ადამიანს ფარისევლობის ცოდვა ყოველთვის ებრძვის
ადამიანს ფარისევლობის ცოდვა ყოველთვის ებრძვის
სახარებაში ვკითხულობთ: "აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმლისაი და პინაკისაი განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არს ნატაცებითა და უკეთურებითა. ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა? გარნა ესე, რომელი ჯერ-არს, მიეცით მოწყალებაი, და, აჰა, თქუენი ყოველი წმიდა არს. არამედ ვაი თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა, და თანაწარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა: ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად. ვაი თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უGინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან". ასევე უფალი ბრძანებს: "ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაისა, რომელ არს ორგულებაი. ხოლო არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისთვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა".

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ფარისევლობის შესახებ ბრძანებს: "არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე", - ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაGენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი... მე არ ვემსგავსები სხვათა კაცთა, მე სხვაზედ უმჯობესი ვარ, სხვანი ცუდნი არიან.

როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ არა ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსა განიკითხავ, შენ ისრეთ არ შესცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორეთ ესრეთი ჰაზრი გამოდის ხშირად შენის საუბრისაგან. იქმნება შენ თითონაც არა გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი: ფარისევლობა დიდად მზაკვარია; იგი ხშირად შენდა უცნობლად დაიბუდებს შენს გულში, იგი ზოგჯერ შენდა შეუტყობლად მიაბრუნებს შენთა სიტყვათა და საქმეთა მუნ, სადაცა შენ არ გსურდა.

ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარდამცემი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ორნაირი ყოფილა! თურმე მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ზოგჯერ გამოდის არა სინანულისა და ღვთისმოყვარებისა, არამედ ამპარტავნებისაგან! თურმე შესაძლებელ არის მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლსა და ღვთისმსახურებასა, არამედ ერთსა მხოლოდ ცოდვასა და ღვთის წინააღმდეგობასა! რისთვის იქებდა ფარისეველი თავსა, უკეთუ ეს ესრეთ არ იყოს!

როგორ ვებრძოლოთ ფარისევლობას? ამ შეკითხვით მივმართე ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსს, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი):

- თუ ვინმე ამბობს, წრფელი ვარ და ფარისევლობა არა მაქვსო, ცრუობს. ადამიანს ფარისევლობის ცოდვა ყოველთვის ებრძვის. ზოგჯერ შეიძლება დაგეზაროს რაიმეს გაკეთება, გარეგნულად კი ისე იქცევი, თითქოს ვერ მოახერხე, საკუთარი თავი გამოგყავს უხერხული მდგომარეობიდან. ეს ფარისევლობაა და მოჩვენებითი საქციელი, რათა სხვის თვალში კარგი გამოჩნდე. ხშირად მიცდია ამ ცოდვისგან თავის დაღწევა, მაგრამ უნებურად ისე შემოგეპარება, როცა ჩაიდენ ამ ცოდვას, მერეღა ხვდები... რაიმეს ისე გულით არ აკეთებ, როგორც უნდა აკეთებდე... უგულოდ გააკეთე, ხალხის წინაშე კი ცდილობ წარმოჩნდე, თითქოს ძალ-ღონე არ დაგიკლია, მერე ხვდები, რომ ფარისევლობ და სინანულში ხარ.

- მეუფე, უფალი როგორ გვასწავლის?

- უფლის სიტყვა და საქმე ერთმანეთის შესაბამისი იყო. ის არაფერს თავის გამოსაჩენად, ან სხვათა დასანახავად არ აკეთებდა. ადამიანი კი... ადამიანს საკუთარი თავის სწორად დანახვაც კი უჭირს. ერთია - ის რას ფიქრობს საკუთარ თავზე, მეორეა - მასზე რას ფიქრობენ, მესამეა - სინამდვილეში როგორია ღვთის წინაშე. რაც უფრო მეტად ეცდება ადამიანი საკუთარი თავის დანახვას იმ რეალობით, როგორითაც ხედავს მას ღმერთი, მით მეტად დააღწევს თავს ფარისევლობას. საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა მუდამ თან სდევს კაცს და მისგან განთავისუფლება ძალიან რთულია. რა არის გამოსავალი? აღიარება და სინანული, რომ რეალურად გაქვს ეს პრობლემა და წუხილს გამოთქვამ. როგორც კი მოგეცემა საშუალება და დაინახავ, რომ არასწორად იქცევი, უნდა შეჩერდე და სინანულით გამოასწორო მდგომარეობა. როცა გასაჩუმებელია - გაჩუმდი, როცა სათქმელია - თქვი. მოჩვენებითად არ უნდა იქცეოდე და ჭეშმარიტებას არ უნდა ღალატობდე. ჭეშმარიტება ყოველთვის მაღლა დგას. გაორება ხელს უშლის ადამიანს უფალთან კავშირის დამყარებაში. უნდა ვეცადოთ ჭეშმარიტებისადმი ერთგულებით ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრების გამთლიანებას უფალში.

ზოგს ჰგონია, თუ პირში მიახლის მოყვასს სათქმელს - კარგია, არადა, სინამდვილეში, ეს შენს თავს დაახალე განკითხვის ცოდვა. თუ გსურს მოყვასს რაღაც უთხრა და ამხილო, შენ თვითონ უნდა იყო წმიდა და მართალი, რომ უფლება გქონდეს სხვა ამხილო. როცა ამბობ, ვამხელო, თვითონ კი უარესის გამკეთებელი ხარ, ვის ამხელ? საკუთარი თავი ამხილე. მაშინ გაქვს ძალა, როცა სუფთა ხარ. როცა სუფთა არ ხარ, ვის ამხელ?

***
ბერებს რაც უფრო სურთ მიაღწიონ სრულყოფილებას, მით მეტად ცდილობენ განმარტოებას. განმარტოების მაღალი ხარისხია, როდესაც ხალხში ხარ, მაგრამ მაინც მარტო ხარ. სიმარტოვე უფალთან უფრო ახლო ურთიერთობისთვის უნდა გსურდეს და არა იმისათვის, რომ საზოგადოებას გარკვეული პროტესტი გამოუცხადო. პროტესტანტული განწყობა არ არის სათნო ღვთისათვის. ასეთი მარტოობა სიძულვილის გამოხატულებაა, რაც საბოლოოდ დეპრესიას იწვევს. დეპრესია კი სულის ძალზე მძიმე მდგომარეობაა, რის შედეგადაც ან გაგიჟდება ადამიანი ან თავს მოიკლავს.

სრულიად სხვაგვარია განმარტოება ღვთის სადიდებლად. როცა ადამიანი სულში უფალთან ურთიერთობის სითბოს იღებს, მას არ სურს დაკარგოს ეს სიახლოვე და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად ახლოს იყოს უფალთან. ეს მდგომარეობა მხოლოდ უფლისაგან მოცემული მადლით შეიძლება მოგენიჭოს გულმოდგინებისა და ერთგულებისთვის.

სასულიერო პირს ჩაბარებული აქვს მორწმუნეთა სულები და მათზეა პასუხისმგებელი. სასულიერო პირი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს სძლიოს თავის თავს. თავად იბრძოლოს საკუთარი სულისთვის, რომ შეძლოს სხვათა სულებისთვის ბრძოლა. მოძღვარი მაგალითი უნდა იყოს მრევლისთვის. როცა მოძღვარს დიდი მრევლი ჰყავს, არ უნდა გაამაყდეს და არ უნდა მიაწეროს მრევლის სიმრავლე საკუთარ ღირსებებს. მრევლის სიმრავლე უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს მოძღვარს ღმრთისა და თითოეული მისდამი მინდობილი მორწმუნის წინაშე. მრევლი იმიტომ მოდის მასთან დიდი სიყვარულით და თავდადებით, რომ ამით უფალთან ურთიერთობის საშუალებას ხედავს. მოძღვარმა ეს უნდა გაითვალისწინოს. რაც შეიძლება მეტად უნდა დაიხარჯოს მათთვის. მსახურად კი არ უნდა დაიყენო მრევლი, პირიქით, თავად უნდა ემსახურო მას. ეს არის უმთავრესი. აქ არის ხოლმე პრობლემები. ზოგიერთი მღვდელი ვერ ხედავს ზღვარს მის პიროვნებასა და უფალს შორის. ის ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას და მოითხოვს მრევლისგან პირადად მისადმი მსახურებას. თუმცა, ასეთი შემთხვევები ეკლესიის ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათია.

ღმერთი ადამიანს მოძღვრობას რომ ანიჭებს, მადლსაც აძლევს და იმ ძალასაც რომ იტვირთოს მოძღვრის ჯვარი. ღვთის წყალობით, მრავალი მოძღვარია, რომელიც თავდადებით და ერთგულებით ემსახურება უფალსა და მრევლს. მრევლსაც, რაღაც დონეზე, უნდა ჰქონდეს კეთილგონიერება, რომ არ გააკერპოს მოძღვარი, არ დააყენოს ის ღმერთის ადგილზე. მრევლს უნდა უყვარდეს მოძღვარი, რადგან მოძღვარი არის მისი ღმერთთან მიმყვანებელი.

- როგორ ვიცხოვროთ?

- წმინდა მეფე დავითი ამბობს: "მსხვერპლი ღმრთისა არს გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული", აგრეთვე: "გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა". წმინდა ეფრემ ასურის ლოცვით კი ვთხოვოთ უფალს: "მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". წმიდა მამების ამ გამონათქვამებით, შეიძლება ადამიანმა სწორი ქრისტიანული ცხოვრება ისწავლოს.

ბეჭდვა
1კ1