მომეც სურვილთა დათმობა
მომეც სურვილთა დათმობა
უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისგან
"უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,

მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!"


- ასეთი სიტყვებით ლოცულობდა ავთანდილი ღვთის მიმართ. წმინდა მამები ხშირად ამბობენ, ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს უნდა ემსგავსოს, ჯვარს უნდა აცვას ხორციელი სურვილებიო.

მთელი ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა უკეთურ სურვილებთან, მავნე ჩვევებთან, საკუთარ ნებასთან შერწყმულ ეშმაკის ნებასთან.

ყოველთვის უნდა გავხსოვდეს, რომ "თავისუფლება ნიშნავს - არ გახდე ვნებების მონა".

ამ თემაზე გვესაუბრებიან მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრები.

ჯვრის მამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი და ზემო ბეთლემის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ჯვრის მამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი:

- როგორი სახე აქვს საკუთარ თავთან ბრძოლას და რამდენად მნიშვნელოვანია აქ გამარჯვება?

- ეს ბრძოლა ყველაზე რთულია, ვინაიდან საკუთარ თავთან ორთაბრძოლაში ჩაბმულნი მოწინააღმდეგესაც აქვე ვაწყდებით, ამიტომ გამარჯვება, ალბათ, ყველა სხვა გამარჯვებისგან გამორჩეულია.

ადამიანმა საკუთარი თავის გამოსწორებისთვის ბრძოლის დაწყებისთანავე უნდა გააცნობიეროს, რომ სცოდავს, ცოდვილია; ხშირად სწორედ ეს გვიჭირს ხოლმე. ვერ ან არ ვაცნობიერებთ, რომ სულის გადასარჩენად გამუდმებით უნდა ვიბრძოლოთ, ვურიგდებით ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას, მას ბუნებრივადაც კი ვთვლით. ის, რაც ურწმუნოს ნორმალური მდგომარეობა ჰგონია, მორწმუნისთვის არანორმალურია.

რისთვის არის საჭირო სულიერი ბრძოლა? ჩვენი გადარჩენისთვის, ცხონებისთვის. სწორედ ჩვენი ხსნისთვის გაიღო მაცხოვარმა თავისი სისხლი და ხორცი. ქრისტე მუდმივად გვავალებს არა მარტო ბრძოლას, არამედ გამარჯვებას.

ადამიანში სამი ნება მოქმედებს: უფლის, ბოროტის და საკუთარი თავისუფალი ნება. ღვთის ნება მაცხოვნებელია, ბოროტის - დამღუპველი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება გააჩნია, საითკენ მიიდრიკება - სიკეთისკენ ანუ ღვთისკენ თუ ბოროტებისკენ. რომელსაც იღებს ადამიანური ნება, ისე ვითარდება მისი სულიც: იღებს უფლის ნებას - მიდის ღმერთისკენ, განაგდებს ღვთის ნებას - ხდება საკუთარი თავის მტერი. ამიტომ ყველაფერი უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღვასრულოთ.

- აქ ადამიანის არჩევანიც მნიშვნელოვანია ალბათ...

- უნდა ითქვას, რომ ჩვენში ჩადებულია რისკი არასწორი არჩევანისა. საკუთარ თავში იმდენ ნება-სურვილს აღმოვაჩენთ, რამდენი ძალა და მოთხოვნილებაც გვაქვს და, იმის მიუხედავად, ღვთის ნებას ეთანხმება თუ არა, ყველა მათგანი დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად, თავდაპირველად, საკუთარი სურვილების დათრგუნვა გვმართებს, საბოლოოდ კი მათი სრული ჩახშობა და ჩაკვლა. ხოლო ამაში რომ წარვემატოთ, განუწყვეტლივ უნდა აღვუდგეთ ცუდს და საკუთარ თავს კეთილის ქმნა ვაიძულოთ, ანუ საკუთარ თავში გამუდმებით ვებრძოლოთ იმას, რაც ხელს გვიშლის უფლისკენ სვლაში.

- ადამიანს სამი ძირითადი მტერი ჰყავს: ბოროტი, წუთისოფელი და ხორცი...

- რა თქმა უნდა, კაცისთვის წუთისოფელი საცდურია. უფრო ზუსტად კი, სავსეა საცდურით. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ამა სოფლის ბოროტებას სამი საწყისი აქვს: სხეულებრივი ვნებები, თვალთახედვითი ცოდვა და ამქვეყნიური ამპარტავნება. თავისთავად, ღმერთმა კეთილად შექმნა ეს ქვეყანა, წუთისოფელი, მაგრამ უფლის მიერ შექმნილი რეალობის ჩვენეული აღქმაა დამახინჯებული.Aარსებული რეალობა თავისთავად ბოროტება არ არის, ჩვენ მიერ მისი ფუნქციის აღქმაა ზოგჯერ დაზიანებული. სამწუხაროდ, რეალობას ხშირად ისეთად კი არ აღვიქვამთ, როგორიც ჭეშმარიტად არის, არამედ ისეთად, როგორიც გვსურს იყოს.Aამიტომ ჩვენი შეხება რეალობასთან ილუზიურია. როდესაც ადამიანს არასწორი, არამართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და მსოფლშეგრძნება აქვს, მისი გონება სინამდვილეს მცდარად აღიქვამს.

ადამიანის ხორცის, სხეულის მიჩნევა ბოროტების საწყისად, ცხადია, შეცდომაა. უფალმა კეთილად შექმნა ჩვენი სხეულიც, სულიც და სამშვინველიც. ადამიანის სხეული, როგორც ღვთის ქმნილება, ტაძარი უნდა იყოს სულიწმიდისა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენივე ხორცი ჩვენს წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისაკენ სწრაფვით, სნეულებითა და მცონარებით გვთრგუნავს. ზოგჯერ ყოველნაირად ცდილობს, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, გვაიძულოს, მთელი ჩვენი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოვახმაროთ. რაც შეეხება ხორციელ კმაყოფილებას და განცხრომას, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სხეული მარხვით, მღვიძარებით უნდა დავაცხროთ. ხორცი მღვიძარებაშიც გვიშლის ხელს. არადა, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, გამუდმებით მღვიძარებაში უნდა ვიყოთ. მღვიძარება საოცარი მდგომარეობაა ცოდვიდან გამოსვლისა. გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ფორმირდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისგან.

ბოროტი თავისი თანამებრძოლების - წუთისოფლისა და ხორცის საბრძოლო საშუალებებით სარგებლობს. ეშმაკის თავდასხმის მთავარი საგანი ჩვენი უძლური მხარეებია.

- რამდენად შეგვეწევა ლოცვა საკუთარ დაცემულ სურვილებთან ბრძოლაში?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცნობიერების ყველაზე ძნელად შესასრულებელი ფუნქცია ლოცვაა. იმისთვის კი, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, ლოცვა ყველაზე ეფექტიანი იარაღი და საშუალებაა. ხშირად ლოცვის სწავლაც ბრძოლით მიიღწევა.

ყველა ლოცვა ლოცვა არ არის. მას სამი ასპექტი უნდა ახასიათებდეს: პირველი - ლოცვა ყურადღებით უნდა იყოს წარმოთქმული. მოაკელით მას ყურადღება და ლოცვა აღარ იქნება; მეორე - ლოცვა უნდა იყოს ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით აღვლენილი. თუკი მას ღვთის წინაშე საუბრისა და დგომის განცდას მოვაშორებთ, არც ამ შემთხვევაში ჩაითვლება ლოცვად; მესამე - ლოცვას აუცილებლად სინანული, ცოდვათა განცდა უნდა ახლდეს.

- ერთია, ჩვენ რა გვსურს, რა გვინდა და მეორეა - რა უნდა გვინდოდეს ჭეშმარიტად. უფალმა თავად გვასწავლა, თუ რა უნდა ვითხოვოთ მისგან, რადგან ადამიანმა ზოგჯერ არ იცის, რა არის მისთვის ჭეშმარიტად სასიკეთო.

გვესაუბრება ზემო ბეთლემის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

- უფლის მოქმედება ყოველთვის ადამიანის სიკეთისთვისაა განსაზღვრული. ადამიანმა ცოდვით დაცემის შემდეგ დაკარგა აღთქმა ჭეშმარიტი სიკეთისა, რაც მისთვის სამოთხეში ყოფნა იყო. აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარი გახდა უფალთან სამარადჟამო ყოფა და მისი გონება წარმავლობისკენ მიიდრიკა. სწორედ ეს წარმავალი ყოფა ეღობება მის მარადიულობისკენ სვლას, თუმცა ამას ყველა ადამიანი თავისივე ნებით სჩადის. როგორც წმინდა მამები ამბობენ: ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა. ჩვენი სისუსტის გამო ჭეშმარიტებისკენ ლტოლვა შენელებულია, არ ძალგვიძს უფალთან ურთიერთობა და აღარც კი გვახსოვს, რომ სწორედ ამ გზით შეიძლება ჩვენი სრულყოფა. ლოცვა კი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ჭეშმარიტების გზაზე გვაყენებს.

- როგორ აისახება ღვთის ნების წინააღმდეგ სვლა პიროვნების, ერის მდგომარეობაზე?

- თუკი ადამიანის ნება ეწინააღმდეგება ნებას უფლისას, რომელიც სრული სიკეთეა თითოეული კაცისთვის, მაშინ მისი ყოველი გადაწყვეტილება თავისთავად არასრულფასოვანი ხდება და მალე იმკის საკუთარი საქციელის შედეგს ათასი აგრესიის, ეკოლოგიური კატასტროფის, იმუნური დაავადებების, ნარკომანიის სახით. სამწუხაროდ, კაცს ვიდრე დიდი უბედურება არ დაატყდება თავს, მანამდე არ ახსოვს უფალი. ღვთისადმი წინააღმდეგობას ბოროტების მეტი არაფერი მოაქვს როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ასევე ერისა და მთელი კაცობრიობისთვის.

- ნებისმიერი სურვილის ასრულება შესაძლებელია ლოცვით?

- ჩვენ მთელი სასოება გვაქვს ღმერთზე. ღმერთია სამყაროს შემქმნელი, იგია ჩვენი სიცოცხლის წარმმართველი, იგია მამა ყოველი სულიერისა და უსულოსი და ჩვენ, როგორც შვილები, მამას ვთხოვთ შეწევნასა და დახმარებას. სახარება ბრძანებს, არ შეიძლება, შვილები მამას სთხოვდნენ პურს და მან მათ გველი მისცესო. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი გვაძლევს იმას, რაც ჩვენი სულისთვის არის უმჯობესი. თუკი ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მოწყალე ღმერთი არ გვაძლევს იმას, რასაც ვითხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის ჩვენთვის საზიანო იქნებოდა. ამიტომაც ვამბობთ: "იყოს, უფალო, ნება შენი და არა - ჩვენი".

ადამიანის ცოდვისმიერი სურვილი და გულისთქმა მრავალნაირია. სწავლების თანახმად, სინამდვილეში არსებობს ცოდვის ერთი ძირითადი სათავე - ჩვენი თავმოთნეობა, ანუ არასწორი სიყვარული ადამიანისა საკუთარი თავის მიმართ, ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი. ყველაზე საზარელ და განსაკუთრებით მძიმე ვნებად და სურვილად, რომელიც მუდამ ებრძვის ადამიანს და რომელშიც თავს იყრის ყველა მანკიერი ტკბობა, ითვლება სიძვის გულისთქმა. ქრისტიანს სიკვდილამდე უხდება მასთან ყველაზე მძიმე და სასტიკი ჭიდილი.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) სიძვის გულისთქმის შესახებ ბრძანებს: "წმინდა მამები ამბობენ: "ნუ ენდობი საკუთარ სხეულს მანამ, სანამ იგი კუბოში არ ჩაწვება და ვიდრე კუბოს ლურსმნებით არ დაჭედავენ". თითოეულ ადამიანში გენეტიკურად ძევს ბუნებრივი წადილი საპირისპირო სქესისა და მისდამი ლტოლვა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, სიძვის ცოდვასთან ბრძოლა არის ჩვენში შინაგანად დამკვიდრებულ მტერთან შერკინება.

- როგორ ვითარდება ეს ვნება?

- ამისთვის საჭიროა გარკვეული გამოსახულება, ამიტომაც იგი ყველაზე ხშირად ამით იწყება. პირველ ეტაპზე ბილწი გამოსახულება ჩნდება ადამიანის გონებაში, როგორც ეს ხდება კინო ან ტელეეკრანზე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ცოდვა - მხოლოდ საბაბი, შემოტევა, საცდური. ეშმაკი გვთავაზობს სატყუარას, მომხიბლავ გამოსახულებას, რასაც ცნობიერებაში გვინერგავს. მაგრამ ჩვენ ძალგვიძს, შინაგანად უარვყოთ იგი, არ შევაჩეროთ მასზე საკუთარი ნება. მაშინ ეს გამოსახულება ჩვენთვის გარეგანი და უცხო დარჩება. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავითავისებთ, თუ მოგვეწონება და მოგვინდება მისი დატოვება ჩვენს ცნობიერებაში. თუ ადამიანი თავიდანვე უკუაგდებს ვნებით გულისსიტყვას ან გამოსახულებას, ამ სულიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა.

- როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი სურვილები და გულისთქმები?

- წმინდა მამებმა ჩამოაყალიბეს სწავლება სიფხიზლის, საკუთარი გულის კონტროლის შესახებ. გულისსიტყვის (ან გამოსახულების) ჩასახვის წუთი საუკეთესო დროა მასთან შესაბრძოლებლად და მის გასანადგურებლად. გულისსიტყვა მცენარეს ჰგავს: ახალაღმოცენებულს იოლად ამოგლეჯ მიწიდან, გაზრდილისა და ღრმად ფესვგადგმულის მოსათხრელად კი დიდი ძალაა საჭირო. და თუ ყლორტი ხედ გადაიქცა, მისი ამოგდება თითქმის შეუძლებელია და ადამიანსაც აღარ ხელეწიფება ცოდვასთან საკუთარი ძალებით ბრძოლა - მან დასახმარებლად თავის მოძღვრებს უნდა მიმართოს.

ამრიგად, ტკბობითი გულისსიტყვის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მისი თავიდანვე, გამოჩენისთანავე მოკვეთა. მაგრამ მომდევნო ეტაპებზეც მართებს ქრისტიანს ცოდვასთან დაპირისპირება. მაშინაც კი, თუ ბრძოლა დაგვიანებით ან შეცდომებით წარიმართება, საჭიროა მისი გაგრძელება და ღვთისადმი ვედრება გონებით დაშვებულ შეცოდებათა მოსატევებლად. ვნებით გულისსიტყვასთან ბრძოლაში საჭიროა ადამიანის ბუნებრივი, გულისწყრომითი ძალები, რაც ნიშნავს ეშმაკის, ცოდვითი გულისსიტყვისა და თავად ცოდვის მიმართ მრისხანებას. რისხვა ადამიანს მიეცა, როგორც საჭურველი, მტერთან საომარი მახვილი, მაგრამ ჩვენ იგი საკუთარი თავისა და მოყვასის წინააღმდეგ გამოვიყენეთ. გულისწყრომა შეიძლება იყოს წმინდა და მართალი, თუ ჩვენს გულში აღმოცენებულ ცოდვასა და დემონზე განრისხებას ვისწავლით. მრისხანებას გამანადგურებელი ძალა აქვს და თუ მას მოძმისკენ მივმართავთ, გარკვეული თვალსაზრისით, მკვლელებად ვიქცევით, ხოლო თუ ცოდვას დავუპირისპირებთ, რისხვა დაშლის მას და ჩვენს სულს განწმენდს.

ასე რომ, საჭიროა ვისწავლოთ ბილწ გულისსიტყვებზე განრისხება. წმინდა მამები გვასწავლიან: "როდესაც ბილწი გულისსიტყვა წინ დაგიდგება, ჯერ განურისხდი მას, როგორც უბედურებას, რომელსაც შეუძლია მარადიული ცხოვრება დაგაკარგვინოს, შემდგომ ღმერთს მიმართე ლოცვით. ნუ შეისწავლი ამ გულისსიტყვას და ნუ გაესაუბრები, სიტყვებით ნუ უარყოფ დემონის ნათქვამს. გულისსიტყვა რისხვით განაგდე გულიდან, შემდეგ კი ღმერთს მიმართე, რათა შებილწული შენი სული განწმინდოს".

- კიდევ რა არის საჭირო ვნებიან სურვილებთან საბრძოლველად?

- თავშეკავება! წმინდა მამებმა სიძვის ცოდვა, ეს სნეულება, ნაყროვანების მომდევნოდ დააყენეს, რადგან სიძვის დემონი ნაყროვანების დემონთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ნაყროვანება სიძვის ცოდვას აღანთებს. წმინდა მამები ამბობდნენ: "თუ სიძვასთან ბრძოლა გსურს საკუთარი სტომაქის დაოკების გარეშე, ეს იგივეა, კოცონის ჩაქრობას შეეცადო მასში ხის ტოტების ჩაყრით".

როგორ დავუდგინოთ საკუთარ თავს საკვების ნორმა?

წმინდა მამები ასე გვასწავლიან: "განსაზღვრე, რამდენი საკვები გჭირდება დასანაყრებლად, შემდეგ შეჭამე ამ რაოდენობის ორი მესამედი, დანარჩენი კი დატოვე; ან მაგიდიდან მაშინ ადექი, როდესაც ჯერ არ გრძნობ სრულ გაძღომას და ცოტაოდენი ჭამა კიდევ გინდა. ეს იქნება შენი საზომი". წმინდა იოანე კიბისაღმწერელთან ვკითხულობთ: "სტომაქის დასაოკებლად გამოვიყენოთ კეთილგონივრული თანდათანობა: ჯერ აღვიკვეთოთ გამასუქებელი საკვები, შემდგომ განმახურვებელი, ბოლოს კი დამატკბობელი". არ შეიძლება ერთბაშად დაიდგინო მკაცრი მარხვა - თავშეკავებას ადამიანი თანდათან აჩვევს საკუთარ თავს. გარდა ამისა, მარხვაში ზოგჯერ ზომიერების დაცვაც არის აუცილებელი. როგორც ღირსი იოანე კასიანე რომაელი წერს, ზომაგადასული მარხვა ზოგჯერ არათუ აცხრობს, პირიქით, აღაგზნებს სიძვის ცოდვას. ზომიერებისა და თავშეკავების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა თავისი ძალების, სხეულის მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით უნდა მიიღოს იმდენი საკვები, რამდენიც ესაჭიროება სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და არა ძღომის სურვილის დასაკმაყოფილებლად. ერთნაირად საზიანოა ორივე უკიდურესობა: უზომოდ მკაცრი მარხვაც და სტომაქის გადავსებაც. მონაზონმა ისე გონივრულად უნდა დაიცვას მარხვა, თითქოს სხეულში ას წელიწადს დარჩენა ჰქონდეს გადაწყვეტილი; ისე უნდა მოთოკოს სულიერი მოძრაობანი: დაივიწყოს წყენანი, დაუტევოს დარდი, არად ჩააგდოს მწუხარება და დანაკარგი, თითქოს ყოველდღე სიკვდილს აპირებდეს.

- თავმდაბლობა - საწინდარი სურვილების მოთოკვისა.

- ვნებიან სურვილებთან ბრძოლისას ქრისტიანს მართებს ღრმა სულიერი თავმდაბლობა; მან უნდა შეიგნოს, რომ თავად არის შუაგული ცოდვისა და თვინიერ ღვთის შეწევნისა ვერ შეძლებს ვნებასთან ბრძოლას; ამასთან, სულიერად არ უნდა დაეცეს, იმედი იქონიოს ღვთის შემწეობისა და ილოცოს. სიძვის ეშმაკი სიამაყის ეშმაკთან არის შეკრული. ზოგჯერ საღვთო განგებულება სწორედ ამპარტავან ადამიანზე დაუშვებს სიძვის განსაკუთრებით ძლიერ ბრძოლას, რათა უმცირესი ცოდვით განკურნოს უდიდესი, სუსტი სენით მოარჩინოს უმძიმესი ავადმყოფობა. მაგრამ თუ ადამიანი დროულად დაიმდაბლებს თავს, მას ეს მკაცრი მკურნალობა არ დასჭირდება.

ვნებიან სურვილებთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი საშუალებაა აღსარება სულიერ მამასთან. წმინდა მოღვაწენი ამბობენ, რომ სიძვის ეშმაკი ვერ იტანს მხილებას, უყვარს ჩვენს სულებში მიმალვა, ჩაძრომა, როგორც მორიელს ხვრელში. როცა დემონს ამხელ მოძღვრის წინაშე, უამბობ მასთან საკუთარი ბრძოლის შესახებ, მაშინვე მოგეშვება გულზე. მაგრამ ამის გაკეთებისას აუცილებელია, გწამდეს საკუთარი მოძღვრის ლოცვისა.

უნდა ვეცადოთ, არავინ განვიკითხოთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც იგივე ვნებები სტანჯავს. როდესაც სხვებს ვკიცხავთ, ვგულისხმობთ, რომ მათ ადგილზე იმავეს არ ჩავიდენდით, და შინაგანად საკუთარ თავს დემონის მძლეველად წარმოვიდგენთ, ამიტომ სხვათა განკითხვის გამო უფალი ზოგჯერ დაუშვებს ჩვენზე ისეთივე ბრძოლას, რასაც ხშირად ვერ ვუძლებთ და ვეცემით. სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესია - არ განიკითხო სხვა. ეს ნიშნავს, არ გაამართლო მისი ცოდვა, მაგრამ თანაუგრძნო, როგორც სნეულს.

არასდროს უნდა ვენდოთ საკუთარ თავს, არ გვეგონოს, თითქოს ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ.

მარიამ მეგვიპტელს, იორდანეს უდაბნოში მცხოვრებს, მრავალი წელი ებრძოდა სიძვის ეშმაკი - იგი ღირს დედას თავის წარსულ, ცოდვილ ცხოვრებას შეახსენებდა. მტრის თავდასხმების დროს მარიამი მიწაზე ემხობოდა და მთელი ხმით ყვიროდა: "უფალო, მიხსენ მე! უფალო, მე უძლური ვარ!" ამ თავმდაბლობისთვის ეს მოღვაწე დედა ღვთის მადლით იმოსებოდა და მტერთან ამ სასტიკ, უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვებდა.

ამრიგად, ყველას უნდა გვახსოვდეს: ვნებიანი სურვილების დაძლევა ნიშნავს მადლის გამარჯვებას დემონზე. გულშემუსვრილებითა და ღრმა თავმდაბლობით საკუთარი თავის ჭეშმარიტი შეცნობის გარეშე შეუძლებელია სიძვის ვნების ძლევა!

მოკლედ, ვნებიან სურვილებთან ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს გულისა და გონების სიფხიზლეს, ანუ ბილწი გულისსიტყვის (ან გამოსახულების) დროულად აღმოჩენასა და დაუყოვნებლივ მის მოკვეთას. ამის მისაღწევად აუცილებელია: მოუკლებელი ლოცვა; ბილწი გულისსიტყვების (ან გამოსახულებების) მიმართ გულისწყრომა; მუდმივი შრომა; აღსარება და გულისსიტყვების გამხელა სულიერ მამასთან, მოძღვართან; ნაყროვანებასთან ბრძოლა; მოკრძალებული შემოსვა და ქცევა; მოყვასის არგანკითხვა; მდუმარება და განმარტოება სიძვის სულის განსაკუთრებით ძლიერი თავდასხმების დროს და, რაც მთავარია, გულწრფელი და არა თვალთმაქცური ღრმა თავმდაბლობა. წმინდა მამების თქმით: "უბიწოება - ყველა სათნოების ერთობლიობაა".

ბეჭდვა
1კ1