ღალატი
ღალატი
უმჯობესია, ცალი ხელით შეხვიდე სამოთხეში, ვიდრე ორი ხელით - ჯოჯოხეთში
აკრძალულის გემოს გასინჯვით ანუ უფლის მიერ მოცემული ნებისმიერი მცნების დარღვევით ადამიანი ღალატობს ღმერთს. ბევრმა ისიც იცის, რომ ცოდვისმქმნელობით უპირველესად საკუთარ თავს ღალატობს და მტრობს. თუმცა უჭირს გაუმკლავდეს ადამიანსა და ღმერთს შორის აღმართულ წუთისოფელს, სრულიად გაემიჯნოს ბოროტისგან შეთავაზებულ ამა სოფლის საცდურთ.

გვესაუბრება ვანის ოლქის მთავარხუცესი, ვანის ყოველთა ქართველთა წმიდათა საკათედრო ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

- ყველა ცოდვა ადამიანისა და ეშმაკის ერთობლივი მოქმედებაა ღვთის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა დაითმინა ჩვენთვის, თითქოს წარმოუდგენელიც კი იყო, ადამიანს დანაშაული ჩაედინა, უფლისთვის ეღალატა, მაგრამ პირველმშობელთა შეცოდების შედეგად ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნების გამო ყოველწამს ვღალატობთ შემოქმედს, ვცოდავთ მცირე თუ დიდი ცოდვებით.

ცოდვა, ანუ დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი მოქმედება ღვთის წინაშე, შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: პირველი - ადამიანი თავის თავში ამცირებს ღვთის ხატებას. ეს მაშინ ხდება, როცა იგი სცოდავს საკუთარი თავის წინააღმდეგ - ბილწსიტყვაობით, ულოცველობით, უდებებით...

მეორე კატეგორია ადამიანის მიერ ღვთის წინაშე ჩადენილი ღალატისა არის ის, როცა კაცი ხდება წყარო სხვათა ცდუნებისა. ვაი მას, ვისგანაც წამოვა საცდურიო, - ბრძანებს უფალი. ამ კატეგორიის ადამიანებში უნდა ვიგულისხმოთ ერეტიკოსებიც, რომლებიც სულს მოაკვდინებენ. თუმცა უფალი მოღალატეობის ამ ხარისხში მყოფებსაც მოყვასის სიტყვით, განსაცდელთა მოვლინებით აძლევს საშუალებას, დაფიქრდნენ, შეწყვიტონ სხვათა ცდუნება და თვითონაც სინანულად მოიქცნენ.

მესამე კატეგორია თვითმკვლელობაა. ეს არის ყველაზე მძიმე ფორმა უფლის ღალატისა. ადამიანი, ფაქტობრივად, უფლის მიერ ბოძებულ ჯვარს აგდებს, უარყოფს... როდესაც კაცი გასაჭირშია, უფალთან მიდის და შეწევნას სთხოვს. მას ღმერთი ჯვარს აძლევს. ჯვრის ამღებმა უნდა იცოდეს, რომ ეს თავის უარყოფას ნიშნავს. სახარებაში ნათქვამია: აღიღე ჯვარი, უარყავ თავი თვისი...

თვითმკვლელობამდე ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. ცოდვის ჩადენის ასეთი ფორმულა არსებობს: ეშმაკი ადამიანს შთააგონებს, ღმერთი მოწყალეა და ყველაფერს გაპატიებსო. ეშმაკისგან ცდუნებულიც იწყებს ცოდვების ჩადენას - ღმერთი ხომ მაინც შეუნდობს. ეშმაკიც უჭერს მარყუჟს კისერზე ცოდვისმქმნელს და განაჩენი გამოაქვს. ადამიანი სხვაგვარად იწყებს ფიქრს - უფლის მოწყალების იმედს კარგავს, დრტვინავს. ავიწყდება, რომ არასწორად ცხოვრობდა, არასწორად აზროვნებდა... ცხადია, ღმერთი მოწყალე და სამართლიანია, ერთ-ერთი წმინდა მამა კი ამგვარად ავითარებს ამ აზრს: ღმერთი სამართლიანი არ არის (ამის გაგონება ადამიანს თავიდან უცნაურად მოეჩვენება), ის ხომ იმის ნახევარსაც არ მოგვაგებს, რასაც ვიმსახურებთ. ასე რომ იყოს, კაცის ჭაჭანებაც აღარ იქნებოდაო. ღმერთის ამგვარი "უსამართლობის", ადამიანთა ცოდვებზე თვალის დახუჭვის მიზეზი შემოქმედის უსაზღვრო, გარდამეტებული სიყვარულია კაცთა მოდგმისა. თუმცა არსებობს კანონი, რომელიც სიყვარულითაა შექმნილი და გამომდინარეობს იქიდან, რომ დაუსჯელობაც არ შეიძლება. უპირველესად, ეს თვითმკვლელობას ეხება - არ შეიძლება მიტევება თვითმკვლელობისა.

- ვიცით, რომ ღმერთის პირველი ღალატი ზეცაში მოხდა...

- ღვთისგან განდგომა ამპარტავნებით იწყება, დასაბამი კი ამისა საკუთარი თავის სიყვარული და პატივმოყვარეობაა. ერთ-ერთმა ულამაზესმა და ახოვანმა მთავარანგელოზმა, რომელსაც, მამათა გადმოცემით, დედამიწის დაცვა ევალა, მოისურვა, უფალს განდგომოდა. სხვა ანგელოზების მსგავსად, ისიც კეთილად იყო შექმნილი და ყველაფერი ჰქონდა მიცემული, მაგრამ არ იკმარა და თავად მოინდომა გაღმერთება, შემოქმედისთვის თავის გატოლება. დაავიწყდა, რომ ქმნილება იყო, ქმნილება კი შეუძლებელია შემოქმედზე მაღლა დადგეს. ურჩობითა და ამპარტავნებით შეპყრობილი შემოქმედს შეეწინააღმდეგა. როგორც კი სასუფევლიდან განიდევნა, მოსცილდა მადლის წყაროს, მასში ნათელი და სილამაზეც ჩაქრა და საშინელ არსებად, ბნელეთის ურჩხულად გადაიქცა. მასში არსებული ნათელი ხომ ღვთის ბუნება, ღვთის თვისება გახლდათ.

- დაცემული ანგელოზის მცდელობით ღალატი დედამიწაზეც შემოვიდა...

- უფალმა სამყარო ექვსი დღის განმავლობაში შექმნა. ხუთი დღე ყველაფერს თავისი ხატებისა და მსგავსებისთვის - ადამიანისთვის ქმნიდა. მეფე, გვირგვინი ქმნილებისა, ხატება და მსგავსება თვისი მეექვსე დღეს შექმნა და მას ყოველივე უბოძა. ამგვარი ჰარმონია ვერ აიტანა კაცობრიობის მოძულე ბოროტმა სულმა და შეეცადა, უფლის უდიდესი ტკივილის მიზეზი მისი უმაღლესი ქმნილების ღალატი გაეხადა.

დაცემული სული მიზანმიმართულად შეებრძოლა ღმერთის უდიდესი საიდუმლოების - სიყვარულის გავრცელებას, იმას, რომ ადამიანებს სწორად შეემეცნებინათ უფლის ნება-სურვილი - განესულიერებინათ დედამიწა და ედემის საზღვრებიც გაფართოებულიყო. ბოროტი ადამიანთან მიდის და ეუბნება: მართალია, ღმერთმა ყველაფერი მოგცა, მაგრამ აგიკრძალა მთავარი - კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფის ხმევა. თუ ამ ნაყოფს გასინჯავ, ღმერთივით გახდებიო. ბოროტმა ადამიანს ურჩობისა და ამპარტავნების სენი შეჰყარა, რომლითაც თვითონ იყო შეპყრობილი. გაჩნდა ეჭვი - ადამიანმა ეჭვი შეიტანა ღმერთის ჭეშმარიტებაში. როდესაც ეჭვი ჩნდება, თავს იჩენს მოქმედების სურვილი, რაც ღალატით სრულდება. ცოდვის ჩადენამდე ადამიანი ფიქრობს - აყალიბებს აზრებს, შემდეგ კი ახორციელებს. პირველი ადამიანებიც ამგვარად მოიქცნენ. მათი უფლის ღალატის მიზეზიც ამპარტავნება და ურჩობა გახდა.

- დედამიწაზე მომხდარი პირველი ღალატის შედეგებზეც ვისაუბროთ.

- ერთ-ერთი წმინდა მამა განმარტავს: უფალი მიდიოდა ადამთან და ესაუბრებოდა - ეს იყო ერთობის გამოხატულება, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთსიყვარულის ჰარმონიული ჟღერადობა, ყველაზე ტკბილი და ნეტარი წუთები ადამიანისთვის. სამწუხაროდ, ადამიანს არ ახსოვს ეს ზეაღმატებული განცდა სიყვარულისა და სიახლოვისა, მაგრამ უფალს ხომ ახსოვს?! როდესაც უფალი ეძებს შეცდომილ ადამს - ეძებს სინანულს ცოდვით დაცემულ კაცში, რათა ერთადერთი სიტყვა წარმოთქვან - მაპატიე. მაგრამ ადამიანები უსინანულოდ ცხოვრობენ: შენ რომ ქალი მომეცი, მან მაცდუნაო, - თავს იმართლებს ადამი, ევა კი ცდილობს, ყველაფერი გველს გადააბრალოს. ამპარტავნების, ღალატის წამალი სინანულია.

ცოდვის შედეგად ადამიანში ღვთის ხატება ჩაქრა და გამოჩნდა ყოველივე მასში არსებული. ადამიანმა დაინახა ფიზიკური სიშიშვლე, ხორციელს მიაქცია ყურადღება და მასზე დაიწყო ფიქრი, უმთავრესი - სულიერი კი მიავიწყდა.

ღალატმა პირველი ადამიანების გონება უფლისგან გააუცხოვა, მიწიერს მიაჯაჭვა, ამიტომ გამოსავალი მათი ჟამში, დროებაში გადმოყვანა გახლდათ.

დიდი ორშაბათის მწუხრის ლოცვები "ადამის გოდებით" იწყება. დაცემული ადამი ხვდება, რომ მოშორდა სიკეთის წყაროს და გოდებს თავისი ღალატის გამო. როგორც კი კაცი მოშორდა ღმერთს, სამყაროშიც ყველაფერი შეიცვალა, ბუნება აუჯანყდა ადამიანს - თავს ესხმოდნენ ცხოველები, გაუჩნდა შიში, მოშივდა... როდესაც ადამს ეს ყველაფერი თავს დაატყდა, მიხვდა, ამის მიზეზი ღვთისგან განდგომა გახდა, ატირდა... მაგრამ უფალი ადამიანს უნუგეშოდ არ ტოვებს და აძლევს მხსნელის მოვლინების აღთქმას. აღუთქვამს, რომ დაელოდება მის სინანულს, რომელიც ერთადერთი საშუალებაა იმის დასაბრუნებლად, რასაც ადამიანი ღმერთის ღალატის სანაცვლოდ კარგავს.

- საინტერესოა, რატომ დარჩნენ განდგომილი ანგელოზები სამუდამოდ დაცემულ მდგომარეობაში?

- ღვთის ღალატის შემდეგ მათში აღარ არის სინანული. ერთ-ერთი წმინდა მამის ცხოვრებაში ასეთი შემთხვევაა მოთხრობილი: წმინდა მამა მიმართავს დაცემულ სულს: მოდი, როგორც ზეცაში ყოფნისას უგალობდი უფალს, ისე უგალობე ახლაცო. ეშმაკმა ენით აღუწერელი ხმით დაიწყო გალობა - წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო... მაგრამ როცა უნდა წარმოეთქვა "შეგვიწყალენ ჩვენ", გაქვავდა და შესძახა: ამას არასოდეს ვიტყვიო. ანგელოზთა მტკიცე ბუნების გამო დაცემული ანგელოზი იმდენადაა განმტკიცებული ამპარტავნებაში, მისით იმდენად აქვს დაბნელებული გონება, რომ აღარ შესწევს სინანულის უნარი. კაცი არაერთგზის დაეცემა ცხოვრების გზაზე, მაგრამ უფალი წამოაყენებს, თუ, რა თქმა უნდა, სინანულით მოუხმობს უფალს შემწედ.

- ადამიანი სიკეთესაც აკეთებს და ცოდვასაც სჩადის. წუთისოფელი ხომ განუწყვეტელი ჭიდილია სიკეთისა და ბოროტებისა...

- ადამის შეცოდების შემდეგ განკაცებული უფლის მოსვლამდე ადამიანი მთლიანად ტყვე შეიქმნა ეშმაკისა. ადამიანთა შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, ეშმაკის ხრიკებს რომ მოერეოდა. ამიტომაც უფალმა დაიმდაბლა თავი, დაუშვა, რომ თავად მოსულიყო დედამიწაზე ვითარცა ახალი ადამი და გამოიხსნა კაცობრიობა. ადამიანს გაუღვივა რწმენა იმისა, რომ შეუძლია ეშმაკის ძლევა - თავმდაბლობით, ვნებების დათრგუნვით... მოგვცა სწავლება და გზა ცხონებისა. უფალმა ისიც უწყის, რომ ეს გზა საცდურებითაა აღსავსე, ეშმაკის ხრიკებს ვერ ავცდებით და არაერთგზის ვუღალატებთ ღმერთს, მაგრამ როგორც კი დავეცემით, განვუდგებით შემოქმედს, მყისვე კვლავ მისკენ მივმართოთ მზერა.

გავიხსენოთ სახარების ის ეპიზოდი, უფალი წყალზე სვლით რომ ეცხადება მოციქულებს, როდესაც მათ ნავს ძლიერი ქარის გამო გასაჭირი ადგას. "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათო!" - მიმართავთ მაცხოვარი შეშინებულ მოციქულებს, პასუხად კი პეტრე მიუგებს: "უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე, წყალდაწყალ მოვიდე შენთანო". მართლაც, პეტრე წყალზე სვლით მიდის უფლისკენ, მაგრამ როგორც კი ქარი ამოვარდება და ღელვა გაძლიერდება, ყურადღება გაეფანტება და ჩაძირვას დაიწყებს. თუმცა მაშინვე მაცხოვარს მიუბრუნდება: უფალო, მიხსენო, - შეევედრება. იესო მივა, ამოიყვანს და ნავში ჩასვამს.

როდესაც უფალს ვუყურებთ, მუდამ მასთან ყოფნას ვცდილობთ, მისი მცნებებით ვცხოვრობთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ - სასწაულებრივად გავდივართ მისკენ მიმავალ რთულ გზას. მოსწყვიტე უფალს მზერა? დაკარგე ღმერთი? - ისევ დაუწყე ძებნა, შეღაღადე: უფალო, მიშველე! მაგრამ თუ ცოდვაში გააგრძელებ ცხოვრებას, თანდათან შეეგუები მას და აღარც განიცდი. პირველი ცოდვა, ღალატი ღვთისა მტკივნეულად ხვდება სულს, შემდეგ კი ნელ-ნელა ეგუება და ვეღარ გრძნობს. ამიტომ ცოდვაში არ უნდა დავრჩეთ. როგორც კი ვიგრძნობთ, რომ სინდისმა ხმა აღიმაღლა, მაშინვე მივაპყროთ მზერა უფალს და სინანულით შევთხოვოთ შემწეობა. ხოლო სინდისის ხმამ რომ არ მიიძინოს ჩვენში, განუწყვეტელი მოქმედებაა საჭირო. თუ ამ ხმას არ მიჰყევი, დაკარგავ მას.

- ისიც განვმარტოთ, რატომ ითვლება ერეტიკოსობა, საზოგადოდ არამართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევრობა, ღვთის ღალატად?

- სულიწმინდის გმობა, ღვთის გმობა მარადიულობის გმობაა, გმობაა სასუფევლისა. უფალი ბრძანებს: ყველა ცოდვა მიეტევება კაცს, სულიწმინდის გმობის გარდაო. ეს ადამიანები უარყოფენ ჯვარს, უარყოფენ გამოხსნას, მარადიულობას... თანაც გააზრებულად მოქმედებენ, ეწინააღმდეგებიან ქრისტეს ეკლესიას. მათი ყველაზე დიდი დანაშაული კი ის არის, რომ ნახევარ სიმართლეს ამბობენ, ამახინჯებენ სახარებისეულ სწავლებას და ამით აცდუნებენ ღვთის მაძიებელ ადამიანს. წმინდა მამებმა კი დააკანონეს - ვინც ერთი სიტყვა მიამატოს ან გამოაკლოს ამ სწავლებას, შეჩვენებული იყოსო. ერთი წმინდა მამა აბანოში შევიდა, მწვალებელი დაინახა და იქ მყოფთ მოუწოდა: ძმებო, სასწრაფოდ გავეცალოთ აქაურობას. შესაძლოა, მეხი ჩამოვარდეს და ყველაფერი განადგურდეს - უფალმა განწმინდოს ადგილი, სადაც ერეტიკოსი იმყოფებაო. ერეტიკოსი სულიერი ჯალათია, ადამიანთა სულების მკვლელი, კაცი, რომელიც შეგნებულად უთმობს ცხოვრებას ღვთის სწავლების უარყოფას. განაჩენი მათი ღალატისა ძალზე მკაცრია.

- როდესაც ღალატზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ სამშობლოს ღალატი. ამით ღმერთსაც ხომ ვღალატობთ...

- როგორც ღმერთია ერთი, ასევე ერთი სამშობლო აქვს ადამიანს ქვეყანაზე. სამშობლო წმინდათაწმინდაა. სამშობლოსთვის თავდადებულნი წმინდანებად ირაცხებიან. მიწიერი სამართლითაც კი, სამშობლოს მოღალატეებს ამნისტია არ ეხებათ, მათ სამუდამო პატიმრობას უსჯიან. სამშობლოს მოღალატეები ორმაგ ღალატს სჩადიან - სამშობლოსა და უფლის წინაშე.

- ურთიერთღალატთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- პირველ ყოვლისა, სიწმინდე დაცული უნდა იყოს ოჯახში, მით უფრო - მეუღლეებს შორის. გაუმართლებელია აზრი - თითქოს მამაკაცს ღალატი ეპატიება. ამ გზით იგი არა მარტო მეუღლეს, ოჯახის თითოეულ წევს ღალატობს. ყველა ადამიანს საკუთარი ეშმაკი ებრძვის, მას კი დამატებით შეჰყავს ოჯახში მრუშობის ეშმაკი. თუ ქურდობს ოჯახის წევრი, ქურდობის ეშმაკს უღებს სახლის კარს... როდესაც მამას, ოჯახის მარჩენალს, უფლის ღალატით ნაშოვნი ფული შემოაქვს, - ქურდობით იქნება ეს, ნარკოტიკებით ვაჭრობით თუ სხვა ცოდვილი გზით, - ოჯახს, საკუთარ შვილებს შხამს აძლევს. შეუძლებელია, ასეთ ადამიანს მაღალი მორალი და სულიერი თვისებები ჰქონდეს. კაცი, რომელიც ოჯახის სიწმინდეს ღალატობს, პირდაპირ თუ ირიბად ოჯახის წევრებსაც ღალატისთვის განაწყობს. ოჯახი მცირე ეკლესიად იწოდება და მისი ყველა წევრი მოვალეა, მის სიწმინდეზე იზრუნოს.

ყველაზე მეტად სწორედ ღალატის პატიება გვიჭირს. ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ყველაფერი განკაცებული უფლისგან ვისწავლოთ, მისგან ავიღოთ მაგალითი. სახარებაში წერია: თუ შენმა ძმამ სცოდა, გიღალატა, მიდი და უთხარი, რომ არასწორად მოიქცა. თუ მიხვდა დანაშაულს, აპატიე. უფალი ყველაფრის ბრმად პატიებასაც არ ითხოვს. ღმერთს მიტევებაც აქვს და სამართალიც. თუ საჭირო გახდა, ჩვენი პასუხის მოთხოვნა და მსჯავრიც სწორი და სამართლიანი უნდა იყოს. ხშირად ვხდებით მოწმენი ასეთი შემთხვევისა: ავტოავარიის დროს მეგობარი მეგობრის ავტომობილში იღუპება. ეს მათ ოჯახებს შორის მტრობის ჩამოგდების საბაბად იქცევა ხოლმე. გარდაცვლილის ოჯახის წევრები შეურაცხყოფენ და წყევლიან ცოცხლად დარჩენილის ოჯახს. ეკლესია მათ შეაგონებს - ასეთი საქციელით საკუთარ შვილსა და მომავალს არ უტოვებ საშუალებას, რომ შეცოდებისას აპატიონ. უნდა დაფიქრდნენ, რომ ეს შემთხვევითობა იყო. საზოგადოდ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა გარემოებაში ხდება დანაშაული და მსჯავრიც იმის მიხედვით დავადოთ. უფალიც ყოველთვის ითვალისწინებს, რისი დამტევია ადამიანი, თორემ ჩვენი ცოდვებისა და არასწორი ცხოვრების გამო გაცილებით მეტს ვიმსახურებთ.

- როგორ გავლენას ახდენს ღალატი სულზე? რას განიცდის ადამიანი ცოდვისმქმნელობის, უფლის ღალატის სანაცვლოდ?

- ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს: ეკლესიურები და არაეკლესიურები. ორივე კატეგორიის ადამიანები სჩადიან სხვადასხვა სახის ცოდვებს. განსხვავება კი მათ შორის ისაა, რომ ეკლესიის წიაღში მყოფთ აწუხებთ ეს, არაეკლესიურებს კი - არა. როდესაც კაცს არ აწუხებს თავისი მდგომარეობა, ის, რომ ღალატობს უფალს, ცოდვების ქმნასაც აგრძელებს. უფალი არაერთგზის მიანიშნებს სხვადასხვა ნიშნით, ყველანაირ ხერხს სთავაზობს, რომ განერიდოს ცოდვილ მდგომარეობას, მაგრამ თუ ადამიანი არ უსმენს შემოქმედს, იქვე დგას ბოროტი და ითხოვს: უფალო, ეს კაცი შენ განგიდგა და ჩემია, მიმიშვი მასზეო. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებაში იწყება უმძიმესი პერიოდი - უფალი ხელს იღებს მის მზრუნველობაზე და მას თავს ატყდება ათასგვარი განსაცდელი - ტრაგედიები, დაკარგვა ქონებისა, მდგომარეობისა, რომელსაც სასოებს... ეწყება ჯოჯოხეთური უიმედობის განცდა.

რატომ ადარებენ ჯოჯოხეთს ცეცხლსა და გეჰენიას? რით იწვის ადამიანი ჯოჯოხეთში? მას უიმედობა წვავს. ესეც უფლის დაშვებით ხდება, რათა ცოდვებზე დაფიქრდეს და ღვთისკენ მიბრუნდეს.

არის მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომელიც სცოდავს, მაგრამ ტკივილს განიცდის იმის გამო, რომ ცოდვა ჩაიდინა, უღალატა აღთქმას, რომელიც აღსარებისას დადო, რომ უარყოფდა ცოდვებს და უფალს შეუერთდებოდა; უხარია, რომ დაინახა, შეიმეცნა თავისი ცოდვები და უფალს სთხოვს შემწეობას. უფალიც მაშინვე ანიშნებს, - განსაცდელის გადალახვით, მადლით, შეწევნით, - რომ მისი, ცოდვილის, მცირე ლოცვა შეისმინა და წყალობის თვალით მოხედა. ცოდვები რომ დავინახეთ და ვაღიარეთ, ჯილდოდ პატიება მივიღეთ, თუმცა უფალი უფრო მეტსაც გვაძლევს - მსგავსად უძღები შვილისა, რომელიც მამასთან დაბრუნდა, პატიება სთხოვა და ვერც კი წარმოედგინა, რომ აღუდგებოდა ყოველივე. ჯერ უძღები შვილის დარ სინანულს უნდა განიცდიდე, შემდეგ - მის მსგავს სიხარულს ღმერთთან დაბრუნებისას და მის წყალობასაც იქვე დაინახავ.

- ვიცით, რომ ბოროტ სულს ადამიანზე ძალადობის უფლება არ აქვს, ცოდვას ძალით ვერ ჩაგვადენინებს. საინტერესოა, მაინც როგორ ახერხებს ეშმაკი ადამიანის უფლის ღალატზე დაყოლიებას.

- ადამიანი, დაიბადება თუ არა, მაშინვე მიზანში ჰყავს ამოღებული ეშმაკს. მართალია, დაცემული ანგელოზი ფიქრებს ვერ კითხულობს, - გულთამხილავი მხოლოდ უფალია, - მაგრამ ადამიანის გამომეტყველებით, მიმიკით, ქმედებებით, საუბრის თემით ხვდება, საითკენ აქვს მიდრეკილება. შესაძლოა, ჩვენ ბევრ რამეს არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ეშმაკი გამადიდებელი შუშით აკვირდება ადამიანის ყველა ქმედებას. ბავშვობიდანვე აკვირდება მის მისწრაფებებს და თავისთვის ინიშნავს. შემდეგ კი ძირითად მიდრეკილებებს ამოკრებს და სათავისოდ გამოიყენებს. ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ვითარდებოდეს სულიერად. მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორ შეეწინააღმდეგოს ბოროტს, არ იცის, რომ ამისთვის საჭიროა ლოცვა, მარხვა, აღსარება. ამისთვის ჰყავს მოძღვარი, რომელიც მიუთითებს, რას მიაქციოს მეტი ყურადღება, ეხმარება სულიერ განვითარებაში. როდესაც წამოიზრდება და მოკეკლუცე წუთისოფელი გადაეშლება წინ, არჩევანს ხშირად სწორედ ბოროტის სასარგებლოდ აკეთებს.

თავდაპირველად ეშმაკი თავად ცოდვის სიტკბოებას გვთავაზობს. ცოდვა რომ მტკივნეული იყოს, ჩადენის მომენტში არ სიამოვნებდეს ადამიანს, მას არავინ გაეკარებოდა. თუ ეშმაკისგან შემოთავაზებულ სიტკბოებას შენში შეუშვებ, სინდისის ხმა დუნდება, აღარ გესმის. ძალიან დიდია ტკბობა ცოდვისა და ამიტომაც უჭირთ ადამიანებს ცოდვების დაძლევა, თუმცა მათთან ბრძოლა აუცილებელია.

როგორ ვებრძოლოთ ცოდვებს? მამები ბრძანებენ - მუდმივი ფიქრით ჯოჯოხეთის შესახებ. ადამიანის ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს, ამოქმედდეს აზრი ჯოჯოხეთის არსებობისა და რაობის შესახებ. უმეტესობას ეჩვენება, რომ ჯოჯოხეთი ჯერ შორსაა, ფიქრობს, ცოტა ხნით მივიღებ ტკბობასო და თავს არ იკავებს. შესაძლოა სურს კიდეც შეჩერება, მაგრამ ვერ უმკლავდება. დენთი გადაისხა ცოდვებისა. ერთი ასანთის მიტანა და ცოდვების ალში გაეხვევა. ასეთ დროს უფრო ქმედითია ასეთი შეგონება: შესაძლოა, ყველაზე ახლობელი ადამიანი ან ხელი, ფეხი დაკარგო. უფალი ხომ ბრძანებს: უმჯობესია, ცალი ხელით შეხვიდე სამოთხეში, ვიდრე ორი ხელით - ჯოჯოხეთშიო. ადამიანები ასეთი შედარება უფრო ესმით, რადგან უფრო მიწიერია.

როდესაც ამ ეტაპს გადალახავს, ადამიანი სულიერ სამყაროში შევა და ხვდება, რას ნიშნავს ღვთის მადლისა და წყალობის დაკარგვა. ახლა უკვე უფრთხის ჯოჯოხეთში მოხვედრას და თავისთავად იწყებს ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლასაც.
ბეჭდვა
1კ1