ხაშური
ხაშური
ხაშურის წარსულსა და აწმყოზე საუბრობს ისტორიკოსი თინათინ მოსიაშვილი:

- XIX საუკუნის 80-იან წლებამდე ხაშურში ძირითადად დასახლებული იყო ჭალის უბანი, რადგანაც დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ჭაობიანი იყო - ღარიბა ღელე აჭაობებდა. დღემდე მოედინება ეს პატარა ღელე და ახალ ჭაობებს ქმნის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. უხსოვარი დროიდან ხაშურს აბრეშუმის გზა გაივლიდა, მაგრამ როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, აქ დიდმა სავაჭრო გზებმა მნიშვნელობა დაკარგეს... სოფლის ტიპის დასახლება რკინიგზამ გააცოცხლა. ძირითადად იმერეთის რეგიონიდან გადმოდიოდნენ და ისინი ერთვებოდნენ რკინიგზის მშენებლობაში. ხელისუფლებამ ისინი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასახლა. ხაშურში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იმერეთიდანაა მოსული. კულტურული ცხოვრება XIX საუკუნისათვის ძირითადად ჩქეფდა სურამში და ქვიშხეთში, რადგანაც სურამისა და ქვიშხეთის ტერიტორიაზე მოსახლეობა დაკავშირებული იყო მაშინდელ ინტელიგენციასთან, არისტოკრატიასთან. მათ აქ ჰქონდათ აგარაკები, ზაფხულობით ისინი ძირითადად ოჯახებით აქ ისვენებდნენ და ამიტომაც ჩაბმულები იყვნენ კულტურულ ცხოვრებაში. კულტურული ცხოვრება ძირითადად ცოცხლდებოდა სააგარაკო სეზონზე. ხაშურში თანდათანობით ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ნებით დაიწყო ზრუნვა სკოლის, გიმნაზიის გახსნაზე. ამავე დროს, რკინიგზის მუშებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ თეატრალური დასი. მანამდე პირველი საეკლესიო, საკვირაო სკოლა სურამში გაიხსნა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მონდომებით და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით ქვიშხეთში გახსნილ სკოლას სათავეში ჩაუდგა დიმიტრი ყიფიანის რძალი ნინო ყიფიანი. ამასთან ერთად, ხაშურში გაიხსნა პირველი სარკინიგზო, ორკლასიანი რუსული სასწავლებელი, მოგვიანებით - გიმნაზია, სადაც სწავლობდნენ როგორც გორის მაზრიდან, ასევე დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ახალგაზრდები. ამ გიმნაზიის კურსდამთავრებული გახლდათ ანდრია რაზმაძე, ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი გრიგოლ კიკნაძე, ვლადიმერ ბექაური, რომელმაც გამოიგონა დისტანციური მართვის აპარატურა. მან ომის წლებში საკუთარი ხარჯით ააშენა თანამედროვე ხაშურის საავადმყოფო. ის ლენინგრადში მოღვაწეობდა და მერე ბერიას მსხვერპლი გახდა.

KARIBCHE1884 წელს ხაშურში პირველი სპექტაკლი დაიდგა. აქ თავდაპირველად რკინიგზელთა თეატრი იყო, შემდეგ გაიხსნა სახალხი თეატრი. ბოლშევიკების მოსვლისთანავე თეატრმა სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიიღო. 1942 წელს დამწვარი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი გადმოვიდა ხაშურის თეატრში. სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, შალვა ხერხეულიძე, აკაკი ხორავა აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. თეატრის შენობა დაიწვა. ქორწინების სახლში შეხიზნული დასის წევრები იქვე დგამენ სპექტაკლებს.

ხაშურის განათლების სისტემა XIX ს-ის 80-იანი წლებიდან იწყება. მოგვიანებით კომუნისტებმა მრავლად გახსნეს სკოლები. დღეს კი სოფლებში სკოლები დაიხურა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ძალიან ბევრი მშობელი ვერ უშვებს შვილებს სკოლაში შორ მანძილზე. მაგალითად, ტაშისკარში მგელი ჩამოვიდა. სად არის იმის გარანტია, რომ ბავშვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება?

ხაშურში არ გვაქვს კინო, თეატრი, ძალიან უჭირს მუსიკალურ სკოლას, ბავშვებიც აღარ დადიან. არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავს. კომპოზიტორები: ლილიკო ნემსაძე და მარიკა კვალიაშვილი ხაშურელები არიან. სურამში იყო ძალიან კარგი მუსიკალური სკოლა. მდიდარი ბიბლიოთეკები გვქონდა, მაგრამ თვალსა და ხელს შუა გაქრა. პირადად მე ძალიან კარგი ბიბლიოთეკა მაქვს, გამოადგება კი ჩემს მომავალ თაობას?

***
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1956 წელს გაიხსნა ისტორიკოს ვლადიმერ გურგენიძის თაოსნობით. ასევე გაიხსნა სურამში ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმი. ვლადიმერ გურგენიძე თავად დადიოდა სოფლებში და საკუთარი ხელით შეაგროვა მუზეუმში განთავსებული ექსპონატები. მუზეუმში 1978 წლიდან ვმუშაობ. ძალიან გვეხმარებოდა ძეგლთა დაცვის, კულტურის სამინისტრო, ზრუნავდა ადგილობრივი ხელისუფლება. ხაშური მდიდარია საეკლესიო, სამონასტრო ძეგლებით, ციხესიმაგრეებით, კოშკებით. ძალიან ბევრი დანგრეული ციხე, კოშკი, საფორტიფიკაციო ნაგებობაა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებდი ხიდებს. ხაშურს აქვს ასევე ვიწრო კულტურული დარგები. მაგალითად, სოფელ სატივეში ისტორიულად ტივებს ამზადებდნენ. ამ სოფელში არის ჭაობიან-ლელიანი ადგილები, ამიტომ აქ წნავდნენ ძალიან ძვირფას ჭილობებს, რომელსაც ყიდდნენ კიდეც. ხაშურში ისტორიულად მეთუნეობა იყო განვითარებული. სოფელ ალში მზადდებოდა უნიკალური თიხის ნაწარმი, მაგრამ განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მეთონეობაში. ალის თონე განსაკუთრებულად ფასობდა. ყურადღება ექცეოდა აგურის და კრამიტის წარმოებას.

ნათლისმცემლის ეკლესია ხაშურის აგურით არის აშენებული.

ხაშური განთქმული იყო მეთევზეობითაც. აქ ქსოვდნენ მშვენიერ ხალიჩებს, ამით ცნობილია ბერიძეების ოჯახი.

ხაშურს არაჩვეულებრივი სამედიცინო ინტელიგენცია ჰყავდა.

30-იან წლებში დახვრიტეს ჩვენი მოძღვარი, მამა იოსებ ბებიაშვილი. ის სურამში ცხოვრობდა. დედაჩემისაგან მსმენია, რომ ამ ოჯახს მღვდლიაანთს ეძახდნენ. ოჯახის ყველა წევრი მასწავლებელი იყო. სურამელებს ფორტეპიანოზე დაკვრასაც ისინი ასწავლიდნენ. როგორც მამა იოსების და, თამარ ბებიაშვილი იგონებს, მათი მამაც მღვდელი ყოფილა. მამა იოსებს ჰყავდა ხუთი შვილი, ორი - ბატონებით გარდაეცვალა, დარჩა ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი - ცნობილი ეთნოგრაფი.

სურამში სამების ეკლესია და ქაშვეთის ეკლესია დედის მხრიდან ჩემი პაპის, ვასილ ჯობაძის ხელით არის აშენებული. დედაჩემის ძმები ასევე ეკლესიის მშენებლები იყვნენ. მაგალითად, ორი ბიძის აშენებულია სურამის წმინდა გიორგის ტაძარი. როგორც ისტორიკოსი ვახტანგ ჯობაძე ამბობს, ჯობაძეები აზნაურები იყვნენ და ვახტანგ VI-ის კარზეც უმსახურია მწიგნობარ ქიტესა ჯობაძეს. პაპაჩემი კომუნისტებმა დაიჭირეს, აწამეს და მერე მალევე გარდაიცვალა. დედაჩემი ობლად გაიზარდა. დედას დავყავდით ხოლმე ამაღლების, მარიამობის, აღდგომის, შობის დღესასწაულებზე ტაძარში. ეს მივიღე დედისგან. სურამში რამდენიმე ეკლესიაა - სამების, ამაღლების. ჩვენი სახლის გვერდით ყოფილა ღვთაების ეკლესია, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

წმინდა მარინეს დედათა მონასტერი
წმინდა მარინეს მონასტერს ადრეც ვსტუმრობდი. წინამძღვართან, დედა მარინესთან სიახლოვე და საუბარი ყოველთვის მენატრება ხოლმე. დედა მარინეს ამჯერადაც ვესაუბრე, ოღონდ ახლა "კარიბჭის" მკითხველისთვის.

KARIBCHE


- მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2008 წელს წმინდა მარინეს სახელობის ტაძართან დაფუძნებულ დედათა მონასტერში გადმოვედი სურამის ამაღლების სახელობის დედათა მონასტრიდან. ღვთის მადლით, ჩვენი შრომით, შემომწირველების დახმარებით, მონასტერი თანდათან კეთილმოვაწყვეთ. მომავალში ვაპირებთ ძამის ხეობაში გეთსიმანიის სახელობის დედათა მონასტრის აშენებას, ტაძარი მენელსაცხებლე დედათა სახელობისა იქნება. ორნავიანი ბაზილიკური ტიპის ტაძარი უკვე შენდება.

წმინდა მარინეს ტაძარში ბევრი რამ გაკეთდა, შეიცვალა კანკელი, იატაკი. ღვთის მადლით, თუ შევძელით, გაზაფხულისთვის ვფიქრობთ ტაძრის მოხატვას. მონასტერში სამნი ვცხოვრობთ. ერთი მონასტრის წევრი, სქემმონაზონი მართა შარშან გარდაგვეცვალა. მონასტრის ტერიტორიაზე ვფიქრობთ საკათედრო ტაძრის აშენებას. თუ ღვთის ნება იქნება, რეზიდენციის მოწყობაც გვინდა. მონასტრის ტიპიკონი იგივეა, რაც სხვა მონასტრებში. დილას ლოცვით, ცისკრის მსახურებით ვიწყებთ. ხელსაქმეც გვაქვს. ვქნით სანთელს, ვაცხობთ სეფისკვერს. გაზაფხულისთვის მეურნეობას ვიწყებთ. ვფიქრობთ ვენახის გაშენებას - საფერავის და დირბულას ჯიშის ვაზის ჩაყრას. გვინდა ჩვენს ეპარქიას საბარძიმე ღვინით შევეწიოთ. მინიქარხანა მინდა ავაშენო. მონასტრის შემოსავლის წყაროც ეს იქნება.

მეუფემ წმინდა მარინეს სახელზე აღმკვეცა და გამომიშვა წმინდა მარინეს მონასტერში. წმინდა მარინე მართლაც ძალიან დიდი შემწეა. მის დახმარებას ვგრძნობთ.

ძალიან მინდოდა მონაზვნობა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ოჯახი მქონდა, მუდამ ამას ვთხოვდი უფალს, შემწეოდა და უფლისკენ სავალ გზაზე გავძლიერებულიყავი. ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი აღკვეცის დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სიხარული განმიცდია, თუნდაც შვილების, შვილიშვილების მხრიდან. ღმერთს ვთხოვ მომცეს ძალა, რომ ბოლომდე ვემსახურო უფალს, მრევლს და ყველას. ვთხოვ შემაძლებინოს უფალმა სიყვარული და თავდადება. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი, ღვთის გამო ყველაფერი დავთმო. ხშირად ღმერთს ვთხოვ ხოლმე მომცეს იმის ძალა, რომ მომცეს მოწამებრივი აღსასრული. სულიერ მოძღვართანაც მაქვს ხოლმე ამაზე საუბარი. მოძღვარს უთქვამს, არ გეშინიაო? მეშინია, მაგრამ იმედი მაქვს, უფალი შემეწევა-მეთქი...

ხშირად მსმენია, საქართველო ბერმონაზვნობის ლოცვაზე დგასო, თუნდაც კაცობრიობა. ზოგი ამბობს, რომ ძალიან რთულია ბერმონაზვნური ცხოვრება, ნამდვილად რთულია, მაგრამ ვინც ღვთის სიყვარულით არის მონასტერში მოსული და არა განსაცდელით, ყველანაირ სირთულეს დიდი სიხარულით გადაიტანს. მთავარი სიყვარულია. სიყვარულით ნებისმიერ საქმეს გააკეთებს ადამიანი. მორჩილებასაც სიყვარულით შეუდგები. როცა უფლის სიყვარული გაქვს და გსურს ბოლომდე დაიხარჯო, მაშინ დაღლას ვერ გრძნობ. როცა განსაცდელით მოდიხარ მონასტერში, დრტვინავ, ყველაფრის გაკეთება გიჭირს, იძულებით ვერასდროს იქნები მონასტერში, ვერ ცხონდები. სხვასაც დაამძიმებ და საკუთარ თავსაც.

- დედაო, თქვენ ბევრი სიწმინდე მოილოცეთ, ახლახან გლინის უდაბნოდან დაბრუნდით. გვიამბეთ ამის შესახებ.

- მადლობა ღმერთს, რომ ღირსი გამხადა წმინდა ადგილების მოლოცვის. სამი წლის წინ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოვილოცე. წელს ორჯერ ვიყავი კიევში, მოვილოცე პეჩორის ლავრა, გლინის უდაბნო, პოჩაევო. ძალიან ბევრი სიწმინდე მოვილოცე და ბევრი სასულიერო პირი გავიცანი, ღირსეული დედები, მამები. ღვთის შეწევნით, აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. მინდა ჩვენი წმინდა ადგილები მოვალოცვინო. გავიცანი გლინის უდაბნოს მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი, ღვთისმშობლის საფარველის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია კალისფენია, თეოფანიის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედი. განსაკუთრებული სიახლოვე მაქვს გლინის უდაბნოს მონასტრის წინამძღვართან, მამა ანტონთან. მართლაც რომ უდიდესი სულიერი, თბილი ადამიანია. უდიდესი სითბო და სიყვარული გვაგრძნობინა. მართლაც რომ იშვიათი ადამიანია. მამა ანტონს ძალიან დიდი სულიერი ხედვა აქვს, ძალიან განსხვავებული, თავმდაბალი ადამიანიცაა. ის ბევრჯერ არის ნამყოფი საქართველოში, იცნობს მეუფე ანდრიას.

- რა იციან საქართველოს შესახებ?

- იცნობენ წმინდა თამარ მეფეს, წმინდა დავით გარეჯელს, წმინდა შიო მღვიმელს, წმინდა ნინოს... ძალიან უყვართ საქართველო და ქართველი წმინდანები. ჩვენ ყველას ეკლესია გვაერთიანებს. თითქოს ერთი ოჯახი ვართ. მამა ანტონმა ბრძანა, - ჩვენი ენა ერთიაო. ეს არის ქრისტიანობა, სულიერება. ეს გვაკავშირებს ერთმანეთთან. სულით ვგრძნობთ ერთმანეთს. ეს არის ღვთის მადლი.

- თანამედროვეობაში როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოება?

- მთავარია, ღვთის შიშით და ღვთის სიყვარულით ვიცხოვროთ, ღვთის საწყენი ნაბიჯი არ გადავდგათ. ყოველ დილით მივდივარ მაცხოვრის ხატთან და როგორც ცოცხალს, ისე ვთხოვ ლოცვა-კურთხევას, - დამლოცე, უფალო, რომ ეს დღეც მშვიდობით გავატარო შენდა სადიდებლად, შენთვის სათნოდ, უცოდველად. ყველას ასე გაგვეტარებინოს მთელი ჩვენი ცხოვრება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1