ტაო-კლარჯეთი
ტაო-კლარჯეთი
ვალეს გავცდით. უზარმაზარი წარწერა შემოგვეფეთა - "თურქეთი". გული სევდით აგვევსო, რადგან თურქული იქ ვერაფერი შევამჩნიეთ - იგივე ბუნება, იგივე ჰაერი, იგივე ცა... განსხვავება მხოლოდ ფორმალურ მხარეშია. თურქი მესაზღვრეები უკვე შეჩვეულნი არიან ქართველების - გურჯების ხშირ სტუმრობას. ერთი ნაბიჯის იქით უკვე სხვა სამყაროში ხარ, სადაც თურქეთის სახელმწიფოს კანონები მოქმედებს. ცოტა გავიარეთ. ჩვენი ორი მიკროავტობუსი იქაურმა ჟანდარმერიამ გააჩერა და თავიდან შეამოწმა თითოეული მგზავრის პასპორტები.

ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს ეს მადლიანი ადგილები, დამეთანხმება, რომ ტაო-კლარჯეთი სრულიად განსხვავებული საქართველოა. ამ მიწაზე ჩვენი წინაპრები, წმინდა მამები დადიოდნენ. მათ ნატერფალზე სიარული კიდევ უდიდესი მადლით გვავსებდა. გზადაგზა წარსულის ფურცლები მახსენებდა თავს. ძველი ქართული სოფლების აღმნიშვნელი ტრაფარეტები თურქულმა შეცვალა.

გვახარებს ის, რომ აქაურმა ქართველობამ დღემდე შემოინახა ქართული ენა, სამშობლოს სიყვარული. ძირძველ ქართულ სოფლებში ქართველების საუბარი და მათი ყოფა-ცხოვრება გიორგი კალანდიამ საუკეთესოდ აღწერა. გიორგის ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის გადმოეცა საკუთარი თვალით დანახული გურჯების თანამედროვეობა. ამის შესახებ ცოტა ქვევით გიამბობთ, მანამდე ბანას ტაძრის შესახებ მინდა გითხრათ.

ბანა
ეს დიდებული ტაძარი ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანას მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია "ფანაკის" სახელწოდებით. ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. "ქართლის ცხოვრებაში" ყველგან ბანა გვაქვს. "მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად... ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს". VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანას საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა.

IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანა ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. სუმბატ დავითის ძე (XI საუკუნის I ნახევრის მემატიანე) იხსენიებს ბანას IX-X საუკუნეების ამბების თხრობისას: ადარნასემ, ქართველთა მეფის - დავით ბაგრატიონის ძემ, "აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ". "მატიანე ქართლისაის" მიხედვით, ბანაში დაიწერეს ჯვარი 1030 წლის ახლო ხანებში ბაგრატ IV-მ და ბიზანტიის იმპერატორის ძმისწულმა ელენემ. ბანას იმარხებოდნენ ერთ დროს ბაგრატიონები; უკანასკნელად იქ დაასვენეს ვახტანგ IV (1442-1445) და მისი მეუღლე სითი-ხათუნი, ფანასკერტელის ასული. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს ბანას: "ამ წყალზედ (ბანა-ფანასკერტის), მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერ ადგილს, აღაშენა მეფე ადარნესემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა (ნარიმანისა) და აწ არს ცალიერი". 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკლესიის გარშემო რუსის "ოტრიადი" იდგა. ასევე თავისი ბანაკი ჰქონდათ იქ ოსმალებსაც. ყირიმის ომის დროს ბანა ციხედაც კი გადაუქცევიათ. 1881 წელს, როდესაც დ. ბაქრაძემ ნახა ბანა, მას მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩამოქცეული. 1881 წელს ე. ვეიდენბაუმს ბანა უკვე დანგრეული დახვდა. 1881 წელს დ. ბაქრაძე, რომელმაც გამოაქვეყნა ტაძრის მოკლე აღწერა, ასევე უკვე გუმბათჩამოქცეულ ტაძარს ნახულობს.

1843 წელს ჯერ კიდევ დაუნგრეველი ბანა ნახა ცნობილმა გერმანელმა მოგზაურმა, ბოტანიკოსმა კარლ კოხმა: "ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელ აღმოსავლეთში, თუ, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლით..." ბანა ოლთისიდან 33, ხოლო არტაანიდან 79 ვერსის მანძილზეა. 1889 წელს ფანაკში ნაჩვენებია 43 კომლი, ხოლო "დავთრის" ("გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი") დროის ფანაკში 36 კომლია (აქედან 2 - მუსლიმია). ამ პერიოდში ფანაკს შეწერილი ჰქონია გადასახადი 30 000 ახჩა. ბანას ხუროთმოძღვრების კვლევა, რეალურად, ექ. თაყაიშვილმა დაიწყო. 1902 წელს, როცა მან ბანა პირველად ინახულა არქიტექტორ ს. კლდიაშვილთან ერთად, ტაძარი ძალზე დანგრეული იყო. 1907 წელს ექ. თაყაიშვილმა კვლევა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად განაგრძო (პუბლიკაცია 1909 წელს გამოქვეყნდა). "1907 წელს, როდესაც მეორეხელ ვინახულე ბანა, - წერს ექვთიმე თაყაიშვილი, - სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო". 1917 წელს ბანა ნახა ექ. თაყაიშვილის ექსპედიციის წევრმა ი. ზდანევიჩმა, რომლის სიტყვები ბანას შესახებ, ვფიქრობთ, ზუსტად განსაზღვრავს იმ განწყობას, რომელიც აქ მისვლისას გეუფლება: "არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც პენეკს აკრავს. ყველა ფერის - დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე - სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. და დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი". მართლაც მშვენიერია ტაოს ბუნება, ჭრელ-ჭრელი და მკვეთრი ფერადოვანი მთებით, ხოლო მათ შუა "ამოზრდილია" ბანა, როგორც გვირგვინი ამ დიდებული ბუნებისა.

საადეთი - ბედნიერთა ახალშენი
ქალაქ ინეგოლს 16 ქართული სოფელი აკრავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული საადეთია, - გვიამბობს გიორგი კალანდია, - ჩვენც იქით მივეშურებით. შორიდანაც კარგად ჩანს, რომ მუჰაჯირებს საცხოვებლად საქართველოსთან მიმსგავსებული ლამაზი ადგილები შეურჩევიათ, ისეთივე მაღალმთიანი და ტყიანი, როგორიც აჭარაშია. სოფელში რომ შეხვალთ, ვერ დაიჯერებთ, რომ თურქეთში ხართ. ნალიები, კრამიტით გადახურული სახლები. ოღონდ, ეტყობა, ხელმოკლედ ცხოვრობენ. სოფლის შარაგზა მოუკირწყლავი, მოუწყობელია. აქა-იქ მესერიც გატეხილა, კრამიტიც დაცურებულა, სახლებიც ბოლომდე გამართული არ არის. აი, ერთ-ერთი ქალბატონი დამლა-ხანუმი აივნის მოაჯირს დაყრდნობია, ცალი ხელი თავზე აქვს მიდებული და გამორჩეული სიმშვიდითა და სიდარბაისლით გველაპარაკება:

KARIBCHE- ჩვენ გურჯები ვართ. ჩვენ თურქჩა არ ვიცოდით, ეხლა დავისწავლეთ. მთლად გურჯი ვიყავით.

- ბავშვმაც იცის გურჯული?

- მთელმა იციან. აქ ჩემ ბაბას სახლი ქონდა და ამოვედი აქა. ბათუმიდან ვართ. იქ ხისიმები (ნათესავები) გვყავს. ჩვენა ბათუმიდან მოვედით. სახლები გიიკეთეს, იქიდან აყრილან და აქ მოსულან, ტყეში დამჯდარან.

აქ ქალბატონმა გადმოცემით იცის, რომ ხისიმები ანუ ნათესავები აჭარაში მრავლად ჰყავს. თუმცა მათ სანახავად საქართველოში სიშორის გამო წასვლა ვერ მოახერხა:

- გურჯისტანიდან მოდიან და ჩვენ ვერ მივდივართ. ახლაო გზა გეიხსნაო, ახალი გზაო და იქიდანა სწრაფად არისო, თქვეს. ჩვენც მემრე ვეღარ წეველით.

- ამ სოფელს რა ჰქვია?

- ადრე ფაზარალანი, ახლა საადეთი.

- რამდენი ოჯახი ცხოვრობს?

- სამოცი, - სამოცის წარმოთქმა გაუჭირდა, ჯერ ჩუმად რაღაც დაითვალა და მერე გვითხრა.

სოფელში მამაკაცები არ იყვნენ. ისინი ყოველდღე მთაში ადიან ტყის საჭრელად, მწყემსებსაც საქონელი საძოვრებზე აჰყავთ. პატრონად კი ერთი მოხუცი, ოსმან ყაზანჯიშვილი დაუტოვებიათ, რომელმაც სოფელ საადეთის ანუ ბედნიერთა ახალშენის ცხოვრებაზე გვიამბო:

- საქონელ ყავდნენ გაშენებული, ტყეში საქმობდნენ, იაილაში (საძოვარზე) ევიდოდნენ. კარტოფაი, სიმინდი, პური იმათ თესევდნენ იშთე ისინიც.

- აქ სულ ქართულად ლაპარაკობთ?

- სოფელში დიდვანები ჩვენებურა ვილაპარაკებთ. ჰამა (მაგრამ) წვიტებმა არ იციან. იციან და ვერ ლაპარაკობენ. ჩვენ იმფერი ნენეები გვყავს სოფელში, რომე თურქჩა არ იციან.

ტელეკამერის გამოჩენისას სოფლის გოგონებმა დაიმორცხვეს, თავიდან დაიმალნენ, ჩვენთან საუბარზე უარს ამბობდნენ, თუმცა უფროსების ჩარევით ყინული გალღვა. განსაკუთრებით ერთმა ქალიშვილმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება, გაზაფხულივით თეთრად აყვავებულმა, მკერდსავსე აიშემ. თავზე ჭრელი თავსაფარი ახურავს, ოღონდ ბოლოები შეკრული არა აქვს, ამიტომ ხშირად ისწორებს. არ ვიცი, ამით უხერხულობას მალავს თუ ლამაზი თმის გამოჩენა უნდა. ჩვენსავით კამერაც ვერ აშორებს თვალს და ამიტომ ლამის ყველა კადრში ხვდება. აი, ახლა პურს მთავაზობს, შორიდან უხმოდ მაწვდის:

- გემრიელია?

- ოჰო.

პურს აქ ფურნეში აცხობენ, არომატისათვის ნიგოზს ურევენ.

- ფქვილი, წყალი, მარილი შუურევთ. პურია ემე ფურუნში. იქ პურია, გემეიღეთ! - ეს აიშეს დაა, უკვე გათხოვილი, შვილებიანი.

თვითონ გამოიღო, კარგად აფუებული, სქელქერქიანი, დიდი პური. ნელ-ნელა ახალგაზრდა ქალები და მათი შვილები შემოიკრიბნენ. საუბარში სიმორცხვეც თანდათან გაქრა:

ჰიიმედ ჰარიქი (ვეზირიშვილი): - გურჯი ვართ, ბითავე (ყველა) გურჯი ვართ. დედეები გურჯი ყოფილან, ჩვენც ვიცით. ჩვენ სახლში ვართ, ძროხა, ხბოო, იმას ვუყურებთ. კაცები ტყეში არიან.

სოფლიდან წამოსვლა დავაპირეთ. საადეთელებმა საღამომდე დარჩენა გვთხოვეს, ჩვენებური მწყემსები კარგად მღერიან და მთიდან მათ ჩამოსვლას დაელოდეთო.

გვეჩქარებოდა და ვერ დაველოდეთ. წამოვედით და თან აქაური ბავშვების, ქალიშვილებისა და ახალგაზრდა დედების სახეები წამოგვყვა. თუ ინეგოლში მოცეკვავე მამაკაცების სიმრავლემ გაგვაკვირვა, აქ ულამაზესმა ოქროსფერკულულებიანმა ბავშვებმა, მართლაც რომ, გაგვაოცეს. დამერწმუნეთ, ამდენი და ასეთი შუქმფენი, კამკამა წყლისფერი თვალები არსად მინახავს. ძნელია დაივიწყო ინტერესით სავსე, გაფაციცებით მომლოდინე მზერა.

საადეთი ლამაზი სოფელიაო, ვთქვით, მაგრამ აქ ცხოვრება მძიმეა - მამაკაცები თითქმის მთელი ზაფხული ტყეში არიან, ქალები უვლიან საქონელს, საკარმიდამო ნაკვეთს, ოჯახს, ზრდიან შვილებს, ქართულს ასწავლიან. რა იქნება ათიოდე წლის შემდეგ, როდესაც ეს უმანკო ბავშვები ცხოვრების გზაჯვარედინზე დადგებიან? ცივილიზაციის ძახილი დიდი ქალაქებისაკენ ეწევათ და იქ იმ ორიოდე ქართულსაც დაივიწყებენ, რაც ახლა იციან, თუ წინაპართა სამშობლო გაუღებთ კარს და ორი ქვეყნის მეგობრობის სამსახურში ჩადგებიან? სად გამრავლდება მათი სილამაზე, გულწრფელობა? ეს ლამაზი თვალები ნახავენ მათ საკადრის მშვენიერებას?

ოილათი
საადეთის შემდეგ ოილათისაკენ გავეშურეთ. შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული. ბარიდან ამოსულმა მუჰაჯირმა ქართველებმა დაახლოებით საუკუნის წინათ დააარსეს. დღეს ოილათი თურქეთში ერთ-ერთი ლამაზი და პოპულარული კურორტია. აქაური თბილი წყლები განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ ცხოვრების დონით საადეთისაგან სრულიად განსხვავდება. ოილათი პატარა ქალაქია. კურორტი ზამთარ-ზაფხულ მუშაობს, წყლის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს. აბანოებში მოსული ხალხი რევმატიზმს, კანის დაავადებას, მოტეხილობასა და უშვილობას მკურნალობს. აბანოები მთლიანად მარმარილოთია მოპირკეთებული, ცხელი წყალი ლომის ხახებიდან გადმოდის. აქ ყველა სასტუმროს მფლობელი ქართველია, მათ ეს ქონება მემკვიდრეობით მიიღეს.

KARIBCHE KARIBCHE

- იქაც ამფერებში ყოფილან, მაღალ იერებში (ადგილებში) ყოფილან. აქ მოსულან, აქაც მაღალ იერებში მოსულან. კაი ქნილა, - კარგად მოქცეულანო, იწონებს წინაპართა გადაწყვეტილებას ფაჰრი ექრანი (ბაზიერაშვილი): - დედეები 120 წლის წინ მოსულან აქა. წამოსულან, ქვეით ჰილმიე, სოფელი ყოფილა. იმას იქინ ამოსულან აგერ აქა, აქაურობა მოუვლიათ, თიბილი წყლები უნახავთ აქა. მარა აქაურობა ტყე ყოფილა, გაფუჭებული ყოფილა. მემრე უცნობია აქაურ თავდიდებისათვის, ამოსულან, წასულან, გზები გუუხსნიან, გუულამაზებიან, - ეს ომარ ერქანმა (მანჯავიძემ) გვიამბო. მის სასტუმროს "ვარდი" ჰქვია.

ისევე, როგორც საადეთი, იოლათიც ძალიან ჰგავს მთიან აჭარას. ჰაერიც კი ისეთია, როგორიც საქართველოშიო, - ირწმუნებიან აქაურები. ყველგან გურჯები მუშაობენ, ქუჩაში ხშირად საუბარიც ჩვენებური ისმის, ამიტომ სოფელს პატარა საქართველოსაც ეძახიან.

- ჩვენი ბაბაები რომ ჩამოსულან, საქართველოსნაირი ტერიტორია მუუძებნიათ. აქაურობა კარქათ რომ გავს, აქაურობა მოწონებიათ, აქ დამჯდარან. დიდი მადლობელი ვართ იმათზე. ახლა ჩვენ ქალაქში, ინეგოლში ხომ თექვსმეტი სოფელი არის ქართველი. ქართველ წესებს ყოველ წელ ვიგონებთ. იმიტომ ჩვენ ინეგოლსა პაწა საქართველოს ვუყურებთ, ისე გვაჩვენდება, - სოფელ ოილათის გამგებელი მუსტაფა შეენი (ჯაველიძე) იმასვე ამბობს, რასაც თვითონაც ვხედავთ და აქ ყოველ ნაბიჯზე გვესმის. სამშობლოდან გადმოხვეწილები უცხო მხარეშიც სამშობლოს ეძებდნენ და ვიდრე მსგავს ადგილს არ იპოვიდნენ, არ მკვიდრდებოდნენ, გული არ უჩერდებოდათ, ვერ ეგუებოდნენ.

ოილათის შემდეგ ბარისაკენ დავეშვით. ჩვენი გადამღები ჯგუფის შესახებ აქაურმა გურჯებმა უკვე იცოდნენ, ამიტომ გაჩერება და მათთან გასაუბრება გვიწევდა. ყველას თავისი, ხშირად სევდიანი სათქმელი თუ დასაბარებელი ჰქონდა. ჰუსეინ აიბარმა (გიორგი ხაზინადარმა) ისეთი რამ გვიამბო, ფილოსოფოსის ნათქვამს რომ შეედრება:

- დიდი ბაბუა ჩამოსახლდა თურქეთში, მარა მაგის ძმა დარჩა ბათუმში და ერთმანეთის ნახვა ხო არ ჰქონდათ. აქ ჩამოსახლებული ბაბუა ეუბნება ძმას: - ძმაო, ჩვენ უკვე ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს, ამიტომ შენ მზეს უყურე, მეც უყურებ და ვითომ ერთმანეთს ვნახავთ, ერთმანეთს დაველაპარაკებით.

ჰუსეინ აიბარმა ქართული კარგად იცის, ეს კილოზეც ეტყობა და აზრსაც გამართულად გადმოგვცემს. ვინც საქართველოში ერთხელ მაინც ნამყოფია ანდა ქართველებთან ჰქონია ურთიერთობა, ადვილად უღებს ალღოს და ითვისებს ჩვენებურ მეტყველებას.

ჩაიხანა
იყო თურქეთში და არ მოინახულო ჩაიხანა, დანაშაული მგონია. აღმოსავლეთში ყველაზე პოპულარული ადგილი ხომ ჩაიხანაა. აქ გაიგონებ და მოისმენ თითქმის ყველაფერს, ყველა კითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებ. ჩვენც ეს ბედნიერი შემთხვევა გამოვიყენეთ და სოფელ ჰილმიეს გზაზე ერთ-ერთ ჩაიხანაში შევედით. პატარა მაგიდასთან მოხუცები და შუახნის კაცები მუსაიფობდნენ, უმეტესობა მუჰაჯირთა შთამომავალი აღმოჩნდა.

აჰმედ თურქენი შირეთიშვილების შთამომავალია. ჰილმიეს ჩაიხანაში ყველაზე ენაწყლიანი ის აღმოჩნდა, იუმორიც მოსდევს, თუმცა ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს და ამის მიზეზის ახსნას თვითონვე ცდილობს:

- ჩვენს ლაპარაკში თათრულია გარეული, თქვენსაში - რუსის სიტყვები. მთავრობაში მივალთ, ვეღარ მოვიგონებთ ჩვენებურა, ვეღარ ვიტყვით, გუდუქცევთ თათრულაზე. თათრულა ვერ ავათავებთ, გუდუქცევთ ჩვენებურად. ორი ენით ვურევთ, არც იქით ვართ, არც აქეთ. რა ვქნათ, ჩვენ არ ვიცით.

აჰმედი საოცრად ცოცხალი და ხმაურიანი ადამიანია, გულისტკივილსაც მხიარულად გამოხატავს:

- მექთებში (სკოლაში) ვიარებოდით ჩვენ, საკითხავში, ხუთი წელიწადი. აქ მექთები გვქონდა. ყველა იარებოდა მაშინ. ჩემ დროში 100 ბაღნები ვიქნებოდით. მექთები არ გვყოფნულობდა. ახლა ოც ბაღანას ვერ ვათავებთ, ზოგი იქ მიყავან, ზოგი აქ მოყავან. ხუთ წელწადს მუღელინმა, მსწავლებელმა სხვა ვერაფერი დაგვასწავლა. მარტო თათრულა გვასწავლა და კიდო ვერ დაგვასწავლა. გამოვალთ კარში, რამი ჯოხი ნაჭამი მაქვს მსწავლებისგან, გამოვალთ კარში, კიდო გავაწყობთ ჩვენებურა, გურჯულათ. არ იქნა, ვერ დაგვასწავლა, სხვა რამეც ვერ გვასწავლა. ჰამა 50 წლის ვარ, კიდო ვერ დევისწავლე. ავწევ ქართულადან, თათრულაში შუურევ, თათრულადან ქართულაში გუურევ, გავაკეთებ ფხალ-ლობიას და ამფერია. გინდა შენ ჭამე, გინდა მე.

აჰმედ შირეთიშვილმა
ფხალ-ლობიო ახსენა, დაახლოებით იმ მნიშვნელობით, ჩვენ რომ აჯაფსანდალს ვამბობთ ხოლმე, ყველაფერი რომ ერთმანეთშია არეული. ფხალ-ლობიო ადრეც გამიგონია აქაურებისგან, ამიტომ ჩავეკითხე:

- ფხალ-ლობიო გიჭამია? გემრიელია?

- ოუფ! - საკმაოდ ხანგრძლივი ოხვრა მოაყოლა, - მაშინ შენ ხელები და მე ფეხები უნდა გიმიბურკონ. ფხალ-ლიბიაი იყოს და... კაი გაკეთებული ფხალ-ლობია! ახლა რო იყოს, გავაკეთებიებ, ჩაბურაი ფხალი, ლამაზი, ბალბუნია ლობიაი, რომ იყოს. სად არის? ჭადიც უნდა იყოს მაშინ, პურით არ იქს. ჭადი უნდა იყოს თიბილი.

ჩაიხანაში ერთი უხუცესი მამაკაცი იჯდა, გრძელი, თეთრი წვერი მკერდამდე ეფინა. ხოჯა აღმოჩნდა.

- 93-ში გურჯისტანიდან დედეები მოსულ არიან. 100 წელიწადი გეიარა, აქ ვართ. მე ბათუმიდან ვარ, თხელვანადან, ხულადან ვარ. ხულას მიველი ბევრი (ბევრჯერ). სამჯერ გამეველი. დევსთქვი (დავთქვი), კიდევ უნდა წავიდე.

ხოჯამ მეჩეთში შეგვიპატიჟა, სადაც მედრესეა გახსნილი. აქ კი იაკობი, ბურაქი, აბდულაჰი, სინარი, ბილალი და აჰმედი დაგვხვდნენ. ბავშვები გურჯები არიან, თუმცა ქართულად ვერ ლაპარაკობენ, დედეებისაგან მხოლოდ სიმღერა ისწავლეს, სიმღერა, რომელსაც მეჩეთშიც კი მღერიან:

"ეს ლამაზი ზუპუნები ვინ მოგიტანა?

ჩემმა ზიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანა".

არ ვიცი, რა არის ზუპუნები, ვერც გავარკვიე. რადგან ლამაზია და საყვარელმა ძიამ მოუტანა, ალბათ სათამაშოა, ანდა ჩასაცმელი. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.

გაგრძელება შემდეგ ნოემერში
ბეჭდვა
1კ1