შინ თუ რამე გემრიელი მეგულებოდა, ყველგან იმაზე ვფიქრობდი, როდის მივიდოდი სახლში და საჭმელს დავაცხრებოდი...
შინ თუ რამე გემრიელი მეგულებოდა, ყველგან იმაზე ვფიქრობდი, როდის მივიდოდი სახლში და საჭმელს დავაცხრებოდი...
ღმერთმა ადამიანს მთელი ქვეყნიერება მისცა, საკვები განუჩინა, ასწავლა, როდის რა მიეღო, მაგრამ ჩვენ, კაცნი, თითქმის არასოდეს ვამბობთ უარს იმ სიამოვნებაზე, რომლისკენაც გემოთმოყვარეობის ცოდვიანი მიდრეკილება გვიბიძგებს.

მლოცველის ტრაპეზი მოკრძალებულია, მაგრამ ტკბილი. ღვთისმოყვარე კაცი ყოველ ლუკმაზე მადლობას სწირავს უფალს: "გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ განმაძღე მე". მარხვა - აი, რა განგვიწესა უფალმა ნაყროვანების ცოდვისაგან თავის დასახსნელად. "მღვიძარე, უფლისთვის მოღვაწე და მმარხველი კაცის ტრაპეზიდან მოიპოვე ცხოვნება და სიკვდილისაგან აღადგინე სული შენი".

კონსტანტინე (ინჟინერი) - შევნატრი ხალხს, ვისაც გემოთმოყვარეობა ვერ იმორჩილებს. თითქოს რა უნდა იყოს დასაძრახისი იმაში, რომ ადამიანს ჭამა უყვარდეს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ნაყროვანება უფლისგან განგვაშორებს... ჩემს თავზე მოგახსენებთ: მოქეიფე კაცი ვიყავი, ახალგაზრდობაში რესტორანი არ დამიტოვებია, შინაც ხშირად ვეპატიჟებოდი მეგობრებს და დღედაღამ სუფრა გვქონდა გაშლილი. ოჯახი ხელში მყავდა შეკლული. ფული არ მაკლდა, მაგრამ ოჯახისთვის რაიმეს შეძენაზე კი არ ვფიქრობდი, გულისყური იქით მქონდა, რომელ რესტორანში მექეიფა. ასე ჩაიარა ახალგაზრდობამ. როცა დრო შეიცვალა და უმუშევარი დავრჩი, ნელ-ნელა ყველა მეგობარი შემომეცალა. დილიდან საღამომდე რომ არ მშორდებოდნენ, ახლა დარეკვასა და თბილ სიტყვასაც მამადლიდნენ. ერთი მეზობელი მყავდა, მრავალშვილიანი. მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, სანახევროდ შიოდათ, მაგრამ გაჭირვებას არად აგდებდნენ. მათი ოჯახიდან ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია, როცა ჩემი სახლიდან სულ ხორხოცი და გინება ისმოდა. ერთხელ შემოვიდა და მორიდებით მიმიწვია შინ... შობა დღე იდგა. კარი შევაღე თუ არა, საოცარი სურნელება და სითბო შემომეგება. სახლში ყველაფერი წკრიალებდა. მოკრძალებულ ტრაპეზთან მიმიპატიჟა. ჭამითაც რაღაც სხვანაირად ჭამდნენ. მთელი თვის ნამარხულევები თავშეკავებით მიირთმევდნენ ან, მათივე სიტყვებით, ტრაპეზობდნენ. მაშინ მივხვდი, რასაც ჩავდიოდი მთელი ცხოვრება...

ნაყროვანება, ალბათ ამიტომაც არის ცოდვა, რომ კაცი გემოთსიყვარულის გამო ყველაფერს ჩაიდენს... როცა სულში ჩავიხედე, მივხვდი, არაფერს დავერიდებოდი, ოღონდაც კარგად მომელხინა... უფალს ვმადლობ, რომ ამის შეცნობის საშუალება მომცა.

მზია (მასწავლებელი): მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მიჭირს გახსენება, როგორ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი... გემოთმოყვარე ბავშვობიდანვე ვიყავი, მეტყობოდა კიდევაც. რომ წამოვიზარდე, ჩემი სიმსუქნისა მრცხვენოდა, მაგრამ თავის შეკავება მიჭირდა. მერეც, როცა მეღირსა და გავთხოვდი, მხოლოდ სადილ-ვახშამზე ვფიქრობდი, მთელი დღე სამზარეულოში ვტრიალებდი, მაცივარი ათასნაირი ნუგბარით მქონდა სავსე. თუკი ან ხორცი, ან ყველი შემოგვაკლდებოდა, ერთ ამბავს ავტეხდი და მაშინვე ბაზარში ვგზავნიდი ვინმეს. გაცემა მიყვარდა, შემეძლო, ძვირფასი ნივთი დაუნანებლად გამეჩუქებინა, მაგრამ სტუმარი რომ მოვიდოდა, პირში ვუყურებდი, ზედმეტი ლუკმა არ შეეჭამა. მაშინ ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი, ახლაღა ვაცნობიერებ... მერე თავს ისიც შევამჩნიე, რომ საჭმელი ქმარ-შვილისთვისაც მენანებოდა... შინ თუ რამე გემრიელი მეგულებოდა, ყველგან იმაზე ვფიქრობდი, როდის მივიდოდი სახლში და საჭმელს დავაცხრებოდი... - დარეჯანს ვგავდი.

ერთხელ მძიმედ გავხდი ავად. ექიმმა ჭამა ამიკრძალა. შოკში ჩავვარდი. ტკივილზე მეტად ნაყროვანების დათმენა მტანჯავდა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და იმასაც მივხვდი, რომ მაძღრისად ჭამა ბედნიერება კი არა, უბედურების სათავეა. მთლად ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, მაგრამ ტაძარში დავდივარ და ოთხშაბათ-პარასკევის მარხვასა და სხვა ერთდღიან მარხვებს ვინახავ. მინდა, გრძელი მარხვებიც შევინახო. მთავარი კი ის არის, რომ გაცემა ვისწავლე - ვცდილობ, ყველას გავუნაწილო ლუკმა. იმასაც მივხვდი, რომ საზრდელს უფალი გვაძლევს და არ გვაქვს უფლება, ის მხოლოდ ჩვენივე ხორცის ზეობას მოვახმაროთ.

ლია (იურისტი): გაჭირვება არასოდეს მიგრძნია. ჩემი პროფესიის წყალობით კი არა, - მშობლები მყავდა შეძლებული. ქმარიც ასეთივე შემხვდა. და მაინც, ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა ჭამა-სმის კულტი. თუმცა სხვათა გაკილვა რა საკადრისია - ადამიანს იმდენი საკვები ნამდვილად უნდა ჰქონდეს, რომ შიმშილით არ ამოხდეს სული. მე თუ მკითხავთ, დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი ცოდვით დაცემის ბრალია. ჩემს ახალგაზრდობას გავიხსენებ. რაიონიდან ვარ, არ ვიცი, თბილისში რა ხდებოდა მაშინ, მაგრამ იქ, რაც თავი მახსოვს, 500-კაციან ქორწილებსა და ქელეხებს მართავდნენ. ეს არ იყო ჭირი და ლხინი - ამ ცნებების პირდაპირი მნიშვნელობით; ეს გახლდათ ღრეობა, საკულტო სანახაობა. მახსოვს, ბიძაჩემმა თავის შვილს 1000-კაციანი ქორწილი გადაუხადა... სუფრაზე ოცდაათნაირი კერძი იყო, სასმელს ხომ ვერ მოთვლიდით... მესამე დღეს გაფუჭებული პროდუქტი ღრმა ორმოებში ჩამარხეს. ბებიაჩემი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი რწმენა, ამბობდა - ასეთ საქციელს ღმერთი არ გვაპატიებს, ნახავთ, მალე პურის ლუკმა მოგვენატრებაო. ახლა, ამ გაჭირვების შემყურეს, ეს ყველაფერი მახსენდება და სინანული მიპყრობს ჩვენი შეცდომების გამო.
ბეჭდვა
1კ1