როგორ დავიცავთ გულს, თუკი ენა ღია კარს გვიგავს?
როგორ დავიცავთ გულს, თუკი ენა ღია კარს გვიგავს?
როცა აღსარებისთვის ვემზადებით, ხშირად გვავიწყდება ისეთი ცოდვები, როგორიცაა ამაოდმეტყველება, მრავლისმეტყველება.

რატომ ხდება ასე? ისინი უკვე ჩვევად გვექცა და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ცოდვად ვეღარც კი აღვიქვამთ. წმინდა მამები კი გვაფრთხილებენ, ყური მივუგდოთ ჩვენს ენას, რადგან სწორედ წარმოთქმული სიტყვების მიხედვით განვისჯებით საშინელ სამსჯავროზე. "შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენს წინააღმდეგ", - ბრძანებს წმინდა თეოფანე დაყუდებული.

სიტყვაში წარმოჩნდა უფლის ძალმოსილება, როდესაც სამყაროს ქმნიდა. დაბადებაში წერია: "თქვა უფალმა: იქმნას ნათელი და იყო ნათელი". შექმნილ არსებათა შორის კი სიტყვა მხოლოდ ადამიანს, სამყაროს გვირგვინს, უბოძა უფალმა. სიტყვას რომ შეუძლია, სიხარულით აგვავსოს, გვანუგეშოს და მოგვიკლას კიდეც გული, თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავზე გამოგვიცდია. ამიტომ ჩვენი ცოდვების აღიარებისას არ გვავიწყდება ბილწსიტყვაობა, ცილისწამება... ამაოდმეტყველებასა და მრავლისმეტყველებას კი ყურადღებასაც არ ვაქცევთ, რაც დიდი დანაშაულია უფლის წინაშე.

რა ზიანს აყენებს სულს მრავლისმეტყველება? "მრავალსიტყვაობა, - ბრძანებს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი, - უმეტესწილად უქმადმეტყველებაა. სიტყვით ძნელია იმ ზიანის გამოხატვა, რაც ამ უკეთურ ჩვევას მოაქვს. მრავალსიტყვაობა სულის კარს აღებს, საიდანაც მაშინვე გამოდის კეთილკრძალული გულისმიერი სითბო, უფრო ხშირად კი ამას აკეთებს უქმადმეტყველება. მრავლისმეტყველება საკუთარი თავისგან განაგდებს ყურადღებას. ამ დროს გული დაუცველია და მასში ჩუმად შეიპარებიან ვნებიანი გრძნობები და სურვილები. უქმადმეტყველება განკითხვისა და ცილისწამების კარია, ცრუ ამბებისა და აზრების გამავრცელებელი, უთანხმოებისა და განხეთქილების მთესველი".

აბა, გავიხსენოთ, სულ ახლახან რაზე ვესაუბრებოდით მეგობარს ასე ხანგრძლივად და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში უმალვე დავრწმუნდებით. დამეთანხმებით, რომ ან თავს ვიქებდით, ჩვენს "საგმირო საქმეებს" წარმოვაჩენდით ანდა სხვას განვიკითხავდით, თუ, უარეს შემთხვევაში, ცილს არ ვწამებდით. ნათლად ჩანს, რა დიდი ზიანი მოაქვს მრავალსიტყვაობას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უქმად ვკარგავთ დროს, რომლის უქონლობასაც გამუდმებით ვუჩივით. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი კი ბრძანებს: "მრავლისმეტყველება არის საჯდომელი, რომელზეც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავლისმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წინამძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, განმფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა".

იაკობ მოციქულმა, როცა სურდა ეჩვენებინა, როგორ ეძნელება ლაპარაკის მოყვარულს უსარგებლო, ბილწი და საზიანო საუბრისგან თავშეკავება, ბრძანა, რომ ენის სათანადოდ მოთოკვა მხოლოდ სრულყოფილთ ხელეწიფებათ; ვინც არ სცოდავს სიტყვით, სრულქმნილი კაცია და ძალუძს დაურვება ხორცისა. ენა უმალ ალაპარაკდება ხოლმე საკუთარი სიამოვნებისთვის, ისე მიქრის, როგორც ლაგამაყრილი ულაყი და ლაყბობისას სასარგებლოს გარდა ავსა და საზიანოსაც იტყვის. ამიტომ მოციქული მას მომაკვდინებელი შხამით აღვსებულ თავშეუკავებელ ბოროტებას უწოდებს. ხოლო სოლომონ ბრძენმა უფრო ადრე თქვა: ბევრი ლაპარაკისას ცოდვას ვერ ავცდებითო.

თვითონვე ვგრძნობთ, რომ ბევრი ლაპარაკისას ვცოდავთ. მრავალსიტყვაობის შემდეგ თვითკმაყოფილების ბურანი განქარდება და ყოველთვის ერთგვარი სევდა გვეუფლება. განა ეს შეგრძნება არ მოწმობს, რომ სული თავს განძარცულად გრძნობს? წმინდა თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, სწორედ ეს სევდა მიგვანიშნებს, რომ ამ უსაგნო ლაპარაკის დროს ღმერთს დავშორდით, უფალს კი ცოდვა განგვაშორებს.

იმის მაგივრად, რომ დავეშუროთ თითოეულ წამს და გულში ვილოცოთ უფლის წინაშე, დროს ვფლანგავთ ყოვლად უსარგებლო საუბარში. ნაცვლად იმისა, რომ გულში იესოს ლოცვით ღვთაებრივი სითბო დავიგროვოთ, უმიზნო ლაპარაკისას ვნებებს ვაგროვებთ, რადგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს წმინდა სახარებაში: პირიდან გამომავალი შეაგინებს ადამიანს და არა პირიდან შემავალი, რამეთუ ყოველივე, რასაც ბაგენი წარმოთქვამენ, გულიდან მომდინარეობს.

ძნელია ებრძოლო ისეთ ცოდვას, რომელიც ჩვევად გქცევია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ღვთის მოწყალება - უფლის შეწევნის იმედით არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ხოლო ჩვენს სულებზე მზრუნველი მამა, რომელიც ხედავს ჩვენს გულს, ჩვენს მოშურნეობას, მაშინვე სულიწმინდის მადლს მოგვფენს, რაც გაგვიადვილებს ვნებების დამარცხებას, რამეთუ შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არს უფლისთვის.
ბეჭდვა
1კ1