ხაშური
ხაშური
ხაშური პატარა ქალაქია. ადამიანს საშუალება ეძლევა, დაუბრუნდეს დედაეკლესიის წიაღს. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მრავალი ტაძრის განახლება და რესტავრაცია მიმდინარეობს. ხაშურის ტაძრებს დღეს მრევლი არ აკლია. გარდა იმისა, რომ მრევლი არის ტაძარში და მკვიდრობს, ამავე დროს ძალიან ბევრია მსურველი, რომელიც ჯერ არ არის მოსული ტაძრის წიაღში, მაგრამ ისინი ემზადებიან ტაძარში მოსასვლელად, რაც უდიდესი სტიმულია ჩვენთვის, მოძღვრებისთვის, - მიამბობს ხაშურის ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია გოგოლაძე. ადრე უფრო ერული სულით ცხოვრობდნენ ხაშურის მკვიდრნი, დღეს კი ყოფით ცხოვრებაშიც შეიმჩნევა საეკლესიო აზროვნება, რაც მისასალმებელია...

პირველი ნაბიჯები სასულიერო ცხოვრებაში
მეუფე იობმა 2007 წლის 17 მაისს მღვდლად დამასხა ხელი. მას შემდეგ ვმსახურობ წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში. დავიბადე 1973 წლის 23 იანვარს ქალაქ ხაშურში. სკოლაც აქ დავამთავრე. დაახლოებით 14-15 წლის ასაკში სურვილი გამიჩნდა, ხელოვნებას გავყოლოდი. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ექვსი წელი იქ ვისწავლე. აკადემიაში სწავლის პერიოდში განსაკუთრებული როლი შეასრულეს სამხატვრო აკადემიის მეგობრებმა, რომელიც მაშინ ხატწერას მისდევდნენ. თუმცა მანამდე შეხება მქონდა ტაძართან, სანთელი დამინთია, მაგრამ ფუნდამენტურად, რასაც ქრისტიანული ცხოვრება ჰქვია, არ ვყოფილვარ ღრმად დაინტერესებული. მეგობრების გავლენით გავხდი ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი. თავიდან მამა თეოდორე გოგოლაძე იყო ჩემი მოძღვარი, შემდეგ - მამა ალექსი ახალკაცი, რომელიც ახლა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. ტაძარში მოსვლის შემდეგ უფრო მეტი გავიგე ქრისტიანობის შესახებ და მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ქრისტიანობაშია. მახსენდება ერთი მომენტი, როდესაც აქტიურად დავიწყე ტაძარში სიარული. ერთ-ერთმა მრევლმა, ჩემმა მეზობელმა, ასაკიანმა ადამიანმა, მითხრა, შენ მღვდელი გახდებიო, მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ამაზე ნაფიქრი, გულის სიღრმეში გავაპროტესტე კიდეც, ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული და ეს ადამიანი რას ამბობს-მეთქი. მოხდა ისე, რომ მამა ალექსიმ მკითხა, მღვდლობა ხომ არ გინდაო. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან რატომღაც უარზე ვიყავი. ალბათ ნაწილობრივ ვხვდებოდი, თუ რა სიმძიმე არის მღვდლობა, მოძღვრობა. პირობა დავდე, თუ ამ გზას ავირჩევდი, აუცილებლად სწავლას გავაგრძელებდი. ქრისტიანი ყოველმხრივ უნდა შეცადოს შეავსოს ცოდნა ჭეშმარიტების, ღვთის შესახებ. მამა ალექსის ვუთხარი, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, აუცილებლად გავაგრძელებდი სწავლას.Mმამაომ მიპასუხა, ეს აუცილებელიაო.

KARIBCHEვიდრე მოძღვრობის გზას დავადგებოდი, მანამდე ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში. ღვთის მადლით, პარალელურად საშუალება მქონდა მემუშავა ტაძრების რესტავრაციაზეც. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, - მოქანდაკე გახლავართ, - ღვთის წყალობით პატივი მქონდა, მცირე წვლილი მეც შემეტანა სხვადახვა ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაში. ყოველივე ესNნელ-ნელა ეს მაახლოებდა ტაძართან, უფალთან. შემდეგ დავოჯახდი კიდეც. მეუფე იობის, მამა ალექსის ლოცვა-კურთხევით დიაკვნად დამასხეს ხელი, შემდეგ - მღვდლად და მეუფემ განმაწესა წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახლობის ტაძარში. მანამდე არ იყო მოქმედი ეს ტაძარი. ამ ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს, როდესაც მთელი საქართველო დამოუკიდებლობის გზას ადგებოდა. ჩვენი სახელმწიფოს დაბადება და ამ ტაძრის ფუნდამენტის ჩაყრა პარალელურად მიმდინარეობდა. წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობის ინიციატივა გამოთქვეს უფროსი თაობის ხაშურის მკვიდრებმა: ბატონმა ჯონი ცინცაძემ, ბატონმა ნუგზარ მახარობლიძემ, ბატონმა ლერი ხვედელიძემ. ორი მათგანიB- ბატონი ჯონი და ბატონი ნუგზარი - გარდაცვლილია და ამავე ტაძრის ეზოში, გალავანთან განისვენებს. გარკვეული სირთულეების გამო მათ ვერ შეძლეს ამ ტაძრის დასრულება. ხაშურის მოსახეობას მიუძღვის უდიდესი წვლილი. მშენებლობაში უდიდეს მონაწილეობას ახალგაზრდობა იღებდა. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მუშახელის სიმცირე არ გვიგრძნია. ტაძარი დასრულებულია, საკურთხეველიც მოხატულია. მიმდინარეობს ტაძრის შემოღობვის პროცესი, ძირითადად შემოღობილია ტაძარი, მაგრამ გარკვეული ნაწილი დარჩა მოსახატი. ღვთის წყალობით შევძლებთ დარჩენილი სამუშაოების შესრულებასაც.

მეუფე იობმა მითხრა: როდესაც მოძღვარი გახდები, ამ ტაძარში უნდა იმსახურო და შეუდექით ამ ტაძრის ბოლომდე დასრულებასო. ღვთის წყალობით და მადლით, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი შეასრულეს ამ ტაძრის დასრულებაში. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ბატონი მიხეილ გუმბერიძე. წარმოშობით ხაშურელია, ამჟამად თბილისში მოღვაწეობს, მისი მშობლები განისვენებენ ამ ტაძართან ახლოს. მან გამოთქვა დიდი სურვილი, ტაძარს დახმარებოდა. მისი შემოწირულობებით ტაძარი გადაიხურა, მოიხატა. ამ ადამიანმა ფაქტობრივად უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ტაძრის გამშვენებაში. 2007 წლის 27 ივლისს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ტაძარი ეკურთხა. მას შემდეგ ფუნქციონირებს. მადლობა ღმერთს, რომ მრევლი ნელ-ნელა მატულობს და ხარისხობრივადაც სულიერად იზრდება. უფრო მეტად ცნობიერდება, რა არის ქრისტიანობის არსი. ერთად ვიზრდებით მრევლიც და სამღვდელოებაც და ურთიერთის პრობლემების გაზიარებით, სიყვარულით, უფლისადმი სწრაფვით წინ მივიწევთ. ვმადლობთ უფალს ამისათვის. ვგრძნობთ უფლის თანადგომას, წყალობას და იმ დიდი წმინდანის შეწევნას, რომლის სახელზეც არის ტაძარი აგებული.

მოძღვრის როლი ადამიანის ცხოვრებაში
ვიდრე სასულიერო პირი გავხდებოდი, მანამდე თავად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, თუ რა როლს ასრულებდა მოძღვარი ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებული როლი აქვს მოძღვარს. უფალი ამბობს, სამი პირობა არის იმისათვის, რომ ადამიანი სრულყოფილი გახდეს: უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მეო. ჯვრის აღება, თავის უარყოფა, საკუთარი აზრების უარყოფა გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ღვთის ნებით დაიწყოს ცხოვრება. ადამიანის ცხოვრების წინამძღვარი უფალი უნდა იყოს და არა საკუთარი თავი. დავით წინასწარმეტყველი ამბობს, დაუტევე უფალს და მან გამოგზარდოს შენო. მოძღვარს განსაკუთრებული როლი რომ აქვს, ამას ერისკაცობიდანვე ვგრძნობდი. თუნდაც იმ მხრივაც, რომ უფლის სიტყვა მოეტანა ჩემამდე და სურვილი გამჩენოდა, უფრო მეტად ვყოფილიყავი მოშურნე ღვთისადმი. რადგან ეს ეტაპი თავადაც გავლილი მაქვს, ისევე, როგორც ყველა მოძღვარს, ვფიქრობ, ჩემი მღვდლობის მოღვაწეობის პერიოდი ისე წარვმართო, რომ ადამიანის მდგომარეობა გავითვალისწინო, როგორც მრევლის, თუ რა სჭირდება მას, რა არის მისთვის საჭირო და ერთად გადავწყვიტოთ და ღვთის ნებით, ღვთის ნების გამოძიებით ვიცხოვროთ. ეს არის უმთავრესი მისია მოძღვრისა, რომელმაც უნდა ასწავლოს ადამიანს ღვთის ნებით ცხოვრება, რომ იგი უფრო მეტად გახდეს მორჩილი ღვთისა. რა თქმა უნდა, მრევლს უნდა ჰქონდეს მოძღვრის სიყვარული და მოძღვარს - მრევლისა, მაგრამ უპირველეს სიყვარულს მოძღვარი იმსახურებს და პირველი მცნებაც ეს არის, რომ გიყვარდეს უფალი შენი ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა. მოძღვრის უდიდესი მოვალეობაა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს შეაყვაროს უფალი. აქედან გამომდინარე, მოყვასიც, რომელიც არის ხატი ღვთისა. მოყვასის სიყვარულის შემეცნება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფალი შევიმეცნოთ. სიყვარული ყველაზე მეტად საღვთისმეტყველო სათნოებაა, მაგრამ ვიდრე სიყვარულამდე მივა ადამიანი, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადაგმა. ეს კონკრეტული ნაბიჯები არის ზუსტად ის გზა, რამაც უნდა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე, რასაც ადამიანის განღმრთობა ჰქვია.

სრულყოფილების გზა
ეს არის გზა ეკლესიური ცხოვრებისათვის, საკუთარი თავის უარყოფა და უფალზე მეტად მინდობა. ამ ყოველივეს მიაღწევ მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით. მოძღვარმა სულიერ შვილს სინანული უნდა ასწავლოს. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს ღმერთთან სწორად ურთიერთობას ასწავლის. თუ ადამიანს ექნება სინანული, მაშინ მას ექნება სწორი ურთიერთობა ღმერთთან. თუ ადამიანი არის მორწმუნე, ამპარტავანი და ვერ დაუთმო უფალს, არ მიენდო უფალს, ამ შემთხვევაში ვერ დაამყარებს ღმერთთან ურთიერთობას. წმინდა იოანე ნათლისმცემელი გვახსენებს, შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. პირველ და აუცილებელ პირობად უფალი სინანულს გვიყენებს, რომ ადამიანმა შეიცნოს ღმერთი და მას გაუჩნდეს ღმერთთან ურთიერთობის საჭიროება. დაინახოს, რომ ის არის ქმნილება და უფალი არის უქმნელი. ქმნილების სასიცოცხლო ძალა სწორედ უქმნელიდან მოდის. თუ უფალს მოსწყდება ადამიანი და მოინდომებს ცალკე ცხოვრებას, რაც დაემართა ადამს, ის აუცილებლად განსაცდელში ჩავარდება და მისი ცხოვრება იქნება განსაცდელებით აღსავსე. რაც მთავარია, მას არ ექნება გამოსავალი გზა სინანულისა და ღმერთთან ურთიერთობის გარეშე. მოძღვრის მოვალეობა არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად უმთავრესი ასწავლოს - სინანული, სინანულისკენ მოუწოდოს და მისცეს სწორი გზა. ერთადერთი გამოსავალი ადამიანის ცხოვრებაში არის ღვთის გზაზე შედგომა, რომელიც უფალმა, მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით, თავისი ტანჯვით და უდიდესი სიყვარულის გამოვლინებით მოგვცა. წინ დაგვიდო ეს გზა და ამ გზით მოგვცა მიწიდან ზეცაში აღსასვლელი.

KARIBCHE

ხაშურის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი

როდესაც ადამიანი შეუდგება უფალს, ეს იმას ნიშნავს, რომ მიაღწიოს უფლის მსგავსებას. იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. ეს ადამიანის დაუსრულებელი მიმსგავსებაა ღვთის სათნოებებში. როდესაც ადამიანი იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, პირველ რიგში იწყებს საკუთარ თავთან ბრძოლას. ქრისტიანობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ თავზე, საკუთარ ვნებებზე გამარჯვება. ამ დროს ადამიანში ჩნდება გარკვეული პრობლემები, ერთი მხრივ, ის უნდა შეებრძოლოს საკუთარ თავს, მეორე მხრივ, უწევს გარე სამყაროსთან ბრძოლა. როდესაც შინაგან ცვლილებას განიცდის ადამიანი, თვითონ გარე სამყარო უპირისპირდება მას. რადგან ეს სამყარო ბოროტებაზე დევს და ცოდვის შედეგად მოვიდა, ამიტომ ამ სამყაროს ჩვენი მდგომარეობის საზომი და პარამეტრებიც სხვა არის. როცა ადამიანი უკეთესი ხდება და აღარ ემსგავსება იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს, მას გარკვეულწილად საზოგადოებაც უპირისპირდება. შეიძლება დაპირისპირება ოჯახიდან მოვიდეს, ოჯახის წევრი დაუპირისპირდეს, შეიძლება დაუპირისპირდეს სამსახურში ვინმე, ან ზოგადად საზოგადოება. ბოროტება აგრესიულია სიკეთის, სინათლის მიმართ. როცა ადამიანი იწყებს, რომ გახდეს უკეთესი, მისი ქცევით, მისი მოქმედებით იმხილება უკვე ის გარე სამყარო, რომელსაც არ უნდა გამოსწორება. როცა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე იმხილება სამყარო, აუცილებლად იწყება დაპირისპირება ამ ადამიანათან. რა არის ქრისტიანის ცხოვრება? ერთი, რომ უნდა ვიტვირთოთ პირადი ჯვარი, უარვყოთ ის, რასაც უფალი გვეუბნება - უარყავ თავი თვისი. ჩემს თავში არსებული ცოდვა, რომელსაც ვხედავ, განვიცდი. როდის განიცდის ადამიანი ცოდვას? განსაკუთრებით მაშინ, როცა ღმერთს შეუდგება, ღვთის გზას შეუდგება, მცნებების შესრულებას შეუდგება. ამ ჭეშმარიტების შუქზე ადამიანი განსაკუთრებულად ხვდება, თუ რამდენად დაცემულია და რამდენად განსხვავდება მისი შინაგანი და გარეგნული მდგომარეობა იმ ჭეშმარიტებისგან, იმ სინათლისაგან, რასაც უფალი გვავალებს და გვეუბნება, რომ ამ სახით, ამ ფორმით უნდა ვიყოთ სრულყოფილი. როდესაც ადამიანი იწყებს გამოსწორებას, თავისთავად მისი ცხოვრებით იმხილება გარე სამყარო, რომ იგი იმ სამყაროზე უკეთესი გახდა. საკუთარი ცოდვები რომ უარყო, საკუთარ თავს უნდა შეებრძოლო. ეს არის გარე სამყაროსთან გარკვეული ჭიდილი, ბრძოლა, იმ კუთხით, რომ შენ, ადამიანს, გიწევს უდიდესი იარაღით შებრძოლება, რასაც გონიერი მოთმინება ჰქვია. თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი გიჩნდება, ესე იგი შენშიც გარკვეულმა სიძულვილმა გაიღვიძა და შენც ამ შემთხვევაში იმ სიძულვილითვე უნდა უპასუხო, რა სიძულვილითაც იმ ადამიანმა შენ ტკივილი მოგაყენა. თუ ასეთივე მეთოდით იმოქმედებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკმა უკვე მიაღწია თავის მიზანს. მან შემოაღწია შენში და რა მიზანიც ბოროტს ჰქონდა, აღიძრა შენში. ამ მომენტში უკვე ადამიანი ისევ იმ ძველ ადამიანს უბრუნდება, რომელიც მანამდე იყო, ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა და ქრისტეს გზას შეუდგებოდა. გონიერი მოთმინებით, სიყვარულით შეიძლება გადარჩეს ადამიანი და საბოლოო მიზანს მიაღწიოს. ქრისტიანობა არის ბრძოლა როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან. გარე სამყაროსთან ბრძოლა - ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც საკუთარი თავი უნდა იტვირთო, ასევე უნდა იტვირთო იმ ადამიანის, იმ მოყვასის ტვირთი, რომელთანაც ურთიერთობა გაქვს. ამაზე ამბობს პავლე მოციქული: ურთიერთის ნაკლოვანება იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ქრისტესი, რაც ერთ-ერთი მთავარი დარიგებაა ქრისტესმიერი მოძღვრებიდან გამომდინარე. სრულყოფილებას მაშინ აღწევს ადამიანი, როცა საბოლოოდ უარყოფს საკუთარ ნებას და საბოლოოდ მიენდობა უფალს. თუ ადამიანი მთელი არსებით განმსჭვალული იქნება ქრისტესმიერი სიყვარულით და მისი ნება მთლიანად მიძღვნილი იქნება ღვთისთვის, ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება იყოს მაქსიმალურად დამტევი ჭურჭელი ღვთის მადლისა. სრულყოფილება - ეს არის დაუსრულებელი პროცესი ადამიანში, რომელიც იწყება დედამიწაზე და გრძელდება სასუფეველში და მარადიულ განახლებას ექვემდებარება. ძველი ქართული ტერმინი არის განახლება, სიახლე, მარადიული სიახლე. საეკლესიო მწერალმა ორიგენემ ასეთი ტერმინი მოიგონა ანგელოზის დაცემასთან დაკავშირებით - ანგელოზს მოყირჭდა ერთფეროვნება და ამის გამო დაეცაო. ეკლესიის მიერ ერთმნიშვნელოვნად უგულებელყოფილია ეს აზრი. წმინდა მამები კატეგორიულად უარყოფენ ამას და ამბობენ, რომ სასუფეველი არის მარადიული განახლება, მარადიული სიახლე და შეუძლებელია ადამიანს ეს მოსწყინდეს. აქედან გამომდინარე, იწყება დედამიწაზე იმ გზის გამოყენება. სრულყოფილების გზა არის დაუსრულებელი გზა ღვთისკენ სავალი.

- ღვთის ნების გამოძიება როგორ შეიძლება?

- ამ საკითხში მოძღვრის როლი განსაკუთრებულია. ხელდასხმის შედეგად მოძღვარს აქვს განსაკუთრებული მადლი ღმერთთან შუამდგომლობის. რა თქმა უნდა, შეიძლება მოძღვარი შეცდეს, - ეს არ არის გამორიცხული, - მაგრამ ნებისმიერი მოძღვარი მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს. რამდენად არის მობილიზებული მოძღვარი, ეს თავად მოძღვარზეა დამოკიდებული. მოძღვრის არჩევანშიც თავისუფალია ადამიანი. როდესაც მოძღვარს ირჩევს ადამიანი, ეს არ უნდა მოხდეს სხვისი რეკომენდაციით, არამედ აუცილებელია ადამიანმა თვითონ მოუსმინოს მოძღვარს, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდეს მასთან, მოისმინოს მისი ქადაგებები და არ აჩქარდეს მოძღვრის არჩევაში. თუ ადამიანი გულწრფელია და გულწრფელად არის მიმართული, რომ გამოიძიოს ღვთის ნება, მაშინ მას მიეცემა ამის საშუალება, რადგან მისი გულწრფელობა იქნება გარანტი უპირველესად იმისა, რომ თავისი გულწრფელობიდან გამომდინარე მან დაუთმოს ასპარეზი ღმერთს და სურს მისი წინამძღვარი ღმერთი იყოს. რაღაც საშუალებით ღმერთი მას მისცემს იმის საშუალებას, გამოიძიოს, თუ რა არის ჭეშმარიტება და ეზიაროს ამ ჭეშმარიტებას. მორჩილება მოძღვრისადმი უნდა იყოს გონიერი და არა მექანიკური. რადგან ადამიანი გონიერი არსებაა, გარკვეულწილად აქვს უფლება გამოიძიოს მოძღვრისგან მოცემული კურთხევა, გონებაში გაატაროს, რაზეც მოძღვარმა აკურთხა. ამავე დროს აუცილებელია გარკვეული ნდობა და მორჩილება ჰქონდეს მოძღვრისადმი. რადგან ცოცხალ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა და ადამიანი შეუმცდარი არ არის, დაზღვეული არავინაა ამისგან, ამიტომ მორჩილება უნდა იყოს გონიერი. თუკი იქ არაფერია ისეთი, რაც დამაბრკოლებელია და საწინააღმდეგოა, ამ შემთხვევაში ადამინამა მორჩილება უნდა გამოხატოს მოძღვრისადმი.

რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ნაკლებად მოქადული ვიყო საკუთარ თავზე და მეტად დამოკიდებული ვიყო ღმერთზე ადამიანებთან ურთიერთობაში. შეუძლებელია ადამიანი რამეში არ ცდებოდეს და აქედან გამომდინარე მეც დავმდგარვარ იმ დილემის წინაშე, რომ რაღაც სრულყოფილად ვერ ვთქვი, რაიმე სრულყოფილად ვერ გადმოვეცი. როდესაც თავიდან შეუდგები სამოძღვრო ასპარეზს ადამიანი, ასე ხდება ხშირად, მაგრამ ღმერთი გახედებს, გზრდის, საშუალებას გაძლევს, სწორად დაინახო მოვლენები.

ყველაზე მთავარი და ფაქიზი ადამიანებთან ურთიერთობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ღვთის წინაშე, აქ არა მარტო საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი, არამედ სხვა ადამიანზეც. როცა ადამიანი რაიმე პრობლემით მოდის ან რაღაც კონკრეტული სიტუაციაა, გულწრფელად მიჩნდება სურვილი გამოვიძიოთ ღვთის ნება და ერთად გადავწყვიტოთ ყოველივე. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხდები ღმერთზე მიმნდობი. ვცდილობ გამოვიძიო ღვთის ნება. გულწრფელობა ყველაზე მთავარია, გულწრფელობა - ეს არის უმოკლესი გზა იმისა, რომ გამოიძიო ღვთის ნება. სხვა შემთხვევაში შეიძლება მოგეცეს ღვთის ნება, შენზე განცხადდეს თუნდაც მოძღვრის ბაგეებით, თუნდაც უბრალო ადამიანმა შეიძლება მოიტანოს შენამდე ღვთის ნება და მიხვდე, რომ იმ ადამიანის ბაგით ღმერთი ღაღადებს, სულიწმინდა ღაღადებს. მოძღვრისა და მრევლის გულწრფელობა განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ამის გარეშე სრულყოფილებისაკენ სვლა ვერ მოხდება. თუ გადავხედავთ ასკეტი მამების ცხოვრებასა და მოღვაწობას, დავინახავთ, რომ ამ ადამიანების გამოცდილება არის გამოცდილება დაკნინებული მდგომარეობიდან უფრო ზეაღმატებულისკენ სწრაფვისა. ამ გზის გავლის პერიოდში მათ უდიდესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს იმ პრაქტიკული ნაბიჯების განხორცილებისა, რაც ადამიანმა უნდა განიცადოს თავისი მოღვწეობის პერიოდში. საეკლესიო მოღვაწეების, უდიდესი მამების, ასკეტი მამების მოღვაწეობა არის უდიდესი გზა ჩვენთვის მოცემული, თუ რა ნაბიჯამდე უნდა ავმაღლდეთ.

მოძღვრის უმთავრესი მოვალეობაა, შეაფასოს ადამიანი, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება და რა აუცილებელი საჭიროებაა მისთვის სულიერ საკვებად, გონებისათვის, სულისათვის. ვფიქრობ, მოძღვარს განვლილი უნდა ჰქონდეს სულიერი განვითარების ეტაპები და წინა ხიდი უნდა იყოს თავისი მრევლისა. თუ მოძღვარი თავისი სულიერებით მრევლს წინ ვერ უსწრებს, ის ვერ იქნება მისთვის გაზრდის და სრულყოფის საშუალება. ადამიანს უფლება აქვს, უფრო გამოცდილ მოძღვარს მიმართოს და გამოცდილ მოძღვარს დაემოწაფოს, რომელსაც ეს ნაბიჯები განვლილი აქვს. ერთია მღვდლობა, როცა სამღვდელო საიდუმლოებებს აღასრულებს ადამიანი და შენ მოვალეობას აღასრულებ როგორც მღვდელი, მაგრამ მოძღვრობაა, რომ დამოძღვრო ადამიანი და პრაქტიკულად გზა უჩვენო. ეს უკვე უნდა მოვიდეს უდიდესი შრომის და გამოცდილების შედეგად. პირადად მე ჯერჯერობით შორს ვარ საკმარისი გამოცდილებიდან, მაგრამ ვცდილობ გარკვეულწილად მეც წარმემართოს ამ გზაზე, რათა წინა ხიდად დავედო ჩემს მრევლს და მქონდეს სულიერი მარაგი და გამოცდილება, რათა მათთვის მაგალითის მიმცემი ვიყო. მთავარია ცხონება - ღმერთთან მყოფობა, ღმერთზე მიმსგავსება.

ღმერთის სურვილი უცვლელია და ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება უნდა. ყველა ქრისტიანს და საკუთარ თავსაც ვუსურვებ, ჰქონოდეს დიდი სურვილი ჭეშმარიტების ძიებისა. თუ ადამიანს ამის სურვილი ექნება და ამისკენ იქნება მაძიებელი, ის აუცილებლად დადგება იქ, სადაც უფალმა აკურთხა. ადამიანის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ღვთის ხელი მუდამ გამოწვდილია საშველად. მთავარია, ადამიანმა ღვთისგან გამოწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგებოს და დაიწყოს პრაქტიკული, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ჟურნალი, თქვენი მოღვაწეობა. მართლაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, ჩვენი მრევლის ქრისტიანულ გზაზე სრულყოფას ემსახურებით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1