ანანური
ანანური
ანანურის შესახებ უფრო მეტი რომ გამეგო, ძველი გაზეთები მოვიშველიე. 1895 წლის "ივერიაში" წერია: "წრეულს ჩვენს ქვეყანას კვლავ ესტუმრა ცნობილი მეცნიერი მანდილოსანი გრაფინია პ. ს. უვაროვისა, თავმჯდომარე მოსკოვის საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებისა. 10 ივლისს გრაფინია ანანურში მოვიდა თავისს ორის ქალიშვილით, რომელნიც დედის შრომაში მონაწილეობას იღებენ და მასზედ ნაკლებ ყურადღებით არ ეკიდებიან ჩვენის ქვეყნის სიძველეთა შესწავლას. ანანურში ყოფნის დროს მოგზაურებმა ყურადღება მიაქციეს ადგილმდებარეობრივს ტაძარს, რომელიც მათ რამდენჯერმე ჰქონდათ დათვალიერებული და შეუსწავლიათ კიდეც, სინანულით შენიშნეს, რომ ტაძარს, რომლის "შეკეთება" ეხლა დაუწყიათ, უწყალოდ ამახინჯებენ, დაუდევრად ეკიდებიან და უკარგავენ ძველს თავისებურს სახეს. აუხდიათ მშვენიერი ალგეთის ქვის სახურავი, რომლითაც ტაძრის ეზო სავსეა და მის მაგიერ ეხლა ტაძარს კავითა და თუნუქითა ჰხურავენ. ეს სიძველეც გაძარცვეს და ტაძარს არ აკმარეს ის, რომ ამ ოცისა თუ ოცდაათის წლის წინად "შეკეთების" დროს ტაძრის ძველი მხატვრობა ძველის კირით შეუთითხნიათ. ამ მხატვრობის კვალი ეხლა მხოლოდ ალაგ-ალაგ მოსჩანს კედლებზეც, სადაც კირი ჩამოცვივნულა და აშკარად ამტკიცებს, რომ ეს მხატვრობა საუცხოვო რამ უნდა ყოფილიყოს. საკვირველია, ღმერთმანი, რომ ძველის ეკლესიების შეკეთების შესახებ არავითარი წეს-რიგი არაა შემუშავებული და ვისაც როგორც უნდა, ისე აძლევენ შეკეთების ნებას და ამახინჯებენ ეკლესიებს.

ტაძრის ამნაირს დამახინჯებას, ანანურელების თქმით, მთავარმართებლის მეუღლემაც თურმე ყურადღება მიაქცია ანანურზედ გავლის დროს და სთხოვა მუშაობა შეეჩერებინათ. აღუთქვა ქვის სახურავის გასაახლებლად საშუალების გამოძებნა, მაგრამ ამის მიუხედავად მუშაობა დღესაცა სწარმოებს, ასე რომ ამ ორიოდე კვირაზედ ტაძარს სრულიად დაჰხურავენ თუნუქით. ეკლესიის სახურავის ქვებზედ სხვადასხვა სურათები და წმინდანების სახეები ყოფილა გამოქანდაკებული. ყველა ესენი ეკლესიის გალავანში სახურავის სხვა ქვებთან ერთად ყრია. საჭიროა, რომ ესენი მაინც და აგრეთვე მარმარილოს ქვები შადრევანისა, რომელიც ამ ეკლესიის ციხეში ჰქონდათ არაგვის ერისთავიანთ გამართული, შენახულ იქნას და არ დაიკარგოს.

***
ანანურის ეკლესია, მისი ციხე-გალავანი და სხვა შენობები, რომლებიც აქ მრავლადაა, ძველს დროს ეკუთვნოდა არაგვის ერისთავიანთ, რომლებიც აქ ერთ დროს სჭექდნენ, გრგვინავდნენ, თავზარსა სცემდნენ მთის ხალხებსა და ხშირად უმკლავდებოდნენ მეფეებსაც კი. მათ შეარყიეს და ბოლო მოუღეს იმ დრომდე შეურყეველს მთიულ-გუდამაყრელთ თავისუფლებას და შემდეგ იმავე განზრახვით თვისი მძლავრი მახვილი მიმართეს ფშავ-ხევსურთ, სადაც არა მცირედი სისხლი დაუღვრიათ. მაგრამ სისხლითა და ცბიერებით მოპოვებული დიდება ზურაბ არაგვის ერისთავისა მითვე დაემხო და დღეს მთის ხალხის იმ შავთა დროთ მოსაგონებლად ანანურში ეს დიდებული ტაძარი, მისი დრო-ჟამისგან დაძაბუნებულ-შერყეული ციხე-გალავანიღაა, რომლებიც დღესაც აშკარად მოწმობენ პატრონის სიმძლავრესა.

მოგზაურები ანანურიდან ჟინვანს ჩამოვიდნენ ახლად ნაკეთების გზით, რომელიც გაჰყავთ ანანურიდგან თიანეთს. ჩავიდნენ ჟინვანს, რომელიც გაშენებულია "დიდის არაგვის" ნაპირზედ, მთიულეთისა და ფშავის არაგვის შესართავითგან ვერს-ნახევარზე. აქ მოგზაურებმა მოათხრევინეს გზის კეთების დროს აღმოჩენილი ძველი საფლავები, სადაც საყურადღებო ვერა იპოვეს რა; გზის მუშებს კი, როგორც ამბობენ, უპოვიათ რამდენიმე ცალი ფული და რამდენიმე ისეთი ნივთიც, რომლის დანიშნულებაც იქ მყოფებს ვერ გაუგიათ. როგორც ყველა ძველს სასაფლაოში, ისეც ჟინვანისაში თითო აკლდამაში რამდენიმე გვამი ყოფილა დაკრძალული. აკლდამები ოთხ-კუთხიანია და აქეთ-იქით დიდი ერთიანი სიპის ქვის კედლები აქვს გაკეთებული.

სოფელი ჟინვანი პატარაა, შესდგება 10-15 კომლი მცხოვრებისაგან, ხოლო ძველ დროს კი თურმე ქალაქი ყოფილა. სოფელში ახლაც მოსჩანს ციხისა და კოშკების ნანგრევები. ჟინვანის ვიწროები, სოფელს ქვევით, არაგვის გაღმა-გამოღმა, ბუნებრივს სიმაგრეს წარმოადგენდნენ. ამას გარდა ძველს დროში იგინი კედლითა ყოფილა გამაგრებულები და ამ კედლების ნაშთი ორივე მხარზედ ახლაც მოსჩანს, გამაგრებული ჟინვანის ვიწროების მფლობელისთვის შესაძლო იქნებოდა ძველ დროში ხელში სჭეროდა არაგვის სათავეების გასაღები და შეეყენებინა ფშავში და მთიულეთ-გუდამაყარისკენ ქვევიდგან მიმავალი მტერი და ამით სახიზნავი ალაგები გადაერჩინა.

ჟინვანის ახლო, მაღლა, ფრიალო კლდეშია ნიში, სადაც ინახება ორი ძველებური ჯვარი გამოქვაბულ კლდეში. აქ ასვლას ვერავინ გაბედავს, თუ არ მცოდნე და შეჩვეული. მოგზაურებმა ამ ჯვრების ნახვა მოინდომეს და სთხოვეს ჟინვანელებს ეჩვენებინათ იგინი, მაგრამ ჟინვანელებმა უარი უთხრეს და ჯვრები არ აჩვენეს, თავს იმითი მართლულობდნენ, რომ ჯვრები კლდეშია დამალულები და რა ალაგასაა, ჩვენ არ ვიცითო; ჯვრები ხევის ბერსა აქვს დამალული, ხევის ბერი კი კახეთში სცხოვრობს, მარტო დღეობაში მოდის აქა, ჩამოაქვს კლდიდგან ჯვრები და მათი ნახვაც მხოლოდ მაშინ შეიძლებაო.

ყოველს შემთხვევაში ამ ჯვრების შესახებ ხალხში დარჩენილი გარდმოცემა საყურადღებოა. ძველ დროში, როდესაც ქვეყანა მტრისგან აოხრებული ყოფილა და ხალხი მთებში გახიზნული, სახიზნავებიდგან ჟინვანში ჩამოსულა სამი ძმა და გუდით თან ჩამოუტანიათ, რომ ერთი მათგანი ამ სოფელში დარჩენილიყო ჯვრების მცველად და ჯვრებიც იქვე დაეტოვებინა, ხოლო დანარჩენ ორთაგან ერთი აღმოსავლეთისკენ წასულიყო დასასახლებლად და მეორე - დასავლეთისკენ; ეს საქმე ძმებმა თურმე კენჭით გარდასწყვიტეს და რომელსაც დასავლეთისკენ წასვლა ერგო და წავიდა, მისი ჩამომავალნი, ხალხის თქმით, არიან ქართლელი ფიცხელაურები, ხოლო რომელსაც კენჭმა აღმოსავლეთისკენ წასვლა არგუნა, გადასახლდა კახეთში და შეიქმნა კახელი ფიცხელაურების მამათ-მთავარი, რომლის ჩამომავალნი ეხლაც დაიარებიან სოფელ ვაჩნაძიანიდგან, ართანიდგან და თიანეთიდგან ჟინვანში სალოცავად, რადგანაც ამ ბედის საძებნელად წასულს ორს ძმას წასვლის დროს აღთქმა დაუდია, რომ ეს საოჯახო სიწმინდე არ დაივიწყონ და მის თაყვანსაცემად დრო გამოშვებით იარონ".

***
ანანურის უნიკალურ კომპლექსს ჟინვალის წყალსაცავმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ჟინვალი XII საუკუნეში სატახტო ქალაქი ყოფილა. ამ ტერიტორიაზე უამრავი ეკლესია-მონასტერი ითვლებოდა. 1985 წელს წყალსაცავი გახდა, რომელიც თბილისის მოსახლეობას ამარაგებს. წყალქვეშ ერთი ჯვარპატიოსნის მომცრო ბაზილიკური ტიპის ეკლესიაა გადარჩენილი. როცა ნაკლებია წყლის დონე, ეკლესია ჩანს.

ანანურს გარშემო რამდენიმე სოფელი აკრავს: ციხისძირი, ცივწყარო, ძველი და ახალი ჟინვალი, ზოტიკიანთ კარი. მოქმედი ტაძარი ანანურსა და ციხისძირშია.

- ჭირს სოფლად ცხოვრება. მარტო გამოკვება ხომ არ არის მთავარი, - ამბობს გოგი სუარიშვილი, - ელემენტარულს ვართ მოკლებული. ფიზიკურად დაუსაქმებლები ვართ. ერთი ძროხა რომ ჰყავს ოჯახს, ამას ჰქვია დასაქმება? მაინც იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. თუ კაცი ურწმუნოა, უსუსური ხდება. საყრდენს ვერსად პოულობს. ახალგაზრდები, ვფიქრობ, წინა თაობას ვერ აჯობებენ - უმრავლესობას სიყვარული აკლია, უსიყვარულოდ ცხოვრობს. თუ სიყვარული არ გაქვს, არ მგონია, რაიმე სასიკეთოს შეემთხვიო. პავლე მოციქული ამბობს: სიყვარული რომ არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდიო. თუნდაც სიყვარული ოჯახში. რა არის განხეთქილების მიზეზი ოჯახში? მამა-შვილის, დედა-შვილის დაპირისპირება. 15 წლის შვილი მშობელს უკვე აღარ ემორჩილება. სიყვარული და მორჩილება არის მთავარი. ღმერთმა შემინდოს, თუ ვცდები, მაგრამ ვერ მიდის კარგობისკენ საქმე. სულიერების ნაკლებობა იგრძნობა ადამიანებში.

პატარა სოფლებში მთლიანად გააუქმეს საჯარო სკოლები. ამიტომაც ცარიელდება სოფლებიც. შობადობამ იკლო. ოჯახები აღარ იქმნება...

საუბარში კობა აფციაური ჩაგვერთო.

კობა აფციაური: -
მთაში ძალიან მშვიდი ხალხი ცხოვრობს და რწმენასთანაც ძალიან ახლოს არიან. 1992 წლიდან სტიქაროსანი ვარ. 1996 წელს დავამთავრე სასულიერო სემინარია. ერთ დროს სტიქაროსანს და მოძღვარს ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ. თუ მრევლი რაღაც არასწორს შეამჩნევდა სტიქაროსანს, განიკითხავდა, ეს უკვე მოძღვრის განკითხვა იყო.

ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეუფესთან. მეუფე ზოსიმე პირველად რომ ვნახე, გავოგნდი. ამ ადამიანს სუფთა, ანგელოზებრივი თვალები, ანგელოზებრივი სახე ჰქონდა. მეუფე ზოსიმე განსაკუთრებულია. შეცდომას არ დაუშვებს. იმდენად დაკვირვებულია, თითოეული სიტყვა და ნაბიჯი მოზომილი და ასჯერ გააზრებული აქვს. ყოველთვის ყველას დიდ მაგალითს აძლევს. მე სულიერად ვიწმინდები. სულიერად ძალიან ამაღლებულია მეუფე, განათლებული. მისი სული რწმენას ასხივებს. დიდი მლოცველია და ძალიან ბრძენი ნებისმიერ საქმეში, თითოეულ სიტყვაში. აჩქარება არ სჩვევია.

გოგი სუარიშვილი:
- ვიდრე ტაძარში მოვიდოდი, შინაგანი კრძალვა მქონდა ღვთის სახლისადმი. ერთ დღესაც ჩემმა ძმამ (ჩემი ძმა, მამა თეიმურაზ სუარიშვილი, ოც წელზე მეტია, რაც მოძღვარია. კანადაშიც მსახურობდა) დამიძახა, - ხვალ ეკლესიაში უნდა წამოხვიდეო. იმ დღიდან წუთითაც არ შემინელებია ეკლესიური ცხოვრება. მაშინ ჩემი ძმა ანანურში მსახურობდა - ათი წელი იმსახურა აქ. ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედის მხრიდან, მორწმუნეები იყვნენ და ამიტომ არ იყო უცხო მათთვის ჩვენი ეკლესიური ცხოვრების დაწყება. პირიქით, სიხარულით შეხვდნენ ჩვენს მოსაზრებას. რამდენიმე წლის წინ, ტრანსპორტი რომ ჭირდა, ჟინვალიდან ანანურის ტაძრამდე ფეხით დავდიოდით.

მამა ნეოფიტე თავმდაბალი და მიმტევებელი ადამიანია, ჭეშმარიტად სასულიერო პირია. უფალი ამბობს, მიუტევე და მოგეტევებაო. მამა ნეოფიტეს ეს ყველაფერი სულის სიღრმეში აქვს დამკვიდრებული. ყოველთვის ვამბობ, ღმერთო, მომეცი იმის ძალა, რომ მივუტევო და ვაპატიო ჩემს მოძმეს, ჩემს გვერდით მდგომს-მეთქი. ეს არის ჩემი ინტერესი. როცა შენი მოძღვარი ასე იქცევა, ვალდებული ხარ, მისნაირად იცხოვრო. ადამიანს მცირედს თუ არ მიუტევებ, დიდს როგორღა მიუტევებ?

ბეჭდვა
1კ1