"ამ დაავადებასთან გამკლავება უფლის მადლისა და წყალობის გარეშე შეუძლებელია"...
"ამ დაავადებასთან გამკლავება უფლის მადლისა და წყალობის გარეშე შეუძლებელია"...
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა უკვე 7 წელია, რაც გახსნა ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრი დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირის #7-ში. ცენტრს ხელმძღვანელობენ ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი და ხატმწერი, არტთერაპევტი მერაბ ონიანი.

საზოგადოების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობა პირველ პრობლემად - უმუშევრობას, ხოლო მეორე პრობლემად ნარკომანიას თვლის.

ცენტრის საქმიანობაც სწორედ ნარკომანების ფსიქოლოგიურ დახმარებას ემსახურება.

"ამ დაავადებასთან გამკლავება უფლის მადლისა და წყალობის გარეშე შეუძლებელია"...

- ცენტრის ამოცანაა, ამ ადამიანებს ღვთაებრივი სამყარო სხვანაირად გაეხსნას, ისწავლონ ეკლესიური წეს-ჩვეულებები, მივიდნენ ტაძარში, მათ ცხოვრებაში გაჩნდეს მოძღვარი და ა. შ. თუ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი ღმერთთან დასაახლოებლად, ამ სენს ძნელად დაამარცხებს. მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. მართლმადიდებლურ კატეხიზმოში წერია: "ადამიანის უმთავრესი დანიშნულებაა, უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს უფალს, რომლის სახედ და ხატადაც შეიქმნა". მართლაც, ჩვენი ცხოვრება, ფსიქოლოგიური პრაქტიკა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ნაკლოვანებები და მავნე ჩვევები აღმოიფხვრება ეკლესიის წიაღში. თუ აღსარებაში არ თქვა ადამიანმა, არ მოინანია, ლოცვა არ წააშველა კრიტიკულ წუთებს, ისე ძალიან ძნელია საკუთარ ვნებებს დაუპირისპირდეს. სულიერი გარდატეხა ხდება მხოლოდ ეკლესიაში. ამიტომ ცენტრი თანამშრომლობს სასულიერო პირებთან და მათთან ურთიერთობენ ამ სენით დაავადებულები. აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან და ა. შ.

ცენტრში ტარდება ჯგუფური, ინდივიდუალური ფსიქოთერაპია. არის აგრეთვე შრომითი თერაპია, რომელიც გულისხმობს ამ ადამიანების სხვადასხვა საქმიანობით დაკავებას, ხელობის შესწავლას (ხეზე ჭრა, ხის ჯვრების გაკეთება, ხატვა, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის დალაგება და ა. შ.). იგეგმება თვეში ორჯერ გასვლა წმინდა ადგილებში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

ბოროტი ძალა მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ვნებით გახელებას. იგი უხილავად ადამიანის ყურთანაა ჩასაფრებული და ნარკოტიკის მოხმარებას ჩასჩიჩინებს. ამ ძალის მხოლოდ მედიკამენტების, ნარკოლოგთა ჩარევის ან თუნდაც ფსიქოთერაპიის გზით დამარცხება შეუძლებელია. მას ამარცხებს მადლი.

სპეციალისტთა მსჯელობისას, თუ რატომ სინჯავს ადამიანი ნარკოტიკს, სხვადასხვა მოტივს გამოყოფენ. მათ შორის უპირველესია ცნობისმოყვარეობა.  ასევე ნარკოტიკი უადვილებთ სხვებთან კონტაქტის დამყარებას, ისევე როგორც ალკოჰოლის მიღების დროს, ადამიანი უფრო გაბედული ხდება. არის კიდევ სხვა მოტივებიც, მაგრამ უმთვარესი მიზეზი მაინც მწარე სინამდვილისა თუ სტრესული სიტუაციებისგან გაქცევაა. არადა, ჩვენი ცხოვრება, ეკლესიური კუთხით რომ შევხედოთ, სულ დაბრკოლებათა გადალახვაა.

ამ ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ის, რომ ადამიანმა ისწავლოს უარყოფით ფიქრებთან, ემოციებთან, ცხოვრებისეულ კონფლიქტებთან გამკლავების ხელოვნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხშირად ამ მიზეზით ეტანება ადამიანი ნარკოტიკს

ნარკოლოგთან აბსისტენციური სინდრომის მოხსნის შემდეგ ცენტრში მოსული ადამიანი იღებს სულიერ-ფსიქოლოგიურ დახმარებას.

ამიტომ ნარკოლოგებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ეს მეორე ეტაპი სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარებისა, რაც შეიძლება, ნაყოფიერად და მასშტაბურად განხორციელდეს.

ნარკოლოგებს ბევრი საინტერესო და ღირებული ცოდნა გააჩნიათ, რომლის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და სასულიერო პირებისთვის. Aამავე დროს, ნარკოლოგის საქმიანობა, ეკლესიის, სულიერი მოძღვრის დახმარების გარეშე მეტად კნინდება. ეს ცენტრი არის კომპლექსური მიდგომის ცენტრი, სადაც სხვადასხვა რგოლი სხვადასხვა მხრივ მუშაობს. სასურველია, ასეთი ცენტრები ქალაქის ყველა უბანში იყოს.

ამავე დროს, ეს ცენტრი არის პირველადი რეაბილიტაციის ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელებს გამიზნული აქვთ, ვისაც სურვილი ექნება, გაგზავნონ მონასტერში, გარკვეული პერიოდი იქ იცხოვროს. მერე შეიძლება ისევ დაბრუნდნენ ცენტრში და მათთან მუშაობა გაგრძელდეს მათივე სულიერი წინსვლის შესაბამისად. ასე რომ, ცენტრის ამოცანა ძალიან რთულია და მისი თანამშრომლები ყველანაირად ცდილობენ, დახმარება აღმოუჩინონ ამ მეტად მძიმე ხვედრის ადამიანებს.

გვესაუბრება საპატრიარქოსთან არსებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის თანამშრომელი, ფსიქოთერაპევტი და ნარკოლოგი დავით ანდღულაძე:

რა თვისებები ყალიბდება ნარკომან ადამიანში?

წამალდამოკიდებულები საკუთარი თავის დახასიათებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში გახდნენ ეგოისტები, დაკარგეს ძველი ინტერესები, დაენგრათ ღირებულებები, დაკარგეს, ან დაუქვეითდათ თანაგრძნობის უნარი და ა. შ. მე კი ვერაფერს ვიტყვი მყარად და კონკრეტულად მათთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც ყველა წამალდამკიდებულისთვის საერთო იქნება და განასხვავებს ლუდომანებისა (თამაშზე დამოკიდებულები) და დამოკიდებულების სხვა ფორმების მქონე დაავადებულებისგან.

რამდენად სახიფათოა ნარკომანი გარშემომყოფებისთვის?

ნარკოტიკის მოხმარება, როგორც უკვე აღვნიშნე, იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ და ქცევით ცვლილებებს, რაც მათი მხრიდან კანონდარღვევის ალბათობას ზრდის. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გარშემომყოფთა მიმართ რაოდენობრივად ან სიმძიმის თვალსაზრისით უფრო დიდია, ვიდრე ლუდომანების (რომლებიც, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არიან წაგებული ფულის მოსაპოვებლად), ალკოჰოლიზმით დაავადებულების (უამრავი ოჯახური ან გარე კონფლიქტი, მათ შორის – სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები და მკვლელობები, ასევე, ავტოავარიის შემთხვევათა უმეტესობა დაკავშირებულია ალკოჰოლურ თრობასთან), ან თუნდაც თამბაქოს მომხმარებლებისა, რომელთა ქცევაც სერიოზულ ზიანს აყენებს გარშემომყოფებს, რადგან ისინი უნებურად ხდებიან პასიური მწეველები, რაც ხდება მიზეზი როგორც ფსიქოლოგიური დისკომფორტისა, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა. ვიმეორებ, რომ ნარკოტიკების მოხმარება ამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზება და ამით კიდევ უფრო არ გავართულოთ მათი ფსიქოსოციალური ინტეგრაცია-რეაბილიტაცია, საჭიროა ვეცადოთ, მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ მოვლენათა შეფასებისას.

ყველაზე ხშირად რა მიზეზი უბიძგებს ადამიანს ნარკომანობისკენ?

ნარკოტიკის მოხმარებისკენ ერთს ინტერესი უბიძგებს, მეორეს - თვითდამკვიდრების სურვილი, მესამეს - უარის თქმის უუნარობა და პიროვნული სისუსტე, მეოთხეს - პრობლემებისგან გაქცევის, ხოლო მეხუთეს - მეტი სიამოვნების განცდის სურვილი. სხვა მიზეზებიც არსებობს,…სამწუხაროდ, არ მინახავს სტატისტიკური კვლევა, სადაც პროცენტულ მაჩვენებლებში აისახებოდა მომხმარებელთა მიერ წამლის მოხმარების დაწყების მიზეზები. თუ აქამდე არ გაკეთებულა ასეთი კვლევა, ალბათ, ღირს ამის გაკეთება, ასეთი კვლევის შედეგი გარკვეულწილად დაგვეხმარება, რომ პრევენციის სტრატეგიაში აქცენტები ოპტიმალურად გადანაწილდეს.

როგორ უნდა იცხოვრონ მათ, რომ მკურნალობის შემდეგ ისევ არ დაუბრუნდნენ ნარკოტიკებს?

ამისათვის საჭიროა მოხერხდეს მისი სრული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია, დასაქმება, ადამიანთა ისეთ კატეგორიასთან ურთიერთობა, ვინც სოციალურად აქტიურია და თავისუფალია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაც კეთდება, როგორც იტყვიან, ზღვაში წვეთია, იმდენად დიდია წამალდამოკიდებულთა რაოდენობა. საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, უნდა გაფართოვდეს ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, შეიქმნას მეტი სოციალური საწარმო და სხვ.

და ბოლოს, რაიმე სტატისტიკა თუ გაქვთ? ან პირადი გამოცდილებიდან როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით?

ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები აპრობირებული მეთოდით - ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის, გამოვლენილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების შეჯერებით - საზღვრავენ წამალდამოკიდებულთა მიახლოებით რაოდენობას. აღნიშნული რაოდენობა კი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ნამდვილად კატასტროფულია.

ბეჭდვა
1კ1