განახლება, ახა, მამულო
განახლება, ახა, მამულო
სარკინეთი, ველისპირი და განახლება წინათ ბერძნებით იყო დასახლებული. მათი წასვლის შემდეგ ისევ ქართველი დასახლდა. ახა პირველი ქართული სოფელია. შემდეგ მოდის გომარეთი და მამულო.

განახლება
- დმანისის რაიონი ისტორიულად მდიდარი მხარე რომ გახლავთ, ამაზე მეტყველებს დღემდე შემორჩენილი უძველესი ეკლესია-მონასტრები. სამხრეთიდან ერთ-ერთი კარიბჭე იყო დმანისი, - მიამბობს განახლების ისტორიის მასწავლებელი ბიჭიკო თეთრაძე.

გახალების სკოლაში პედაგოგებმა ისე მიმასპინძლეს, როგორც აქაურ კუთხეს შეეფერება.

დაწყებითი კლასის პედაგოგი ეთერ გოგოჭური: - ადრე შატილში ვმუშაობდი. ხევსურეთიდან აქ რომ ჩამოვსახლდი, მაშინ ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობდა, უმეტესობას ბერძნები შეადგენდნენ. თანდათან გავმრავლდით ქართველები. ბავშვებისთვის სკოლა იყო საჭირო და დავიწყეთ სკოლის დაარსებისთვის ზრუნვა. ღვთის მადლით, მეუფე ზენონის, მამა დიონისეს დახმარებით სკოლა გავხსენით. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა. სიამტკბილობით ვცხოვრობთ ბერძნებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად.

სოფლის უმთავრესი პრობლემა უგზოობაა. დანარჩენს ასე თუ ისე ვუძლებთ. ძირითადად მესაქონლეობით ვცხოვრობთ. სკოლას არ აქვს ელექტროენერგია. შემოყვანილი კი არის, მაგრამ რაღაც სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ და... განახლების სკოლის სატკივარი 12 კლასის არარსებობაა. ჩვენს სკოლაში ოთხი ქართული სოფლიდან დადიან ბავშვები. მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ მშობლებმა აღარ იციან, სად წაიყვანონ შვილები. ვისაც არა აქვს საშუალება, საშუალო სკოლის დაუმთავრებელი რჩება. ჩვენს სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართული სოფლები თუ გვინდა შევინარჩუნოთ,Yსკოლა უნდა გავაძლიეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებენ შესაბამისი სამსახურები.

ამ სკოლაში დაარსებიდან ვასწავლი. რა თქმა უნდა, თაობებს შორის განსხვავება არსებობს. ძალიან განვითარებული, ცოცხალი ბავშვები მოდიან. ადვილად ერკვევიან ყველაფერში. წინა თაობის ბავშვები კიდევ უფრო სხვა რამეში იყვნენ განვითარებული. სკოლა ბავშვს ძალიან ბევრ სასიკეთოს აძლევს. ურთიერთობებს სწავლობს, დამოუკიდებლობას ეჩვევა და ცხოვრებისთვის ემზადება. რაც კარგი ტრადიციები გვქონდა, აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს.

მღვდელმონაზონი ხარიტონი ხშირად გვსტუმრობს და სულიერად გვაპურებს. მამა დიონისეს დროს დავდიოდით სარკინეთში, ველისპირში. ახალი თაობა მთელი სულით და გულით არის ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში. განახლებაში ელია წინასწარმეტყველის უძველესი ტაძარი გვაქვს. ველისპირში არის წმინდა დიმიტრი თესალონიკელის, სარკინეთში კი წმინდა ბასილი დიდის ტაძრები. არის ასევე პატარ-პატარა საყდრები - ფერისცვალების, წმინდა ბარბარეს, ამაღლების, წმინდა გიორგის. თითქმის ყველა შემაღლებულ ადგილას, გორაზე, მცირე ზომის ტაძარი დგას. ჩანს, ძალიან ძლიერი რწმენა ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს. ამ მხარეს გომარეთი ამაგრებდა. გომარეთის დამსახურებით შეგვინარჩუნდა სარწმუნოება.

როგორც ვიცი, ეს მესამე თუ მეოთხე განახლებაა ჩვენი სოფლისა. სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს ჩვენთან. მათ შორის ჭინჭარაულები, გოგოჭურები, არაბულები, ჩხვიმიანები, წიკლაურები, გვარლიანები, სუბელიანები და სხვა. ჩვენი სოფელი ძალიან კარგი მინდა იყოს. ხალხმრავალი, ბავშვებით სავსე, მოწესრიგებული გზებით, ბუნებრივი აირით. ძალიან ბევრი რამე გვინდა გვქონდეს.

მათემატიკის მასწავლებელი ბაბალე რაზმაძე: - ხუთი წლის განმავლობაში სოფელ ახადან ფეხით დავდიოდი განახლების სკოლაში და შინაც ფეხით მივდიოდი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ზაფხულში, არდადეგებზე რომ მთხოვონ, ფეხით გადადი განახლებაში და ისევ ფეხით გადმოდიო, ალბათ ვერ შევძლებ. სკოლის პერიოდში მართლაც რაღაც ძალა მეწევა და სიხარულით მოვდივარ. ბავშვები მიყვარს ძალიან, ჩემი საგანი და მუშაობაც. ძალიან კარგი ბავშვები არიან. ესმით კარგიც და ცუდიც. ცოტა მკაცრიც ვარ, მაგრამ ხვდებიან, რომ მათთვის ვარ ასეთი. ვცდილობ ყველაფერი პირნათლად შევასრულო და როგორ გამომდის, ვერ გეტყვით. ალალი ხალხი ცხოვრობს ჩვენს მხარეში. ისეთები არ არიან, რომ ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ. ნაკლიც გვაქვს და ღირსებაც. სხვა კუთხესთან შედარებით, ქალები შრომაში უფრო არიან ჩაბმულნი. საკმაოდ დატვირთულები არიან ოჯახითაც, შვილების აღზრდით, სამსახურით. აზერბაიჯანელებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ხშირად გამახსენდება ხოლმე შოთა ნიშნიანიძის ლექსი:

"სტუმარს არათუ პატივი ვეცით,
აქ ყველა მასპინძელივით ცხოვრობს,
მაგრამ დედის რძე, ბუნების წესით,
შვილებს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ.
ჩვენ ყველა გვიყვარს, თუ დაგვიჯერებთ,
მარტო სამშობლო რა სათქმელია,
მაგრამ ეს სისხლი, გულს რომ გვიძგერებს,
მხოლოდ ამისთვის დასაღვრელია".


იმედია, არ ეწყინებათ ეს ლექსი. ერთი ნაკლი გვაქვს ქართველებს: თუ ერთი აზერბაიჯანელი გვყავს სტუმრად ოჯახში, ყველა აზერბაიჯანულად საუბრობს. არ აიძულებენ მას ქართულად საუბრის სწავლას. ახაში ნახევარზე მეტმა ქართველმა აზერბაიჯანული ძალიან კარგად იცის. მუშახელად ძალიან გვადგებიან აზერბაიჯანელები, ძალიან თავისუფლად გრძნობენ თავს. საქართველოს კიდევ ეს სჩვევია, - ყველას, ვისაც მიიღებს, ანებივრებს. ყარაბულახში, აზერბაიჯანული სოფლის სკოლაში, 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

ჩვენი ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. კარტოფილს, ხორბალს, ქერს ვთესავთ. პირადად მე სოფლად მაძლებინებს წიგნის კითხვა. ძალიან მიყვარს პოეზია.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეთერ აფაქიძე: - ყოველდღე დავდივარ გომარეთიდან განახლების სკოლაში. მიყვარს ჩემი საქმე, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სკოლის გარეშე. ძალიან კარგი პედაგოგები მუშაობენ აქ და მიხარია სკოლაში მოსვლა.. მიყვარს ჩემი საგანი და ვცდილობ, ბავშვებსაც შევაყვარო. მეტ-ნაკლებად ვაღწევ მიზანს.

დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხათუნა მაისურაძე: - წარმოშობით რაჭველი ვარ, მაგრამ ახაში ვცხოვრობ მშობლებთან ერთად. განახლების სკოლაში ვასწავლი. რამდენადაც დამღლელია ჩვენი საქმიანობა, იმდენად სასიამოვნოც. ბავშვები თავისებურად გვახალისებენ და დადებითი ენერგიით გვავსებენ. ჩემი შვილები განახლების სკოლაში დადიან. მე ჯერ ახის სკოლაში ვსწავლობდი, მერე გომარეთში. ორი წელი ფეხით დავდიოდი. ძალიან ხშირად სველი ფეხებით ვმჯდარვარ გაკვეთილზე. ძალიან განვიცდიდი, როცა სკოლის გაცდენა მიწევდა.

საუბარში ინგლისურის და მათემატიკის მასწავლებელი მეგი ბერუაშვილიც ჩაერთო: - გაუსაძლის პირობებში არ ვცხოვრობთ, მაგრამ არც საამაყოდ გვაქვს საქმე. ძალიან ხშირად გვსტუმრობს მამა ხარიტონი. გვანუგეშებს და მომავლის რწმენას გვიძლიერებს. მადლობა ღმერთს, არც სულიერი საზრდო გვაკლია და არც ხორციელი.

ახა
ამ ქართულ სოფელში ყველაზე მეტად თვალში მომხვდა საცხოვრებელი სახლის გარშემო შემოვლებული ქვის ყორეები, რომლის არსებობაც თითქმის საუკუნეს ითვლის. მამა ხარიტონის ლოცვა-კურთხევით, ახაში ბატონი მიხეილ მაისურაძის ოჯახს ვესტუმრეთ. ბატონი მიშა წლების განმავლობაში გახლდათ ამავე სოფლის სკოლის დირექტორი.

KARIBCHE- დმანისში სამოცზე მეტი სოფელი შედიოდა. ჩვენს გარშემო დღეს ძირითადად აზერბაიჯანული სოფლებია. როგორც კი დმანისს გამოვშორდებით, უნდა გამოვიაროთ სოფელი კამარლო, ოროზმანი, ამის ზევით არის ქარიანი (ამ სოფლის ძველი სახელი იყო მუსიე კალა - მუსას ანუ კალას ციხე. ჩვენ ვეძახდით მუსუ კალას). მერე მოდის სოფელი ტაგარახლო, არახლო, კიროვისი, ბაღჩალარი, ზემო და ქვემო ყარაბულახი, - მიამბობს ბატონი მიშა, - მერე გადმოვდივართ სოფელ უსეინქიანდში, სალამალეიქში. ზვიად გამსახურდიას დროს ყველანი ბაქოში დასახლდნენ, მერე იქაური კლიმატი ვერ აიტანეს და უკან დაბრუნდნენ.

ჩვენი სოფელი არის ახა. XVIII საუკუნეში, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, აქ 18 ოჯახი ცხოვრობდა. მერე უფრო გამრავლდნენ. ადრე ჩვენი სოფელი ეკლესიასთან ახლოს ყოფილა. ეს ტაძარი დაახლოებით XVII საუკუნეში აშენებულა. ადრე იქ იყო ქვაყრილივით აგებული ძველი ნიშა-სალოცავი. გადმოცემით, ეს სალოცავი დედა ღვთისმშობლის სახელით არის ცნობილი, აქ ვლოცულობდით ხოლმე ღვთისმშობლის სახელზე. ქვემო ყარაბულახში გვქონდა ქართველებს სალოცავი და აზერბაიჯანელებმა დაგვინგრიეს - ოქროს ეძებდნენ... ახაშია ასევე სალომეს საყდარი. ზოგი მას ქედის ეკლესიას ეძახის. ეს ეკლესია არის იმ ადგილზე, სადაც სამი სოფელი უკავშირდება ერთმანეთს. სოფლის წყლის სათავის ქვემოთ ვარდისუბანია, მერე - სოფელი იფნარი, იმის ქვემოთ კიდევ არის ეკლესია.

გომარეთის იქით, ხრამისკენ, შავი საყდრებია. იქ ბატონობდა ლარაძე - გომარეთშია დამარხული. მერე მოდის სოფელი ველისპირი. ადრე ამ სოფელს ქეიანბულგასუნს ეძახდნენ, მერე უშოღლი დაარქვეს, ჩვენ ერკუშაანს ვეძახდით. კომუნისტების დროს ველისპირად მონათლეს. ველისპირს გავცდებით - მოდის სოფელი განახლება და სარკინეთი. ზაქარია გულისაშვილის აღწერით (გომარელი პედაგოგი, შემდეგ სასულიერო პირი გახდა), ჩვენს სოფელს გარს აკრავს კვირიკეს მთები. გადმოცემით, ყარაბულახის წყალს აქეთ 41 ქართული სოფელი იყო. ახლა ქართული სოფლებია: ახა, გომარეთი და კიდევ ხუთი სოფელი. გომარეთის იქით არის სოფელი მამულო. დღეს ქართველებით არის დასახლებული. ვიღაც ყოფილა მამულა. ვინც მოდიოდა, მიწებს იკავდებდა და თავის სახელს არქმევდა.

KARIBCHEქვაბის ციხე მართლაც საინტერესოა, შიგნით დიდი გამოქვაბულია, მასშივე იყო ეკლესია. ციხე დიდი თურქობის დროს დაანგრიეს, მაგრამ ციხე-ქვაბში ვერ შევიდნენ. ამ ციხეს ორივე მხარეს სათვალთვალო კოშკები ჰქონდა.

1928 წელს ახაში ოთხკლასიანი სკოლა აშენდა. მერე რვაწლიანი გახდა. წინათ 120 მოსწავლე გვყავდა. დროთა განმავლობაში შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა და 70 მოსწავლე გვყავს. ქალაქისკენ დაიძრა ხალხი...

ჩვენი სოფლისთვის დამახასიათებელია ქვის ყორეები. ახლა 21 კომლი ცხოვრობს ახაში. ძირითადად ცხოვრობენ: მაისურაძეები, ოქრაძეები, შარუბანაშვილები, შავბერუაშვილები, ნამორაძეები, ბერუაშვილები, ხორბალაძეები, გოგალაძეები. 12 თუ 13 გვარი. ზოგიერთი გვარის შვილები უკვე აღარც არიან შემორჩენილები. მაგალითად, ღვინიაშვილები აღარ ცხოვრობენ, ნამორაძეებიც წავიდნენ...

ყველაფრის პრობლემა გვქონდა 1965 წლამდე. ამ ხევის წყალს ვსვამდით. ღამე ამოგვქონდა ხოლმე წყალი და დიდ კასრებში ვასხამდით. ხევის წყალში ბევრი კალმახი იყო. წყალს რომ ამოვიღებდით, კალმახი მოსდევდა. იმ წელს სინათლეც გამოვიყვანეთ და ცოტა წინ წავიწიეთ. მაშინვვე ტელევიზორი ვიყიდე. ხალხი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ერთმანეთის მიმართ, ვშრომობდით, მაგრამ ბოლოს მიგრაცია დაიწყო და ცოტანი დავრჩით. 18 წლის განმავლობაში სოფლის სკოლის დირექტორი ვიყავი. ჩვენი სკოლიდან გაშვებული ბავშვებიდან ქურდი არავინ გამოსულა. ყველანი ჭკვიანები არიან და უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. ეკლესიაშიც ყოველ დღესასწაულზე დავდიოდით. უფალი შეგვეწიოს ყველა საქმეში.

მამულო
ამის იქით მამალი აღარ ყივისო, სოფელ მამულოზეა ნათქვამი. ყველასგან მიტოვებულ, უგზო სოფელში ადამიანებს სანთლით ვეძებდით. როგორც იქნა, მამა ხარიტონის დახმარებით, ერთ ოჯახს ვესტუმრეთ. ყველაზე მეტად გამაოცა დიასახლისის ნათქვამმა - წყალს ერთი საზიარო ვირით ვეზიდებით მეზობლებიო. გავეხუმრე, - იმ ვირს რაიმე რომ დაემართოს, რა გეშველებათ-მეთქი. ჩვენც დაგვემართება რაღაცო, - მიპასუხა.

- მამულოში ზამთარში დაახლოებით 20 ოჯახი ვცხოვრობთ. ზაფხულში დასასვენებლად მოდის ხალხი, სუფთა ქართული სოფელია მამულო. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გვაქვს. პირადად მე არ მახსოვს, აქ მოძღვარს ემსახუროს. ბებიაჩემი მოგვკიდებდა ხელს, თუ რაიმეს დავაშავებდით, და მიგვიყვანდა ტაძარში. ჩვენს სოფელში ძირითადად ჩამოსახლებული ხალხი ცხოვრობს, მაგალითად, ჩვენი გვარის ხალხი, ნონიაშვილები, კასპიდან არიან ჩამოსახლებულები. დედაჩემი რაზმაძეა, გომარეთიდან. მამულოში ცხოვრობენ ასევე თეთრაძეები, მიშელაძეები, გოცირიძეები, აბუაშვილები, ასლამაძეები, ვარძელაშვილები. ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობთ. წყალი ზაფხულობით მოდის, ზამთრობით იყინება. მგონი, ქვის ხანაში უფრო ვართ, ვიდრე XXI საუკუნეში. ამ ზამთარს როგორმე გავძლებთ სოფელში. მოხუცები გვამაგრებენ დღესაც სოფლად. ესენი რომ არ იყვნენ, ვერანაირად ვერ გავჩერდებოდით. ასაკოვნები ვერ ელევიან ნაფუძარს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეკლესიაში ვიარო და გავხდე ეკლესიური.

კიდევ ერთ ოჯახს ვესტუმრეთ მამულოში. ქალბატონი ციცინო რაზმაძის თქმით, მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობით ცხოვრობს. "რძეს ვაბარებთ, ძალიან დიდი შრომა გვაქვს. ენერგიაც აღარ გვაქვს. ინტელიგენტი განსაკუთრებით იჩაგრება. ჩემთვის ძალიან რთული იყო სოფელში წამოსვლა, აქ მუშაობის დაწყება. პროფესიით პედიატრი გახლავართ, დღეს ფიზიკურად თუ არ ვიშრომე, არაფერი გამოვა. თუUენერგია და ჯანმრთელობა არ აქვს ადამიანს, ძალიან რთულია. ფიზიკურმა შრომამ ჯანმრთელობაც დამაკარგვინა. მამაკაცივით ვშრომობთ.

KARIBCHEკარგი სოფელია, მოსახლეობაც. მაინც გვიჭირს. მიტოვებული ბინები, თითებზე ჩამოსათვლელი მოსახლეობა შემორჩა ჩვენს სოფელს. ტრანსპორტი ერთ-ორ კაცს ჰყავს და რომ გაგვიჭირდეს, ვერავინ დაგვეხმარება.

ქალბატონმა მარიამ აკოფაშვილმა სოფლის წარსული გაიხსენა: "მამულო მივარდნილი სოფელი იყო, არც ნავთი გვქონდა და არც ელექტროენერგია. სანთელს ვანთებდით. ძალიან სიღატაკე იყო. ორმოცი წელია, რაც სინათლე გვაქვს. სკოლაში ვმუშაობდი და ბავშვები მიგვყავდა ტყეში ფიჩხის ასაკრეფად, იმით ვთბებოდით. შიმშილიც გვაწუხებდა და ჩასაცმელიც ნაკლებად გვქონდა.

ადრე ხალხი საქონელთან ერთად ცხოვრობდა, მერე ქვითკირის კედლები ააშენეს. ხრამში ბარავდნენ, თესავდნენ, სიმინდი და ლობიო იქ მოჰყავდათ. მერე თანდათან გამოვიდნენ ცხოვრების ასპარეზზე და დაიწყეს სხვანაირი ცხოვრება. ხრამს თავი დაანებეს და აქ მინდორს ხნავდნენ. ტრაქტორი რომ გამოვიდა, აღარ უჭირდათ. 85 წლის ვარ, უკვე აღარ შემიძლია. მღვდლები იყვნენ სოფელში, მაგრამ ჩვენ კომუნისტურად გვზრდიდნენ. ახლა დიდი სურვილი მაქვს ეკლესიის წიაღში ვიცხოვრო. მამულოს იქით სოფელი კაკლიანია, იქ ორი ძმა ცხოვრობს. დღეს ყველა ქალაქში წავიდა - უკეთესი ცხოვრება იქ არისო...
ბეჭდვა
1კ1