ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო!
ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო!
თვალთმაქცობა
"მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ", - ბრძანებს წმინდა წერილი. გავიხსენოთ, როგორ ესაუბრება მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მმარხველებს და ღვთისთვის სათნო მარხვაზე მიუთითებს. "ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი" - რას ნიშნავს უფლის ეს სიტყვები?

განკაცებული ძე ღვთისა გვმოძღვრავს, რომ არ ვიყოთ ორგულნი, ესე იგი, თვალთმაქცნი, ნუ აღვასრულებთ ღვთისთვის სათნო საქმეებს - მარხვას, ლოცვას, მოწყალების გაღებას, გლოვას საკუთარი ცოდვების გამო - ვითარცა თვალთმაქცნი, რომელნიც მხოლოდ ადამიანების თვალის ასახვევად იქცევიან ვითომდა უფლისთვის სათნოდ, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიისწრაფვიან - მოიპოვონ დიდება კაცთა შორის.

ამ დროს განდიდების მანიით შეპყრობილებს გვავიწყდება ის, ვინც გვასწავლა სიკეთეთა ქმნა, გვავიწყდება ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი, რომელიც ყოველივეს ხედავს, რომელმაც უწყის ჩვენი გულის ზრახვანი, იცის, რას გეგმავს ჩვენი გონება, როგორია ჩვენი სურვილები. ღმერთი ხედავს, როგორ შევსვარეთ ტალახით ღვთაებრივი სათნოებები... მზრუნველი მამა სევდით გვიმზერს და ცდილობს, როგორმე ჩვენი გული ამ ცოდვილ ქვეყანას მოსწყვიტოს და ზეცისკენ აიტაცოს. ჩვენ კი, პატივმოყვარეობის სენით შეპყრობილნი, ყველანაირ ხერხს მივმართავთ, რომ უპირატესობა მოვიპოვოთ სხვებზე.

როდესაც უფალი ხედავს, როგორ ვცდილობთ, გულწრფელნი ვიყოთ, ღვთიური მადლით გვავსებს, რათა ადვილად მივაღწიოთ სურვილს. აბა, გავიხსენოთ, რამდენჯერ გაგვიცია მოწყალება. ერთი შეხედვით, უფლის მცნება შეგვისრულებია, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ერთხელ გაღებული მცირედი მოწყალებით მრავალჯერ მოგვიწონებია თავი. შემდეგ კი სახარებაში ამოგვიკითხავს მაცხოვრის სიტყვები, რომელიც გვასწავლის, რა არის შეჭმარიტი მოწყალება: "როცა მოწყალებას იქმ, ნუ გაახმაურებ შენს წინ, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას იქმ, დაე, შენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას იქმს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება იყოს ფარულად, და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ". რა თქმა უნდა, ძნელია, მიაღწიო ასეთ სრულყოფილებას, მაგრამ ცდა არ უნდა დააკლო და თუ გწამს, რომ უფალი ყოვლისშემძლეა, მიენდე შემოქმედს, აჩვენე შენი მოწადინება და მისი შეწევნით ყველაფერს მიაღწევ.

რამდენჯერ მოგვიწონებია თავი, რომ ეკლესიურად ვცხოვრობთ, წირვა-ლოცვას არ ვაცდენთ. გაგვხარებია, როდესაც ჩვენზე უთქვამთ: შეხედე, რა გულმხურვალედ ლოცულობსო. და მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობთ, თვალშისაცემი მოწიწებით მოვიქცეთ ტაძარში, მეტანიები ვაკეთოთ ხატების წინაშე, რომ ადამიანთა თვალში მოპოვებული "ღირსება" გულმხურვალედ მლოცველისა არ დავკარგოთ. იესო ქრისტე კი გვიქადაგებს: "როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დადგომა და ლოცვა, რომ ხალხს ეჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, დაკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი, და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ".

სტუმრად ყოფნისას რამდენჯერ გამოგვიცხადებია ხმამაღლა, რომ მარხვაზე ვართ. ამით თითქოს თავიც შეგვიცოდებია სხვებისთვის. თავმომწონედაც გადაგვიხედავს მათთვის, ვინც არ მარხულობს. უფალი კი, აი, რას გვეუბნება: "როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, ვინაიდან ისინი ღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რომ ადამიანებს მარხულად ეჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როცა მარხულობ, დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ".

ორგულობა ღვთისა და ადამიანის წინაშე ეწინააღმდეგება უფლისგან შენთვის მოცემულ უპირველეს მცნებას: გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი.

წმინდა მამები გვაფრთხილებენ, არ ვენდოთ უპატიოსნო ადამიანს, რომელიც განუწყვეტლივ პატიოსნებაზე ლაპარაკობს. ნუ გგონიათ, - გვასწავლიან ღვთივგანსწავლული მამები, - რომ დაგიცავთ ის, ვინც უზომოდ და ყველგან ლაპარაკობს სიმამაცეზე. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმის გამო კიცხავენ, რასაც თვითონვე აკეთებენ, თანაც - გაცილებით ხშირად.

სიფრთხილე გვმართებს, თუკი ადამიანი მეტისმეტად გვაქებს. ის ქებით პატივისა და დიდების მოყვარეობას გვიღვიძებს. ამასთანავე, გვეპირფერება, ცდილობს, ცრუ ხოტბის შესხმით ჩვენი გული მოინადიროს. არც მას უნდა დავუგდოთ ყური, ვინც სხვაზე გამუდმებით აუგს ამბობს. მაგრამ მისმა საქციელმა არ უნდა გაგვაღიზიანოს; პირიქით, უნდა ვეცადოთ, ავუხსნათ, რამხელა ცოდვაა თვალთმაქცობა, როცა ადამიანს პირში აქებ, ზურგს უკან კი აძაგებ. უფალი ხომ ყველაფერს ხედავს.

მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ პირუთვნელად დაგვანახა ჩვენი ადამიანური ბუნება, როცა გვამხილა: "დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოსა ღმრთისასა არა ეძიებთ". ყოველგვარი პატივისა და დიდების ღირსს ჩვენს მაცხოვარს უყვარდა გამეორება, რომ იგი არ ეძებდა არც თავის ნებას, არც დიდებას, არამედ მოვიდა, რათა აღესრულებინა ნება მამა ღმერთისა და ამგვარად დაგვანახა, რას უნდა ვესწრაფოდეთ წუთისოფელში.

"ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო!" - მუდამ უნდა გვახსოვდეს უფლის ეს სიტყვები და ფხიზლად ვიდგეთ საკუთარი თავის სადარაჯოზე, რომ თვალთმაქცობის სენმა არ დაგვრიოს ხელი. სულ მცირედ ორგულობასაც თუ შევამჩნევთ თავს, მყისვე იესოს ეს სიტყვები გავიხსენოთ და სინანულით ვაღიაროთ ეს საშინელი ცოდვა აღსარებაში, რათა უფრო ღრმად არ გაიდგას ფესვები ჩვენს გულში და იქიდან არ გამოაძევოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული - უმთავრესი არსი ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.
ბეჭდვა
1კ1