შური - განკითხვის მიზეზი
შური - განკითხვის მიზეზი
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი. შურს შობს ამპარტავნება. რადგან ამპარტავანს სხვებზე მაღლა ყოფნა სურს, ვერ ითმენს, რომ ვინმე მისი ტოლი იყოს, მით უმეტეს, მასზე აღმატებული და დალხენილი; ამიტომაც წუხს მისი ამაღლების გამო. თავმდაბალს არ შეუძლია შურდეს, რადგან ხედავს და აღიარებს თავის უღირსებას, სხვებს კი უფრო ღირსეულებად მიიჩნევს, ამიტომაც მათი ნიჭების გამო გულისწყრომა არ ეკარება. შური მათშია, ვინც თვლის, რომ ისინი ქვეყანაზე განსაკუთრებულები არიან და სხვებს არაფრად მიიჩნევენ. შური იყო მიზეზი პირველი მკვლელობისა. შურმა უბიძგა კაენს, თავს დასხმოდა და მოეკლა აბელი. შურის გამო გაიყიდა იოსები ეგვიპტეში. შურს უნდა მიეწეროს, რომ იუდეველებმა ჯვარს აცვეს ქრისტე, თავიანთი უფალი და კეთილისმყოფელი.

შური განკითხვის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ხშირად იმიტომ განვიკითხავთ, რომ უბრალოდ გვშურს. სხვისი კეთილდღეობით და წარმატებით გაღიზიანებულები ვიწყებთ განკითხვას. ერთხელ ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი თვალები ხედავენ უკეთესად: შავი თუ ნაცრისფერი, კაცის თუ ქალის, ადამიანის თუ პირუტყვის? მან უპასუხა: ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს: ახლოს ყველაზე უმცირესს, და იმასაც, რაც შორსაა; მხოლოდ ერთს ვერ ხედავენ - კარგს, და თუ დაინახავენ, ცრემლით აივსებიან...

შურით შეპყრობილებს განკითხვა ყოველდღიური საზრდოსავით გვაქვს. ის ხომ დიდ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს. ხანდახან განკითხვის სურვილი ისე გვიპყრობს, რომ სხვების ცხოვრებაში იმაზე მეტად ვერევით, ვიდრე ეს საჭიროა. უფრო მეტიც, საკუთარი გვავიწყდება და სხვების ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებას. არ გვრჩება განუხილავი მათი არც ერთი ქმედება. რადგან მათსავით არ "გაგვიმართლა", ისინი ჩვენზე ბევრად უარესები არიან. შური ისე ძლიერია, რომ არ გვაძლევს საშუალებას სხვისი სიხარული საკუთარივით თუ არა, სულ ცოტათი მაინც გაგვიხარდეს, ან თუ არ გაგვიხარდება, არ გვეწყინოს. შურს ისევე, როგორც ყველა სხვა ვნებას, აქვს განსხვავებული ზომები და ხარისხები, ამიტომაც უნდა ვეცადოთ, დავთრგუნოთ და ამოვძირკვოთ პირველივე შეგრძნებისას. ყოველნაირად ვეცადოთ, არ ვთქვათ რაიმე საწინააღმდეგო იმ ადამიანზე, ვისიც გვშურს. ამაში სიყვარული დაგვეხმარება. სიყვარულის მოპოვებით შურიც დაიძლევა და განკითხვის სურვილიც თავისთავად გაქრება. წმინდა ეფრემ ასური წერს: "ვისშიაც სიყვარულია, მას არა აქვს მეტოქეობა, არც შური, არც სიძულვილი; მას არ აბრკოლებს სხვისი კეთილდღეობა, არ უხარია სხვების დაცემა, არამედ თანაუგრძნობს მათ". მართლაც ქრისტიანობაში მთავარი სიყვარულია, თუ ის გაქვს, მაშინ ყველა ცოდვას დაძლევ, მათ შორს შურსაც და განკითხვასაც.

ბეჭდვა
1კ1