საკვირველი სანახაობით დაიმორჩილებს სულიერ გულისთქმას მოკლებულ ადამიანებს.

გავიხსენოთ ამბავი, როცა უფალმა სასწაულებრივად დააპურა 5000 კაცი. ამ სასწაულის თვითმხილველნი და მონაწილენი ასე ეუბებოდნენ უფალს: "რა სასწაულს იქმ, რათა ვიხილოთ და გვწამდეს შენი? რასა იქმ? მამანი ჩვენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: "პური ზეცით მოსცა მათ ჭამად". მაშასადამე, მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა მაცხოვრის ხელში პურისა და თევზის საკვირველი გამრავლება, რადგან ეს ღვთაებრივი საქმე გარეგნული ეფექტის გარეშე, უდიდესი სიმდაბლით აღასრულა უფალმა, ამ ადამიანებს კი აი, ასეთი სასწაული სწყუროდათ - როცა ცა სქელი ღრუბლით დაიფარება, ქუხილი დაიგრგვინებს, ელვა დამაბრმავებლად გაიბრწყინებს და ზეციდან პური ჩამოცვივდება. ასეთი სასწაულის მოთხოვნა უმძიმესი ცოდვა იყო, რადგან ხორციელი გონებისა და ურწმუნოებისგან მომდინარეობდა, რომელიც გარეგნული სახილველის გულისთვის ყოველთვის უარყოფს მაღალ სულიერ მიზანს.

როცა უფალმა ასეთი კადნიერი მოთხოვნა მოისმინა, თქვა: "რაი არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამინ გეტყვი თქვენ: არა ეცეს სასწაული ნათესავსა ამას" - და დაუტევნა იგინი".

ეშმაკმაც ამავე ხასიათის სასწაული მოითხოვა. ამიტომაც განაგდო მზაკვარი სული მაცხოვარმა და შერისხა იგი.

მესამე გამოცდის დროს დემონმა მაცხოვარს შესთავაზა, მთელი სოფლის დიდებას შენ მოგცემ, ოღონდ მემსახურეო. ამ ეპიზოდის აზრი იოლი მისახვედრია - ადამიანმა სული მატერიალურ კეთილდღეობას არ უნდა ანაცვალოს. მაცხოვარი დადგა არჩევანის წინაშე: ან ეშმაკის მორჩილების სანაცვლოდ - პატივი, სოფლის სიამენი, ან ვიწრო და მძიმე სამეუფო გზით სვლა. ასეთი არჩევანის წინაშე ყოველი ქრისტიანი დგება. ჩვენც ის უნდა ავირჩიოთ, რაც მაცხოვარმა - ვიწრო, მაგრამ სამოთხეში მიმყვანებელი გზა.

ზოგადად, ამ გამოცდით გამოჩნდა, რა გზით ცდილობს ეშმაკი ადამიანთა ცდუნებას: გემოთმოყვარეობით, პატივმოყვარეობით, მომხვეჭელობით, დიდებისმოყვარეობითა და სიამაყით. მაცხოვარმა სამივეგზის სძლია ეშმაკს, რითაც მოგვცა საოცარი მაგალითი ბოროტი ძალის დამარცხებისა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1