სპირიტიზმის ცოდვით დაცემა ხშირად უხდებათ ამპარტავან ადამიანებს
სპირიტიზმის ცოდვით დაცემა ხშირად უხდებათ ამპარტავან ადამიანებს
ღვთის ნებას დაუმორჩილებელი ადამიანი ბოროტი სულის მახეში ებმება
სპირიტიზმი - გარდაცვლილთა სულების გამოძახება რომ არაღვთივსათნო საქმეა და ეკლესიისთვის მიუღებელი, ამის ახსნა არც ერთ ჭეშმარიტ მორწმუნეს არ სჭირდება. სამწუხაროდ, მაინც ვხვდებით სპირიტული სეანსებით დაინტერესებულ ადამიანებს. არიან ისეთებიც, რომლებსაც გაუცნობიერებლად, ინტერესის ან გართობის მიზნით, ერთხელ მაინც მიუღიათ მონაწილეობა სპირიტულ სეანსში. აუცილებელია თუ არა, მათაც მოინანიონ ეს საქციელი? საიდან იღებს სათავეს სპირიტიზმი? რომელი ძალები მოქმედებენ სპირიტული სეანსების დროს? სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი გარდაცვლილთა სულების გამოძახებამ? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გელასი ნატროშვილი.

- საიდან მომდინარეობს სპირიტიზმით დაინტერესება და რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ მოვლენის მიმართ?

- სპირიტიზმს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ჯერ კიდევ ძველ ბაბილონელებში, ეგვიპტელებსა და ინდოელ ბრაჰმანებში იყო გავრცელებული. ხშირად მიმართავდნენ ელინებიც - გარდაცვლილთა სულების გამოძახებით სოკრატეც კი ყოფილა დაინტერესებული. ასეთი რამ ხდებოდა მოციქულთა ხანაშიც და ჩვენს დროშიც მიმართავენ.

როგორც მოგახსენეთ, გარდაცვლილთა სულების გამოძახება ძველი სამყაროს წარმომადგენლებისთვის უცხო არ იყო, - ძველ აღთქმაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოიძახა ყუნდორელმა მისანმა ქალმა სამუელ წინასწარმეტყველის სული მეფე საულისთვის, მაგრამ მაშინაც კი იქ, სადაც ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული სუფევდა, - ებრაელ ხალხში, - ასეთი საქმის ჩამდენნი სიკვდილით ისჯებოდნენ, როგორც ამას ამოწმებს "ძველი აღთქმა": "თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მათ და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან... თუ ვინმე აღმოჩნდება თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაიქოლოს..." (ლევ. 20,6-27). "ნუ იქნება თქვენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნობით შემკვრელი, მექალთანე, მჩხიბავი, მკვდართა გამომკითხველი, რადგან საძაგელია უფლისთვის ყოველივე ამის გამკეთებელი" (მეორ. რჯ. 18,10-12). აქედან ნათლად ჩანს, რომ სპირიტიზმით დაინტერესება სასტიკად იკრძალებოდა ძველი აღთქმის პერიოდში, ხოლო ის, რაც ძველ აღთქმაში მიუღებელი იყო, მით უფრო დაუშვებელია ახალ აღთქმაში. სპირიტიზმი ხომ თავისი არსით ჯადოქრობაა, მისი მამოძრავებელი ძალა კი სატანა, კაცობრიობის მტერი - ეშმაკია: "სპირიტიზმი სხვა არაფერია, თუ არა მტრული ხიბლი. ის ადამიანს სულებთან ურთიერთობას ასწავლის, მაგრამ არა სინათლის, არამედ ბნელეთის სულებთან", - წერს ამბროსი ოპტელი. სპირიტიზმის მეშვეობით ადამიანი ცდილობს ჩასწვდეს დაფარულს. "დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა" - ვკითხულობთ წმინდა წერილში. ე.ი. თუკი უფალი რამეს დაგვიფარავს, ეს ჩვენსავე სასიკეთოდაა საჭირო, ამიტომ დაფარულის წვდომის ნებისმიერი მცდელობა ღვთის ნების წინააღმდეგობა ანუ ცოდვაა, რადგან ეს არის მცდელობა მოსტაცო უფალს იმის ხედვა, რაც ჩვენთვის დაფარულია. ეს, ამავე დროს, საშიშიცაა - ღვთის ნებას დაუმორჩილებელი ადამიანი ბოროტი სულის მახეში ებმება.

- როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი გარდაცვლილთა სულების გამოძახებაზე ლაპარაკობს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ სპირიტიზმის დროს გარდაცვლილის სული კი არ ლაპარაკობს, არამედ დემონი...

- დემონურ ძალთა გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ სპირიტული სეანსის დროს მომხდარი ნებისმიერი უჩვეულო მოვლენა - თეფშის, მაგიდისა თუ სხვა უსულო საგნების ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოძრაობა, წარწერები იმ გარდაცვლილის კალიგრაფიით, რომლის სულის გამოძახებაც მოხდა სპირიტული სეანსის დროს. ეკლესია ებრძვის სპირიტიზმს, როგორც სატანის საქმიანობას, რომელიც საბოლოოდ დაგმო და უარყო მსოფლიო კრებამ. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ სპირიტიზმი უარყოფს სულიწმინდას, ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას და მისი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვას. მისი მთავარი მიზანი ჭეშმარიტი ღმერთის - იესო ქრისტეს რწმენის შერყევა და ქრისტიანული რელიგიის სატანიზმით შეცვლაა.

იმის დასტურად, რომ სპირიტული სეანსის დროს დემონური ძალები მოქმედებენ და საქმე გვაქვს ბოროტ სულებთან, არაერთი რეალური მაგალითის მოყვანა შეიძლება: ერთ-ერთმა სპირიტმა სეანსზე გამოძახებულ გარდაცვლილის სულს სამი შეკითხვა დაუსვა: "გწამს თუ არა იესო ქრისტე, გეშინია თუ არა მისი და გიყვარს თუ არა ის?" პირველ კითხვაზე მიიღო პასუხი - მწამს, მეორეზე - მეშინია, მესამეზე კი - არ მიყვარს. გაკვირვებულმა სპირიტმა შემდეგი კითხვით მიმართა სულს - კი მაგრამ, ვინ ხარ შენ? პასუხად მიიღო - სატანა. სპირიტული სეანსის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც ყველაფერი გარკვევით გაიგონა, მაინც მოისურვა მეორედ მოსმენა. პასუხი ზუსტად იგივე მიიღო, მაგრამ ერთი დამატებით: "მე თქვენთან ახლოს ვარ, თქვენი დამარცხება მინდა, მაგრამ არის ვიღაც, ვინც თქვენ გიცავთ". სიტყვა "ვიღაც" დიდი ასოებით იყო დაწერილი. ამის შემდეგ სპირიტმა ეს საქმიანობა შეწყვიტა, მღვდელი მოიყვანა და ოთახი აკურთხებინა. მაგიდა, რომელზეც სპირიტული სეანსები მიმდინარეობდა, საშინლად დაზიანდა.

- სპირიტული სეანსების დროს ხომ წმინდანთა გამოცხადებაც ხდება?

- "და არ არის გასაკვირი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს", - წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტ სულს შესწევს ძალა მიიღოს ანგელოზის ან რომელიმე წმინდანის სახე და ისე გამოგვეცხადოს. არც ის არის გამორიცხული, სიკეთისა და სათნოების სწავლებაც დაიწყოს, სიმართლეც გვამცნოს და გვიწინასწარმეტყველოს. მოციქულთა საქმეების თანახმად, ქალაქ ფილიპეში ყოფნის დროს პავლე მოციქულსა და სილას შეხვდათ მისანი ქალი, რომელიც მისდევდა მათ და იძახდა: "ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც გვაუწყებენ თქვენი ხსნის გზებს!" (საქ. 16,17). პავლე მიუბრუნდა ქალს და მიმართა მის არსებაში ჩაბუდებულ უწმინდურ სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან! და იმწამსვე გამოვიდა" (საქ. 16-18). აი როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისანთა წინასწარმეტყველებებისა და ნაუწყების, მათ შორის - სპირიტული გამოცხადების მიმართ, ვინაიდან ამ გზით ბოროტი სული ადამიანის მოტყუებას და დაღუპვას ცდილობს. ადამიანის სულის დასაღუპად ხომ მისთვის ყველა საშუალება მისაღებია. წმინდა მამები, რომლებმაც საკმაოდ კარგად შეისწავლეს ეშმაკის ხრიკები, ამბობენ, რომ ის პირდაპირ არასოდეს სთავაზობს ადამიანს ცოდვის ჩადენას, რადგან იცის, რომ ამაზე ვერ დაიყოლიებს. თავიდან უმნიშვნელო აზრებს ახვევს თავს, თუკი ადამიანი მიენდობა, მაშინ ეშმაკი აკეთებინებს იმას, რაც სურს. ასევე ხდება სპირიტიზმის დროსაც.

- რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სპირიტიზმით დაინტერესება მიწიერი ცხოვრების ჟამს?

KARIBCHE- ერთ-ერთ ლავრაში ერთი ბერი ცხოვრობდა. ბერად აღკვეცამდე მას მეუღლე ჰყავდა. მალე მისი მეუღლე გარდაიცვალა. ბერი ძალზე დარდობდა. ერთხელ მან გაიცნო სპირიტი, რომელმაც გარდაცვლილი ცოლის სულის გამოძახება შესთავაზა. ბერმა სეანსზე წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მასთან მოღვაწე ბერებმა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, სცადეს, გადაეთქმევინებინათ. ბერმა არავის ათხოვა ყური. სეანსზე მართლაც იხილა თავისი მეუღლე. ამის შემდეგ საერთოდ დაკარგა ნებისყოფა. ხშირად დადიოდა სეანსებზე. საბოლოოდ გალოთდა და მალე გარდაიცვალა კიდეც.

მოხდა ასეთი შემთხვევაც: ერთ ცნობილ ფინანსისტს მეუღლე გარდაეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე იყო, ამ განსაცდელის გამო მწუხარებაში ჩავარდა. ერთმა ნაცნობმა სპირიტულ სეანსზე წასვლა შესთავაზა - გარდაცვლილ მეუღლესთან შეგახვედრებენო. ფინანსისტი სეანსზე წავიდა და მართლაც იხილა ქალი. სპირიტებმა ისიც ასწავლეს, დამოუკიდებლად როგორ ჩაეტარებინა სეანსები. მართლაც გამოეცხადა ცოლი. თავდაპირველად ეჭვმა შეიპყრო - არ სჯეროდა, რომ ცოლის სული ესაუბრებოდა, ამიტომ სთხოვა რაიმე დამამატკიცებელი მინიშნება გაეკეთებინა. სულმა ერთ-ერთ უჯრაზე მიუთითა, უთხრა, რომ იქ იდო სამი წყვილი შალის წინდა, რომელთა არსებობის შესახებაც ფინანსისტმა არაფერი იცოდა. მსგავსი რამ რამდენიმეჯერ განმეორდა. კაცი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მეუღლის სული ეცხადებოდა და ესაუბრებოდა, ამიტომ სპირიტული სეანსების ჩატარებას მოუხშირა, ბოლოს ყოველ ღამით იძახებდა გარდაცვლილი მეუღლის სულს, მთელ ღამეს მასთან საუბარში ატარებდა, დღისით კი ეძინა. საფინანსო საქმეებს საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. ერთ-ერთი სეანსის დროს მეუღლის სულთან ერთად სხვა გარდაცვლილის სულიც გამოცხადდა, რომელმაც აუწყა, მონაზონი სერგი ვარო. ფინანსისტს გაუკვირდა, წმინდა სერგი რადონეჟელს სპირიტიზმის სეანსზე რა უნდაო, მაგრამ ეჭვი მალე გაუქარწყლდა, რადგან წმინდა სერგის სახით გამოცხადებულმა სულმა უთხრა, შენს გამო კი არ მოვსულვარ, არამედ უპოვართა და გაჭირვებულთა გამო, თუ შესაძლებლობა გაქვს, წადი ეკლესიაში და გაჭირვებულებს მოწყალება დაურიგეო. მართლაც ასე მოიქცა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ გამოეცხადა "ნეტარი სერგი" და რჩევა მისცა. ფინანსისტმა მისი რჩევით მთელი თანხა ერთ-ერთ ახალდაარსებულ ფირმაში ჩადო. ბირჟაზე ურჩიეს, არ ღირს მასში ფულის დაბანდებაო, მაგრამ იმდენად იყო დარწმუნებული "კეთილისმყოფელი წმინდანის" სიკეთეში, რომ ყურიც არავის ათხოვა. მეორე დღეს ბირჟაზე მისულმა ფინანსისტმა შეიტყო, რომ ფირმა, რომელშიც მთელი ქონება ჩადო, გაკოტრდა. იგი სრულიად უსახსროდ დარჩა. სასწრაფოდ დაბრუნდა შინ და სპირიტული სეანსის მეშვეობით "ნეტარი სერგის" სული გამოიძახა. "ხა, ხა, ხა!" - გარკვევით დაიწერა ფურცელზე. გაღატაკებული კაცი მიხვდა, რომ წმინდანის სახით ბოროტი სული ეცხადებოდა, ნელ-ნელა დაიმორჩილა და საბოლოოდ დაღუპა კიდეც.

ამ მაგალითებიდანაც ნათლად ჩანს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სპირიტიზმით დაინტერესებას. სპირიტული სეანსის დროს საქმე გვაქვს ძლიერ მტერთან, რომელიც ყოველგარ საშუალებას იყენებს, რათა ადამიანი ღმერთს, ეკლესიას დააშოროს, დაიმორჩილოს. თუკი ეს ადამიანი დროზე არ მოეგება გონს და გულწრფელად არ მოინანიებს ამ უმძიმეს ცოდვას, სულსაც წარიწყმედს. ამ ცოდვის ჩამდენი უფლისგან უმძიმეს სასჯელს - სულის მარადიულ ტანჯვას დაიმსახურებს, რადგან ის ამქვეყნიურ ცხოვრებაში უარყოფს ღმერთს და საკუთარი სურვილითა და ნებით უკავშირდება ბნელეთის მოციქულს - სატანას.

- მრავალ ჩვენგანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს, პროფესიონალი სპირიტის გარეშე, დამოუკიდებლად გამოუძახებია გარდაცვლილის სული. ბევრი ამას გართობის ან უბრალოდ ინტერესის გამო აკეთებს. ეთვლებათ თუ არა მათ ეს საქციელიც მძიმე ცოდვად?

- დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც სპირიტუალურ სეანსებს ატარებენ, მართლაც გართობა და უბრალო ინტერესი ამოძრავებს და ეს ყველაფერი უწყინარი ხუმრობა ჰგონია. მათ არ იციან, რომ ამ უწყინარი ხუმრობის მიღმა ბოროტი სული იმალება - ნებისმიერი სახის მისნობა, ყავაზე, ბანქოზე მკითხაობა, გარდაცვლილთა სულების გამოძახება და ა.შ. სატანის მსახურებაა. ამდენად, ისიც კი, ვინც ამ საქმეს მხოლოდ გასართობად სჩადის, ნებით თუ უნებლიეთ ბნელეთის მოციქულს უკავშირდება, ღვთის ნებას გადადის და უმძიმეს ცოდვაში იგდებს თავს. ამიტომ თუ ადამიანს თუნდაც ერთხელ, თუნდაც გაუცნობიერებლად მიუღია მონაწილეობა სპირიტულ სეანსში, ეს ცოდვა უნდა მოინანიოს.

შესაძლოა, ადამიანი თავიდან მართლაც გასართობად მიმართავდეს სპირიტუალურ სეანსებს, მაგრამ როგორც უკვე მოყვანილ მაგალითებში მოგითხრობდით, ეშმაკმა ისეთი რამეები აჩვენოს, გართობა სერიოზულ ინტერესში გადაეზარდოს და ეშმაკის მახეში გაებას. ასეც რომ არ მოხდეს, ადამიანმა მაინც უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი სახის მკითხაობისგან, რადგან ეს სატანასთან ურთიერთობაა.

ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდნენ სხვადასხვა ჯურის მისნები, რომლებიც თავს ნათელმხილველებად, წინასწარმეტყველებად, პარაფსიქოლოგებად მოიხსენიებენ. მათი საქმიანობის შესახებ ჟურნალ-გაზეთებშიც ხშირად იბეჭდება, ცალკე გამოცემებიც კი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მათგანი აცხადებს - ჩემი საქმიანობა ეკლესიის მიერაა ნაკურთხიო, სატანასთან არიან წილნაყარნი და ამ საქმიანობით "ფულს შოულობენ". სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს ეკლესიისგან ხელდასხმა, ამას ადამიანების თვალის ასახვევად და მოსატყუებლად აცხადებენ, ამიტომ რაოდენ დამაჯერებლადაც უნდა გვეჩვენოს მათი ნათქვამი, საკუთარი თვალით ვნახოთ მათ მიერ განკურნებული ადამიანი თუ ახდენილი "წინასწარმეტყველება", არ შეიძლება, ვირწმუნოთ მათი.

- მორწმუნემ მთელი არსითა და მნიშვნელობით თუ არა, მეტ-ნაკლებად მაინც იცის, რომ სპირიტიზმი უმძიმესი ცოდვაა, თუმცა ზოგჯერ მორწმუნე ადამიანები და სასულიერო პირებიც კი ჩაცვენილან ამ მძიმე ცოდვაში. რა არის ამის უმთავრესი მიზეზი, როგორ ახერხებს ბოროტი სული მათ დამორჩილებას?

- უამრავი ადამიანია მორწმუნე, მაგრამ ადამიანური სისუსტის, ცნობისმოყვარეობის გამო მაინც ბევრ ცოდვაში ვარდება. ცნობისმოყვარე ადამიანი ყველაფერში გარკვევას ცდილობს, ამის გამო კი ხშირად ღვთის ნებას ეწინააღმდეგება - რაც აკრძალულია, მორწმუნემ იმის ჩხრეკა არ უნდა დაიწყოს. სპირიტიზმის ცოდვით დაცემა ხშირად უხდებათ ამპარტავან ადამიანებს. ასეთ ადამიანს თავი ყველაზე ჭკვიანი, გამოცდილი და გამჭრიახი ჰგონია, მიაჩნია, რომ ყველას ყველაფერი უნდა მიუთითოს და ასწავლოს. ამის გამო ის ბოროტი ძალების იარაღი ხდება, რომელიც ხშირად უბიძგებს სექტებისა და ცრუ სწავლებისაკენ. ერთ-ერთი ასეთი დამღუპველი ცრუ სწავლებაა სპირიტიზმიც.

თუკი სპირიტიზმის ცოდვით დაცემული ადამიანი გააცნობიერებს მის სიმძიმეს, მიმართავს ღვთისმსახურს და მოინანიებს, გულმოწყალე უფალი ამ უმძიმეს ცოდვასაც შეუნდობს. მაგრამ მხოლოდ ცოდვის აღიარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მისგან განვიწმინდოთ; ამისთვის საჭიროა გულწრფელი გლოვა და ტირილი ცოდვათა გამო, რომელსაც თან უნდა ახლდეს მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ აღარასოდეს ჩაიდენ ამ საქმეს. მძიმე ცოდვების შემთხვევაში ინიშნება ეპიტიმიაც (საეკლესიო სასჯელი).

- რამდენად მკაცრ საეკლესიო სასჯელს იმსახურებს ადამიანი, რომელიც სპირიტიზმით დაინტერესების მონანიებას გადაწყვეტს?

- როცა ჯერი ეპიტიმიის დადებაზე მიდგება - მეტანიების დანიშვნა იქნება ეს, ინდივიდუალური მარხვის დაწესება, უზიარებლობა თუ სხვა, სულიერი მოძღვარი ითვალისწინებს მონანულის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, სინანულის ხარისხს, ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას და ა.შ. ამიტომ ერთი და იმავე ცოდვის გამო ღვთისმსახურმა სხვადასხვა მონანულს შეიძლება სხვადასხვა სახისა და სიმკაცრის ეპიტიმია დაადოს. ცხადია, ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ სპირიტიზმის ცოდვის შემთხვევაშიც. რაც შეეხება საეკლესიო სასჯელის დანიშნულებას, ამ გზით მონანული ღრმად უნდა ჩასწვდეს ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს, ნათლად დაინახოს მისი დამღუპველი ზემოქმედება, გაუძლიერდეს სინანული და სრულყოფილად განიწმინდოს.
ბეჭდვა
1კ1