ცოდვის გამოსყიდვა ყოველთვის სინანულის საშუალებითაა შესაძლებელი
ცოდვის გამოსყიდვა ყოველთვის სინანულის საშუალებითაა შესაძლებელი
საუკუნის წინ დაწერილ ღვთისმშობლის საძმოს ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ: "ქრისტიანო დედანო, მაგალითი იმისა, თუ რა უნდა იყოს მიზანი თქვენი ცხოვრებისა, არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება. კეთილი აღზრდა შვილთა სარწმუნოებით და კეთილმსახურებით, ეს არის თქვენი ვალი, რომელიც მოგცათ ღმერთმა. ნუ დაივიწყებთ ამ წმინდა ვალდებულებას. თქვენი ზნეობრივი გავლენა შვილებზე ყველა სხვა გავლენაზე უფრო ძლიერი და საკეთილოა. დედის სწავლა-დარიგება ღრმად იბეჭდება ბავშვის გულში და სიკვდილამდე რჩება მასში. და რა სჯობია სიმშვიდეს, მეგობრობას, მოწყალებასა და სიყვარულს, რომელსაც კეთილი დედები ჩაუნერგავენ ხოლმე შვილებს გულებში ბავშვობიდანვე და რომლებიც წარუხოცელ კვალს ტოვებენ ბავშვის გულში!

როდესაც უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, გამოვიდა მსახურებად კაცთა ნათესავის გამოხსნისათვის და ქადაგებდა სახარებასა სასუფევლისასა, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი არ მედიდურობდა ამით. ის ისეთივე თავმდაბალი დედა იყო და ასრულებდა დედის მოვალეობას. უნდა ითქვას, რომ ახლანდელი დედები გაურბიან მოვალეობას ცოლისას და დედისას. ცდილობენ ქმარზე ბატონობას, მორჩილების მაგივრად, მაგრამ ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იმ სახლზე, სადაც წინააღმდეგ ღვთის სჯულისა, ცოლი ცდილობს ქმარზე ბატონობას, არ არის ღვთის კურთხევა. "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა." დედის და ცოლის უმთავრეს სათნოებად წმინდა მოციქული რაცხს შვილთა ჯეროვნად აღზრდას და კეთილ საქმეთადმი სიყვარულს. რამდენი ბედნიერი და ღვთისგან კურთხეული ოჯახი იქნებოდა, რომ სრულდებოდეს დედათა მიერ ეს მცნება და ბრძანება წმინდა მოციქულისა."

დღეს ჩვენი ერი არაერთი პრობლემის წინაშე დგას. ერთ-ერთი - მრავალშვილიანობაა. მთავარ მიზეზთაგანი იმისა, რომ ერში იკლებს ღვთის მადლი და წყალობა, არის სწორედ ის, რომ ქვეყანა ლამის კატაკომბად გადაიქცეს. არც ერთ ომს იმდენი ადამიანი არ შეუწირავს, რამდენიც აბორტმახერებმა შეიწირეს. სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ჩვენს მიწებს ვტოვებთ; უზარმაზარ ქართულ რეგიონებში ქართველები უკვე აღარ ცხოვრობენ; აღარ ვმრავლდებით...

აი, ამიტომაც ამახვილებდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი ღირსეული და სასიქადულო მამულიშვილები ქალის, დედის ზნეობრივ მდგომარეობაზე, რადგანაც დედას ღვთისგან დაკისრებული აქვს უდიდესი მისია - ისე აღზარდოს შვილის სული, რომ "წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული."

გვესაუბრება წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზურაბ მჭედლიშვილი.

- მამაო, რამდენად მნიშვნელოვანია ერისა და საკუთრივ ოჯახისათვის მრავალშვილიანობა?

- ადამსა და ევაზე უფლისმიერი კურთხევა ყველა ოჯახზე ვრცელდება: "და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ." ამ კურთხევას არავინ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მისი დარღვევის შემთხვევაში ოჯახი და ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება. როდესაც ადამიანი თავისი შეხედულების მიხედვით საზღვრავს, თუ რამდენი შვილი უნდა იყოლიოს, ამით ღვთის ნებას ეწინააღმდეგება. რამდენ ახალ სიცოცხლესაც შობს დედა, იმდენჯერ მონაწილეობს ღვთის შემოქმედებაში და უფრო მეტად უახლოვდება მას; ამ გზით უფალს სიყვარულით ემსგავსება, რადგან სიცოცხლის დაბადება შეგნებითა და ნებაყოფლობით მხოლოდ ღვთისა და ადამიანისთვისაა შესაძლებელი. ახლად მოვლენილი სიცოცხლის ქრისტიანად აღზრდა სიყვარულსა და სითბოს ზრდის ადამიანში. მრავალშვილიან ოჯახში უფროსი და ყოველი მომდევნო ბავშვი თავიდანვე ეჩვევა მზრუნველობას, მფარველობას უმცროს დედმამიშვილზე, ასეთ გარემოში აღზრდილები გაცილებით მოსიყვარულენი, კეთილნი და მიმტევებლები არიან, რაც მეტად მნიშვნელოვანია ოჯახისა და ერისათვის.

- რამდენად მძიმე ცოდვაა აბორტი და როგორ მოუბრუნდება ეს ცოდვა ჩვენს ერს?

- ადამიანთა შეგნება მრავალი მანკიერებითაა დაავადებული, რაც მის ცხოვრებაზე აისახება. ერთ-ერთი გამოვლინება შვილთა კვლაა. და ამის ჩამდენი ყველანაირად ცდილობს თავისი საქციელის გამართლებას, მეტიც, ადამიანთა ერთი კატეგორია დაბეჯითებით ითხოვს - არ შეილახოს აბორტის მკეთებელ ქალთა უფლებები. სამწუხაროდ, ამ დროს არავინ ფიქრობს იმ ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე, რომელიც ღვთისგან მიეცა, მის მშობელს კი მასზე ზრუნვა დაეკისრა. აი, ასეთ დროს კი ადამიანი ღვთისა და საკუთარი შვილის წინააღმდეგ მოქმედებს. ნაყოფის მოცილების შემდეგ მისი სურვილი - ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება, ყოვლად მიუღწეველია, რადგან ამ შეცოდების შემდგომ მისი ცხოვრების გზას დიდი სულიერი ტკივილი სდევს თან და ხშირად ვერ ხვდება, რატომ არის ამ დღეში. ცოდვა ისეთი სახით უბრუნდება ერთ კონკრეტულ ადამიანსა თუ ქვეყანას, რომ იმ ტკივილს განაცდევინებს, რაც აბორტის საშუალებით მოწყვეტილი შვილის შემთხვევაში უნდა განეცადა.

- უმეტესწილად ცოლ-ქმარი გაურბის გაჭირვებასა და დუხჭირ ცხოვრებას და ამის გამო უარს ამბობს მრავალი შვილის ყოლაზე. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ამით ისინი თავიანთ მაცხოვნებელ ჯვარს გაურბიან?

- მცირედმორწმუნეობაა ყველა სიავის სათავე. ამ დროს ადამიანი თავის კეთილდღეობას ყოველივეზე წინ აყენებს. ფიქრობს, რომ მრავალ შვილს ვერ მისცემს სათანადო აღზრდა-განათლებას, რადგან ძალზე დიდი ენერგია ესაჭიროება თუნდაც ერთი შვილის სწორ აღზრდას.. ეს უსაფუძვლო მიზეზია; გასულ საუკუნეებში ცოდნის მიღების საშუალებაც ნაკლები იყო და ეკონომიკური უზრუნველყოფაც, მაგრამ ქვეყანას არ მოკლებია ნიჭითა და შესაძლებლობებით დიდი ადამიანები.

ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ქალი, აბორტის გაკეთებამდე მოძღვარს მიმართავს. მოძღვარი იბრძვის, რომ ცდომილ სულს ამგვარი განზრახვა გადააფიქრებინოს და როცა უფლის წყალობით ამას აღწევს, მაშინ მოდის ბედნიერებაც. გადაივლის განსაცდელი და მადლიერ ქალს ასე გადარჩენილი შვილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდება, რადგან ხვდება, თუ რისთვის იმეტებდა მას და საკუთარ თავსაც როგორ სჯიდა.

- ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: რადგანაც ისრაელის ერმა დაივიწყა ღმერთი, ღმერთმა მათ მოუვლინა სასჯელი, რომელიც იმითაც გამოიხატა, რომ: "შვილნი მრავალნი უცხო ტომნი იშვნეს მათდა" (ესაია. თავი 3). რამდენად არის ჩვენს ერზე მოწეული სასჯელი - ვერ ვმრავლდებით, ვერ ვავსებთ მიწებს, ტერიტორიებს და სხვები მკვიდრდებიან იქ?

- ღვთის განგებით ისახება ადამიანი და იმავე განგებით მიეცემა მას ამა თუ იმ ქვეყანაში მოქალაქეობა, მისთვის იმთავითვე განსაზღვრულია მიწის გარკვეულ მონაკვეთზე დამკვიდრება იმ ქვეყანაში, სადაც უნდა დაიბადოს, სადაც არის ყველანაირი საშუალება, რომ თავისი შრომით იცხოვროს. ამ დროს საკუთარი შვილისა და გენის მომწყვეტი მშობელი გამრავლებას უშლის ხელს და ასეთ ვითარებაში ამ ტერიტორიაზე უცხო ტომი იწყებს დამკვიდრებას. უფალი უშვებს ამას, რომ ერი მიხვდეს: თავისი უგუნური გადაწყვეტილებით სპობს მისი გენის შემდგომში არსებობას. უფრო მკაცრი სასჯელიც მოწეულა ზოგიერთი ერის თავს: საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე ხალხი სხვა ერის მონად დარჩენილა.

- ერთი პრობლემაც არის ქალთა ემანსიპაციასთან დაკავშირებით. ამაზე პატრიარქმაც არაერთხელ მიუთითა. ქალი გამოვიდა სახლიდან, ჩაება აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, მან იტვირთა ოჯახში მარჩენლის ფუნქცია. ბუნებრივია, მას აღარ სცალია თავისი უპირველესი დანიშნულებისათვის - აღზარდოს შვილი, მისცეს მას სათანადო განათლება. ეს, რა თქმა უნდა, მარტო ქალის ბრალი არა არის. ესაია წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მათ დღეთა შინა დამდაბლდა მამაკაციო." რამდენად მნიშვნელოვანია, ქალი დაუბრუნდეს ოჯახს?

- დღეს გასაჭირისა და, უმეტესად კი, იდეური შეხედულებების გამო, ქალთა უმეტესობა ოჯახს აკლდება. ეს მძიმე შედეგს იძლევა, რადგან ბავშვი განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენს დედის მიმართ და მისგანაც მოითხოვს სითბოსა და ყურადღებას. თუ პატარას ეს აკლდება, საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და ცივი დამოკიდებულება უვითარდება ოჯახურ გარემოშიც და მის გარეთაც, რაც მომავალში მრავალ ტკივილს, დაუნდობლობას, სისასტიკეს შობს. დღეს სავსეა საპატიმროები, როგორც კაცთა, ასევე ქალთა და მოზარდთა. ყოველივე სწორედ ოჯახის არასწორი ცხოვრების შედეგია. ამიტომ დედა უნდა დაუბრუნდეს ოჯახს, შვილების აღზრდას, რაც მრავალმხრივ განაპირობებს ქვეყნის ძლიერებას. ერის სულიერად აღზრდას ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობა და ძლიერება მოჰყვება.

- როგორ უნდა გამოისყიდოს ერმა შვილთა კვლის ეს ცოდვა, რა შეაჩერებს ამ ცოდვის გამო უფლის მიერ მოვლენილ სასჯელს?

- ცოდვის გამოსყიდვა ყოველთვის სინანულის საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა ეს საქმით უნდა მოხდეს. ადამიანი უნდა დაყვეს ღვთის განგებას და რამდენი შვილიც მიეცემა, იმდენი უნდა შემოიყვანოს ამქვეყნად, რაც სინანულის გამოხატულებად აღიქმება. კეთილდღეობის დღევანდელი გაგება თავიდან ბოლომდე ბიწიერია - ადამიანმა უნდა იცხოვროს ფუფუნებაში და მისთვის ეს არის ბედნიერება. მრავალშვილიანობისას ზომიერად ცხოვრება სირცხილად აღიქმება, ოჯახში დარჩენილი ქალის მდგომარეობაც, სამწუხაროდ, "განუვითარებლობად" და დამცირებად ითვლება, რაც დღევანდელი ჩვენი ცნობიერების მანკიერი გამოხატულებაა და მას სინანულით მკურნალობა სჭირდება.
ბეჭდვა
1კ1