მიტოვებული სოფლების სევდა...
მიტოვებული სოფლების სევდა...
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს. მის სპეტაკ სულსა და გულს ღვთის ანაბარად მიტოვებული მამაულის, ეზო კარ-მიდამოს ხილვა სევდას ჰგვრის და წარსულის მონატრებით მომავალს მაინც იმედიანად შეყურებს. ქალბატონი ანას სევდანარევი თხრობაც ასეთია:

- რამოდენიმე ათეული წლის წინათ, საქართველოს სოფლები ძლიერი იყო და ქვეყნის ძლიერებაც ხალხის სიმრავლით მტკიცდებოდა, ძლიერ სოფელში, შრომისმოყვარე, მამულ- დედულზე შეყვარებული ხალხი ცხოვრობდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ მარჩენალი მიწის მადლი და ფიქრადაც არავის მოსდიოდა მისი მიტოვება, სხვაგან საცხოვრისის ძებნა, წინაპართა სალოცავებისა და წინაპართა საძვალეების მიტოვება. სამოთხის დარი ქვეყნის იქით ბედნიერი ცხოვრების ძიება.

დრო გავიდა: ომებმა, ტერიტორიების დაკარგვამ, ლტოლვილად გადაქცევამ საკუთარ მამულში, ჩამომდგარმა ეკონომიურმა სიდუხჭირემ, გადააფასა ღირებულებები, ყველამ იცვალა ზნე და ხასიათი, ცხოვრების საშუვალებების ძიებამ , სად არ გადახვეწა ხალხი, შიდა მიგრაციის გარდა, საზღვრებს იქით წავიდა დიდი უმრავლესობა და დარჩა ეკალ-ბარდით დაბურული სოფელი, კვამლი აქა-იქ რომ ამოდის, ყანა და ვენახი გადახრუკული, ჩამოქცეულ ჭერიანი სახლები, რომლებიც უღიმღამოდ იყურებიან, უფარდო და შემცივნული სარკმელები.ხმა ამომშრალი წყაროები და დადუმებულია წისქვილი...

ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონებები, სოფელთან არის დაკავშირებული. ლამაზი ზღაპრებითა და ლეგენდებით გაჯერებული, სიკეთითა და სიყვარულით გამთბარი. სულით ძლიერი, მშრომელი, პატიოსანი ადამიანებით დასახლებული. მარჩენალი მიწის მადლი რომ იცოდნენ, მიწის სუნთქვას რომ გრძნობდა გუთნისდედა, შრომა და ლოცვა რომ იცოდა, ქვეყანა, რომ იყო მისი სათაყვანებელი და მოსაფერებელი. ხარის რქებზე სანთელს ანთებდა და ორნატს ისე ატარებდა. თითოეული ოჯახის ეზო- კარმიდამოში ფრინველი და ხარ- ძროხა ჯგრიალობდა. შრომის ფერხულში იყო ჩაბმული დიდი და პატარა. საერთო სიყვარული იყო დასადგურებული და ჩვენც პატარებს უფროსებისადმი პატივისცემას და სიყვარულს შთაგვაგონებდნენ. ბავშვებს ხომ გვიყვარდა განუზომლად ერთმანეთი და მეზობლის გოგო- ბიჭებს, ხომ და- ძმად მოგვაჩნდა ერთმანეთი.

სოფელში მოსული სტუმარი, ყველას სტუმარს ნიშნავდა, სოფელი თითქოს ერთ ოჯახად ცხოვრობდა, ერთი სიხარული და ერთი გასაჭირი ჰქონდათ. ჩვენ ბავშვები საინტერესო ცხოვრებას ვეწეოდით, შრომასა და გართობაში ვატარებდით ზაფხულის არდადეგებს, სამეურნეო საქმიანობაში ვეხმარებოდით უფროსებს, წყაროზე ვეგზანებოდით, სამხარი მიგვქონდა ყანაში, ტყეში ფიჩხს ვაგროვებდით, (თონისათვის გვჭირდებოდა), უფროსებს სალოცავ ნიშებთან ,, გამატეხები" მიჰქონდათ და ჩვენც ხალისით ვანთებდით სანთლებს. გვქონდა შინაარსიანი დღები და წლები. დიდი სიხარული და ჟრიამული ისადგურებდა სოფელში, როდესაც ფოტოგრაფი გამოჩნდებოდა, მრავალი ადამიანის საოჯახო ალბომები დამშვენებულია უნიკალური ფოტოებით, რომლებიც ასახავენ ჩვენი წინაპრების სახეებს, მათ საინტერესო უნიკალურ საქმიანობას, ხვნა- თესვას, ხარისა ცხენის დაჭედვას, ყანის თოხნას, თიბვას,ხალხურ დღესასწაულებს, ქორწილებსა თუ მიცვალებულების დატირება.
მონატრება გულზე გვეხვევა, ის სურნელი გვენატრება, თონეში გამომცხვარი პურისა, ჰაერში რომ ტრიალებდა, გამვლელ -გამომვლელს,რომ სთავაზობდა დიასახლისი. სიყვარული სუფევდა...ადამიანების გულებში.განსაკუთრებული გემო და სურნელი ჰქონდა ტყის მარწყვს და ბალს,ჩიტებივით ვეხვეოდით და გვქონდა ჟრიამული.მალაქია ბიძია თაფლს, როგორ არ დაგვაგემოვნებინებდა,

რა საყვარელი მოხუცები იყვნენ, საკუთარ შვილიშვილებივით გვიფრთხილდებოდნენ.ვალენტი ბებია, მრავალი შვილისა და შვილიშვილის გამზრდელი,ჩვეული სიდინჯით გვასაუბრებოდა, გვმოძღვრავდა ბავშვებს, არც სიცელქეს გვიშლიდა, შენიშვნებს ისე გვაძლევდა, რომ დაგვეჯერებინა მისი სიტყვისა და გამოგვესწორებინა ის თვისება, რომელიც შემდეგ მცდარ გზაზე დაგვაყენებდა, არც ჩვენ და არც ჩვენს ოჯახებს არ გამოადგებოდა, ალბათ ეს იყო ისეთი შემუშავებული ხალხური აღზრდის მეთოდები მომავალი თაობებისათვის, საუკუნეებ გამოვლილი. ახლა ასე რომ გვენატრება და ვაფასებთ. ყველაფერი წარსულია და მტვრით დაფარული. როგორ შეიძლება დაგვიწყებოდა ლიდა დეიდა, შრომით დაღლილი სოფელი,როდესაც შუადღისას ისვენებდა, გარმონზე რომ დააღიღინებდა, უძველეს ხალხურ სიმღერებსა და საცეკვავეობებს. დები: ანეტა და ნასტა ხომ ზნეობისა და ადამიანობის განსახიერებანი იყვნენ. სირა დეიდა, კარაქსა და რძეს როგორ მოგვაკლებდა, ნანი დეიდა, უსაყვარლესი ქალი, ულამაზესი და გამრჯე .მამიდა სონა, ხომ სიკეთით გამორჩეული ქართველი ქალბატონი იყო, მრავალი შვილისა და შვილიშვილების აღმზრდელი , ძმისშვილებისა და ნათესავების ბავშვებზე მზრუნველი, დამპურებელი, შემბრალებელი ობლებისა და გაჭირვებულებისა. რა ნაზუქებს გვიცხობდა, მთელი სოფლის ბავშვები თონის გარშემო ვიყრიდით თავს და გვქონდა ჟრიამული და სიცილ-კისკისი.

როგორ უყვარდათ ერთმანეთი სოფლის ხალხს და როგორ იდგნენ ერთმანეთის გვერდით სიმართლეში, არავინ არ დაიჩაგრებოდა, სიკეთე იმარჯვებდა.იყო ,,სოფელი -კაცითა და ღობე- ქაცვითა". მოცლილსა და უსაქმურს ვერავის ნახავდით.

შრომით დაღლილი სოფელიც სხვანაირად იძინებდა,მთვარით განათებული არემარე სიმშვიდით გვავსებდა, დაღლილობას აქრობდა, წისქვილიც საოცარ ხმებს გამოსცემდა, იავნანასავით გვატკბობდა. ყანაც იდუმალად შრიალებდა, ციცინათელები ხომ ზღაპრულსა ხდიდა იქაურობას. მამწიფობელების ხმა შემოდგომის სიახლოვეს გვამცნობდა. მშვიდად სუნთქავდა ტკბილ სიზმრებში ჩაძირული და ახალი დღის დადგომის იმედით ავსებული სოფელი,ლამფის შუქზე, მამიდას მოყოლილ ლეგენდებსა და სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებშის კითხვაში ვიძინებდით. ტკბილი მოსაგონარია, თუ როგორ ვამზადებდით მხატვრული კითხვის საღამოებს: მაყვალა, მანანა, ნანა, ნინო, ნათელა,მაისო,ტარიელი, კაკო, ქალაქიდან ჩამოსული ბავშვები და უფროსი ასაკის ადამიანების გულს ვახარებდით. რამდენჯერ გვითქვამს:,,ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალი ჭყივის"... ან ,,ვგალობ და ვგალობ და იმით ვხარობ, რომ მე ქვეყანას გალობით ვატკბობ".

მშვიდი იყო უფროსი ადამიანების მზერა, სხივიანი და გულწრფელი სიყვარულის გამომხატველი.ანკარა წყარო გადმოჩქეფდ სიყვარულისა.

ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა: ,,სოფელი სადაც სალოცავები დაანგრიეს, გადაშენდაო"- გული მეტკინა, რაც მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდი დაღი დაგვასვა. ერთ- ერთ სოფელში დაცარიელებული სახლში, ბუნაგი გაიკეთა თურმე დათვმა, ბელები გააჩინა და დაზარდა, გარეულ ცხოველებსაც მოენატრა მგონი ადამიანის სიახლევე და სოფლის ყიჟინა,უადამიანობას ისინიც წუხან, დედაბუნება გვთხოვს, რომ კერას დავუბრუნდეთ და გავაცოცხლოთ არემარე. ჩვენი მამა-პაპათა კერიაზე სიცოცხლის სინათლე ავანთოთ და სოფელს დავუბრუნოთ ხიბლი ძველი დიდებისა. წუთისოფელსაც ხომ სოფელი ჰქვია, სოფლების სტატისტიკა უმძიმესია.სოფელი, სადაც მთელი ბავშვობის წლები გავატარე ჰქვია ღუნდა, ის მდებარეობს მდინარე ჯეჯორის მარცხენა მხარეს. ონიდან 10 კმ. ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. სოფელი რომ უფრო დიდი ხნისაა ადასტურებს X საუკუნის წმინდა სამების ეკლესიის არსებობა, საოცარი მოკრძალებითა და რუდუნებით ექცეოდნენ მოსახლეობა ნანგრევებს და ყოველწლიურად აღინიშნებობა სამებობის დღესასწაული, დიდი სიხარულით მიგვქონდა განატეხები და სანთლები.დიდი ნაწილი სოფლისა ხელისუფლებამ აფხაზეთში გადაასახლა, იშრომეს, იღვაწეს, კარგად შეეგუენ ზღვისპირეთს, უმეტესობა სოფელ ლიძავაში სახლობდა, მაგრამ ომმა ყველაფერი იავარქმნა და ნაწილმა ისევ მშობლიურ სოფელს მიაშურა და კერა აანთო.სოფელში ცხოვრობდნენ: საბანაძეები, გოცირიძეები, მაისურაძეები, გრძელიშვილები.

გაზაფხულის მონატრება აქ სხვანაირია, სასიცოცხლო და აუცილებელი, რომ გაღვიძებულ ბუნებას, შენც აჰყვე, ამ წუთისოფე3ლში შენი ლამაზი კვალი გაავლო და მოყვასსა და შენს ქვეყანას გამოადგე, ცრემლი შეუშრო შენს ქვეყანას, გული დაუამო და სამომავლო ორნატი გაავლო, ქრისტემ გაგიხაროს ყანა და ვენახი, ქვეყანა შენი შრომით გამოკვებო და მომავალზე იზრუნო. მაშინებს სოფლის სიჩუმე, ფოთოლზე დადენილი დილის ცვარი ბრწყინავს და ელის ჩიტუნას, რომელიც შესვამს, ელის როდის დაიდებს ბუდეს მის ფოთლებში, ელის ლორთქო ბალახი, საძოვარზე გამოსული ძროხისა და ხარის სიმრავლეს, მამლების ყივილში გათენებას, ელის უსაზღვროა მისი ლოდინი ...

მე მეშინია სოფლის
სადაც არ ადის კვამლი,
დიყამოდებულ ყანის,
ხმაამომშრალი ხაპის.,
ჩანაცრებული ჟამის,
სადაც არ რეკავს ზარი,
სადაც არ ბღავის ხარი,
სადაც არ ტირის ბალღი,
სადაც სახლსა ჭამს ხავსი,
სადაც ამხმარა ვაზი,
სადაც მარტოა ქარი,
სადაც არაა ბერი,
სიტყვაძუნწი და ბრძენი,
სადაც არაა ლოცვა
უზენაესი ღმერთის
მე მეშინია სოფლის
მივიწყებული ხმების...


ბეჭდვა
1კ1