ხაშური
ხაშური
ხაშურის რაიონი შიდა ქართლშია, ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთ ფერდობების განშტოება, დასავლეთიდან ლიხის, იგივე სურამის ქედის აღმოსავლეთი მთისწინეთი , სამხრეთით - თრიალეთის ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობები აკრავს, ხოლო აღმოსავლეთით ვრცელდება დოღლაურის ველამდე. ისტორიკოს თამაზ ლაცაბიძის გამოკვლევით, 1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ გორის მაზრაში შედიოდა, ხოლო 1930 წლიდან - დამოუკიდებელი რაიონია. აღმოსავლეთით ესაზღვრება ქარელის, დასავლეთით - საჩხერისა და ქარელის, ხოლო სამხრეთით - ბორჯომის რაიონები.

აქ ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. მთავარი მდინარე მტკვარი გარდიგარდმო კვეთს რაიონს. ნაწილი მისი შენაკადებისა - თრიალეთის, ხოლო ნაწილი - ლიხის ქედებიდან ჩამოედინება.

მუნიციპალიტეტში შედის ქალაქი ხაშური, დაბა სურამი და 11 სასოფლო საკრებულო: ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი.

მოსახლეობა 64 000-მდეა. ძირითადი ნაწილი ქალაქსა და დაბაში ცხოვრობს. ხაშურის ქალაქად და რაიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას, ზრდასა და განვითარებას გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეუწყო ხელი. ქვეყნის ცენტრში მდებარეობა მას საშუალებას აძლევს, მოხერხებულად დაუკავშირდეს საქართველოს ყველა რეგიონს.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ხაშური მლაშე წყლის აორთქლების შედეგად მიღებულ მარილს ეწოდება: "მლაშე წყლის მარილი, გინა რაც წყალსა და ტბისაგან მარილის მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი".

დღევანდელი ხაშურის ჩრდილოეთით, ე. წ. ზემო სერიდან, რომელსაც კაკალათხევის სერს უწოდებენ, ჩამოედინება მცირე მდინარეები, რომელთა საერთო სახელწოდება ღარიბა-ღელეა. ამ მცირე მდინარეთა (ღელეთა) წყალი მლაშეა, მარილიანია ნიადაგიც, როგორც ჩანს, სწორედ ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ხაშური თავდაპირველად გარკვეული ტერიტორიის აღმნიშვნელი სახელი უნდა ყოფილიყო, ხოლო შემდეგ იგი აქ აღმოცენებული დასახლებული ადგილის სახელადაც იქცა.

საყურადღებოა, რომ სპარსულ ენაში არის სიტყვა "ხაქეშურ", რომელიც ძალიან წააგავს ქართულ ხაშურს და ითარგმნება, როგორც მლაშე მიწა. შესაძლებელია, სიტყვა "ხაშური" ქართულში სპარსულიდან შემოვიდა. ხაშურის სახელწოდებით ცნობილი დასახლებული ქალაქებია: ბასკეთში (ესპანეთი), კაბადოკიაში და სხვაგან. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი შუმერული სამყარო იცნობს ხაშურის სახელწოდებით მთიანეთს.

ხაშური პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში გვხვდება, რომლის მიხედვითაც ქართლის დედოფალი ელენე აზნაურ ზაალ აბაზაძეს უახლებს და ხელმეორედ უმტკიცებს იმ წყალობას, რაც მის წინაპრებს ჰქონდათ მიღებული ქართლის სამეფო კარისგან სხვადასხვა სამსახურისათვის. ირკვევა, რომ 1693 წლამდე ქართლის სამეფო კარს აბაზაძის გვარისთვის "ხაშურს ჩაჩანიძისეული მამული" მიუცია. ხაშური, როგორც დასახლებული ადგილი, XVII საუკუნის ბოლოსათვის არსებობს. იგივე დოკუმენტი იმასაც მიგვანიშნებს, რომ ხაშურის დასახლება უფრო ადრეც არსებობდა, ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული.

XVIII საუკუნეში ხაშური არაერთ საისტორიო წყაროსა და დოკუმენტში გვხვდება.

ერეკლე პირველის - ნაზარალი ხანის 1700 წლის ბრძანებით, "ხაშურლებსა და გორალეთელებს ეკრძალებოდათ სურამლების დაუკითხავად მათი მამულების მოხვნა, დათესვა და მითვისება".

რუისის სამწყსოს 1715 წლის დავთრის მიხედვით, აქ 15 კომლი ცხოვრობს: ბექუტაშვილი, ორძელი, გივიშვილი, ქუზიაშვილი, აქიაშვილი, ალექსიშვილი, ინდიშვილი, შოშიტაშვილი, აბაიშვილი, მალიძე.

1724 წელს ელიზბარ აიდანაშვილს ხაშურის ბოლოს გაბრიელ ქიმერიძისთვის მიუყიდია მიწა. ასე უნდა ჩაჰყროდა საფუძველი დღევანდელ ქიმერიძეების უბანს ხაშურში.

ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს ხაშურს. იგი აღნიშნავს: "ოსიაურს ზეით, ხაშურს, ერთვის სურამის-წყალს ქემერტის-წყალი, აღმოსავლეთიდამ". ხაშური რუკაზეც აქვს დატანილი.

იოანე ბატონიშვილი თავის "აღწერაში" ხაშურს აფიქსირებს, როგორც მოსახლე სოფელს, ხოლო "კალმასობის" მიხედვით - ხაშური საშუალო სოფელია, რომელიც წარმოდგენილია მაღალი კოშკით, სახლებითა და წმინდა მარინეს პატარა ეკლესიით. ხაშურში მამულები ეკუთვნოდათ ხიდირბეგიშვილებს, მურვანიშვილებს და სხვებს.

XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ხაშური სწრაფად წინაურდება. აქ 1872 წელს გავიდა ფოთი-თბილისის რკინიგზა. 1886 წელს აქ უკვე 442 კომლია. 1872 წლიდან ხაშურში დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის კავკასიაში მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად "მიხაილოვო" ეწოდა. 1918 წლიდან მას კვლავ ხაშური, ხოლო 1928-1934 წლებში "სტალინისი" ერქვა. შემდეგ კვლავ ხაშური. 1891 წლის "ივერია" გვამცნობს: "ჩვენს დაბიდან ერთის ვერსის მანძილზე ძველს ეკლესიის ნანგრევია, მხოლოდ ცარიელ კედლებადაა დარჩენილი და უპატრონოდ არის დატოვებული. მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 8 მაისს, ხალხი გაიხსენებს ხოლმე ამ ადგილს და მოიყრის თავს სადღესასწაულოდ. ამ ნანგრევს თამარის ეკლესიას უწოდებენ. წელსაც 8 მაისს ხაშურელებმა ბლომად მოიყარეს თავი "გართობაზე", ასე ეძახიან ამ დღესასწაულს. ეკლესია დიდი არ არის, სიგრძით ოთხი საჟენი და სიგანით ორზე მეტი არ იქნება. შიგნით ტრაპეზის ადგილი და ზედ ერთი ხატია დაბრძანებული.

ხაშურის რაიონი უძველესი დროიდან არის დასახლებული. აქ სახეზე გვაქვს საზოგადოების განვითარების უწყვეტი კვალი ქვის ხანიდან მოყოლებული დღევანდლამდე. ზოგიერთ სოფელში - წაღვლი, ყობი, ტკოცა აღმოჩენილია უძველესი ადამიანის ქვის იარაღები.

რაიონი განსაკუთრებით მდიდარია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლებით (წაღვლი, ტკოცა, სურამი, ქვიშხეთი, ფლევი, ბრილი). ინტერესს იწვევს ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები: წაღვლი, ნაცარგორა, სურამი, ალი.

შუა ბრინჯაოს და გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარები და სამაროვნებია შესწავლილი სოფელ წაღვლში (საციხურის გორა და მიქელაანთ ვერხვები) და სოფელ ნაცარგორაში. ანტიკური ხანის სამაროვანია შესწავლილი აგრეთვე სოფელ ნაცარგორაში, ხოლო ვრცელი ნამოსახლარი სოფელ ალში.

ხაშურის ტერიტორიაზე საზოგადოების განვითარების კვალი ძვ. წ. აღ-ის II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასასრულიდან და I ათასწლეულის დასაწყისიდან შეიმჩნევა. ამის დასტურია გორათის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა. აქ ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში ხაშური-ბორჯომის რკინიგზის მშენებლობის დროს ჰქონდა ადგილი ასეთი მასალის აღმოჩენას. ბოლო წლებში მოპოვებული თიხისა და ლითონის (ბრინჯაო) ნივთები მნიშვნელოვან ფურცელს შლის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის საქართველოს დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა ურთიერთობის შესახებ.

KARIBCHE


ხაშურის რაიონის დღევანდელ ტერიტორიაზე არაერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მომხდარა ქვეყნის დამპყრობთა წინააღმდეგ. იგი იცნობს რომაელებისა და ბიზანტიელების, სპარსელებისა და არაბების, მონღოლებისა და ოსმალების წინააღმდეგ გადახდილ არაერთ ომს. V საუკუნის 70-იან წლებში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართლში სპარსელები შემოვიდნენ და მძიმე ბრძოლები გაიმართა. ვახტანგის მხარეზე იბრძოდა წარმოშობით სპარსი, მისი მეუღლის აღმზრდელი რაჟდენი, რომელსაც ცეცხლთაყვანისმცემლობა უარეყო და ქრისტიანული სარწმუნოება მიეღო. ბრძოლის დროს სპარსელებმა რაჟდენი ტყვედ ჩაიგდეს და მოსთხოვეს, ცეცხლთაყვანისმცემლობას დაბრუნებოდა, რაზედაც მან უარი განაცხადა. სპარსელებმა იგი სოფელ წრომში აწამეს და მაცხოვრის მსგავსად ჯვარზე გააკრეს. ეს მოხდა 472-473 წლების ახლოს. რაჟდენი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოებისთვის ეწამა. საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და ცნობილია რაჟდენ პირველმოწამის სახელით.

არაბების მიერ საქართველოს დაპყრობას ქართველი ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. ქართველ-არაბთა ერთ-ერთი ბრძოლა ხაშურის რაიონში 853 წელს, კვერცხობთან მოხდა, რომელშიც ქართველები დამარცხდნენ.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ხაშურის რაიონი თურქ-სელჩუკების შემოსევის დროს (XI საუკუნის 60-70-იან წლებში). განსაკუთრებით აუტანელი იყო დიდი თურქობის პერიოდი, როცა მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაიცალა.

დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში საგრძნობლად განვითარდა რეგიონი, რაც აისახა სოფლის მეურნელობის, ვაჭრობის, გზების, საქალაქო ცხოვრების განვითარებაში. ამ პერიოდში კვლავ დაწინაურდა სურამი, აღმოცენდა ახალი ქალაქი ალი, რომლებიც ამიერკავკასიის მასშტაბით ცნობილ სავაჭრო ცენტრებად გადაიქცნენ.

XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. 1260 წელს დღევანდელი ხაშურის სანახებში მოხდა ბრძოლა აჯანყებულ ქართველებსა და მონღოლებს შორის. თავდაპირველად ქართველებმა სძლიეს დამპყრობლებს, მაგრამ შემდეგ მტერმა ღალატით შეძლო მათი დამარცხება.

განსაკუთრებით მძიმე იყო რაიონისათვის XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე თემურ-ლენგის შემოსევების შედეგები. ბოლო შემოსევის დროს მან ამ რეგიონში გაანადგურა მთელი რიგი დასახლებული პუნქტები და მიწასთან გაასწორა მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები. საქართველოს აღდგენითი სამუშაოები დაკავშირებულია ალექსანდრე დიდთან, ხოლო ხაშურის რეგიონში მისი პაპის - დიდი ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის სახელთან, რომელმაც აღადგინა განადგურებული ალის ხეობა. რეგიონმა არაერთხელ განიცადა სპარსი და ოსმალო დამპყრობლების შემოსევები. 1518 წელს სპარსელებმა დაიპყრეს სურამის ციხე. შემდეგ შაჰ თამაზმა მოაოხრა სურამის შემოგარენი, ხოლო სამი წლის შემდეგ ყარაბაღის ბეგლარბეგმა დაარბია სურამი. ისტორიკოსის ცნობით, მტერმა მოაოხრა ყანები და ხეები გაჩეხა. 1578 წელს უკვე ოსმალებმა დაიპყრეს ეს მხარე. 1614 წელს შაჰ-აბასმა დალაშქრა ხაშურის რაიონი. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ქართველებს დაუმარცხებიათ მტერი. 1609 წელს გიორგი სააკაძის სარდლობით ტაშისკარის სანახებში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს შემოსეულ ყირიმელ თათრებსა და ოსმალებზე.

მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისში შეძლო ვახტანგ VI-მ მნიშვნელოვანი სამეურნეო-ეკონომიკური ხასიათის აღმშენებლობის განხორციელება ხაშურის რეგიონში. გაიყვანა სარწყავი არხები, გაკაფა სურამის ჭალა და ახალი დაბები, სოფლები შექმნა. ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შემდეგ მალე რეგიონში საპირისპირო მოვლენები დატრიალდა, რაც მძიმე შედეგებით დასრულდა. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ყიზილბაშებმა დაიპყრეს, მათი ბატონობა ქართლში ცნობილია "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობის" სახელით. ქართლსა და კახეთში გაუქმდა მეფობა. ამას თან დაერთო ლეკიანობა.

KARIBCHE


ხაშურის რეგიონი "ოსმალოისა" და "ყიზილბაშობის" წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველთა ძირითადი დასაყრდენია. 1737 წელს ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები ციხისძირთან, ქვიშხეთში. ქართლის აჯანყებამ აიძულა სპარსეთის შაჰი ნადირი, რომ ქართლსა და კახეთში მეფობა აღედგინა და "ყიზილბაშობა" ქართველობით შეეცვალა.

"ოსმალობის" დროს, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ ლეკები ხაშურის რაიონში და მათი თარეში XIX საუკუნის 10-იან წლებამდე გრძელდებოდა. თავისი შედეგებით იგი ძალზე მძიმე აღმოჩნდა. შეიძლება ის მხოლოდ თემურ-ლენგის შემოსევებს შევადაროთ. ერთ დროს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული რეგიონი საუკუნის დასასრულისათვის გაუკაცრიელდა - ნასოფლარებად გადაიქცა. მხარის ხელმეორედ დასახლება სამეფო ხელისუფლების ხელშეწყობით იმავე, XVIII საუკუნის 60-70-იანი წლებიდან დაიწყო. რეგიონის შევსება ძირითადად ხდებოდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოდან გადმოსული მოსახლეობით.

* * *
ეს ტერიტორია უძველესი დროიდან რომ ყოფილა დასახლებული, ირკვევა არქეოლოგიური მასალებით. აქ აღმოჩენილია: ქვისა და კაჟის იარაღები, სხვადასხვა ორნამენტებით შემკული ქილები, ბრინჯაოს იარაღები, სამარხები და სხვა.

ხაშურში მრავალი ისტორიული ძეგლია, მათ შორის არის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია, სადაც დედათა მონასტერია დაფუძნებული. წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერი მდინარე სურამულას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად ეკლესია ხის ყოფილა, 1858-1859 წლებში კი აგებულ იქნა ქვითკირის შენობა, რომელმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, რომელიც აღმოსავლეთით მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. 1997 წელს მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ტაძარში აღდგა წირვა-ლოცვა. წმინდა მარინეს ტაძარი დღესდღეობით ასრულებს საკათედრო ტაძრის ფუნქციას და აღესრულება ყოველდღიური მსახურება. ტაძარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. მას დასავლეთიდან მიაშენეს სამრეკლო, ჩრდილოეთიდან კი სტოა. ტაძარი შემოსილია ტუფის ქვის პერანგით. მოხატულია ტაძრის საკურთხეველი. 2008 წელს ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ნიკოლოზ აბრამაშვილის ინიციატივით და მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მონასტრის მშენებლობა. 2009 წელს მიუმატეს მონასტერს ორსართულიანი კომპლექსი. გაკეთდა გალავანი, აშენდა კოშკი, განახლდა ტაძარი, ტაძრის ეზოში აშენდა სასტუმრო კელიები და სასანთლე. მონასტრის წინამძღვარია დედა მარინე (რაზმაძე). დედების მიერ აღვლენილი ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1