"იმრუშეთ, იმრუშეთ, იმრუშეთ, ოღონდ უსაფრთხოდ!"
"იმრუშეთ, იმრუშეთ, იმრუშეთ, ოღონდ უსაფრთხოდ!"
იცხოვრეთ ქრისტიანულად და გადაურჩებით შიდსს
კაცობრიობას არაერთხელ დასტეხია თავს შემმუსვრელი სნეულებანი, რომელთა ძლევის იმედიც კი არ გააჩნდა. მსოფლიო ისტორია აღსავსეა მაგალითებით, როდესაც ადამიანები, ქალაქები, მთელი ცივილიზაციებიც კი დაღუპულან კაცობრივი გონებით მიუწვდომელი და აუხსნელი მოვლენების ზემოქმედებით, მაგრამ ამგვარ ფაქტებს, როგორც წესი, ადამიანთათვის გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად ჩაუვლია და არ ქცეულა საკუთარ შეცდომებსა თუ შეცოდებებზე სწავლის, გამოსწორების და დაძლევის ქვაკუთხედად.

1981 წელს ამერიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხუთ ახალგაზრდა ჰომოსექსუალს სისხლძარღვთა სპეციფიკური ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ამან ექიმები ერთობ გააოცა, რადგან ეს დაავადება მხოლოდ მოხუცებს ემართებოდა, ახალგაზრდებს კი, ფაქტობრივად, არ ემუქრებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში აღინუსხა ფილტვების ანთების ისეთი ფორმები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. 1982 წელს საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ამ მიმართულებით უზღვავ მატერიალურ თუ ინტელექტუალურ რესურსებს ხარჯავს, ეფექტური ვაქცინის შექმნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ეს მოვლენა უპირველეს ყოვლისა მაინც სულიერი თვალით უნდა დავინახოთ და გავიაზროთ; სხვაგვარად პრობლემის დაძლევის ყოველი მცდელობა ამაო და უეფექტო აღმოჩნდება.

თანამედროვე ადამიანისთვის მორალი, ისევე როგორც რელიგია, სურვილთა კატეგორიად გვევლინება. ის, რაც მე მინდა და ვირჩევ, არა მარტო ჭეშმარიტია (ჩემთვის), არამედ სწორიც (ჩემთვის). ის, რომ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა საგანს ანიჭებს უპირატესობას, ადასტურებს, რომ ჭეშმარიტება და მორალი შედარებითია (მათთვის). "მე მაქვს უფლება" საკუთარ სურვილებზე და პირიქით - "არავის აქვს უფლება", გააკრიტიკოს ჩემი სურვილები და არჩევანი - აი, ეს პრინციპი წარმოადგენს ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებისეულ კრედოს, ამგვარი დამოუკიდებლობის შედეგად კი მთავარ სათნოებად შემწყნარებლობა წარმოგვიჩნდება.

პოსტმოდერნისტული აზროვნების თანახმად, კულტურული მრვალფეროვნების პრინციპი გულისხმობს იმას, რომ თანამოაზრეთა ნებისმიერი ჯგუფი წარმოადგენს კულტურულ წარმონაქმნს, რომელიც უნდა განიხილებოდეს ისევე დადებითად, როგორც ყველა დანარჩენი. ხოლო პოსტმოდერნისტულ ცოდვებად გვევლინება "განმკითხავი დამოუკიდებლობა", "შეხედულებათა სივიწროვე", "პრეტენზია ჭეშმარიტების მონოპოლიაზე" და "სწრაფვა, სხვებს თავს მოახვიონ საკუთარი ფასეულობები". ის, ვინც ეჭვქვეშ აყენებს პოსტმოდერნისტულ დოგმას იმის შესახებ, რომ "აბსოლუტური ფასეულობები არ არსებობს", ვერ თავსდება შემწყნარებლობის კანონთა ჩარჩოში, ერთადერთი არასწორი აზრი ჭეშმარიტების რწმენაა, ერთადერთი ცოდვა კი - რწმენა ცოდვის არსებობისა.

სურვილებზე დაფუძნებულმა მორალმა სქესობრივი ცხოვრების სფეროში სრული ქაოსი გამოიწვია, კონტრაცეპტივებმა სქესობრივი ურთიერთობები შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციისგან და ქორწინებისგანაც კი გამიჯნა. დღეისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა ქორწინების გარეშე ქალისა და მამაკაცის ერთად ცხოვრება. ქალები, რომელთაც შვილის ყოლა სურთ, ქორწინების გარეშე აჩენენ მას. სექსუალურმა რევოლუციამ დაანგრია ოჯახის ინსტიტუტი. სადღეისოდ საზოგადოება სქესობრივი სურვილების დაკმაყოფილებას განიხილავს ადამიანის განუყოფელ უფლებად, რომელიც კრიტიკას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

ახლა კი სქესობრივ აღვირახსნილობას გამოწვევას უცხადებს ახალი ჭირი - შიდსი. ადამიანს იმუნური სისტემა მისავე წინააღმდეგ შემოუბრუნდა და ანადგურებს. შიდსი პოსტმოდერნისტული დაავადებაა, რომელიც მუქარის მატარებელია არა იმიტომ, რომ ადამიანი საშინელ თვითგანადგურებამდე მიჰყავს, არამედ იგი XX საუკუნის 60-იანი წლების - სექსუალური რევოლუციის, ჰომოსექსუალების უფლებებისთვის მოძრაობისა და ნარკოტიკული ეიფორიის საშინელი მემკვიდრეობაა. მაშინ, როცა მრავალი სქესობრივ მორალს მიმართავს, სხვები შიდსისთვის თავის დაღწევას ცდილობენ, მაგრამ როგორ? - ისინი მიმართავენ სქესობრივ ურთიერთობას ადამიანის გარეშე: პორნოგრაფიას, სატელეფონო სექსს და ბოლოს - ტექნოლოგიურ სიახლეს "ვირტუალურ სექსს", სადაც ადამიანი სამგანზომილებიან სექსუალურ ფანტაზიაში ერთვება, ყოველივე ეს კი სქესობრივი ურთიერთობების საბოლოო დეჰუმანიზაციის წინამორბედია.

ადამიანები სურვილების ეთიკას ეჭიდებიან. მათი დევიზი ასეთია: "მე უნდა მქონდეს ძალაუფლება, რათა გავაკეთო ყველაფერი, რაც მსურს, თქვენ კი არ გაქვთ ძალა, რომ შემაჩეროთ", - შედეგად კი ვიღებთ იმ სისასტიკეს, იმ გარყვნილებასა და ანარქიას, რაც აღწერილია ბიბლიის მსაჯულთა წიგნში, რომელიც პოსტმოდერნისტული ეთიკის თეორიის ზუსტ დეფინიციას იძლევა: თითოეული აკეთებდა იმას, რაც მას მიაჩნდა სამართლიანად" (მსაჯ. 21:25).

სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ შიდსი ცოდვის შედეგია, მანამდე ეს საშინელი დაავადება სულ უფრო მეტად დაასნებოვნებს დედამიწის მოსახლეობას. გაეროს მონაცემებით, დღიდან შიდსის აღმოჩენისა, მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანს შეხვდა იმუნოდეფიციტის ვირუსი. ამათგან 20 მილიონი უკვე გარდაიცვალა. აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა ამ ავადმყოფობის გამო სრული გადაშენების ზღვარზე დგას.

შიდსი, შეიძლება ითქვას, უნიკალური დაავადებაა. რაში გამოიხატება მისი უნიკალურობა? უწინარეს ყოვლისა, ჩვენ პირველად შეგვიძლია ასე აშკარად მივადევნოთ თვალი პირდაპირ კავშირს ადამიანის ცოდვილ ქმედებასა და მის სიკვდილს შორის. ვის ხვდება შიდსის ვირუსი? ადამიანებს, რომლებსაც, თანამედროვე ტერმინოლოგიით, "რისკის ჯგუფს" უწოდებენ. ვიღა ქმნის ამ ჯგუფს? ისინი, ვინც უზნეო ცხოვრებას ეწევა, ვინც აშკარად, ურცხვად თელავს ზნეობრივ ნორმებს. ე.ი. დაავადება უზნეო ადამიანებს ემართებათ (აქ ლაპარაკი არ არის კლინიკურ შემთხვევებზე, ბავშვთა ინფიცირებაზე და ა.შ.; ეს უკვე სამწუხარო შედეგია). სავსებით ცხადია უშუალო კავშირი ცოდვასა და სიკვდილს (ანუ სასჯელს) შორის. მაგრამ როგორ შეიცნობა ეს ახალი ცხოვრებისეული რეალობა თანამედროვე აზროვნებით? ვინმე ამბობს, რომ აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა? ეს ფიქრადაც არავის მოსდის. კითხვა ასეთნაირად ისმის: როგორ ვიპოვოთ ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა? წამალი უნდა შეიქმნას, ხალხმა კი, დაე, განაგრძოს ისე ცხოვრება, როგორც მანამდე ცხოვრობდა. ეს თითქოს უკვე ჩიხია. თითქოს დროა, უკან მოვიხედოთ, უკან დავბრუნდეთ, მაგრამ არც ამაზე ფიქრობს ვინმე - წინ მიდიან და ეძებენ ვაქცინას ან წამალს, რისთვისაც კოლოსალური ფულადი სახსრები იხარჯება. თანაც, რაკი ეს დაავადება საკმაოდ სიღრმისეულია, ჯერ კიდევ არავინ იცის, რას მოიტანს ეს ვაქცინა და რა ნაყოფს გამოიღებს მკურნალობა მომავალ თაობებში. ცდების ჩატარება შეუძლებელია - ეს ხომ პირველად კეთდება!

საქართველოში, 2004 წლის 9 ნოემბრის მონაცემებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 609 შემთხვევა. მათ შორის 499 მამაკაცია, 110 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 21-დან 40 წლამდე ასაკისაა. ამათგან შიდსი განუვითარდა 190 პაციენტს, 11 კი გარდაიცვალა. თანაც ეს მონაცემები რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში რეალურად 2500-მდე აივ-ინფიცირებული და შიდსით დაავადებულია. ამასთანავე, შეინიშნება ზრდის ტენდენცია: თუ შარშან 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წლევანდელი მაჩვენებელი
134-ს აღწევს.

ამ მწარე რეალობის გათვალისწინებით, ვერავინ იტყვის, სასაცილოა თუ სატირალი, რომ მსოფლიო საზოგადოებამ შიდსთან ბრძოლის დღეც კი დააწესა - 1 დეკემბერი. თვით ბრძოლის ხერხებიც კი გაოცებას იწვევს: მსოფლიო კინოსა თუ პოპ-მუსიკის ვარსკვლავები მოძღვრავენ ახალგაზრდა თაობებს, თუ როგორ დაიცვან თავი სქესობრივი ურთიერთობების დროს, იმედი აქვთ, რომ პრეზერვატივი შეაჩერებს შიდსს. დიდი ხანი არ არის, საქართველოშიც დაიწყეს ამ დღის აღნიშვნა, უფრო სწორად, "შიდსთან ბრძოლა". 1 დეკემბერს ჩამოივლიან ხოლმე სასწავლებლებს და ახალგაზრდებს პრეზერვატივებს ურიგებენ. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება: "იმრუშეთ, იმრუშეთ, იმრუშეთ, ოღონდ უსაფრთხოდ!" ამ ხალხს არავინ მოუწოდებს, რომ ქრისტე უკვე ორი ათასი წელია განკაცდა, ამიტომ ქრისტიანულად იცხოვრეთ და გადაურჩებითო შიდსს, სიკვდილსა და წყევას.

სექსუალური აღვირახსნილობის ნიმუში ბიბლიაშიც მოიპოვება. აქვეა მაგალითებიც, თუ როგორ დასაჯა ეს ხალხი უფალმა. სოდომი და გომორა პირისაგან მიწისა აღიგავა - "თავისუფალი სექსის" მოყვარულებს ღვთის რისხვა დაატყდათ თავს. შიდსი ცოდვის შედეგია და სასჯელი მათთვის, ვინც თავისი პირველადი დანიშნულება დაივიწყა და საკუთარ სურვილებსა თუ ვნებებს დაემონა, ღმერთს ზურგი აქცია და თავისი ცხოვრების წესს პროპაგანდასაც კი უწევს. და თუკი შიდსი სასჯელია ღვთისა, ადამიანებზე მოწევნული, უგუნურება ხომ არ არის, პრეზერვატივებით ვებრძოლოთ მას?!

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1