ჯავახი - მიჯა
ჯავახი - მიჯა
მცირე რამ ყოფნის ადამიანს სასიხარულოდ. წუთისოფელმა თითქოს მექანიკურ არსებებად გვაქცია, წესისამებრ ღვთის სიყვარულით გამთბარი გული გაგვიცივა და სხვისი ჭირი ღობის ჩხირად გვიქცია. ეს რომ ასე არ უნდა იყოს, ვიცით, ამიტომ, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დედაქალაქში და მის ფარგლებს გარეთ გავიდეთ და საკუთარი თვალით ნანახი და გაგონილი "კარიბჭის" მკითხველს გავაცნოთ.

ამას წინათ დმანისს ვესტუმრე. მღვდელმონაზონ დიონისეს (გვიმრაძე) ლოცვა-კურთხევით და დახმარებით მოვიარე ბოსლები, განთიადი და ჯავახი (მიჯა). უნდა გენახათ იქაურების გაბრწყინებული თვალები, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ხალხი მავანთ ახსოვთ. იმედია, ჟურნალის ფურცლებიდან ჩვენს ჯილაგისანებს იმედის ნაპერწკალს ერთიორად გავუღვივებთ. რუბრიკაში "ჩემი სოფელი" ისტორიულ წარსულს მიმოვიხილავთ, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მკითხველს ჩვენი მიწა-წყლის წარსული და მომავალ თაობას გავაცნოთ, რანი ვართ და რანი ვიყავით. ამჯერად თქვენს ყურადღებას დმანისის ხეობაზე, სოფელ ჯავახზე, ანუ მიჯაზე შევაჩერებთ.

დმანისი პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია "მატიანე ქართლისაში", ვკითხულობთ: "არაბთა სარდალმა ბუღა თურქმა დარიალით გადმოიყვანა ოვსნი ვითარ სახლი ასი და დასხნა იგი დმანისს". თუმცა დმანისს ადრინდელი ისტორია ჰქონდა, რადგან დმანისელი ეპისკოპოსი სამუელი ჯერ კიდევ VI საუკუნის დასაწყისში, 506 წელს, საეკლესიო კრების ქართველ მღვდელმთავართა სიაში იხსენიება.

ვახუშტი ბატონიშვილს "აღწერაში" დმანისის ხევი ცალკე გეოგრაფიულ ერთეულად აქვს გამოყოფილი. ეს ტერიტორია მდინარე მაშავერის მიდამოებს მოიცავდა და მისი საზღვრები იყო: სამხრეთიდან - ყარაღაჯისა და ლოქის მთით (სომხეთის მხარე); აღმოსავლეთიდან - ბოლნისის მცირე მთით; ჩრდილოეთიდან - ლუკუნის მთით; დასავლეთიდან - კეჩუთისა და ბოლოლის მთებით, - ვკითხულობთ მიხეილ ოქრიაშვილის წიგნში "ჯავახი".

"კეჩუთის მთა დბანისის ხეობაში. იქიდან გამოდის მაშავერი. კეჩუთის მთის უდაბნო დბანისში. კლდეში გამოკვეთილი ეკლესია, სენაკნი წმინდა დავით გარეჯელისა, აწ ცარიელი" (ვახუშტის გეოგრაფია). დბანისის ხევი, იგივე მდინარე მაშავერის ხეობას შეადგენს, რომელზეც სოფელი მიჯა: "ქვემო მიჯა" და "ზემო მიჯა" (შემდგომში ჯავახი) იყო დასახლებული.

მდინარე მაშავერა რამდენიმე ნაკადულის სახით სათავეს იღებს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთის კალთებიდან. საინტერესოა თვით მდინარის სახელწოდება. გადმოცემით, როდესაც თამარ მეფე ამალით მდინარე მაშავერის ნაპირს მოსდგომია (ახლანდელ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანს შორის), წყალი იმდენად დიდი ყოფილა, რომ ჯარისკაცებს მდინარის გადალახვა გასჭირვებიათ. თამარს უთქვამს: "მაშა ვერა?!" მაშ, ვერ გადახვედითო? ამ ადგილს ხიდის აგება უბრძანებია, რომლის ნაშთი დღემდე "თამარის ხიდის" სახელით არის შემორჩენილი. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, მდინარეს სახელი "მაშავერა" ეწოდა იმის გამო, რომ იგი ერთვის მდინარე ქციას: "მა-შავერიე-ქციას-ო".

ისტორიულ წყაროებში სოფელი მიჯა პირველად იხსენიება 1536 წელს. ბარათაშვილების გაყრის დროს გიორგი ბარათაშვილის შვილის - იოთამისათვის მიკუთვნებულ სოფლებს შორის მიჯაც არის მოხსენიებული. ისტორიკოს-მკვლევართა მოსაზრებით, იოთამ ბარათაშვილისათვის მიკუთვნილი მიჯა უნდა იყოს ქვემო მიჯა - შემდგომში ყაითმაზიანთ მიჯის სახელით ცნობილი. მიჯის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ზაქარია ჭიჭინაძე, რომელიც თავის "გეოგრაფიულ და სტატისტიკურ წერილში" აღნიშნავს: "მიჯა, სცხოვრობენ მთლად ქართველნი, 35 კომლი, 130 მამა-კაცი და 117 დედა-კაცი. ყველა სახელმწიფო გლეხებად ირიცხებიან. მამულები თავიანთ საკუთრებად აქვთ შეძენილი. მართლმადიდებლები არიან, ქართულს ენაზე მოლაპარაკენი".

ქვემო მიჯა თავიდანვე ქართული დასახლება რომ ყოფილა, ამაზე მეტყველებს იქ აღმოჩენილი IX-X საუკუნეებით დათარიღებული ეკლესიის წარწერები, კერძოდ, ქვემო მიჯის ეკლესიიდან ყალამშიანში წაღებული წარწერიანი ქვები, რომლის შესახებ ისტორიკოსი დევი ბერძენიშვილი წერს: "ეკლესიის აშენებასა და მისთვის გაკეთებულ შეწირულობაზეა საუბარი ნასოფლარ მიჯის წარწერის ფრაგმენტებში, რომელიც ჩაუყოლებიათ XIX საუკუნეში აგებულ ყალამშიანის ეკლესიაში. სავარაუდო აღდგენით იგი შეიძლება ასე წავიკითხოთ: "სახელითა ღმრთისაითა აღეშენა ესე წმიდაი ეკლესიაი ხელითა. სულისა ჩემისა სალოცველად შევეწიე ეკლესიასა". წარწერა IX-X საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს". მიჯის ეკლესიაზე კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა ყოფილა, რომლის ორი ქვა ასევე ყალამშიანის ეკლესიაში ჩაუყოლებიათ. წარწერა გადმოგვცემს: "სახელითა ღმრთისაითა მე ივანე ლომსიანის ძემან დავწერე მიჯაისა ეკლესიასა მ ვირე მიჯა ჰლხს".

მტრების შემოსევების შედეგად ქვემო მიჯიდან მოსახლეობა აიყარა და აქ თათრები ჩასახლდნენ - იოთამ ბარათაშვილის მიერ დაქირავებულნი მეჯოგეებად და მიწის მუშებად. ქვემო მიჯაში თათრებს რომ დროებით უცხოვრიათ, ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ ადგილს არ შემორჩა არც თურქული მეჩეთის და არც სასაფლაოს ნაშთი. სამაგიეროდ, შემდეგში აქ კვლავ ქართველები ცხოვრობენ: ნერსესაშვილები, ამირანაშვილები, ქრისტიაშვილები, ვერმიშაშვილები, ფარაზაშვილები, ხოლო თვით ნასოფლარი, საუკუნეების შემდეგ შემორჩენილი სახით, სუფთა ქართული სოფლის ნაშთია.

ვაჟა-ფშაველას დახმარება მიჯელი გლეხებისთვის
სოფლის კუთვნილი მიწების დაკარგვას მიჯელების დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია და სიმართლის საძებნელად რამდენიმე კაცი თბილისში, მთავრობაში საჩივლელად წასულა. მთავრობაში გასაგზავნად მიჯელებს შეურჩევიათ: ისაკ ოქრიაშვილი, სანდრო ასლამაზაშვილი და სოსო ანდიაშვილი. რამდენადაც იმ დროისათვის სოფლებში წერა-კითხვის მცოდნე და განათლებული ადამიანები ნაკლებად იყვნენ, სოფლის რჩეულებად კარგი მოლაპარაკე პიროვნებები ითვლებოდნენ. სწორედ ამ ნიშნით იქნებოდნენ შერჩეული ეს ადამიანები. თუმცა, მათ მცდელობას მაშინ შედეგი არ მოჰყოლია, მიჯელების კუთვნილი მიწების ნაწილი ელის ტომის ხალხს - დალარელებს დარჩენიათ.

საინტერესოა, რომ თბილისში მიჯელებს შეხვედრია ვაჟა-ფშაველა, რომელიც ამის გამო წერს: "ბორჩალოს მაზრაში არის პატარა სოფელი მიჯა, 60-70 კომლიანი. ეჭირა მამა-პაპიდან საიჯაროდ 200 დესეტინა სახნავი. მემამულე თავადი გაკოტრდა, მამული საგლეხო ბანკმა შეიძინა და შემდეგ ნაყიდი, მიჯელების ნაჭერი, მიჯელებს კი არ მიჰყიდა, როგორც სამართალი მოითხოვდა, არა, მეზობელ დალლარს (ბინადრობს თორმეტიოდე ელი თათარი) დაუმტკიცა. საბუთი? რა სთქვეს, მიჯელები ბევრნი არიან, მაგათ ორასი დესეტინა პირს ვერ მოსწმინდავს, ათასი დესეტინაც არ ეყოფათ, ხოლო, დალლარელები დაპურდებიანო. პირველად მესმის, რომ უმცირესობის ინტერესს ჩაენთქას ინტერესი უმრავლესობისა, მაგრამ, როცა ჯერი ქართველებზე მიდგება ხოლმე, ყველაფერი შესაძლებელია. ეხლა მიჯელები დაწრწიან და არზებს ჰგზავნიან აქეთ-იქით" (1908წ).

ჩანს, ვაჟა-ფშაველას მიჯელებისათვის დახმარებაც გაუწევია, რაც დასტურდება იმავე დელეგაციის წევრთა თქმით: "ვიღაც ჩოხიანი კაცი მოგვეხმარაო". მათ არ სცოდნიათ, რომ ეს "ჩოხიანი კაცი" ვაჟა-ფშაველა იყო, ხოლო თვითონ ვაჟას ვინაობა არ გაუმჟღავნებია.

გვარები
ჯავახი გლეხები მიჯაში XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოუსახლებიათ. ამას ადასტურებს თვით მიჯელი გლეხების, ისაკ ოქრიაშვილისა და სანდრო ასლამაზაშვილის მიერ 1907 წლის მთავრობის სახელზე გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული სიტყვები: "სოფელ მიჯაში ჩვენი წინაპრები დასახლდნენ XVIII საუკუნის ნახევარში". მოსახლეობის 1721 წლის აღწერის მიხედვით, ზემო მიჯაში მოიხსენიება შემდეგი გვარები: ნერსესაშვილი, მამიაშვილი, ამირაშვილი, ქიტიაშვილი, დემეტრაშვილი, ანუშაშვილი. ქვემო მიჯაში: ნერსესაშვილი, ფარაზაშვილი, ამირაშვილი, ქიტიაშვილი, ვერმიშაშვილი. დღეს ამ გვარიშვილის ხალხი მიჯაში აღარ დარჩა. ამჟამად აქ ცხოვრობენ: ადუაშვილები, ანდიაშვილები, ასლამაზაშვილები, ბლახაძეები, ბეჟუაშვილები, ბიძინაშვილები, მახარაშვილები, ოქრიაშვილები, ოძიშვილები, ჯავახიშვილები, ჯინჭარაშვილები, ხუციშვილები.

გადმოცემით, მიჯაში ხალხი ჯავახეთის სოფელ გოგაშენიდან ჩამოუსახლებიათ.

საინტერესოა ხუციშვილების გვარის ისტორია. გადმოცემით, ისინი ჯავახში სოფელ ბოსლებიდან მოსულან. თუმცა, როგორც ირკვევა, ბოსლებიდან მხოლოდ ერთი ოჯახი გადმოსახლებულა. შესაძლებელია, დანარჩენი ხუციშვილები აქ მანამდეც ცხოვრობდნენ.

ოქრიაშვილები ჯავახეთიდან ჩამოსახლებული ოქრუაძეებიდან უნდა იყვნენ, ხოლო მესხეთიდან ჩამოსახლებული ჯინჭარაძეებიდან - ჯინჭარაშვილები.Aახალმოსახლეობის გვარებში ცვლილება მოხდა და ოქრუაძეები ოქრუაშვილებად - ოქრიაშვილებად, ჯინჭარაძეები - ჯინჭარაშვილებად დაეწერნენ.Gგვარი ოქრუაშვილი მოიხსენიება 1701-1711 წლებისა და 1721 წლის მოსახლეობის აღწერებში, როგორც სოფელ საკარისების მემამულე (მაშავერის მხარეს).

ბიძინაშვილის გვარის წარმომავლობასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები არსებობს. ელენე ბიძინაშვილის გადმოცემით: "ჩვენი წინაპრების გადმოცემით, ბიძინაშვილები პირველად ჩოლოყაშვილები ვყოფილვართ. ბიძინაშვილი - ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელს - ბიძინას უკავშირდება. მამაჩემი ქაქუცა ჩოლოყაშვილს თურმე ახლოს იცნობდა. დედაჩემის გადმოცემით, ქაქუცას მიერ გამოგზავნილი ფურცლები ჩვენთან მოჰქონდათ და ხალხში ავრცელებდნენ. შემდეგში გავიგე, რომ ეს ფურცლები პროკლამაციები ყოფილა, რომლებითაც ქაქუცა ხალხს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეროვნული დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებდა. დედაჩემი თურმე ამ ამბებს ბავშვებს არიდებდა, რადგანაც ის საიდუმლო ფურცლები ყოფილა. როდესაც ქაქუცა თურქეთში გადადიოდა, ის მამაჩემსაც გაუცილებია".

როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას ცოლ-შვილთან ერთად გამგზავრება შესთავაზეს. ქაქუცამ საეჭვოდ მიიჩნია მთავრობის მხრიდან მისდამი გამოჩენილი ყურადღება, რასაც, ალბათ, მისი ლიკვიდაცია მოჰყვებოდა. არ ენდო ხელისუფლებას და უცხოეთში წასვლა ფარული გზით არჩია. 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, როდესაც თურქეთში გადადიოდა, საქართველო დმანისის გავლით დატოვა, ჯერ სომხეთში გადავიდა, შემდეგ თურქეთში, იქიდან კი საფრანგეთში წავიდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიჯაში ყოფნას ადასტურებს ცნობილი ფაქტიც: ქაქუცა რატევანში ქორწილში ყოფილა. იქ გაუცვნიათ მიჯელ მუსიკოსებს, ძმებს - გიორგი, იოსებ და ფიდა ოქრიაშვილებს. შემდეგში ქაქუცა მიჯაშიც მოსულა და საიდუმლო კრებაც ჩაუტარებია. მის რაზმში რამდენიმე მიჯელიც იყო.

***
დმანისის რაიონში პირველი სკოლა სოფელ გომარეთში 1897 წელს გაიხსნა. სკოლის გახსნა წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ინიციატივით მოხდა. გომარეთის სკოლის გახსნა ასევე უკავშირდება წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელს.

ჯავახში შემონახულია წმინდა გიორგის უძველესი ეკლესია, რომელიც სოფლის შუაგულში დგას. ჯავახეთიდან ჩამოსახლებულ მოსახლეობაში ქარისტიანული სარწმუნოებისადმი რწმენა მტკიცედ იყო შემონახული. "ჯავახეთში დარჩნენ მხოლოდ ქრისტიანენი, დანარჩენ საათაბაგოში ყველანი გათათრდნენ". ჯავახეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა რომ ქარისტიანულ წეს-ჩვეულებებს იცავდ,ა იქიდანაც ჩანს, რომ ჯავახში შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები - ღვთისმშობლის, ასევე სამების ტაძრები.

წისქვილი
ვიდრე სოფელში წყლის წისქვილი გაჩნდებოდა, მანამდე ხალხი ხელსაფქვავებით (სახლის მცირე წისქვილებით) გადიოდა. ხელსაფქვავებით იფქვებოდა როგორც ხორბლის, ისე სიმინდის მარცვალი. ამგვარად დაფქვილს შემდეგ საცერში გაატარებდნენ და პურს ისე აცხობდნენ. ხელსაფქვავის ერთმანეთისათვის თხოვება სოფელში ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ის ყველას არ ჰქონდა.

სოფელში სამი წყლის წისქვილი ყოფილა: ვასო ანდიაშვილის "ციციაანთ წისქვილი", რომელიც სოლომონ ადუაშვილსა და მის ძმებს ეკუთვნოდა და "მოსიაანთ წისქვილი". სოფელში ცნობილი მეწისქვილეები იყვნენ გიორგი (ჯაბა) ჯინჭარაშვილი, ვასო ადუაშვილი (მჭედელი ვასო), ვასო ოქრიაშვილი, ფიდა ჯინჭარაშვილი.

ასე იხსენებს სოფლის წისქვილების ისტორიას ჯავახელი უხუცესი დავით ადუაშვილი - "ობოლ დათა". ჯავახის წისქვილი საკუთარი მოსახლეობის გარდა, მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც აკმაყოფილებდა. ჯავახის წისქვილი დღესაც მუშაობს და ის სოფლის კარიბჭის სიმბოლოა.

სამჭედლო
სოფელში პირველი სამჭედლო გაუხსნია სოლომონ შარბანაშვილს. მამის საქმიანობა შვილებს აღარ გაუგრძელებიათ და სამჭედლოს მუშაობა 1917 წლის რევოლუციამდე შეწყვეტილა. მეორე სამჭედლო ლუკა ადუაშვილს თავის სახლში XX საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდა, რომელიც შემდეგ გაუქმებულა.

სოფელს თავისი ქარხანაც ჰქონდა, სადაც კრამიტს ამზადებდნენ. მართალია, სოფელში სახლებს უმეტესად მოწვეული ბერძენი ქვის ოსტატები აშენებდნენ, მაგრამ სოფელსაც ჰყავდა თავისი ქვის ოსტატები. ვალიკო ანდიაშვილის ნახელავი ჯავახში დღემდეა შემორჩენილი.

სოფელ მიჯისათვის ჯავახის სახელის მიკუთვნება
1947-49 წლებში საქართველში დასახლებული პუნქტების - რაიონული ცენტრებისა და სოფლების სახელები შეიცვალა.

სოფელი მიჯა იმ დროისათვის ბაშკიჩეთის რაიონში შედიოდა. "ბაშ" - თურქულად "თავს" ნიშნავს, "კიჩეთი" (კეჩუთი) მთის სახელწოდებაა, საიდანაც სათავეს მდინარე მაშავერა იღებს.

KARIBCHE

მარჯვნიდან პირველი ქალბატონი მანანა
1949 წელს მიჯას ჯავახი ეწოდა. აქ ცხოვრობდნენ სამხრეთ საქართველოდან გადმოსახლებული ქართველები. მათ თავიანთი სოფლისათვის მშობლიური კუთხის სახელი - ჯავახი დაურქმევიათ. 2009 წლის 12 ივლისს, სოფელ მიჯისათვის ჯავახის სახელწოდების მინიჭების 60 წლისთავთან დაკავშირებით, ჯავახელებმა საფუძველი ჩაუყარეს და პირველად იზეიმეს სოფლის დღესასწაული ჯავახობა, რომელიც ტრადიციულ დღესასწაულად იქცა.

***
ქალბატონი მანანა სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია.

- მშრომელი ხალხი ცხოვრობს ჯავახში. ჩვენი პრობლემა მიგრაციაა, - მიამბობს ქალბატონი მანანა, - გვახარებს, ის, რომ მამა დიონისეს მოსვლის შემდეგ სულიერების მხრივ წინ მივდივართ. ჩვენს სოფელში ვესწრებით ხოლმე ღვთისმსახურებას, დავდივართ დმანისის სიონშიც. ჯავახში მოქმედია წმინდა გიორგის ეკლესია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სახარება პაპაჩემმა შესწირა ეკლესიას. რომ შეაფასეს, ერთი ძროხის საფასური ყოფილა. პაპას თურმე შვილი არ ეძლეოდა და უფალს შესთხოვა, - უფალო, გთხოვ, მამობის ღირსი გამხადე და სახარებას შემოგწირავო. ბოლშევიკებს სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად პაპაჩემის შეწირული სახარებაც დაუწვავთ. სოფლის ახლოს სამების ეკლესიის ნანგრევებია. სოფლის მოსახლეობა ყოველ წელს აღნიშნავს სამებობას. ჩვენი სოფლის მკვიდრთ უდიდესი სიყვარული აქვთ წმინდა გიორგისა და ვდღესასწაულობთ. უფლის ნებით და მამა დიონისეს თანადგომით გადაგვაქვს ყველანაირი გასაჭირი. როგორც კი მთავრდება სკოლაში სამუშაო საათები, მაშინვე ჩართული ვარ სოფლის საქმეებში.

ჩვენ აქტიური მკითხველები ვართ თქვენი ჟურნალისა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომ შემოგვეხმიანეთ და დაინტერესდით ჩვენი სოფლით. ბებია მორწმუნე მყავდა და ძალიან ბევრ რამეს მიყვებოდა. მისგან გავიგე, რომ თურმე თითოეული მოსახლე წირავდა ხოლმე რძეს, რათა ტაძრის ასაგებად გამოეყენებინათ. კირში ხომ რძეს ურევდნენ სიმაგრისთვის და ასე აშენებდნენ ტაძრებს.

ძალიან თბილი, შეკრული და სტუმართმოყვარეა ჩვენი სოფელი. ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად დავასაქმოთ და სოფლად დარჩენის მიზეზი მივცეთ. სხვა მხრივ ღვთის იმედით ვცხოვრობთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1