ხაშური
ხაშური
ხაშურში სტუმრობისას შეძლებისდაგვარად მოვილოცე რამდენიმე ტაძარი (თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი), ვესაუბრე მღვდელმსახურებს, მრევლს და ჟურნალის ფურცლებზე გადმოვიტანე მათი ნაამბობი.

KARIBCHEწმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მრევლი რამაზ ლაბაძე: - წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძრის გამშვენებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ტაძრის წინამძღვარს, მამა ილიას. ტაძრის კეთილმოწყობისას მას ხალხი ედგა გვერდით. მაშინ ჩემი ეკლესიასთან ურთიერთობა სანთლის დანთებით შემოიფარგლებოდა. მივხვდი, რომ მარტო ეს არ არის მთავარი. მოვედი ტაძარში, მოძღვრის დახმარებით ვისწავლე ეკლესიური ცხოვრება, ღვთის მსახურება, ლოცვა. მას მერე ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ვისწავლე მიტევება, დათმენა, ჭეშმარიტება. რწმენა განმიმტკიცდა. რწმენა გადაგვარჩენს, სხვა არაფერი. ჩემი ოჯახი მორწმუნე მრევლი გახდა და შეძლებისდაგვარად ვცხოვრობთ ეკლესიურად. ხალხი მოდის ნელ-ნელა რწმენაში, ყოველდღე შეიძლება ახალი სახე დაინახო, რასაც მივესალმები. იმ ხალხის მიმართ მერე უფრო მეტ სითბოს და სიყვარულს ვამჟღავნებთ. უფრო ტკბილი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. გვიხარია ერთმანეთის დანახვა. ძალიან ბევრი ხალხი დადის ტაძარში და იმედი გვაქვს, მომავალშიც ბევრი შეგვემატება. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი უწმინდესის დამსახურებაა. აქ ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობს, ვისაც რა შეუძლია, იმას მატებს ტაძარს. ღვთისკენ გზა მხოლოდ ერთი ბილიკით მიდის. იქიდან გადახვევა არავის გვეპატიება. ვინც გადაუხვევს, განსაცდელში ვარდება. მინდა ყველას ვუსურვო სიკეთე, სიხარული, დათმენა. მთავარია, ხალხმა რწმენით იცხოვროს. პრობლემები, როგორც ყველგან, ჩვენთანაც არის. უგზოობა ყველაზე მეტად გვაწუხებს.

KARIBCHEსტიქაროსანი თენგიზ დონაძე: - დედას პატარაობიდანვე დავყავდი ტაძარში. მომწონდა ეკლესიური გარემო, საკმევლის სურნელი, ტაძრისთვის დამახასიათებელი იდუმალება. თანდათან გამიჩნდა სურვილი, რომ მსახურებაში მეც მივხმარებოდი მოძღვარს. ჩემი სულიერი მოძღვარი მამა ილია ჩემთვის მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მოძღვარი - მზრუნველი, მოსიყვარულე, გულისხმიერი. მისი ჩვენდამი ყოველი შეგონება გამსჭვალულია სითბოთი. ცდილობს, ჩაგვინერგოს შრომის სიყვარული, მორჩილება. იმედი მაქვს, ჩემი მოძღვრის დახმარებით და დედაეკლესიის შეწევნით თანდათან გავძლიერდები რწმენაში.

* * *
ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსი ახალკაცი: - ეკლესიაში 30 წლისა მივედი, რაშიც ძალიან დიდი როლი შეასრულა ეროვნულმა მოძრაობამ. ტაძარში კი დავდიოდი, სანთელს ვანთებდი, ლოცვებსაც ვკითხულობდი, მაგრამ ეკლესიური ცხოვრება ნამდვილად არ ვიცოდი. დავიწყე მარხვის შენახვა. უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა სასულიერო პირებთან, განსაკუთრებით მამა ვახტანგ ხუჯაძესთან, - ღმერთმა აცხონოს მისი სული. ის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მსახურობდა. მამა ვახტანგმა შეგვაყვარა ღმერთი და გვასწავლა, თუ რა არის ადამიანის სულისთვის აუცილებელი. მამა ვახტანგმა ოთხი-ხუთი თვის შემდეგ სტიქაროსნად მაკურთხა. ღვთის წყალობით, აღვადგინეთ ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. აქედან მერე უფრო სიღრმისეულად ვცდილობდი, ყველაფერი წამეკითხა ქრისტიანობაზე. ღმერთმა მოიღო წყალობა და ჩვენს ეპარქიაში მობრძანდა მეუფე იობი. შემომთავაზა - სასულიერო პირი ხომ არ გახდებიო. იმ დროს მთელ ეპარქიას ოთხი სასულიერო პირი ემსახურებოდა. მეუფეს თან მოჰყვნენ მამა სტეფანე (კორინთელი), მამა ტარიელი. შემდეგ მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და მისი ხელდასხმით გამრავლდა სამღვდელოება. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მეუფემ კარგად იცის პიროვნების ამოცნობა. ერთხანს ამ დიდ პასუხისმგებლობაზე თავს ვიკავებდი. ერთია, როცა ადამიანი ცდილობ საკუთარი სული აცხოვნო და მეორეა - როცა სხვის სულზეც იზრუნო და ისიც აცხოვნო. ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. ცოტა მეშინოდა, არ დავმალავ, ახლაც ასეა. მოძღვარს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს. მით უმეტეს, ვინც მოგენდო, ჩაგაბარა თავისი სული, უნდა დაეხმარო, რომ მისი სული აცხოვნოს ღმერთმა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს უამრავი ლიტერატურაა და სასულიერო პირს არ უნდა ეზარებოდეს და ეცნობოდეს მას. უნდა ცდილობდეს, სწორად წარმართოს თავისი სულიერი შვილის ცხოვრება. პირად გამოცდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მეუფე იობი ხშირად ამბობს ხოლმე, ჩვენ ბევრს ვსწავლობთ ჩვენი მრევლისგან, სულიერი შვილებისგანო.

KARIBCHE...ვესაუბრე მეუფე იობს და თანხმობა განვუცხადე. სასულიერო ცხოვრების დასაწყისში ცოტა გამიჭირდა. ვის გვერდითაც ვიდექი ტაძარში, ყველამ ჩემთან გადმოინაცვლა. თავიდან წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. ყველანაირად ვცდილობდი, კარგი სასულიერო პირი ვყოფილიყავი.

* * *
ღვთის გარეშე მოძღვრის ჯვრის ტვირთვა ძალიან მძიმეა. შეუძლებელიც კი. სასულიერო პირების თანადგომით და ერთმანეთის ცოდნათა გაზიარებით ბევრი რამ ვისწავლეთ. რაც მთავარია, მეუფე იობის გვერდით მსახურება გვიადვილდება. მეუფისგან ვიღებდით სწავლებას, როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რა უნდა გაგვეკეთებინა და ამის მიხედვით ვცდილობდით შეგვესრულებინა ჩვენი მოვალეობა.

როდესაც გადავწყვიტე, სასულიერო პირი გავმხდარიყავი და თანხმობაც მივიღე მეუფისგან, შემდეგ ვთქვი ოჯახში, პირველ რიგში, მეუღლესთან, რადგან მეუღლე აუცილებლად თანახმა უნდა იყოს. თუ მეუღლე თანახმა არ არის, ასეთ შემთხვევაში არ არის სასურველი, ადამიანმა ეს ტვირთი იტვირთო. თავად მეუღლემაც უნდა გააცნობიეროს დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია მღვდლის მეუღლეობა. ჩემს მშობლებს ძალიან გაუხარდათ.

- როცა ადამიანი სასულიერო პირი ხდება, იცვლება მისი ერული ხასიათი?

- ვერ გეტყვით, სასულიერო პირი რომ გახდება, ადამიანის ხასიათი ასი პროცენტით უკეთესობისკენ შემობრუნდება-მეთქი. არის ისეთი რამ, რაზეც შეიძლება მეტი თავშეკავება გამოიჩინო. თუ ერისკაცობაში რაღაც დასაშვებია, როცა სასულიერო პირი ხდები, მეტი თავშეკავებულობა გმართებს. ცდილობ, მაგალითი და მისაბაძი იყო ყველასთვის. სასულიერო პირი არის ადამიანი, რომელიც შუამავალია ჩვენსა და ღმერთს შორის. ცუდია, როდესაც სასულიერო პირს ეს ავტორიტეტი არ აქვს და თუ ამას დიდ ყურადღებას არ ანიჭებს. სასულიერო პირი უნდა იყოს ზედმიწევნით პატიოსანი.

როდესაც ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის აირჩევს სულიერ მოძღვრად. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამავე დროს ყველა მოძღვარიც ინდივიდუალურია. შეიძლება იყოს კარგი მოძღვარი, მაგრამ მრევლი ვერ შეეთვისოს. ამიტომ ხშირად ისეთ მოძღვართან მიდიან, რომელთანაც ადვილად გაიხსნებიან, გულს გადაუშლიან. საჭიროა ისეთი მოძღვარი, რომელიც ადამიანის სულიერ ცხოვრებას წარმართავს. ჩემთან რომ მოდიან, ვცდილობ, პირველ რიგში ვასწავლო დგომა ტაძარში - წირვის დროს რომ ჩუმად უნდა იყოს და უსმენდეს. ლოცვების წაკითხვა აუცილებელია. უნდა დაიწყოს მარხვა. თუ ვატყობთ, მარხვის შენახვა უჭირს, ვეუბნებით, რომ დასაწყისი, ბოლო კვირა შეინახოს, შუალედში - ოთხშაბათი და პარასკევი. ვთხოვთ, აღსარებაზე მოვიდნენ, რათა გავიცნოთ, ვინ არის, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. მაინტერესებს მეტიც, როგორი ოჯახური მდგომარეობა აქვს, რამდენად უჭირს. ყველანაირად ვცდილობ, მისთვის სასურველი მოძღვარი გავხდე. გაიხსნას ჩემთან, გასაჭირმა არ დააბრკოლოს. თავისუფლად შეძლოს აღიარება. არ უნდა ბრკოლდებოდეს მრევლი და გახსნილი იყოს მოძღვართან. მეუფე იობის მოსვლით მომრავლდნენ სასულიერო პირები და მრევლი. ასმაგად გაიზარდა მრევლი. მრავალი ადამიანი ცდილობს სულის ცხონებას. ერთია ტაძარში სიარული, მეორეა - ხარისხი, მაგრამ მაინც კარგია, რომ დადის ხალხი ტაძარში და ცდილობს, კარგი მრევლი ჩამოყალიბდეს მისგან. ყველა ბრწყინვალე ვერ იქნება. სულიერება ზოგს მეტი აქვს, ზოგს - ნაკლები.

* * *
15 წელი მისრულდება, რაც სასულიერო პირი ვარ. 1997 წლიდან 2003 წლამდე ვმსახურობდი წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, ამავე დროს სურამის ამაღლების დედათა მონასტერში. 2003 წლიდან, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, დადგენილი ვარ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ვერ ვიტყვი, დიდად გამოცდილი ვარ-მეთქი, ვცდილობ, მოვალეობა შევასრულო.

უფალი გვასწავლის, რომ აუცილებელია ადამიანმა სული იცხოვნოს. სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, რა გარემოებაშიც, უპირველესად უნდა ცდილობდე ცათა სასუფეველში დამკვიდრებას. თუ ადამიანს უნდა სულის ცხონება, მის გარშემო როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, თავს გაიტანს. მტკიცე გადაწყვეტილება თუ არ აქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ცოტა გაუჭირდეს. როცა იცი, აუცილებელია სულის ცხონება, არაფერმა არ უნდა დაგაბრკოლოს. პირიქით, ხანდახან შეიძლება შეჭირვება უკეთესიც იყოს.

* * *
ჩემს მრევლს ვმოძღვრავ, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც ქრისტიანები იყვნენ. ხშირად ადამიანის ცხოვრების წესი არ შეესაბამება იმ სიტყვებს, რასაც ის ამბობს - მე ქრისტიანი ვარ, მაშინ ეს ფარისევლობაა, სხვა არაფერი. ამიტომ ვეუბნები, რომ რასაც ამბობ, ის უნდა აისახოს შენს პირად ცხოვრებაზე. წმინდანები არავინ ვართ და ვერც ვიქნებით, მაგრამ სწრაფვა უნდა გვქონდეს წმინდანობისკენ, წმინდა ცხოვრებისკენ. ცოდვით თუ დაეცემი, უნდა შეგეძლოს წამოდგომა. ყველა ადამიანი ვეცემით. არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს. არ არის ადამიანი, რომელიც არ ეცემა, მაგრამ ცუდია, თუ არ ცდილობს წამოდგომას. ღმერთმა მოგვცა საშუალება გამოსწორების, სინანულის, საკუთარ თავში ჩახედვის, საკუთარი თავის ამოცნობის. ეს არის ღვთის წყალობა, ღვთის მადლი, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს. საკუთარი თავის ამოცნობას და საკუთარი გულის სიღრმეში ჩახედვას არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რა უკეთურებანი გაგვაჩნია ჩვენ, რით არის მოწყლული ჩვენი გული, ამას უნდა ვხედავდეთ და ამ სისუსტეს უნდა ვებრძოდეთ. თუ ამ მეთოდით ვიცხოვრებთ, დაცემას აუცილებლად წამოდგომა მოჰყვება. ამ ყველაფერს სინანული და ცრემლები უნდა დავუპირისპიროთ. უფლისთვის ყველაზე დიდი ძღვენი არის ცრემლი. უფალს უყვარს, როცაწ ადამიანი თავის შეცდომებს განიცდის და ცდილობს, გამოასწოროს. ამას აუცილებლად წამოდგომა მოჰყვება უფლისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი გამოღვიძება მოხდა ჩვენი ერისა, მაინც არ ვთვლი საკმარისად ხალხის ტაძარში მოსვლას. ერთი ადამიანიც თუ არის დედაეკლესიის გარეთ, ჩემთვის ისიც მტკივნეულია. აუცილებელია მთელი ერი დადიოდეს ტაძარში და ერთად ვადიდებდეთ უფალს, თუ გვინდა, რომ სასიკეთოდ წარიმართოს არა მარტო ჩვენი სულიერი ცხოვრება, არამედ ჩვენი ქვეყნის ცხოვრება.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მშვიდობა მოგცეთ.

* * *
KARIBCHEწმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მრევლი მარინე ციცქიშვილი: - 13 წელია, ეკლესიაში დავდივარ. თავიდან წმინდა მარინეს ტაძრის მრევლი ვიყავი. მერე წმინდა იოანე ნათლისმცემელში გადმოვედი. ტაძარს ვალაგებ და ვგალობ. წირვა-ლოცვას არ ვაცდენ. ახლა მედავითნეობასაც ვსწავლობ. ეკლესიაში ვისწავლე მორჩილება და ყველაფერი კარგი. ვინც ღვთის გზას დაადგება, უკეთესად წაუვა ცხოვრებაც. ტაძარში საუკეთესო თვისებებს იძენს ადამიანი. გული მწყდება, უფრო ადრე რატომ არ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. დრო დავკარგე. ჩემი მოძღვარია დეკანოზი ალექსი. ძალიან კარგი ადამიანია მამა ალექსი. ნებისმიერ სულიერ შვილზე ძალიან ზრუნავს. მისი დამსახურებაა, ფეხზე რომ ვდგავართ და სულიერად გაძლიერებულები ვართ. ვცდილობ, ჩემი მოძღვრის კურთხევის გარეშე არაფერი გავაკეთო. როცა არ ამიღია კურთხევა, ყოველთვის ცუდად წასულა ჩემი საქმე. ვცდილობ, სულ ეკლესიის წიაღში ვიყო, ამაზე უკეთეს ადგილას სად წავა ადამიანი?

სტიქაროსანი გიორგი ტაბატაძე: - ეკლესიაში მეხუთე წელია, დავდივარ. დღეს უკვე მეუფე იობის სტიქაროსანი ვარ. სტიქაროსნობა დიდი მოვალეობაა. ერის ადამიანებისგან განსხვავებული ხარ და მეტიც მოგეთხოვება. ტაძარში ყოფნით უფრო მეტი სიყვარული მივიღე. მეტი თავმდაბლობა და ღვთის სიყვარული ვისწავლე. უფალს რომ ემსახურები, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. უფლის წყალობით გვიდგას სული. ჩემი მოძღვარია მამა ალექსი ახალკაცი. ტაძარში რომ მოვდივარ, აქედან გასვლა არც მინდა. აქ არის ჭეშმარიტება და სიყვარული.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1