წრომი
წრომი
"სიმდიდრით სოფელი წრომი არ ჩამორჩება სხვა სოფლებს, ჭირნახულის მოსავალი სხვა სოფლისას თუ არ აღემატება, ნაკლები მაინც არ არის, მაგრამ უწყლობით კი ძლიერ გაჭირვებულია , - წერს 1891 წლის გაზეთი "ივერია", - უცხო კაცმა რომ ნახოს ეს სოფელი, გაუკვირდება, რომ ამისთანა გაშენებული სოფელი თავისის ძველის-ძველის ტაძრითურთ, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, მეშვიდე საუკუნეშია აგებული, საზარლად დაცემულია უწყლობით. წრომი ერთ დროს განთქმული იყო ვენახებითა და წყალიც საკმაოდ ჰქონდა, რომელიც, როგორც ახლა დამტკიცებით დავრწმუნდით, გამოჰყავდათ სამი ვერსის სიშორიდგან. სათავე იმ წყლისა აქამდე არავინ იცოდა და ახლა თვით წრომელებმა გამოვაჩინეთ. წყალი თუმცა წინადაც სჩანდა, მაგრამ იმდენი არა გამოდიოდა-რა, რომ სოფელსა ჰყოფნოდა. როცა სათავეს საპოვნელად მიწას თხრა დავუწყეთ, გამოჩნდა აუზი, რომლიდგანაც საკმაო წყალი გამოდის. ეს წყალი რომ წინანდელთან შევაერთოთ, მკლავის სისხო წყალი გამოვა.Dდიდი ხანია წრომელები გულით არიან მოწადინებულნი წყლის გამოყვანას, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ გლეხ-კაცის ამბავი, ვერაფერს მოახერხებს. ეს არის უმთავრესი მიზეზი წყლის გამოუყვანლობის. ახლა ამ საქმის მოთავედ ამოირჩიეს თავადი ლევან ციციშვილი, რომელმაც დიდის თანაგრძნობით იკისრა ეს მოვალეობა.Dდიდად ვმადლობთ ციციშვილებს, რომელთაც უსასყიდლოდ დაგვითმეს წყალი, რომლის სათავე საციციშვილოს მამულშია".

1892 წლის "ივერიაში" კი ვკითხულობთ: "როგორც შევიტყვეთ, მისი მაღალ ყოვლად-უსამღვდელოესობა ეგზარხოსი საქართველოს პალადი დიდად მოწადინებულია, რომ განახლდეს ძველი ტაძარი წრომისა, აშენებული პირველი წამებულის წმინდა რაჟდენის სახელობაზე. ეს ტაძარი ამჟამად ძლიერ დაზიანებულია, გუმბათი სულ აღარა აქვს და ცალი კედელიც ნახევრად დარღვეულია. მის აღდგენას სრულად სავსებით დიდი ფული მოუნდება. მით უმეტეს, რომ საკურთხეველი, როგორც დღესაც ეტყობა, საკვირველის ხელოვნებით ყოფილა შემკული აია-სოფიის მრავალ-ფერადოვანის კენჭებით, იატაკიც დაგებული ყოფილა მარმარილოს ქვით. სვეტები მარმარილოსი დღესაც რამდენიმეა ეკლესიაში, ყოველ ამის აღდგენა ძნელია. ეგზარხოსს აღუთქვამს სამასი თუმანი მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების ფულიდან ამ ტაძრის განსაახლებლად. ხოლო თვით სოფელს უკისრნია სამასი თუმანი. ეგზარხოსს უკვე შეუდგენია კომიტეტი და დაუვალებია მისთვის ამ საქმის ხელმძღვანელობა. თუ არა ვცდებით, ეს მეშვიდე ტაძარი იქნება მარტო ქართლში მათ შორის, რომელიც ამ ორ-სამ წელიწადს განახლდა ან ახლდება დღეს მის მაღალ უსამღვდელოესობის პალადის ეგზარხოსობაში. უკვე განახლდა: ნიქოზისა, კიდევ წუნარისა, თიღვის ტაძრის განახლებას უნდა შეუდგნენ".

***
წრომის საკრებულოში რამდენიმე სოფელი შედის: ახალშენი, დიდი ყელეთი, დიდი ხავლეთი, იმერლიანთკარი, ნადარბაზევი, პატარა ყელეთი.

ახალშენში პირველად ზუბაშვილები დასახლებულან. ამ სოფელს ასი წლის ისტორია აქვს, ამიტომაც დაერქვა ახალშენი. ხავლეთი წრომის სამხრეთით, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. წინათ აქ სოფელი ყოფილა, ამჟამად ნასოფლარია. გარს ტყე არტყია. ძველად აქ ტურები ბინადრობდნენ და ხაოდნენ. იმერლიანთკარში ადრე დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებულთ უცხოვრიათ. ნადარბაზევი კი ხალხის თავშეყრის ადგილია. გადმოცემით, ამ ადგილას თამარ დედოფალს აუშენებია საბჭო - დარბაზი. ამჟამად აქ ციციშვილები და სხილაძეები ცხოვრობენ.

ყელეთი
- ეს სოფელი ფიჩხნარი ტყის ძირში, მტკვრის ხეობიდან ძამის ხეობაში გადასასვლელ საურმე გზაზე მდებარეობს. მოსდევს დაბალი სერი. სოფელ ყელეთის გავლით ხალხი მტკვრის ხეობიდან ძამის ხეობაში გადიოდა. ამ გზის გამო ეწოდა სოფელს ყელეთი, - მიამბობს ქალბატონი ნელი ლომიძე-ჩუტკერაშვილი - სოფელში არის სოლოს ტბა. თურმე აქაური სოლო შუბითიძისა ყოფილა ტბის მახლობელი სახნავი.

ზემო უბანს ქოთოლაანთ უბანს უწოდებენ, რადგან აქ პირველი ვინმე ციცა ქოთოლაშვილი დამკვიდრებულა. შემდეგ სხვა გვარებიც დასახლებულან. ამჟამად იმათგან აღარავინაა ცოცხალი და აღარც უბანია, თუმცა ადგილს მაინც შემორჩა სახელი "ქოთოლაანთ უბანი".

მიწობი
სოფელს ერთი მხრიდან ესაზღვრება წრომი, მეორე მხრიდან - ხცისი. აღმოსავლეთით ვახშმას ტყე აკრავს. მისი მფლობელი ყოფილა ვინმე "ვახშამა". გლეხებს თურმე დილიდან ვახშმობამდე ამუშავებდა და ამიტომაც თიკუნად "ვახშამა" შეურქმევიათ. ამ ტყის გაჩეხა აკრძალულია.

მახლობლად თოფურიანთ წყაროა. წინათ აქ ყოფილა დიდი ტყე. მისი პატრონი ვინმე თოფურია ყოფილა.

- ჩემი მამამთილი იტყოდა ხოლმე, - ამბობს ქალბატონი ნელი, - ჩემი პაპის პაპა ყოფილა ამ თოფურიას ცხენის მომვლელი. ერთხელ, ტყეში ყოფნისას, თურმე წყალი მოსწყურდათ, საქონლის ნაჩლიქარში ჩამდგარი წყალი დაულევიათ. წყალი ცივი ყოფილა. პაპას უთქვამს, - აქ წყაროსთვალი უნდა იყოს, ამოვთხაროთო. ასე მოქცეულან. ეს პატარა წყარო დღესაც 15 ოჯახს ჰყოფნის.

წმინდა მარინეს ეკლესია
ეს მცირე ზომის ტაძარი სურამის ღვთისმშობლის ტაძრის ქვით არის აგებული. ქალბატონ მარგალიტა ბასიშვილის ნაამბობიდან ვგებულობთ, რომ წინათ ხალხი ფეხით დადიოდა, უჭირდათ სალოცავში მისვლა, იქიდან წამოუღიათ ქვა, დაუდიათ თოფურიას წყაროს სამხრეთით და ამ ადგილს ცნობდნენ, როგორც სალოცავს.

გოლას საყდარი
სოფელს სამხრეთით ესაზღვრება უძველესი ტაძარი. ამჟამად ნახევრად მიწაშია ჩაფლული. არქეოლოგიური გათხრებისას მახლობლად აღმოჩნდა ქვევრები და სხვადასხვა თიხის ჭურჭელი.

კოსტაოსის ღელე
საყდრის ახლოს ჩამოდის პატარა ღელე კოსტაოსი და მიწობულას უერთდება. ამ ღელის შესართავთან უცხოვრია ოსეთიდან გამოქცეულ ვინმე კოსტას, საქონელი და ცხვარი მოუშენებია და მიწობელთათვისაც უჩუქებია. აქაურებს ძალიან ჰყვარებიათ კოსტა და ღელისთვის ამიტომაც დაურქმევიათ მისი სახელი, - გვითხრა ბატონმა გრიგოლ ბასიშვილმა.

მიწობს სამხრეთ-დასავლეთით, თრიალეთის ქედზე, ნასოფლარი სოფელი თხილნარა ესაზღვრება. წინათ თურმე კავკასიონზე მშიერი ოსები გადმოდიოდნენ და სოფელ-სოფელ სარჩოს საშოვნელად დადიოდნენ. მემამულეებს დაუქირავებიათ ეს ოსები და მათთვის სამოსახლოებიც მიუციათ. ისინი ძალიან გათამამებულან და მოსახლეობას თავს ესხმოდნენ. ერთხელაც ჩხუბი ყოფილა სოფელში. პაპაჩემის პაპას ვერ მოუთმენია, უცემია ბატონი და გაქცეულა, - მიამბობს ქალბატონი ნელი, - თან გაჰყოლია ერთი მეგობარი, გვარად ხარებაშვილი და მისი ძმა.Aამოსულან ამ სოფელში. იმას ოსური სცოდნია, პაპას - არა, მას არ ჰყვარებია ოსები. ხარებაშვილისთვის მიუციათ დიდი მამული და სოფლის დასავლეთით საბასიანოს ველი. ხარებაშვილს თავისი ძმა იქ დაუტოვებია. თვითონ წასულა თრიალეთის ქედის ამ პატარა მაღლობზე. თხილის ტყე გაუკაფავს, დასახლებულა და აღორძინებულა პატარა სოფელი. ამჟამად იქ ნასოფლარია.

მიწობს დასავლეთით ესაზღვრება ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც ხცისის ნათლისმცემლის ეკლესიიდან წამოღებული ქვებით არის აშენებული.

***
ამ ორ სოფელს პატარა მთაგორი ყოფს. ამიტომაც დაურქმევიათ ხცისის გორები მიწობისა და ხცისის საზღვრისთვის. გვერწითლიაანთ უბანი სოფლის ცენტრში ხეხილიანი ადგილია, სადაც გვერდწითელთა გვარი ცხოვრობს. ბატონ ალექსანდე ციციშვილს თურმე ერთ დღეს სანადიროდ წაუყვანია თავისი ორი შინაყმა: ოსი გასიშვილი და ქართველი ბაბლიძე. ტყეში მოუკლავთ ირემი. იქვე, ტყვის პირას ნაწილი მწვადად შეუწვავთ, ნაწილი წამოუღიათ. ნანადირევი ღონიერ და მოხერხებულ ბაბლიძეს მხარზე მოუგდია. გზაში სისხლით გვერდი გასწითლებია. ბაბლიძის ვაჟკაცობა ბატონ ალექსანდრე ციციშვილს მოსწონებია და მისთვის აზნაურობა უბოძებია და უთქვამს, დღეიდან გვარად გვერდწითელი იქნებიო. გვერდწითელთა გვარის ფუძე სოფელ ხცისშია.

საგვერდწითელოს ბოლოს ბასიაანთველია. ეს სახნავ-სათესი ადრე ბასიშვილებს ეკუთვნოდათ. იქ იდგა კვირაცხოვლის უძველესი ეკლესია. ამჟამად დანგრეულია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა არ ივიწყებს კვირაცხოველს და დღესასწაულზე მოილოცავს ხოლმე ტაძარს.

წინათ ამ სოფლის ხალხი მიწურ სახლებში ცხოვრობდა. სოფელი მთის ფერდობზეა გაშენებული და იოლი იქნებოდა მიწური სახლების აშენება. ამიტომ დაერქვა ამ ადგილს მიწობი. წინათ სოფელი უფრო ზევით, საყდრის ახლოს იყო,Lლეკების შემოსევას გაუნადგურებია და ბარში ჩამოსულა, ნაწილი სოფლისა კი ახლაც ფერდობზე სახლობს. სოფელს მდინარე მიწობურა კვეთს.

ამ პატარა, ჩქარ მდინარეზე წისქვილები იყო. მერე თანდათან გაუქმდა ნიკალას, ნეკერაშვილების, გუცას, ბასიაანთ, რაჟდენის, გორას წისქვილები.

სოფელ მიწობს თავზე ყურაქედი დაჰყურებს.

KARIBCHEყურაქედი
ყურაქედი მდებარეობს სოფელ პატარა თხილნარაში, სოფელ ხცისის ჩრდილოეთით, ქედზე. ამჟამად ნასოფლარია.
XVIII საუკუნეში ლეკიანობის გამო ეს სოფლები განადგურდა, XIX საუკუნის დასაწყისში აქ დასახლებულან ეთნიკური ოსები, XX საუკუნის 90-იან წლებში ეს სოფლებიც აყრილა.

ყურაქედის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველს უკავშირდება. ბიბლიიდან ცნობილია მისი წინასწარმეტყველება, რომ უფალი ქვეყანას უდიდესი გვალვით დასჯიდა. ელია ერთხანს ქერითის ხევში იმალებოდა და ყორნები უზიდავდნენ საკვებს. როცა ხევი დაშრა, სიდონის სარეფთაში გადავიდა. ქარმელის მთაზე შედგა ბაალის და ელიას პაექრობა, სადაც ღმერთმა ელიას ცეცხლი გარდმოუვლინა. როცა ელიამ ამქვეყნიური მისია ამოწურა, იგი ცეცხლის ეტლით ამაღლდა ცად.

სავარაუდოდ, ყურაქედის ადრინდელი სახელი იყო ყორნის ქედი, იმის ხსოვნის აღსანიშნავად, რომ ელია წინასწარმეტყველს ყორნები ასაზრდოებდნენ.

ამ წმინდა ადგილას იდგა წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი.

2008 წელს, ღვთის წყალობით, სოფელ ხცისის მკვიდრმა, მალხაზ ბერიძემ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის ლოცვა-კურთხევით, ნანგრევების ადგილას ააშენა შედარებით მცირე ბაზილიკური ტიპის ეკლესია ძველი ტაძრის შემორჩენილი ქვებით. 2009 წლის ზაფხულში აქ გაიხსნა მამათა მონასტერი, ხოლო 2009 წლის 23 ნოემბერს (გიორგობას) მეუფე იობმა ტაძარი წმიდა გიორგის სახელზე აკურთხა. მონასტრის წინამძღვარია სქემიღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი). ამჟამად იწყება წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა. ყურაქედობას 13 მაისს აღნიშნავენ. ამ დროს ყორანქედის მონასტერში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

KARIBCHE***
თინათინ ქურდაძე წრომის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ თავის სოფელს დაუბრუნდა და ცოდნას მომავალ თაობას უზიარებს.

- თბილისში სასულიერო აკადემიაში რომ ჩავაბარე და გაიგეს, სოფელ წრომიდან ვიყავი, მეკითხებოდნენ, ტაძარში მრევლი თუ დადისო, - ამბობს თინათინი, -Mმერიდებოდა იმის თქმა, რომ მაცხოვრის ამაღლების უძველესი და მადლიანი ტაძარი, სადაც წმინდა რაჟდენი აწამეს, მრევლის სიმცირეს განიცდიდა. მადლობა ღმერთს, დღეს ახალგაზრდები მოდიან ტაძარში, იმატა სტიქაროსნების, მგალობლების რაოდენობამ. მამა არტემის დახმარებით, გვინდა სკოლაში მოვაწყოთ სალოცავი კუთხე, პარაკლისი ჩავატაროთ წმინდა პირველმოწამე რაჟდენის სახელზე.

აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებით ბევრი ხალხი ესწრებოდა ღვთისმსახურებას. განსაცდელებმა უფრო დაგვაახლოვა უფალს. წრომელი ბიჭებიც იცავდნენ სამშობლოს. ღვთის წყალობით, შინ ყველა უვნებელი დაბრუნდა. უფალმა, წრომის ტაძარმა და წმინდა რაჟდენმა დაიფარეს ჩვენი ბიჭები.Uმჯერა, რომ უფლის ნებით დაუბრუნდებიან წრომელები დედაეკლესიას.

წრომის სკოლაში ხელოვნებას ვასწავლი. ბედნიერი ვარ იმით, რომ უწმინდესის რექტორობის დროს ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში. დაუვიწყარია ჩემი კურსის გამოსაშვებ საღამოზე პატრიარქის ნათქვამი სიტყვა: ის, რაც მე გასწავლეთ, გადაეცით ხალხს და გაამრავლეთ გარშემო მყოფებშიო. ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ჩავუნერგო ის ცოდნა, რაც სასულიერო აკადემიამ ღვთის წყალობით მომცა.

მადლობა ღმერთს, რომ ასეთი კარგი მოძღვარი გვყავს. ყველანაირად გვერდით გვიდგას, ზრუნავს თითოეულზე. ვუსურვებ, მღვდლობის ჯვარი მსუბუქად ეტარებინოს.

***
წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა არტემ კორკოტაძე: - მართლაც ღვთის ნება იყო, ჩემი ცხოვრება სასულიერო გზით წარმემართა. პირველი მოწოდება ღვთის მერე ჩემი მშობლებისგან წამოვიდა. მათი სურვილით, 15 წლისამ ჩავაბარე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ სწავლა სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე. დავოჯახდი. მეუფე იობი ქუთაისში ჩამობრძანების შემდეგ გავიცანი. ორ თვეში მეუფემ იპოდიაკვნად მაკურთხა, შემდეგ მღვდლად. ხაშურის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ვმსახურობდი. ახლა ოთხი წელია წრომის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში ვარ. ღვთის წყალობით, ვემსახურები ეკლესიას, ერს, სოფელს. მადლობა უწმინდესს კურთხევისთვის და მადლობა მეუფე იობს, რომელიც ჩემი მღვდლობის, ჩემი ოჯახის მაკურთხებელია. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს.

KARIBCHEროდესაც მღვდელი გავხდი, ასე მეგონა, სრულყოფილ სახლში მოვხვდი ჩემს ოჯახთან ერთად. წყალტუბოში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ჩემს მოძღვართან, მამა გიორგი ხარაბაძესთან 13 წელი სტიქაროსანი ვიყავი, რამდენიმე წელი - მედავითნე. წარმოშობით სურამელი ვარ, მაგრამ წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე.

ადამიანი ჩასახვიდანვე უნდა იზრდებოდეს ღვთის სიყვარულით. როგორც მოიქცევა ღვთის წინაშე, უფალიც ყოველივეს ისე მიაგებეს. ბევრს მოგვცემს უფალი? ბევრს მოგვთხოვს. რაში მდგომარეობს ეს ბევრის მოცემა და ბევრის გაცემა? მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულში.

სტუდენტობის პერიოდში ძირითადი ურთიერთობა მეუფე კალისტრატესთან მქონდა. მეუფე ქუთაისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი გახლდათ. აკადემიაში ძირითად საგნებთან ერთად ვსწავლობდით მორალს, კულტურას. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, უკვე ოთხი წელია, წრომის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში ვმსახურობ (ამ ტაძარში მოღვაწეობდნენAმეუფე გერასიმე, მეუფე ილარიონი, მამა მიქაელი, მამა იობი, მამა ექვთიმე), ასევე ყელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში და პარაკლისებს ვატარებ ოსიაურის სამხედრო ნაწილში. უფლის წყალობით, აქ ვფიქრობთ ეკლესიის აშენებას, ამ კეთილ საქმეში სამინისტრო გვერდით გვიდგას. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გაზაფხულზე საძირკველს ვაკურთხებთ.

სოფელ წრომს აუცილებლად სჭირდება სულიერი თანადგომა. იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ერთია - ცოტა ეკლესიაში სიარული უჭირთ. უფალს ვთხოვ, შემაძლებინოს ამ სოფლის დამწყემსვა ხალხის გვერდით დგომით. ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და გააძლიეროს სოფელი წრომი. ძალიან დიდი მადლობა მეუფე იობს იმისთვის, რომ ზრუნავს და ლოცულობს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოებისთვის, მთელი საქართველოსთვის. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ჩემი პირველი მოძღვარი მამა გიორგი ხარაბაძე. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს მამა ილია კობალაძე, რომელსაც დღეს აღსარებას ვაბარებ. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი, ჩვენი საქართველო, ყველა სამხედრო განწესება, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზე დგას და თავს არ ზოგავს ქვეყნისთვის. ღმერთმა დამილოცოს ოსიაურის სამხედრო ბაზის ბიჭები. ინებოს უფალმა, რომ მალე იქ ღვთის სახლი აგვეშენებინოს. ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვა
1კ1