შენ კი რით მადლობ უფალს - ამ დიდი განძის სანაგვეზე გადაგდებით?!
შენ კი რით მადლობ უფალს - ამ დიდი განძის სანაგვეზე გადაგდებით?!
ძველად ქართველები პურს როგორ გადააგდებდნენ! ძირს დაგდებულ პურის ნატეხს აიღებდნენ, გაწმენდნენ, ჯვარს გადასახავდნენ, ეამბორებოდნენ, მაღლა შემოდებდნენ, ჩიტებს რომ ეკენკათ. ამ შეგნებით ზრდიდნენ ბავშვებსაც. შთააგონებდნენ, - პურს თუ გადააგდებთ, ღმერთი ბარაქას გამოგვილევსო. ასე უფრთხილდებოდნენ ღვთის მოცემულს, უფლის წყალობას. ახლა კი ლამის დღე ისე არ ჩაივლის, ტელევიზიით რომ არ გვიჩვენონ სანაგვეზე გადაყრილი ბავშვები, ზოგი ცოცხალი და ზოგი უკვე გარდაცვლილი. შეხედავს მათ უშვილო ოჯახი და ამოიკვნესებს: ეჰ, ნეტავ ჩვენთვის მაინც მოეყვანათო. მართლაც რომ ჯოჯოხეთის ცეცხლის ტრიალია გარშემო, ჩვენთა ცოდვათაგან ანთებული. "ჰოი, დედაკაცო, - მივმართავთ საკუთარი ჩვილის სანაგვეზე გადამგდებს, - ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო შენზე - შვილიერების უნარი მოგცა და ამ წყალობას შენს წარსაწყმედად იყენებ?! სახიერმა ღმერთმა ისე განაგო, რომ არც წმინდა ილია მართალსა და მის მეუღლეს, ოლღას, არც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს (თაყაიშვილს) და მის თანამეცხედრე ნინოს შვილი არ მისცა და შენ, ერთ უბირ დედაკაცს, გიბოძა. შენ კი რით მადლობ - ამ დიდი განძის სანაგვეზე გადაგდებით?! განა ის, ვინც თქვა, ძაღლსა და ღორს მარგალიტს ნუ დაუყრითო, გაპატიებს ამ უმადურობას, ამ მკრეხელობას, თუ ასეთი უნანელი, უგულო დარჩები?! შენი შვილის სული იქ ღმერთს შეჰღაღადებს და დედის ცოდვებისაგან მკვდარ სულს იგლოვს. მაინც რა გაგიჭირდა ისეთი, როგორ დაგიბნელდა გონი, რომ ხელაუკანკალებლად, გულშეუძვრელად დაუგდე მთლად თოთო, უძლური პატარა ძაღლთა და ღორთა დასათრგუნად და შესაჭმელად? ასე ხომ მხეცნიც არ იქცევიან, ისინი არ ერიდებიან შვილებისთვის თავის გაწირვას. შენ კი იმ მხეცზე უარესი არ გამოდიხარ?! თუ უშვილო ოჯახი არ იცოდი, რომ ბავშვი მიგეგდო გასაზრდელად, ეკლესიისკენ მიმავალი გზა რამ დაგავიწყა?! მიგეყვანა პატარა და იქ დაგეტოვებინა. ბათუმში, ზესტაფონში, თბილისში ეკლესიასთან არსებული რამდენიმე პანსიონი-გიმნაზია და თავშესაფარია, სადაც მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვები იზრდებიან. ხომ შეიძლებოდა, შენი შვილი მათთან ერთად გაზრდილიყო, ესწავლა, დილა-საღამოს ელოცა თავისი სამშობლოსათვის, თავისი დედისთვის? შენ კი ამ ბავშვურ სიხარულსაც მოაკელი. ახლა მაინც დაფიქრდი, რომ შემდეგი შვილი მაინც არ გაიმეტო სანაგვეზე გადასაგდებად!"

მახსენდება ერთი ამბავი: აღდგომა ღამეს თბილისის ერთ-ერთი ტაძრისკენ მიმავალ მორწმუნეებს შორიახლოდან ბავშვის ტირილი შემოესმათ. მოიძიეს და გზის პირას საფენში გახვეული ჩვილი იპოვეს. ეტყობა, დედა სადმე ახლოს იმალებოდა, რადან პატარას ტუჩებზე რძე ჯერ არ ჰქონდა შემშრალი. ბავშვი ტაძარში მიიყვანეს. იგი ერთმა ქალიშვილმა იშვილა. უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ. ბავშვი ძალზე ლამაზი, ჭკვიანი, გონიერი აღმოჩნდა, კლასშიც პირველია და მთელი სამეზობლოს თვალი და გულია. და ყველაზე უცნაური ის არის, რომ გოგონა ძალზე დაემსგავსა ბებიას - დედობილის დედას. ჩვენ არ ვიცით, სად არის ახლა მისი ხორციელი დედა, ერთი კია - ძალზე მადლიერნი ვართ მისი, რომ მოსაკლავად არ გაიმეტა პატარა. მადლობელი ვართ, რადგან ყოველი ბავშვი ხომ მარტო თავისი მშობლების შვილი არ არის, პირველ რიგში ღვთის შვილია, შემდეგ - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ბოლოს - ჩვენიც. ჩვენი მომავალია და თუ არ გავუფრთხილდებით, "ღმერთი ბარაქას გამოგვილევს", უფლის წყალობა მოგვაკლდება ჩვენც და ჩვენს შვილებსაც და გადავშენდებით. ამიტომაც არის ასე ღვთივკურთხეული სხვისი შვილის შვილად აყვანა და გაზრდა. ეს ეკლესიურად ასე ხდება: მამობილ-დედობილი პატარას ტაძარში მიიყვანენ. მოძღვარი წაუკითხავს საგანგებო, "შვილად აყვანის ლოცვებს". ამ დროს დიდი მადლი გადმოდის ბავშვზე და მის ახალშეძენილ მშობლებზე. იგი არა მარტო განამტკიცებს მათ სიყვარულს, არამედ ხშირად მეცნიერთათვის აუხსნელი რამ ხდება - დედობილს ძუძუში რძე უდგება ხოლმე, ანდა უკეთესი: ღმერთი მოხედავს ამ ოჯახს და დედაკაცს, ვითარცა ბიბლიურ რაქელს, რომელმაც თავისი მხევლის შვილი იშვილა და ამით შვილიერ იქმნა, გაიხსენებს და განუღებს საშოს - მას მიეცემა საკუთარი შვილიც. ერთ ასეთ ამბავს მოგითხრობთ: ჩემს მეზობელ ოჯახს ათი წელი შვილი არ ჰყავდა და ექიმებიც არანაირ იმედს არ იძლეოდნენ. სხვა რაღა დარჩენოდათ, ცოლ-ქმარმა ბავშვი იშვილა და მოხდა სასწაული - წლისთავზე ქალი დაფეხმძიმდა, შეეძინათ ბიჭი და ახლა ორი ვაჟკაცია მათ ოჯახში. ასეთი გულისხმისსაყოფელი შემთხვევა ბევრი ყოფილა. მართლაც, ვინ ჩაწვდება ღვთის განგებას, კურთხეულ იყოს მისი სახელი! იგი იმდენად მოწყალე და სახიერია, რომ თავი თვისიც კი დასდო ჩვენ, ცოდვილთათვის. ამიტომაც მხოლოდ ერთი - მინდობა გვმართებს მისი წმინდა ნებისა და მადლიერებით მიღება ყოველგვარი სიხარულისა თუ განსაცდელისა, რათა უფლის მიერ მოცემული არსობის პური ჩვენი უმადურობით არ გაგვიქვავდეს და არ გვექცეს დაბრკოლების ლოდად სულის ხსნისას.
ბეჭდვა
1კ1