ამაოება
ამაოება
რას ნიშნავს ამაოება? იმას, რომ ადამიანი ცოდვებს მეტად ეთაყვანება, ვიდრე უფალს
როცა ადამიანის მიწიერი ცხოვრება მხოლოდ ცრუ ფასეულობათა შეძენისკენ არის მიმართული - ცდილობს, წუთისოფლისგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს, მთლიანად ამაოებასაა მიჯაჭვული, ასეთს ან არ ახსოვს მარადიულობა, ან საერთოდ არ სწამს იგი. მეორე მხრივ, როგორც არ უნდა ეცადოს ერისკაცი, თავი მოიზღუდოს წუთისოფლისგან, საკუთარ თავში ამაოებას სრულად მაინც ვერ დათრგუნავს. თუმცა მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, წუთითაც კი არ უნდა მოვუხუჭოთ თვალი წუთისოფელს...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- ამაოა ყველაფერი, რაც ადამიანის სულისთვის უსარგებლოა, მის ცხონებას, სასუფეველში დაბრუნებას არ ემსახურება. სამოთხეში ყოფნისას ამაოებათა საჭიროება არ არსებობდა. ყოფით საჭიროებათა აუცილებლობა ადამიანის დაცემულმა ბუნებამ გამოიწვია. მათ მოპოვებაზე ზრუნვა ადამიანს არ ეკრძალება, მაგრამ როცა ფუფუნების მოწყობაზე იწყებს ზრუნვას, ამაოებაში ვარდება. ცხადია, უნდა ვიშრომოთ, მოვიპოვოთ ყოველივე, რაც ჩვენი არსებობისთვის საჭიროა, მაგრამ არამც და არამც ჩვენი შრომისა და გონიერების იმედით, არამედ უფლის შემწეობის რწმენითა და სასოებით. სხვაგვარად ამაოებაში ჩავცვივდებით.

- მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, სად გადის ზღვარი აუცილებლობასა და ამაოებას შორის?

- როგორც წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს, ყველაზე დიდი სათნოება განსჯის უნარია. თუ ადამიანს ეს უნარი არ აქვს, ზღვრის პოვნა გაუჭირდება. ცხადია, სულიერი მოძღვარიც უნდა დავიხმაროთ.

შესაძლოა, ვინმესთვის კომპიუტერის, მანქანის თუ სხვა ნივთის ქონა აუცილებელი იყოს, მაგრამ თუკი მათ დანიშნულებისამებრ, საქმისთვის არ გამოიყენებს და მხოლოდ გაერთობა, ამაოებაში ჩაეფლობა.

სოლომონ მეფე "ეკლესიასტეს" ამ სიტყვებით იწყებს: "ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოა" - თვლის, რომ ყოველივე, რაც დედამიწაზეა, ამაოა. ეს წმინდა მამებმაც დაგვიმტკიცეს, ამქვეყნიურ, საერო ცხოვრებას რომ განეშორნენ. მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ მცირედ პურსა და წყალს იხმევდნენ, მაგრამ ერისკაცებზე გაცილებით მეტხანს ცოცხლობდნენ. მაგალითად, სვიმეონ მესვეტე პირველმა, რომელიც 80 წელი სვეტზე იდგა და მხოლოდ პურსა და წყალს იხმევდა, 100 წელზე მეტხანს იცოცხლა...

თუ დავაკვირდებით, უფალთან დასაახლოებლად არაფერი ისე არ გვჭირდება, როგორც სულზე ზრუნვა, სხვა ყველაფერი კი მხოლოდ გვაცილებს მას. წუთისოფელიც ხომ სწორედ იმიტომ გვეძლევა, რომ სულზე ზრუნვას და უფალთან დაახლოებას მოვახმაროთ. მაგრამ რადგან ადამიანის დაცემულმა ბუნებამ ყოფით საჭიროებათა აუცილებლობა გამოიწვია, უნდა ვიზრუნოთ კიდეც მათ მოპოვებაზე, მთავარია, სრულიად არ მივეჯაჭვოთ მიწიერს.

KARIBCHE- რა დრო უნდა დაუთმოს ერისკაცმა სულიერ ფასეულობებზე ზრუნვას?

- წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ბრძანებს, თუ ადამიანი იმდენს მაინც არ ზრუნავს სულისთვის, რამდენსაც ხორცისთვის, ვერ სათნოეყოფა უფალსო. სამწუხაროდ, ამის გაკეთება გვიჭირს - მიწიერ საზრუნავს გაცილებით მეტ დროს ვუთმობთ. ძილი, საზრდელის მიღება და სხვა ამგვარი მხოლოდ ხორცს სჭირდება. როცა ყურადღებას ვაქცევთ, ლოცვას და უფალზე ფიქრს, ღვთივსათნო საქმეთა კეთებას დღის განმავლობაში რამდენ დროს ვუთმობთ, ხშირად მაშინაც კი ამაოებისკენ გაგვირბის ფიქრი. ასე რომ, გამოდის, ძირითად დროს ამაოებაზე ზრუნვაში ვატარებთ და რომ არა უფლის მრავალმოწყალება, თითქმის ვერც ერთი ადამიანი ვერ განერიდებოდა საუკუნო სასჯელს. ისევ ღვთის მრავალმოწყალება გვიფარავს. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, უფალი ყველა კაცში ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას. ასე რომ არ იყოს, ვერავინ გადარჩებოდა.

უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ამაოებისკენ მეტად მივილტვით, ჩვენი დაცემული ბუნებაა. როცა ადამიანი ცოდვით დაეცა, მისი ბუნება შეირყვნა და ცოდვისკენ მიიდრიკა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქრისტიანი ნათელს იღებს წმინდა სამების სახელით და ამ დროს მიეტევება ადამისეული ცოდვა, მისი ბუნება მაინც დაცემული და ცოდვისკენ მიდრეკილი რჩება. ამიტომ ცოდვას უფრო იოლად სჩადის, ვიდრე სიკეთეს. სიკეთის ქმნას ძალა სჭირდება, ცოდვისას კი - უქმად ყოფნა, ამიტომ ცოდვა მეტად იზიდავს ადამიანს და თუ არ შეეწინააღმდეგა, არ სძლია ამაოებისკენ ლტოლვას, წარმავალ ცხოვრებაზე მიჯაჭვულობას ვერ მოერევა.

შეიძლება ითქვას, ძველმა ქრისტიანებმა ამაოება სრულიად დათრგუნეს. რომ ეარსებათ, მათ გაცილებით მეტი შრომა სჭირდებოდათ, ვიდრე თანამედროვე ადამიანს. თავისთავად, აღარც ძალა რჩებოდათ და აღარც დრო, ამაოებაზე რომ ეზრუნათ - გართობას გადაყოლოდნენ, უქმადმეტყველებას მისცემოდნენ, უზრუნველი ცხოვრების მოწყობაზე ეზრუნათ...

დღეს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანებს სამუშაო ძალები გამოუთავისუფლა, მათ კი ხშირად სწორედ ამაოებაზე ზრუნვას ახმარენ.

- რატომ დაუშვა უფალმა, რომ ადამიანს გამოთავისუფლებოდა სამუშაო ძალა და ჰქონოდა თავისუფალი დრო?

- უფალი ყოველივეს კეთილად განაგებს. ესეც იმისთვის დაუშვა, რომ უფრო მეტი დრო გვქონოდა უფალზე ფიქრისთვის, ეს დრო სულზე ზრუნვისთვის გამოგვეყენებინა.

- ხომ შეიძლება, ადამიანი თავს ქრისტეს მიმდევრად თვლიდეს, ეკლესიურადაც ცხოვრობდეს, ასრულებდეს მის მიერ დადგენილ წესებსა და კანონებს, მაგრამ მისმა სარწმუნოებრივმა ცხოვრებამ მაინც ამაოდ, ფუჭად ჩაიაროს?

- ასე მაშინ ხდება, როცა კაცს არ აქვს ჭეშმარიტი რწმენა და ღვთის სიყვარული, როცა მისი ქრისტიანობა, სარწმუნოებრივი ცხოვრება ზედაპირული და მხოლოდ გარეგნულია, ისეთი, როგორიც ფარისეველთ ჰქონდათ. ისინი ხომ ზედმიწევნით ასრულებდნენ ღვთის სჯულს, მაგრამ მოვიდა განკაცებული უფალი და ჯვარს აცვეს. მტკიცე და ღრმა სარწმუნოების არქონის მიზეზი ზოგჯერ ამპარტავნებაა, ზოგჯერ კი რელიგიური გაუნათლებლობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უმჯობესია, მხოლოდ გარეგნული ქმედებებით გამოხატული ქრისტიანობა უცოდინარობაზე იყოს აღმოცენებული და არა ამპარტავნებაზე - როცა ადამიანმა არ იცის, რა ევალება, ღვთივსათნოდ როგორ იღვაწოს, მაგრამ თავმდაბალია, იკითხავს და ეცდება, ისე მოიქცეს, როგორც დაარიგეს. ამპარტავანი კი არ იკითხავს, რადგან მიაჩნია, რომ ყველაფერს მართებულად აკეთებს. ამდენად, თუ გვსურს, ჩვენმა ქრისტიანულმა ცხოვრებამ, სულზე ზრუნვამ ფუჭად არ ჩაგვიაროს, უპირველესად იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორი მორწმუნენი ვართ შინაგანად, რამდენად ღრმაა ჩვენი რწმენა და ღვთის სიყვარული.

- ზოგჯერ ადამიანი ერში ცხოვრობს, მაგრამ საქმეს თავს არიდებს და გამუდმებით სასულიერო ლიტერატურას კითხულობს...

- უმეტესად ეს ხიბლის გამოხატულებაა. თუ ადამიანს ლოცვისა და უფალზე ფიქრის გარდა აღარაფერი ახსოვს, მისი სულიერი მდგომარეობა ისეთ სიმაღლეზე ასულა, რომ აუცილებლად დატოვებს საერო ცხოვრებას და მონასტერში წავა. შესაძლოა, ეს სიზარმაცის გამოხატულებაც იყოს - ადამიანს არ სურს საოჯახო საქმეების კეთება და იმიზეზებს, რომ უნდა ილოცოს, ეკლესიაში წავიდეს... ასეთებს, როგორც წესი, არ ჰყავთ სულიერი მოძღვარი, რომელმაც მათ შესახებ ყველაფერი იცის და მათ სულს უმკურნალებს, თუმცა შესაძლოა, აღსარებას აბარებდნენ და საეკლესიო მსახურებებსაც ესწრებოდნენ. ხშირად იცვლიან მოძღვარს, აღსარებას სხვადასხვა მღვდელს აბარებენ, რათა ამ გზით იოლად აღასრულონ არა მოძღვრის მორჩილება, არამედ საკუთარი ნება.

- ამაოების სახეებს შორის ყველაზე მეტად ამაოდმეტყველებაა გავრცელებული - თითქმის ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ჩვევად არ ჰქონდეს განკითხვა და უქმადმეტყველება. ბევრი ბილწსიტყვაობასაც არ ერიდება...

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თვით საღვთისმეტყველო საკითხებზე მრავლისმეტყველებაც საზიანოა ადამიანის სულისთვის. ესეც კი ამაოდმეტყველებად გვეთვლება.

ამაოდმეტყველების, განსაკუთრებით - განკითხვის, მიზეზი ხშირად ამპარტავნებაა. ბევრი საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებს ძნელად ან საერთოდ ვერ ამჩნევს, სხვებისას კი ადვილად ხედავს და მოყვასს განიკითხავს, მასზე ძვირსიტყვაობს. ამ გზით უმეტესწილად სურთ, თავი სხვებზე უკეთესად წარმოაჩინონ. უფალი სხვათა ცოდვების დანახვის უნარს იმისთვის კი არ გვაძლევს, მოყვასი რომ განვიკითხოთ და მასზე ავი ვთქვათ, არამედ იმისთვის, რომ მისმა მაგალითმა ჩვენს თავზე დაგვაფიქროს, საკუთარი თავი განვიკითხოთ, დავუკვირდეთ, მსგავს ცოდვას ჩვენც ხომ არ ვჩადით და მანკიერებათა გამოსწორებაზე ვიფიქროთ.

უმთავრესი მიზეზი ამაოდმეტყველებისა ღვთის უსიყვარულობა და რწმენის ნაკლებობაა. საზოგადოდ კი, ნებისმიერი ცოდვის ჩადენით ადამიანი ამტკიცებს, რომ ღვთის სიყვარული არ აქვს. რას ნიშნავს ამაოება? იმას, რომ ადამიანი ცოდვებს მეტად ეთაყვანება, ვიდრე უფალს, არ უყვარს ღმერთი. ასე რომ არ იყოს, ყოველივეს ღვთის სიყვარულისთვის გაიღებდა, მასზე დააფუძნებდა და აღმოაცენებდა. საუბარსაც მხოლოდ უფლის ნების შესაბამისად წარმართავდა.

- ხომ შეიძლება, კაცს ლოცვაც ამაოდ ექცეს?

- საზოგადოდ, ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს ღვთივსათნო ან ამაო, მათ შორის - ლოცვაც, თუ მას თავმდაბლად არ ვასრულებთ, რწმენასა და ღვთის სიყვარულზე არ აღმოვაცენებთ. ლოცვისას არ უნდა ვითხოვდეთ მიწიერს - ესეც ამაოდ გვეთვლება. უფალმა სულზე ზრუნვა დაგვავალა და აღგვითქვა, თუ სულიერზე ვიზრუნებთ, მოგვეცემა ყველაფერი, რაც მიწიერი, ხორციელი ცხოვრებისთვის არის საჭირო.

ლოცვა მაშინაც ამაოდ შეგვერაცხება, როცა მოყვასს ჩვენი დახმარება სჭირდება, ჩვენ კი ამ დროს ლოცვას არ ვწყვეტთ, უყურადღებოდ ვტოვებთ მის გასაჭირს და ლოცვის აღსავლენად ვდგებით.

- ალბათ ლოცვის დროს გონებაგაფანტულობაც ამაოებაში გვაგდებს.

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ლოცვისას ადამიანს ყველაზე მეტად ებრძვის ბოროტი სული, აწვდის უკეთურ აზრებს და კაცს გონება ეფანტება. მაგრამ თუ იგი არ წყვეტს ლოცვას, ცდილობს, გულისყური მოიკრიბოს, ემსგავსება მებრძოლს, რომელიც არ ტოვებს ბრძოლის ველს, ცდილობს მტრის დამარცხებას. ასევე ბოლომდე ებრძვის სულიერ მტერს ის ადამიანიც, რომელიც, მიუხედავად გონებაგაფანტულობისა თუ ბოროტი სულისგან შეთავაზებული სხვა სახის საცდურისა, ლოცვას თავს არ ანებებს. ასეთი მლოცველი საბოლოოდ გაიმარჯვებს კიდეც. მაგრამ თუკი ლოცვის აღვლენისას მთლიანად მიწიერ საზრუნავზეა გადართული ან იმას ფიქრობს, როდის გავა დრო და როდის დაასრულებს ლოცვას - ამაოებაში ვარდება.

- ლოცვასთან ერთად ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა მარხვაა, მაგრამ თუ ადამიანი მარხვას ჯეროვნად ვერ იცავს, ესეც ხომ ფუჭად ეთვლება? მაინც რა შემთხვევაშია ჩვენი მარხვა ამაო და როგორ ვიმარხულოთ ჯეროვნად?

- უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ მარხვა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული საზრდელის მიღებისგან თავშეკავებას, - ეს მარხვის ხორციელი მხარეა, - თუმცა ხორციელი მარხვის დაცვაც ზომიერებას მოითხოვს. როცა კაცი ზომაზე მეტად ნაყრდება ან მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომელი სამარხვო კერძი იხმიოს, მრავალფეროვანი სამარხვო პროდუქტი შეიძინოს, ცხადია, ეს უმართებულოა. შესაძლოა, ადამიანი ჯეროვნად იცავდეს მარხვის ხორციელ მხარეს, მაგრამ თუ მას სულიერ მარხვასაც არ უთავსებს - მომეტებულად არ ზრუნავს სულზე, ლოცვით იქნება ეს, ცოდვათა გამო გლოვითა თუ სინანულით, - არც ასეთი მარხვაა ღვთისთვის სათნო. მარხვის საშუალებით ადამიანმა უპირველესად ბოროტის დამარცხება, ვნებების ძლევა და სულიერი წინსვლა უნდა შეძლოს.

- ამაო ცხოვრების მიზეზად ზოგიერთი ადამიანისთვის სიმდიდრე, მატერიალური შეძლება იქცევა...

- ზოგჯერ უფალი ადამიანს იმაზე მეტს აძლევს, ვიდრე მისი არსებობისთვის არის აუცილებელი. ეს იმისთვის ხდება, რომ კაცი ისევ თავის სულს შეეწიოს მოწყალების გაცემითა და კეთილი საქმეების ქმნით.

- როდის არის წუხილი ამაო და როდის - ღვთივსათნო?

- თუ ადამიანი თავისი ცოდვების გამო წუხს, მისი მწუხარება ღვთივსათნოა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კი ამაო და ფუჭია. განსაცდელის ჟამს არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ღმერთი არსებობს, ყოველთვის შეგვეწევა და გამოსავალს გვაპოვნინებს.

- ზოგჯერ იმედიც ფუჭად ჩაგვივლის ხოლმე...

- როცა ადამიანი ღმერთზე არ ამყარებს სასოებას, მისი იმედი ამაოა. შესაძლოა, უფალი რომელიმე ადამიანის ხელით შეგვეწიოს, მაგრამ თუ ჩვენს კეთილისმყოფელსაც უფალი არ შეეწია, სიკეთეს ვერ გააკეთებს. ამიტომ ჩვენი სასოება მხოლოდ ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული.

- ზოგიერთი მიწიერ საზრუნავზე გადაგებული ადამიანი წუთისოფლისგან მხოლოდ ფუფუნებისა და სიამოვნების მიღებას ცდილობს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ხვდება, რომ ცხოვრებას ამაოდ ატარებს. ამ განცდას ის სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს...

- როდესაც კაცი მხოლოდ ამაოებაზე ფიქრობს, ან საერთოდ არ სწამს უფლის არსებობა, ან არ ახსოვს ღმერთი, ანდა არ სურს, ახსოვდეს. ზოგჯერ კი აღმოაჩენს, რომ ცხოვრებას ამაოდ ატარებს. ეს განცდა შესაძლოა ღვთისგანაც იყოს და ეშმაკისგანაც. თუკი ადამიანი ამ აღმოჩენის შემდეგ სასოწარკვეთილებაში ვარდება, ეს განცდა ეშმაკისგანაა და ხშირად კაცი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. ეს პრობლემა მატერიალურად დუხჭირ ქვეყნებში ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ მდიდარ ქვეყნებში ძალზე მძაფრია - ფუფუნებას ჩვეული ადამიანები თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ მიწიერ ცხოვრებაში ყველაფერი ამაოა, მაგრამ გამოსავალი ვერ იპოვეს, ვერ მიხვდნენ, რომ ხსნა უფალში უნდა ეძებნათ, არ გაახსენდათ ღვთის არსებობა, რადგან ეშმაკმა ღვთის ჭვრეტის უნარი დაუკარგათ. ღვთის ანგელოზი ყველა მათგანს მისცემდა ნიშანს, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება, მაგრამ საკუთარი ნებით ეშმაკისგან მოწოდებულ აზრს დაჰყვნენ.

როცა აღმოაჩენს, რომ ცოდვილია, თუ კაცმა უფალს არ მიმართა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. გავიხსენოთ პეტრე მოციქული და იუდა. პეტრე მოციქულმაც შესცოდა, როდესაც სამგზის უარყო უფალი, მაგრამ მთელი არსებით შეიგრძნო თავისი დანაშაული. არ მიუტოვებია უფალი, ტირილითა და გლოვით გამოხატა სინანული და შენდობა ითხოვა. იუდამაც შეიგრძნო თავისი ცოდვა, ოცდაათი ვერცხლი მიუყარა მღვდელმთავრებს - შევცდი, მართალი კაცი გადმოგეცითო, მაგრამ შემდეგ წავიდა და თავი ჩამოიხრჩო, რადგან არ ჰქონდა ღმერთის იმედი. არ იფიქრა, რომ უფალი მიუტევებდა.

ნებისმიერი ცოდვილის ღვთისკენ მიბრუნების გამო ზეცაში ანგელოზები ხარობენ. როდესაც უფალს მივენდობით, მასში ვეძიებთ ხსნას, აუცილებლად შეგვეწევა. მთავარია, მისი იმედი არ დავკარგოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ უფლისთვის შეუძლებელი არაფერია. ცოდვილს კი ყველაზე მეტად შეეწევა ღმერთი. ცხადია, თუ თვითონვე მოისურვებს ამას ადამიანი: უკუეთუ ღირსსა შეეწიო და შეიწყალო, ესე არა არს საკვირველი, არამედ უფროისა მე შემეწიე და შემიწყალეო, - წარმოითქმის მონანულის ლოცვაში. თუ ადამიანი თავისი ცხოვრების წესით ღირსია ღვთის შეწევნისა და მას შეიწყალებს უფალი, - ეს არ არის საკვირველი; მაგრამ საოცარია, როცა ცოდვილს შეეწევა და შეიწყალებს.

- ერში მცხოვრები მხოლოდ სულზე ზრუნვას ვერ მოახერხებს. და ალბათ არც მოეთხოვება... თუკი ადამიანი მხოლოდ სულიერ ფასეულობათა მოხვეჭაზე ზრუნავს, ცხადია, მონასტერში უნდა წავიდეს.

- მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ, მიწიერ საკითხებზე ზრუნვა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარეობდეს. რაც შეეხება მონასტერში წასვლას, თუკი ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე მივა, უდიდესი მადლი მიუღია. პავლე მოციქული ამბობს, ვინც იქორწინებს - კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ იქორწინებს - კიდევ უკეთესადო. მოციქული მონაზვნობას აქებს.

წმინდა იოანე ოქროპირს, როცა სახარების განმარტებისას მონაზვნობას აქებს და ადამიანებს ამ გზისკენ მოუწოდებს, ეკითხებიან: მამაო, ყველას მოუწოდებ ამისკენო? მოძღვარი პასუხობს: დიახ, ყველას მოვუწოდებო. მაგრამ თუკი ადამიანი ერში ცხოვრობს, ოჯახი ჰყავს და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, ეს არ არის ცოდვა და ღვთისთვის მოსაწონია. ხოლო რაც ღვთისთვის სათნოა, თავისთავად მისაღებიცაა. მაგრამ არსებობს უკეთესიც. უკეთესი კი სწორედ მონაზვნობის გზის არჩევა, მონასტერში წასვლაა.

გავიხსენოთ სახარების ის ადგილი, როცა უფალთან მდიდარი ჭაბუკი მიდის და ეკითხება: რა ვქნა, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო. მცნებანი დაიცავიო, - არიგებს მაცხოვარი. ჭაბუკი კი მიუგებს: მათ ბავშვობიდან ვიცავო. ამის შემდეგ მაცხოვარი მიმართავს: თუ გინდა, სრულ იყო, გაყიდე ყოველივე, რაც გაბადია და მე შემომიდექიო. ასე რომ, ცხოვნებისთვის საკმარისია ერში ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრება, უფლის მიერ მოცემულ მცნებათა შესრულება, მაგრამ თუ ადამიანს უნდა, "სრულ იყოს", სრულყოფილებას მიაღწიოს, რაც საერო ცხოვრებასთან აკავშირებს, ყველაფერი უნდა დაუტევოს და უფალს შეუდგეს. სულიერ სრულყოფილებას ერში მცხოვრები ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს, ერისგან განშორებულ ადამიანს კი ამის შესაძლებლობა აქვს. სრულყოფილება ისაა, როდესაც ადამიანს უფლის გარდა არაფერი ახსოვს და არავითარი მიწიერი აზრი არ აწუხებს. როდესაც კაცი ამას აღწევს, მასში ამაოება სრულადაა დათრგუნული.

- მოწყალების საქმეები რა შემთხვევაში ჩაგვივლის ფუჭად?

- ზოგი მოწყალებას ანგარების - პირადი სარგებლის მიღების მიზნით გასცემს, ან იმისთვის, რომ თავი მოიწონოს. ესეც ამაოა. როდესაც მოწყალებას გავცემთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს საკუთარ ქონებას ვარიგებთ, რადგან გავცემთ არა ჩვენსას, არამედ იმ ქონებას, რომელიც უფალმა მოგვცა. ჩვენ მხოლოდ მის გამგებლად დაგვაყენა. უფალი კი იმიტომ გვაძლევს, რომ გავცეთ, რათა თავიც ვიცხონოთ და სხვებსაც შევეწიოთ.

ნებისმიერ - სიკეთის კეთებისა თუ სათნოებათა ნიჭს ადამიანს უფალი აძლევს, რათა ღვთის სადიდებლად გამოიყენოს. თუ ასე არ მოიქცევა, ამაოდ დაკარგავს ტალანტს.

- სიხარულიც და ბედნიერებაც ხომ შეიძლება იყოს მოჩვენებითი და ამაო?

- სიამოვნება მიწიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელსაც ადამიანი ხშირად ხორციელად ჩადენილი ცოდვებისგან იღებს. სულის თვისება კი ნეტარებაა, რომელსაც უფალი განგვაცდევინებს. ხშირად ერთმანეთში გვერევა ნეტარება და სიამოვნება. ადამიანი სიამოვნებას ეშმაკისგან განიცდის, რასაც პატივმოყვარეობა და ამპარტავნება უდევს საფუძვლად. ეს ნეტარება მოჩვენებითია, ნამდვილ ნეტარებას კი მხოლოდ სიწმინდეში მყოფი, ღვთის წინაშე ჭეშმარიტად წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი მიაღწევს.
ბეჭდვა
1კ1