"ნუ გმობ ღვინოსა, ლოთობა დაგმე"
"ნუ გმობ ღვინოსა, ლოთობა დაგმე"
რა უნდა ვიცოდეთ მემთვრალეობის ცოდვის შესახებ
"ზოგიერთისგან მსმენია - ღვინო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ლოთები არ ვიქნებოდითო. ჰოი, უგუნურნო! ადამიანი სცოდავს და ჩვენ კი ღვთის წყალობას ვადანაშაულებთ ამაში! განა ღვინოა ბოროტების მიზეზი? არა, დამნაშავე ღვინო კი არა, იმათი თავშეუკავებლობაა, ვინც ღვინოს ჭარბად მიირთმევს".

ეს სიტყვები წმინდა იოანე ოქროპირს ეკუთვნის. სამწუხაროდ, მღვდელმთავრის შეშფოთების მიზეზი არც ჩვენი თანადროული საზოგადოებისთვის არის უცხო და შორეული. ლოთობის სენის გამო დღესაც უამრავი ადამიანი აკლდება საღვთო მადლსა და წიაღს; საუბედუროდ, მემთვრალენი ვერც ამქვეყნად ხარობენ და ვერც იმქვეყნად განისვენებენ, რადგან წერია: "მემთვრალეთა სასუფეველი არა დაიმკვიდრონ" (II კორ. 6:10). სავალალოა ისიც, რომ ზარალდებიან და იტანჯებიან მათ გარშემომყოფი ადამიანებიც.

ქართულ გარემოში ფეხმოკიდებულ ამ დამღუპველ ცოდვას არაერთგზის ეხება თავის ქადაგებებში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსიც. და რაკი თანამედროვეთა შესაგონებლად წარმოთქმულ წმინდა ეპისკოპოსის ქადაგებებს არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა, ამჯერად სწორედ მათ ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ.

სიმთვრალე ჩვენს დროში მომეტებულად ვრცელდება
"ყველამ ვიცით, როგორ უყვარს კაცს ლხინი, მხიარულება, დროის ტარება. თვით კაცის ბუნება ეძებს ნუგეშსა და კმაყოფილებას. შრომას კაცი ძალდატანებით ეწევა, ხოლო ლხინს, განცხრომას - სიამოვნებითა და ნებაყოფლობით.

ლხინი და გართობაც სხვადასხვანაირია, მაგრამ ყოველ კაცს ერთი მათგანი განსაკუთრებით უყვარს - ეს არის მომეტებული ღვინის სმა. ვფიქრობ, ძნელად მოიძებნება ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელსაც არ მოსწონდეს უზომოდ ღვინის სმა და მით გამხიარულება.

საუბედუროდ, სიმთვრალე ყოველთვის და ყოველ ხალხს შორის იყო გავრცელებული, მაგრამ ჩვენს დროში იგი გავრცელდა და ვრცელდება მომეტებულად. საკვირველი და სამწუხაროა ის, რომ მემთვრალენი მომრავლდნენ განათლებულ პირთა შორისაც. სიმთვრალე წარღვნასავით გავრცელდა... იგი რყვნის, ღუპავს, აღარიბებს მრავალ ადამიანს და ოჯახს".

სამწუხაროდ და სატირლად
"საუბედუროდ, ამ ჩვენს საუკუნეში მრავალი ცოდვა და ვნება გამრავლდა ქრისტიანთა შორის, მაგრამ ყველაზე მეტად - სიმთვრალე. ღვინოს ემორჩილებიან არა მარტო უბრალონი, უსწავლელი კაცნი, არამედ სწავლულნიცა და განათლებულნიც. მდედრობითი სქესიც ღვინის მოყვარენი შეიქნენ, მათ მსგავსად, ახალგაზრდებიც და მოხუცებულნიც...

ახლა, სამწუხაროდ და სატირლად, სიმთვრალე მოედო ქვეყანას და რამდენი უბედურება ხდება სიმთვრალის გამო ჩვენს ქვეყანაში, ამას ვინღა აღწერს და ვინ წარმოიდგენს?!"

არათუ არ უნდა დათვრე, ზედმეტიც არ უნდა დალიო
"დიდი ძალა და გავლენა აქვს ღვინოს კაცის ბუნებაზე. ამიტომაც გვიკრძალავს წმინდა პავლე მოციქული მთვრალობას: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე..." ერთი უსაძაგლესი ზიანი (ვნება), რომელიც სიმთვრალისგან წარმოსდგება, ის არის, რომ იგი კაცს რაღაც დროით პირუტყვად აქცევს, ჭკუას უბნელებს, ენას უბამს. ამიტომ მოერიდე, ჩემო ძმაო, ვისაც გესმით ამდენი, სიხარბით ღვინის სმას. არათუ არ უნდა დათვრე, ზედმეტიც არ უნდა დალიო. წმინდა მოციქული ღვინის სმას სრულიად კი არ გიშლის, მან თვითონ მისცა ნება და უბრძანა კიდეც თავის საყვარელ მოწაფეს - ტიმოთეს, რომელიც კვიპროსის მწყემსმთავრად დაადგინა, მცირეოდენი ღვინის სმა სხეულისა და ჯანმრთელობისათვის".

ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა
"ყურძენი და ღვინო ღმერთმა გააჩინა და მოგვცა, რომ ვიხმაროთ იგი ჩვენდა სასარგებლოდ და სასიამოვნოდ. ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა... ხოლო სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წაართმევს კაცს თავისუფლებას, დაამსგავსებს პირუტყვს, ერთი სიტყვით, წაართმევს მას კაცობრივ ბუნებას.

მემთვრალეთა შესახებ დიდი მამა ბასილი დიდი ამბობს: "მემთვრალე არ არის ღირსი იცხოვროს საზოგადოებაში; იგი უნდა დააყენონ და აცხოვრონ პირუტყვთა შორის".

მემთვრალენი გავგზავნოთ ძროხასთან და ცხენთან...
"საღმრთო წერილი ზარმაც კაცს ჭიანჭველასთან გზავნის, რომ მისგან ისწავლოს შრომისმოყვარეობა ("მიბაძე ჭიანჭველას, ზარმაცო"), ხოლო მემთვრალე უნდა გავგზავნით ძროხასთან და ცხენთან და სხვა პირუტყვებთან, რომ იმათგან ისწავლოს სასმელის ზომიერი მიღება. პირუტყვი უზომოდ და უდროოდ წყალსაც არ დალევს. მემთვრალეს კი არც ზომა აქვს და არც დრო დანიშნული ღვინის სმისთვის.

როდესაც წმინდა ეკლესიას სურს ცოდვილი კაცის გამოფხიზლება და დარიგება, მაშინ მას მაგალითად უფალ იესო ქრისტესა და წმინდა კაცთა ცხოვრებას წარმოუდგენს, ხოლო როდესაც მემთვრალე კაცის შეგონება დაგვჭირდება, მაშინ პირუტყვები უნდა დავუსახოთ მაგალითად. ამაზე უდიდესი შეურაცხყოფა კაცის ბუნებისა რაღა იქნება!"

ღვინით არ გაახურო სისხლი
"მე მხოლოდ ის მსურს შეგაგონო შენ, რომ არათუ იმ უკიდურეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის სმაში, რომ სრულიად ჭკუა და გონება დაკარგო და აღარ იცოდე, რას სჩადიხარ, არამედ მომეტებული, ე.ი. რაც საჭირო არ არის, იმაზე მეტი ღვინო არ დალიო.

უგრძნობლად დამთვრალი პირუტყვზე უარესია. მასზე აღარც კი ღირს ლაპარაკი. მე შენ იმას შეგახსენებ, მომეტებულიც აღარ დაჰლიო, ღვინით არ გაახურო სისხლი; ესეც ბილწება არის და ბილწებაში ჩაგაგდებს. ზომიერი ხმარება ღვინისა სიმრთელეა კაცთათვის. არც ღმერთი აღკვიკრძალავს; უზომო ხმარება თავისთავად ცოდვაა და სხვა ცოდვის მიმზიდველი. ნუ აავსებ ღვინითა მუცელს, თორემ მისი ორთქლი მუცლიდან თავში აგივარდება, ტვინს დაგიბნელებს, ჭკუას ჩამოგართმევს, ეშმაკის ხელში ჩაგაგდებს და მტრის სათამაშოდ გაგხდის".

სულითა და გულით წუთისოფელს ეკუთვნი
"აქ, ეკლესიაში, გულგრილად და დაფანტულად სდგახარ, ორ სიტყვას ვერ ახერხებ, რომ ღვთის წინაშე ჯეროვნად ილოცო მდუღარე სულით, მაგრამ როდესაც სუფრასთან ჯდები, მაშინ უნდა შეგხედოს კაცმა, რა გამხიარულებული ხარ, რა ანთებული გაქვს თვალები და რა ბედნიერად თვლი თავს. ე.ი. სულითა და გულით წუთისოფელს ეკუთვნი, ჭამა-სმა შეადგენს შენს ბედნიერებას, ამსოფლიური ჩვევები არის შენი ნუგეში".

სულიერი სიხარული ეძიე
"წმინდა მოციქული გვეტყვის: "ნუ დათვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა". სულიერი სიხარული ეძიეო. რა არის სულიერი სიხარული? სულიერი სიხარული ის იქნება, თუ შენ, სუფრასთან დამჯდარი, საჭმელს და სასმელს ზომიერად მიიღებ და ნაცვლად მრავალი ღვინის სმისა,Aშენ წარმოთქვამ სულიერ გალობას და იმით გამხიარულდები, დატკბები შენი ნათესავების ნახვით და მათთან საუბრით; მოყვრებთან, რომლებიც შენ გეწვივნენ.

"აღივსენით სულითა" - ამ დარიგებას უკეთ ასრულებს ის ქრისტიანი, რომელსაც დღესასწაული უყვარს დღესასწაულისათვის და არა ჭამისა და სმისთვის".

სიმთვრალე სიცოცხლეს მოგისწრაფებს
"სიმთვრალე კაცს ხორციელადაც ღუპავს. იგი კაცს ჯანმრთელობას დააკარგვინებს. მართალია, მემთვრალე თავიდანვე ვერ შეატყობს, როგორ აფუჭებს ღვინო მის სხეულს და ჯანმრთელობას, მაგრამ ბოლოს მომეტებულად შეიტყობს ამის შესახებ.

სასმელის უზომო მიღება, მეტადრე - მაგარი სასმელის, გაგიფუჭებს სისხლს, წაგიხდენს ძარღვებს, დაგიზიანებს ფილტვებს, საბოლოოდ, სიცოცხლეს მოგისწრაფებს".

"მემთვრალენი საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებენ"
"სიმთვრალე აღარიბებს კაცს. მთვრალ კაცს მუშაობა ეზარება, თავის სახლ-კარს ვეღარ პატრონობს, მის გარშემო ყველაფერი ისპობა და ფუჭდება. მისი სიმთვრალის გამო ყველაფერი ისე ნადგურდება, როგორც თავად მისი ორგანიზმი. მაშასადამე, სიმთვრალე ამ ქვეყნადაც ღუპავს კაცს (სიცოცხლეს უმოკლებს) და იმ ქვეყნადაც ცხონებას მოაკლებს. საღმრთო წერილში ნათქვამია, რომ "მემთვრალენი საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებენ" (II კორ. 6:10)".

მოამზადა
ეკატერინე ქორიძემ
ბეჭდვა
1კ1