ნიქოზი
ნიქოზი
ფხვენისიდან ხვითის გავლით ცხინვალამდე უმნიშვნელოვანესია სოფელი ზემო ნიქოზი. არქეოლოგიური მონაცემები გვარწმუნებს, რომ აქ ვახტანგ გორგასლამდეც სახლობდნენ. აქაური ტაძრის მოცულობა კი იმას მოწმობს, რომ მათ ირგვლივ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოფილა, რადგან მცირე მოსახლეობისთვის დიდ სამრევლო ეკლესიას არ ააგებდნენ. ზემო ნიქოზის ეპარქია 1801-1811 წლებში რვა სოფელს ფლობდა. ამ დროისთვის აქაური მოსახლეობა თითქმის აღარ ჩანს. ძველისძველი სოფლების დაცარიელებისა და ეკლესია-მონასტრის ირგვლივ მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზი გახშირებული ლეკიანობა უნდა ყოფილიყო. მსგავსი მდგომარეობა ჩანს ყოფილ საციციანოში, კერძოდ, წრომის მონასტრის ირგვლივ.

ნიქოზის ეპარქიის შექმნა წრომთანაა დაკავშირებული. ძველად წრომშიც მრავალი კომლი ყოფილა, მაგრამ XIX ს-ის 40-იან წლებში იქ 7 ოჯახი დარჩენილა, მდინარე ქსნის ხეობის სოფელ მონასტერშიც (ახლანდელი ლარგვისი) მხოლოდ 6 კომლი სახლობდა.

ლეკიანობის შეწყვეტის შემდეგ ლარგვისის, წრომისა და ზემო ნიქოზის მოსახლეობა კვლავ გამრავლებულა. ჯუანშერის თხზულებაში "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" ვკითხულობთ: სხვა მრავალთა შორის, გორგასალმა "აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამ წმიდისა რაჟდენისა, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობისა ვახტანგისისა. ესე რაჟდენ იყო მამამძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული, და მოიქცა იგი ქრისტიანედ და იქმნა იგი დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ. შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რათამცა უარეყო ქრისტე, ხოლო მან წმიდამან აღირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესათვის". იმავე წყაროებში წერია: ნიქოზში ეკლესია ააგებინა და იქ ეპისკოპოსი დასვა ვახტანგ გორგასალმა (V ს-ის II ნახ.). 906 წელს ნიქოზის ეპისკოპოსად სტეფანე ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი მემატიანეებზე დაყრდნობით წერს: "ლიახვის გაღმა არს ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი, გუმბათიანი, აღაშენა გორგასალ და დადვა მას შინა გვამი წმიდისა რაჟდენისა. მანვე, გორგასალ ჰყო საეპისკოპოზოდ და დასვა ეპისკოპოზი, ზის დღესაც. მწყემსი კავკასიანთა, დვალთა და აწ ოსეთად წოდებულისა, გლოლა-ღებითურთ. და არს ეკლესია დიდშენი, კეთილს ადგილს, მშვენიერი".

***
მთავარანგელოზის ეკლესია სოფლის სამხრეთ ნაწილში გორაკზე მდებარეობს, საიდანაც იშლება მშვენიერი ხედი. X ს-ის ჯვრის ფორმის საყდარი აგებულია მუქი ფერის თლილი ლოდებით. საყდრის ჩრდილოეთ კედელზე, გარედან, ცხენზე მჯდომარე წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულებაა. ზევით, გუმბათის ფანჯრის მარჯვნივ და მარცხნივ, ცალ-ცალკე სამი მცირე ლომია გამოსახული.

KARIBCHEზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარი, ეპისკოპოსის პალატა, სამრეკლო და ტაძრის ეზოს ქვის გალავანი დღემდე შეუსწავლელი კომპლექსია. ეს ტაძარი მთავარანგელოზის ეკლესიიდან ცოტა მოშორებით, მცირე მშრალი ხევის გაღმა, შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს.

გადმოცემით, ზემო ნიქოზის ღვთაებაში მეფე ერეკლე ამალით მოვიდა, ტაძარში მოთავსებული წმინდა რაჟდენის ხატს სანთელი დაუნთო და მის წინ დაიჩოქა.

ერეკლე II-ის ცხინვალში, ზემო აჩაბეთსა და ნიქოზში ნამყოფობას საისტორიო წყაროებიც ადასტურებენ და გადმოცემებიც. ზემო ნიქოზში გადმოგვცემენ, რომ მათი სოფლის მიწის ერთ ნაკვეთს ვაშაურას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მეფე ერეკლეს აუწყეს: ზემო ნიქოზში ლეკები არიანო. მეფე მათკენ გაეშურა. მტერს "ვაშა, ურა" დაჰკივლეს და დაამარცხეს. ვაშაურას მახლობლად ცხვარი დაკლეს, გამარჯვების ნადიმი გადაიხადეს და ამიტომ იმ ადგილს ნამცხვარები ჰქვიაო.

ნიქოზის ღვთების ტაძარში ყოფილა ძელი ჭეშმარიტის ჯვარი, რომელიც თითქოს ვახტანგ გორგასალს გამოუგზავნა პატრიარქმა ძღვნად იერუსალიმიდან. ჯვარს წარწერაც ჰქონია. თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა ვერცხლის ბუდე გაუკეთა. ჯვარი 1799 წელს, ათანასე ეპისკოპოსის დროს დაიკარგა. ამისათვის ათანასე მეფე გიორგი XII-მ კათედრას მოაშორა და ნათლისმცემლის უდაბნოში გადაასახლა. გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ მეფისწულმა ათანასე ისევ ნიქოზის ეპისკოპოსად დასვა. ათანასე 1810 წელს გარდაიცვალა და 1811 წელს ნიქოზის ეპარქია გაუქმდა.

1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო ერთიანი ქართლის შემადგენლობაში შევიდა. აღდგა 1995 წლის 5 აპრილს. ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარია მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია).

***
1890 წლის 23 აგვისტოს გაზეთ "ივერიაში" ვკითხულობთ: "დიდ ვახტანგ გორგასალისაგან აშენებულ 1500 წლის ზემო ნიქოზის დიდებულ ტაძარში, რომელშიც სამღვდელმთავრო კათედრა იყო 1810 წლამდის, არის ერთი ძველისძველი არხეოლოგიურის მხრით შესანიშნავი ხატი მიძინებისა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა. ხატი არ არის დიდი ზომისა, სიგრძით აქვს ცხრა და სიგანით რვა გოჯი. ეს ხატი გარშემო ვერცხლით არის მოჭედილი და ზედ აქვს მხედრულის ასოებით წარწერა: "ქ. ჩვენ მაჩაბლის ზურაბ სახლ-ხუცის ძემან ვახტანგ და თანამეცხედრემ ჩვენმა ამილახვრის ასულმა გუქამ მოვაჭედინე ხატი ესე მიძინებისა, სულისა ჩვენისა საოხად და ძეთა ჩვენთა აღსაზრდელად". თვით ხატი ფიცარზე არის დახატული და სიძველის ნიშანი აძევს, წამალი ზოგან გადასვლია და ზოგან ფერი უცვლია. როგორც მხატვრობა გვიჩვენებს, უნდა ეკუთვნოდეს IX-XI საუკუნეებს. ხატის გარშემო შემოჭედილი ვერცხლია დასევადებული და ზედ დიდის ხელოვნებით დახატულია თორმეტი საუფლო დღესასწაული. ეტყობა, ეს ხატი წინად შუა ეკლესიაში დასასვენებელ ხატად ყოფილა, რომელსაც საუფლო დღესასწაულებში გამოასვენებდნენ შუა ეკლესიაში, რომ ხალხს თაყვანი ეცა".
***
1889 წლის 6 ივნისის გაზეთ "ივერიაში" კი ვკითხულობთ: "ნიქოზის ტაძრის მღვდელს მ. დავითაშვილს უპოვნია ამ ტაძრის კედელში, ორის საჟენის სიმაღლეზე, შემდეგი ძველი ნივთები: არქიელის კვერთხი სამ ნაჭრად დასაშლელი, შავად შეღებილი, არწივი, რომელსაც ფეხ-ქვეშ უგებდნენ არქიელს, ძლიერ დაძველებული, წიფლის მაუდისა, და ერთი სპილენძის ალთაფა, რომელზედაც შემდეგი ქართული წარწერაა: "ქ. შემოგწირე მე ბაიდურმა იოსებმა, წმინდასა ნიკოლოზს ეს ალთაფა".

***
ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარში წირვას დავესწარით. ღვთისმსახურებას მეუფე ისაია აღავლენდა. წირვის შემდეგ ქვემო ნიქოზისკენ ფეხით მიმავალთ ავტომანქანა წამოგვეწია და სოფლამდე წაყვანა შემოგვთავაზა. ასე გავიცანით ორი გულმხურვალე ქართველი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და თავიანთი სამშობლოს, თავიანთი კუთხის თავდადებული მამულიშვილი - ზემო ნიქოზის სკოლის დირექტორი ბატონი თამაზ მიმინოშვილი და ნიქოზის თემის დეპუტატი ლუკა ნამორაძე.

KARIBCHEბატონი თამაზ მიმინოშვილი:

- ნიქოზი ისტორიული სოფელია.Eეს იქიდანაც დასტურდება, რომ V საუკუნეში ჩვენს წინაპრებს აუგიათ ზემო ნიქოზის ეკლესია. ნიქოზი არის ჭიშკარი სამაჩაბლოსი, ლიახვის ხეობისა. სოფელი მდიდარი იყო და არის კიდეც თავისი მოსახლეობით, მიწა-წყლით. სამწუხაროა, რომ ჩვენი მხარე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მძიმედ დაზარალდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და კვლავ აღმავლობის გზით წავალთ. ჩვენი სახლების, საძირკვლების გამაგრებით, მომავალშიც გავაგრძელებთ მშვიდობიან ცხოვრებას ერთიან საქართველოში.

ბევრი სახელოვანი შვილი ჰყავდა ნიქოზს. ერთ-ერთი გახლდათ წმინდა კირიონი (საძაგლიშვილი). თავისი მიღწევებით ამ პატარა სოფელს თამამად შეუძლია იამაყოს. ომამდე ქვემო ნიქოზში საშუალო სკოლა ფუნქციონირებდა. ომის დროს კი მთლიანად განადგურდა. ქვემო ნიქოზის სკოლა ზემო ნიქოზისას შემოუერთდა. ისინი მეორე ცვლაში იწყებენ სწავლას. როგორც შეგვიძლია, ხელს ვუწყობთ. მიგრაციამ დაჩაგრა ჩვენი სკოლა. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, შვილები ქალაქში გადაიყვანა. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად 143 ბავშვი სწავლობს. ომის დროს განსაკუთრებით დაზარალდა ნიქოზი. სოფელი მაინც ნელ-ნელა ფეხზე დგება, წინ მიიწევს. არის სტიმული იმისა, რომ ახალგაზრდობაც ჩაერთოს სოფლის ცხოვრებაში.

უმთავრესი პრობლემა სარწყავი წყლის უქონლობაა, რის გამოც მოსახლეობა დიდ სიდუხჭირეს განიცდის. მოგეხსენებათ, სოფელი გლეხითაა და გლეხი კიდევ - სარწყავი წყლით. მომავალს იმედის თვალით შევყურებ.

ბატონი ლუკა ნამორაძე:

- ნიქოზის თემში სამი სოფელი შედის: ზემო და ქვემო ნიქოზი და ზემო ხვითი. სოფლის ძირითადი პრობლემა სარწყავი წყლის უქონლობაა, დანგრეული და გასარემონტებელია სკოლები. უამისოდ მოსახლეობის დამაგრება შეუძლებელია. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ყველანაირად გვიდგას გვერდით. იმედი გვაქვს, რომ ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმარება. 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს დაინგრა ქვემო ნიქოზის სკოლა. 115 მოსწავლიდან დღეს 28 ბავშვიღა დარჩა ამ სკოლაში. ყველას დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავინდებურად აღდგეს წმინდა კირიონის მიერ დაარსებული სკოლა. შესაბამისი დახმარება ზემო ნიქოზის სკოლასაც სჭირდება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინტერნეტი, კომპიუტერი, რომელიც დღეს ყველა სკოლას აქვს. ფსიქოლოგიურ გაჭირვებას მატერიალური სიდუხჭირეც დაემატა. წყალი ადრე ცხინვალიდან მოდიოდა. კაშხალი აშენდა, მაგრამ ის ქვედა სოფლებს ემსახურება. ჩვენ ზევით ვართ. უწყლობის გამო სოფელი დაცლის პირასაა. გამოსავალია სკოლის აღდგენა, სარწყავი წყლის გაკეთება. დანარჩენს თავად მოსახლეობა მიხედავს.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ეპარქიაში საუკეთესო მოძღვრები მსახურობენ. შეუძლებელია მეუფე ისაიას მიმართ პატივისცემით არ განიმსჭვალო. მეუფე ისაია პირველად რომ მობრძანდა ჩვენს ეპარქიაში 1995 წელს, მოსახლეობა რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი იყო. მას შემდეგ ხალხი შემობრუნდა ტაძრისკენ, რწმენა და ღვთის სიყვარული გაუჩნდათ. აღდგა ეკლესია-მონასტრები, მომრავლდნენ სასულიერო პირები. ჩვენს სოფელში ორი სალოცავია, ღვთაებისა და მთავარანგელოზისა. ორივე V საუკუნის ძეგლია. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკლესია დიდხანს უმოქმედო იყო. სოფლის მოსახლეობამ მოვითხოვეთ ტაძრის აღდგენა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გამოგვიგზავნეს მოძღვარი, მამა კონსტანტინე. ის ატარებდა წირვა-ლოცვას. მაშინდელმა გორის ეპისკოპოსმა, მეუფე ვახტანგმა აკურთხა ჩვენი ტაძარი. იმის შემდეგ მიმდინარეობს ღვთისმსახურება. მეუფე ისაიას მობრძანების შემდეგ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში ამოქმედდა ეკლესია-მონასტრები. საუბედუროდ, ჩვენი ტაძრების უმრავლესობა სხვის საზღვარში მოჰყვა.Oაგვისტოს ომის დროს ეკლესია-მონასტრები დაიბომბა. მთლიანად დაიწვა ზემო ნიქოზში დედების და მამების სენაკები, რომლებიც მეუფისა და ჩვენი მოსახლეობის დახმარებით გაჭირვების პერიოდში ავაშენეთ. ღვთის წყალობით, რესტავრაცია და უფრო უკეთესი მშენებლობა მიდის. მონასტრული ცხოვრება კიდევ უფრო გაფართოვდა. ომის პერიოდი, როგორც იქნა, გადავიტანეთ და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მეუფეს. მეუფე ისაიას წუთით არ დაუტოვებია აქაურობა. სოფელში დარჩენილი მოსახლეობა ეკლესიის გარეშო შევიკრიბეთ. ეკლესიის დახმარებით ვსულდგმულობდით, საკვებითაც და წყლითაც. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მოდიოდა საზრდო და გვინაწილებდნენ. რამდენიმე თვე საპატრიარქოს მოწოდებული საკვებით მარაგდებოდა მოსახლეობა.

KARIBCHEგიორგი-იური ლომსაძე:

- ზემო ნიქოზში 300-ზე მეტი კომლი ცხოვრობს. ძირძველი გვარებია: მჭედლიძეები, მინდიაშვილები, ლომსაძეები, გვარაძეები, კანდელაკები, საძაგლიშვილები, ლაზარაშვილები.

ძირითადად მეხილეობით ვირჩენდით თავს. პირველი ომის მერე, 1991 წლიდან სულ ამოიყარა ხეხილი, რადგან ცხინვალის მხრიდან დაგვიკეტეს სარწყავი წყალი. ლიახვის ხეობასთან რაც ხეხილის ბაღებია, მათ წყალი უდგება და შედარებით არ უჩივიან ხილის მოსავალს. ჩვენთან ხეხილის ბაღები თითქმის აღარ დარჩა, არც სოფელი ირწყვება.

სტუმარმასპინძლობა კვლავინდებურად ტრადიციული გვაქვს. გვიხარია სტუმრის მოსვლა. ზემო ნიქოზში მოდიან ხოლმე დევნილები და აქედან ჭოგრიტით გადახედავენ თავიანთ სახლებს. თან ამბობენ, ჩვენი მიწა-წყლის ჰაერი გვინდა ჩავისუნთქოთო. დანგერული სახლ-კარის დანახვაზე ყველას ცრემლი სდის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ღვთის წყალობით ისევ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ყველამ თავიდან დავიწყოთ ცხოვრება. ჩემი და კეხვში იყო გათხოვილი, სამი ვაჟკაცი ჰყავს, სამივე ცოლშვილიანია და სამივენი სოფელ სკრაში, კოტეჯებში ცხოვრობენ. თავიანთ სახლ-კარს სიზმარში ნახულობენ.Aამბობენ, თუ დაგვაბრუნებენ, ჩვენს დანგრეულ სახლ-კარს აღვადგენთ და იქ გავაგრძელებთ ცხოვრებასო. უიმედო ხალხი არ გვყავს, გვწამს, რომ უფალი გადმოგვხედავს.

როგორი ქვეყანა გვენატრება? ხომ იცით, ქართველები როგორი გულკეთილები და ლმობიერები ვართ. ახლაც, ოსმა რომ ჩამოიაროს, ოჯახში დავპატიჟებთ. გვინდა ერთმანეთში ისევ სიხარული, სიყვარული გვქონდეს. აი, ასეთი ქვეყანა გვინდა, მშვიდობიანი და გამთლიანებული. თბილისში რას დაგაბარებთ და, გლეხობას ხელი შეგვიწყონ, მოგვხედონ, რომ მთლად არ დაიცალოს ჩვენი სოფლები. ჩვენს ერთიან საქართველოს გაუმარჯოს.

KARIBCHEმგალობელი ეკა იმერლიშვილი:

- ტაძარში დიდი ხანია დავდივარ, მაგრამ სამი წელია, რაც ზემო ნიქოზის ტაძარში ვგალობ. ჩემი ფესვები სოფელ შინდისიდანაა. საკმაოდ დიდი სოფელია, მრავალი ტაძარია, მაგრამ მოქმედი ერთია, ისიც იმდენად ვიწროა, რომ ხალხი ვერ ეტევა. გვინდა აშენდეს ახალი ტაძარი ომში დაღუპული შინდისელი ბიჭების სახელზე, იმ ადგილას, სადაც ისინი გმირულად დაიღუპნენ. ჩემი გვარისშვილები, იმერლიშვილები, ძალიან ცოტანი არიან ამ კუთხეში.

შინდისის საჯარო სკოლა დავამთავრე და სწავლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე გავაგრძელე. პარალელურად ტაძარშიც დავდიოდი. მერე ნიქოზში წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა გაიხსნა (ახლა ხელოვნების სკოლად გადაკეთდა) და მეუფე ისაიამ შემომთავაზა, იქ გალობა მესწავლებინა. გალობასთან ერთად ხალხურ სიმღერებსაც ვასწავლი. ტაძარშიც ვგალობთ. ბანში გვეხმარება ჩვენი ამერიკელი სტუმარი, შესანიშნავი ადამიანი თეოფანე. ბევრი რამ გვასწავლა თეოფანემ. მეუფის რეკომენდაციით, სწავლა გავაგრძელე თბილისის სასულიერო აკადემიაში, - მადლობა უფალს და მადლობა მეუფე ისაიას. ყველანაირად გვეხმარება მეუფე, სულიერადაც და ფიზიკურადაც. ძალიან კარგი მოძღვრები მსახურობენ ჩვენთან. ჩემი მოძღვარია მამა გიორგი. სადაც ღვთის შეწევნა და ერთმანეთის სიყვარულია, იქ ყველაფერი კეთილად აღესრულება. მთავარია, გაჭირვებას არ შევუშინდეთ. წმინდა მამები ღმერთს ეხვეწებოდნენ, ღმერთო, განსაცდელი მოგვივლინე, რომ უდარდელობაში არ ჩავვარდეთო. განსაცდელი ჩვენს გამოსაფხიზლებლად, დასამდაბლებლად არის მოვლენილი და ეს უნდა შევიცნოთ.

ქალბატონი ნანა კანდელაკი:

- ნახევარი სოფელი დაცლილია. ცხოვრების სათანადო პირობები არ გვაქვს. სარწყავი წყლის უქონლობის გამო მოსავალი ვერ მოგვყავს. მდგომარეობა სასიკეთოდ თუ არ შეიცვალა, ალბათ დაიცლება ჩვენი სოფელი. აგვისტოს ომის დროს ჩემს ოჯახთან ერთად დავტოვე ნიქოზი. ჩემი მშობლები აქ დარჩნენ. მამაჩემი ტყვედ წაიყვანეს. დედაჩემი სარდაფში იყო დამალული. სახლიც გაძარცვეს, სოფლებიც. ცხინვალში წასაყვანად სოფელში დარჩენილი მოხუცები მოაგროვეს. მერე ცხინვალში აღარ წაიყვანეს, იქ ციხეში ადგილი აღარ ჰქონდათ და ერთ-ერთ სახლში დატოვეს. ბეტეერით ყარაული დაუყენეს. უწმინდესი რომ მობრძანდა, საკვებითაც მომარაგდა სოფელი. მეუფე ისაია ომის დროს გვერდიდან არ მოგვშორებია. ერთი დღეც არ დაუტოვებია ნიქოზი. რუსებმა მოსახლეობის საქონელი რომ წაიყვანეს, მეუფემ უკან დააბრუნებინა. ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. ხოლო ომის შემდეგ მოსახლეობის უმეტესობა თავის სახლ-კარს დაბრუნდა.

KARIBCHEქალბატონი ლეილა კანდელაკი:

- 6 აგვისტოს, როცა სროლა დაიწყო, ხალხმა სახლ-კარი შიშვლებმა, მშივრებმა დატოვა. ჩემს მეუღლეს, ნიკოლოზს ვუთხარი, - ჩვენც წავიდეთ-მეთქი. ვერაო! რომ იტყვიან, ჩვენს თავზე კევრიც კი დატრიალდა. ვეხვეწებოდი მეუღლეს, წავიდეთ, ერთ-ერთი მაინც გადავრჩეთ, რომ გაიგონ ჩვენი ამბავი-მეთქი. ქაღალდზე ვწერდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ბოლოს ქაღალდი დავკარგე და კედელზე შპალერზე დავწერე - 13 აგვისტო, ცოცხლები ვართ (ვწერდი და თან ვტიროდი. ახლაც ცრემლი მომდის). დავწერე და ჩავედი სარდაფში - მკვდარს მაინც მიპოვიან-მეთქი. გავიდა დრო, ამოვედი სარდაფიდან და ჩემი მეუღლე აღარ დამხვდა შინ, აღარც საქონელი ჩანდა. ძაღლს დავუძახე - იქვე მოეკლათ. სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. მერე ეკლესიის ზარის ხმა შემომესმა, შევედი ტაძარში. ლეილა დეიდა, აქ ხარო? - გაუკვირდათ ჩემი დანახვა. ტაძარში დამაპურეს, მიპატრონეს. უწმინდესის ჩამობრძანებამ დიდი ნუგეში მოგვცა. მერე გავიგე, ჩემი მეუღლე რუსებს ტყვედ წაეყვანათ. ბოლოს მივედი პატიმრებთან. ექვსი დარაჯი ჰყავდათ ჩვენს ტყვეებს. ცხინვალში წასაყვანად  მოხუცი ქალები და კაცები დაუჭერიათ. იმ დროს უფროსი მოსულა და უკითხავს, - სად მიგყავთ ეს ხალხიო? ცხინვალში და მერე თბილისში გადავცვლით პატიმრებშიო, - უპასუხიათ. დარაჯებს ვთხოვე, ეჩვენებინათ ჩემი მეუღლე. დამრთეს ნება. შევედი, ვნახე. მეორე დღესაც ვნახე. ერთხელაც ვთხოვე, ცოტა ხნით გამოუშვით, მოვაწესრიგებ-მეთქი. წაიყვანე, ოღონდ უკან მალე მოიყვანეო. ასეც მოვიქეცი. ისე, კარგად პატრონობდნენ რუსი ჯარისკაცები, აჭმევდნენ და ასმევდნენ. მეუფის ძალიან მადლობლები ვართ. მაგნაირები ბევრი უნდა გაზარდოს დედამ. უწმინდესის ჩამობრძანების შემდეგ ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოსვლა. ჩემი შვილებიც ჩამოვიდნენ. ჩემმა შვილმა პირველად რომ დამინახა, ვერ მიცნო, ისეთი შეცვლილი ვიყავი.

ომის დროს მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი დავიწერეთ. ვიფიქრე, ჯვარი რომ დაგვწერონ, ხომ უნდა დაილოცონ-მეთქი. ქათმები დავკალი, პურიც გამოვაცხვე, ხაჭაპურიც. გავშალეთ სუფრა. დავიწერეთ ჯვარი სანთლის შუქზე. სანთლის შუქზე ვჭამეთ პურიც.

ახლა უფრო გვიჭირს. არანაირი მოსავალი არ მოდის უწყლობის გამო. რასაც დავთესავ, ყველაფერი ხმება. სარწყავი არხი ცხინვალის ხელშია.

მეუფე ისაია:

- ჩვენს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში ჯერჯერობით სამ სოფელში შეგვიძლია თავისუფალი მიმოსვლა: ზემო ნიქოზში, ქვემო ნიქოზსა და ზემო ხვითში (ეს სამი სოფელი გორის რაიონის სოფლებია). ომის შემდეგ დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობებიდან მოსახლეობა განიდევნა, სოფლები გადაიწვა. ამ სოფლებში ჩასვლა ჯეჯერობით შეუძლებელია. ქსნის ხეობიდანაც (ახალგორის რაიონი) წამოვიდა მოსახლეობა, მათ აქ შეუძლიათ, რამდენიმე პოსტის გავლისა და შემოწმების შემდეგ საკუთარ სახლში მისვლა, მაგრამ ამ ბოლო დროს შემოღებული გამკაცრებული წესის თანახმად, თუ ჩაწერილები არ არიან, იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერ შედიან.

2008 წლის ომის დროს თვითმფრინავიდან დაბომბვის შედეგად დაიწვა ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლე (X საუკუნე) და მონასტრის საცხოვრებლები. ომის შემდეგ დანიელებმა "გამოზამთრების" პროექტით ორი პატარა ოთახი აგვიშენეს, აგრეთვე ახლობელმა სამი ვაგონის ტიპის "სენდვიჩი" დაგვიმზადა, რისთვისაც დიდად მადლობელნი ვართ მათი - ჩვენ დღესაც ამ ოთახებში ვცხოვრობთ. საეპისკოპოსო სასახლის აღდგენა პრინც კლაუსის ფონდის დახმარებით დავიწყეთ, რასაც ვაგრძელებთ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დახმარებით, ამჟამად შიდა სამუშაოებია დასამთავრებელი. მონასტრის აღსადგენად საპატრიარქოდან აღმოგვიჩინეს მატერიალური დახმარება, მიმდინარეობს მონასტრის მშენებლობა, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი...

ომს მხოლოდ მცირე ზომის სამრევლო სახლი გადაურჩა, აქ ბავშვები ომამდეც მეცადინეობდნენ, 2009 წელს კი ოფიციალურად დავაფუძნეთ წმინდა ლექსანდრე ოქროპირიძის სახელობის "ხელოვნების სკოლა", სადაც 2009 წელს 40 ბავშვზე მეტი სწავლობდა, 2010-ში კი მიღება არ შეგვიზღუდია და სკოლაში 80 ბავშვზე მეტი მოვიდა. ბავშვების ჩვენთან სწავლის სურვილმა და მათი მშობლების ჩვენი სკოლისადმი კეთილგანწყობამ ერთი მხრივ გაგვახარა, მაგრამ თან შევწუხდით, რადგან 40 ბავშვთან მუშაობასაც კი, ოთახების ნაკლებობის გამო, მრავალი დანიშნულების მქონე სამრევლო სახლში ძლივს ვახერხებდით. იძულებული გავხდით დედები შეგვევიწროებინა. საცხოვრებლად სხვაგან გადავიყვანეთ, სახლი კი სკოლისთვის გამოვიყენეთ.

სკოლაში გვაქვს ისტორიის, ქართული ლიტერატურის, მუსიკის წრეები. ბავშვები ეუფლებიან ხელსაქმეს: ქარგვას, ქსოვას, ქმნიან ხელნაკეთ თოჯინებს, მუშაობენ კერამიკაში. სწავლობენ ასევე რუსულს, ინგლისურს, ხატვას. ვცდილობთ შევასწავლოთ ანიმაცია. ეცნობიან ჩრდილების თეატრალურ ხელოვნებას.

ნიქოზში უკვე მეათე თვეა, ცხოვრობს ამერიკიდან ჩამოსული ახალგაზრდა თეოფანე, მას მუსიკალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ამერიკაში, შექმნილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები. მან ამერიკაში ყოფნის დროს ერთ-ერთ კონცერტზე მოისმინა ქართული სიმღერები და საგალობლები, რის შემდეგაც დაინტერესდა ქართული კულტურითა და საქართველოთი. ამერიკაში ისწავლა ქართული. მოინათლა სერბულ ეკლესიაში. მე იგი კალიფორნიის ერთ-ერთ მონასტერში გავიცანი, მაშინ უკვე საკმაოდ კარგად იცოდა ქართული და გვეხმარებოდა თარჯიმნობაში, ქართულიდან თარგმნიდა ინგლისურად და პირიქით. ქართული ენის ცოდნის გასაღრმავებლად და ქართველებთან სიახლოვის სურვილით საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, ქართულ ეკლესიაში გალობდა და იყო სტიქაროსანი. ვიცოდი, ძალიან უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენ კი ჩვენს ახალდაარსებულ "ხელოვნების სკოლაში" გვჭირდებოდა ინგლისურის მასწავლებელი. შევეხმიანე თეოფანეს და ვთხოვე ჩამოსულიყო ამერიკიდან ნიქოზში, ჩვენი ბავშვებისთვის ინგლისური ესწავლებინა. მისი დახმარებით ბავშვებმა მუსიკის სწავლაც დაიწყეს. იგი ძალიან კარგად ფლობს ქართულს. ინგლისურად უკვე გადათარგმნა წმინდა რაჟდენის, წმინდანების ბიძინა, შალვა და ელიზბარის ცხოვრება, ამჟამად კი მუშაობს ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების თარგმანზე. თეოფანე თითქოს ნიქოზის განუყოფელი ნაწილი გახდა, იგი ყველამ შეიყვარა ჩვენთან, დიდმა თუ პატარამ.

ბავშვების ეკლესიასთან დაახლოება ბუნებრივად ხდება ხელოვნების სკოლის წყალობით. ბავშვებთან ურთიერთობა მშობლებთან ურთიერთობის საშუალებასაც გვაძლევს. სკოლისთვის შესაფერისი პირობების უქონლობის გამო ძალიან ვწუხვართ. ვფიქრობდით, საეპისკოპოსო სასახლის აღდგენა სექტემბრამდე მოესწრებოდა და ვიდრე სკოლისთვის სპეციალური ნაგებობა აშენდებოდა, ვფიქრობდით, ამ ნაგებობით გვესარგებლა. ახალი სკოლის შენობის არქიტექტურული პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გვაქვს შეტანილი... პოლონეთის სახელმწიფომ ომის შემდეგ მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია, დაგვეხმარნენ ნიქოზში ომის დროს განადგურებული ანიმაციის სტუდიის აღდგენაში და ხელოვნების სკოლის ჩამოყალიბებაში (ტექნიკური აღჭურვილობით). რამდენიმე ხნის წინ ნიქოზში იყვნენ პოლონელი ახალგაზრდები, რომლებმაც ნიქოზსა და ნიქოზის ხელოვნების სკოლაზე გადაიღეს ფილმი პოლონეთის სახელმწიფოს დაკვეთით, რაც, ვფიქრობ, ასევე დაეხმარება ნიქოზის "ხელოვნების სკოლის" განვითარებას. 2011 წელს იგეგმება "ნიქოზის ანიმაციური ფილმებისა და თოჯინური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის" ჩატარება.
ბეჭდვა
1კ1