თამაში გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება
თამაში გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება
უფალი ბრძანებს: "შეიცანი ჭეშმარიტება და ის გაგათავისუფლებს შენ". ჭეშმარიტი თავისუფლება უფლის შემეცნებით, მასთან დაახლოებით და ცოდვებისაგან განთავისუფლებით მიიღება. თუმცა ეს ყოველთვის არ გვესმის. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ თუკი მისთვის ყველაფერი დასაშვებია, თავისუფალია. ასეთი ადამიანისთვის ზნეობრივი ჩარჩოები თავისუფლებას უპირისპირდება. მისთვის სინდისისაგან გაქცევა თავისუფლების მოპოვების გარანტიაა. ბოლოს, იქამდე მიდის, რომ ,,მოპოვებული თავისუფლებით" მძიმე ცოდვის მონობიდან ვეღარ აღწევს თავს და საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მაშინღა ხვდება, რომ ეს არ ყოფილა ნანატრი თავისუფლება.

ნაწყვეტი ნარკოდამოკიდებულის დღიურიდან
"სად არის თავისუფლება? მიწაზე საზღვრების, კიდეების, ჩარჩოების გარეშე ვის უცხოვრია? თუკი სამყაროს შეუძლია იყოს უსაზღვრო, მე რა დავაშავე. რატომ დავიბადე წუთისოფლად, ჰა?

სად არის თავისუფლება? თქვენ მონები ხართ, სინდისმა დაგიმონათ და სინდისის ქენჯნა ბორკილებად დაგადოთ. აი, მე გავგლიჯე ბორკილები, უკვე თავისუფალი კაცი ვარ. რასაც მინდა, როდესაც მინდა, როგორც მინდა, ეს ჩემი უ-სინდის-ო ნებაა, იგივე ვ-ნება. ეს ჩემებური თავისუფლებაა...

განთავისუფლდები საკუთარი თავისგან და თავდავიწყებას იწყებ. ერთ მშვენიერ (თუ შეიძლება ასეთ დღეს მშვენიერი ვუწოდოთ) მიხვდები, რომ არა მარტოსულად, არამედ უსულოდ ცხოვრობ. გაგიკვირდება, უსულოდ როგორ არ კვდები და შეგეშინდება სიკვდილის კი არა, სიცოცხლის. ისე შეგეშინდება, რომ სიკვდილს ინატრებ. ნელი თვითმკვლელობა, ასე ვუწოდე გზას, რომელმაც დღემდე მომიყვანა. გზა, რომელიც უგონოდ ავირჩიე სინდისისგან გაქცეულმა."

რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ფაქტია, რომ ბოლო დროს ნარკომანია და მემთვრალეობა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. ნარკომანია ყველაზე ახლოსაა თვითმკვლელობის ცოდვასთან. ბოროტი განუწყვეტლივ ცდილობს გვაცდუნოს ,,ტკბილი ტყუილით". ნარკოტიკის მიღებით გამოწვეული "ნეტარი" და "საამო" მდგომარეობაც ასეთივე "ტკბილი ტყუილია".

ნარკოტიკებში თავდავიწყებას ეძებენ სულიერად ცარიელი ადამიანები. ადამიანი, რომელიც ახლოს არ იცნობს უფალს, მცირეოდენი ცხოვრებისეული წარუმატებლობისთანავე სასოწარკვეთას ეძლევა და ნარკოტიკის საშუალებით ცდილობს რეალობას გაექცეს. ანდა ღმერთისგან დაშორებულს და, შესაბამისად, ცოდვებით დამძიმებულს, უდგება მძიმე შინაგანი, სულიერი კრიზისი: სულს თითქოს ლოდივით აწევს შეუნანებელი ცოდვები, მაგრამ რწმენა და რელიგიური ცოდნა არ ჰყოფნის, ღმერთს სთხოვოს შველა, ლოცვასა და სინანულში ეძებოს შემსუბუქება, განკურნება, გათავისუფლება. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი განცდა აიძულებს, ეძებოს რაიმე მსუბუქი საშუალება ამ სიმძიმისაგან თავის დასახსნელად, იპოვოს ილუზიური სამყარო, სადაც არც საზრუნავი არსებობს და არც პრობლემები. ნარკოტიკის გასინჯვის საცდურს ხშირად აძლიერებს იმ ადამიანების საუბრებიც, რომელთაც უკვე გაუსინჯავს ის, აგრეთვე ცნობისმოყვარეობა და "სიამოვნების" ძიება.

ნარკომანი ყიდის სულს "წუთიერ სიამოვნებაზე". უჭირს დაბრუნება ილუზიური სამყაროდან რეალობაში, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. მას განზე დგომა ურჩევნია, ომის დროს ბუჩქებში დამალვას და დაძინებას ცდილობს, რომ ვერაფერი დაინახოს და გაიგონოს.

დაავადებული ნარკოდამოკიდებულების უმეტესობა, ადრე თუ გვიან, ნანობს თავის საქციელს და წყევლის იმ დღეს, როდესაც პირველად "გასინჯა წამალი". თუმცა მათი სულიერი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ამგვარი სინანული მხოლოდ ნაპერწკალია იმ დიდი ცეცხლის დასანთებად, რომელმაც შესაძლოა "გადაარჩინოს" საბოლოო დაღუპვისაგან. ეკლესია თანაგრძნობით ეკიდება ნარკოდამოკიდებულებს და ამ მანკიერების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. იგი არ უარყოფს ნარკომანიის მწვავე სტადიაში სამედიცინო ჩარევის აუცილებლობას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციას უთმობს, რაც მეტად ეფექტიანია მაშინ, როცა ნარკოდამოკიდებულები აქტიურად ებმებიან ევქარისტიულ და სამრევლო ცხოვრებაში.

თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დონით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - 21-ე საუკუნის ერთ-ერთი სენი. თვითონ აზარტული თამაშებით გატაცებულებიც ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. გემბლინგს ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს. კერძოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. ესაა არაქიმიური დამოკიდებულების ფორმა, ანუ ფსიქიკური მიჯაჭვულობა, როცა ადამიანი თავის ქცევას ვეღარ აკონტროლებს. ფიზიკური დამოკიდებულების დროს ადამიანის ორგანიზმი ეჩვევა ამა თუ იმ პრეპარატს, ქიმიურ ნივთიერებას და ხდება მასზე დამოკიდებული. უკონტროლო ქცევას ეწირება ადამიანის ცხოვრების სხვა ღირებულებები. აზარტული თამაშები დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან და ამის შედეგად ადამიანი მიდის ფიზიკურ ბანკროტამდე. კარგავს საცხოვრებელს, სხვა მატერიალურ ღირებულებებს და საბოლოოდ, სულიერად ნადგურდება. არსებობს მოსაზრება, რომ დამოკიდებულებას უშუალოდ თამაშის პროცესში განცდილი შეგრძნებები აჩენს. ფსონის დადებისას, კარტის დარიგებისას, ადამიანი სიამოვნებას განიცდის და ამ განცდაზე დამოკიდებული ხდება. გემბლინგით დაავადებულთა მახასიათებლებია: მძიმე კონფლიქტებისგან თავის დაღწევის უნარი, რასაც ტყუილით აღწევენ. კრიტიკულები არიან ოჯახის წევრების მიმართ. აზარტულად მოთამაშეები იღებენ ვალს და დარწმუნებულნი არიან, რომ თამაშით ვალით აღებულ თანხას გააორმაგებენ, ვალსაც გაისტუმრებენ და მოგებულებიც დარჩებიან, მაგრამ რეალობა ასეთი არ არის.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს აზარტული თამაშების, სლოტ-კლუბებისა და კაზინოების პოპულარიზაცია-რეკლამირება მასმედიის და სხვა საშუალებებით, რის გამოც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება აზარტულ თამაშებში.

თამაში გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება, რაც მეტს თამაშობ, მით უფრო გიჭირს მისთვის თავის დანებება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველგვარი მატერიალური ფუფუნების დაკარგვის სანაცვლოდ, მოთამაშე მაინც მიილტვის აზარტული თამაშებისკენ, თავისი ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ გადადის სესხის აღებაზე მეგობრებისგან, მეზობლებისგან და ა.შ.

აზარტული თამაშები მოიცავს ისეთ მავნე მიდრეკილებებს, რომლითაც ადამიანს მთლიანად იმონებს და მართავს.

რა თქმა უნდა, ეს სენიც დაძლევადია. მთავარია, მოხდეს მოთამაშე ადამიანის დარღვეული ნებელობის აღდგენა. დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფსიქიკურ სიძლიერეს, თუ რამდენად ძლიერი გამოდგება იგი საკუთარ თავთან საბრძოლველად. დაუძლურებული და დაავადებული სული მარხვითა და ლოცვით, უფალთან ურთიერთობით განიკურნება. მთავარია, აზარტული თამაშების სენით შეპყრობილი მოვამზადოთ ამისათვის. ის თვითონ უნდა ხვდებოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დარღვეული ფსიქიკის აღდგენისათვის საეკლესიო ცხოვრებაში ჩართულობა, თვითონ უნდა აცნობიერებდეს ამის აუცილებლობას. იძულებით ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ისევ თავისუფალ ნებასთან მივედით. ერთ-ერთი წმინდა მამა წერს: "მან, ვინც ჩვენს გარეშე შეგვქმნა, ჩვენი ცხონება ჩვენი ნების გარეშე არ განსაზღვრა.

ბეჭდვა
1კ1