ქვიშხეთი
ქვიშხეთი
1717 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს სურამიდან ქვიშხეთისკენ მიმავალ გზაზე ორი ცხენოსანი მოდიოდა. მდინარე შოლასთან მარჯვნივ აუხვიეს და გეზი ქვიშხეთის თავზე გადმოდგარი ციხესიმაგრისკენ აიღეს. სოფელ შოლისპირში დაღლილი მგზავრები პირველსავე სახლთან შეჩრდნენ, ჩამოქვეითდნენ და კაკლის ჩრდილს შეაფარეს თავი. ოჯახის პატრონმა, საზვია ღონღაძემ ისინი ეზოში შეიპატიჟა. მგზავრებმა მადლობა მოახსენეს, ცივი წყალი მოისურვილეს, ცოტა შეისვენეს და გზას გაუდგნენ.

ერთს ბერის ტანსაცმელი ეცვა, მეორე - შუახნის ახოვანი, თეთრწვერა ვაჟკაცი იყო.

რამდენიმე წუთში ციცაბო აღმართი აიარეს და ციხის კარს მიადგნენ. სტუმრებს ახალგაზრდა თავადი ვახუშტი აბაშიძე და მისი მეუღლე, ვახტანგ VI-ის ასული ანუკა ბატონიშვილი გამოეგებნენ.

სტუმრები - ზოსიმე ბერი და სულხან-საბა ორბელიანები მიზეზთა გამო თავშესაფრისთვის მოადგნენ კარს ახლო ნათესავს და პოვეს კიდეც. შინამსახურნი და აბაშიძეების მოურავი სვიმონ ავალიშვილი ყურადღებას არ აკლებდნენ სტუმრებს.

იმ წლებში, როდესაც სულხან-საბა ორბელიანი ქვიშხეთს ეწვია, სოფელი 26 კომლს ითვლიდა და ძირითადად შოლის პირზე, ფერიცვალას ეკლესიის დაბლა ცხოვრობდნენ. დღეს მაშინდელი გვარებიდან მხოლოდ ჩიტაძეები, ლაცაბიძეები და ბლუაშვილები შემორჩნენ. ჩაჩანიძეების უბანში, გურგენიძეების გაყოლებაზე, სოფელი შოლისპირი მდებარეობდა.

ძმები ორბელიანები დროის უმეტეს ნაწილს ლექსიკონის გადაწერას უთმობდნენ. ეს საქმე მერე მოსკოვში გააგრძელეს. ამას გვამცნობს ზოსიმეს ანდერძი: "ამა ზემო ხსენებული უფლისა საბას ძმა, არა ღირსი ძმობისა, არამედ მონა მისი, ზოსიმე, შევრდომით გევედრები ყოველთა, რომელნი მიემთხვენედ ამა ჩემს მცირედსა ნაშრომსა სიტყვისა კონა წიგნსა, გინების ღირსი, შენდობით მომიხსენიოთ და ღირსი ჩემი გონება მომიბოძოთ. გასრულდა ლექსიკონი ესე ქრისტეს აქათ ჩღკე აპრილს, მოსკოვს ქალაქში. ამა წიგნის წერა ქვიშხეთს, ქართლს დავიწყეთ და მოსკოვს გავათავე, თეთრ რუსეთს, თუ არ გავირჯებოდით, ნუ შეგვინდობთ".

"სიტყვის კონის" ეს ხელნაწერი 1725 წელს, საბას გარდაცვალების შემდეგ, ზოსიმე ბერმა გაასრულა (კლიმენტი სუთიაშვილი, "ქვიშხეთი, ჩემი ქვიშხეთი").

წმინდა დიმიტრი ყიფიანი (სამშობლოსთვის წამებული) ქვიშხეთში
2007 წლის 26 აპრილს წმინდა სინოდის მიერ წმინდანთა დასში შეირაცხა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დიმიტრი ყიფიანი და ეწოდა წმინდა დიმიტრი ყიფიანი - სამშობლოსთვის წამებული. წმინდა სინოდის განჩინებით, მისი ხსენების დღედ მისივე დაბადების დღე - 14/26 აპრილი დადგინდა.

წმინდა დიმიტრი ქვიშხეთელი ყიფიანი გახლდათ. ამავე სოფელშია მისი სახლი, რომელშიც დღეს სახლ-მუზეუმია. სახლ-მუზეუმი დახმარებას ითხოვს. წმინდანის მიერ ხელშენახები ნივთები ნახევრად ჩამონგრეულ შენობაშია განთავსებული. იმედია, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და შეეწევიან...

***
დიმიტრი ყიფიანი XIX ს-ის 60-იანი წლების ბოლოდან უმეტესად აქ ცხოვრობდა გადასახლებამდე. იგი აქაურთა ქომაგი, მოჭირნახულე და მრჩეველი იყო. ნინო ყიფიანის ძმა, გიორგი ტატიშვილი იგონებს: "გლეხებთან მუსაიფი ძალიან უყვარდა. ხშირად მოდიოდა მასთან გლეხკაცობა და თავის ჭირ-ვარამს შესჩიოდა. დიმიტრი დაამშვიდებდა ხოლმე და მისცემდა სათანადო რჩევა-დარიგებას: თუ ვინმემ გაგაჯავრათ, მთავრობის მოხელე იქნება ის თუ ჩემი ოჯახის წევრი და თანამშრომელი, მოვალ თუ არა შინ, მაშინვე მაცნობეთო. გლეხები ასეც იქცეოდნენ და მათი საქმეც კარგად მიდიოდა, რადგან მთავრობის მოხელეებმა იცოდნენ, რომ დიმიტრი იყო მათი მფარველი, ვერავინ ვერას უბედავდა. მისი ოჯახის წევრთაგან გლეხის შევიწროებას არავინ დაუშვებდა და მოურავიც ისეთი ინტელიგენტი პიროვნება ჰყავდა, რომ ის გლეხთა შევიწროებას არ იკადრებდა".

დიმიტრი ყიფიანის მოურავი იყო მისი დედის ძმისშვილი ესაია ფურცელაძე. მას გაუშენებია ქვიშხეთში ხილის ბაღი და ვენახები, დიმიტრი ყიფიანის ხელშეწყობით მანვე შეიტანა თურმე მეხილეობის კულტურა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში. დიმიტრიმ ესაია დაასახლა სოფელ მერეთში. დაანიშნინა იქაური სასწავლებლის მასწავლებლად, აყიდვინა მიწის ნაკვეთები, სადაც მოაწყო სანერგე და გააშენა ევროპული ჯიშების ხეხილი.

ესაია ფურცელაძემ ქვიშხეთში გააშენა 15 ჰა-მდე ვენახი, გიგიტაშვილების წყაროს ხარჯზე მოაწყო საკალმახე. დაქირავებული ჰყავდა ორი მეზვრე: დათია ხახნელიძე და ოქრო ჭანკოტაძე. დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ნინო ყიფიანმა ზვარი აჩუქა იოსებ გიგიტაშვილის დედას, რომელიც პურის მცხობლად ჰყავდათ. სახლის წინაც გააშენა ესაიამ ვენახი. ეზოში მაშინდელი მშვენიერი აუზი დღესაც არის. აუზში თიხის მილებით გამოყვანილი მთის წყაროს წყალი ჩადიოდა, სადაც მუდამ ჰყავდათ მტკვრის თევზი.

დიმიტრი ყიფიანმა ააშენა ქვიშხეთში აღდგომის სახელობის ეკლესია. თვითონ ხომ დიდი მორწმუნე იყო და გლეხობასაც ამას უნერგავდა.

იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს: "დიდი ორსართულიანი სახლი, მაღლობ ადგილზე გაშენებული, ფართო კარმიდამოთი, რომლის შუაგულში ცივი მთის წყარო გამოჩუხჩუხებდა მილიდამ, ზემოდან დაჰყურებდა ტაშისკარს, დოღლაურას და მთელი ქართლის გაშლილ ადგილს. ძველებურად ფართო, გრძელი ზემო სართულის აივანზე იდგა დიდი დურბინდი, რომელიც დიმიტრის პარიზში შეეძინა. ამ დურბინდში ხშირად უყვარდა თურმე გახედვა და რა დაინახავდა ვისმე, კარგა შორს მანძილზე იმის სახლისკენ მომავალს, პურადი მასპინძელი მაშინვე განკარგულებას გასცემდა, რომ სამზადისს შესდგომოდნენ სტუმრის პატივით დასახვედრად".

როგორც ცნობილია, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში ქვიშხეთიდან გადაასახლეს.

დიმიტრი ყიფიანის გადასახლების შემდეგ მისი ოჯახი: მეუღლე და შვილები ქვიშხეთში ცხოვრობდნენ და ღებულობდნენ დიმიტრი ყიფიანის სიყვარულით გამთბარ წერილებს. 1887 წლის 24 იანვარს დიმიტრი ყიფიანი მეუღლეს წერს: "ხომ არ გეჩვენება, რომ სასაცილო ვინმე მყავხარ? ვღებულობ ვთქვათ წერილს ქვიშხეთიდან, სულმოუთქმელად ვხსნი და ირკვევა, რომ ესაა კოსტაიას (კოტე ყიფიანი) წერილი ნინუკას (ნინო ყიფიანი) მინაწერით".

იმავე წერილში დიმიტრი ყიფიანი ქვიშხეთურ ზამთარზეც ამახვილებს ყურადღებას. 1887 წლის იანვარში, როგორც ჩანს, ზამთარს ქვიშხეთურად შემოუტევია: "ჩემო ძვირფასო კოსტუკ! ჩანს, წლევანდელი ზამთარი, როგორც იტყვიან, მეტისმეტად ქვიშხეთურია, აქაური ზამთარიც მკაცრი ჰგონიათ, მაგრამ ქვიშხეთურთან ახლოსაც ვერ მოვა. ყოველ შემთხვევაში, მიმოსვლა არსად ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა".

ერთ-ერთ წერილში დიმიტრი ყიფიანი კოტე ყიფიანს ურჩევს ქვიშხეთში გზის გაყვანას.

დიმიტრი ყიფიანის სიკვდილის ამბავი ელვასავით მოედო მთელ საქართველოს. ყველა კუთხიდან მოდიოდა სამძიმრის დეპეშები ქვიშხეთში.

1887 წლის "ივერია" წერს: "კვირას, 25 ოქტომბერს, დილის რვა საათზე დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი მოკლული ჰნახეს თავის სადგურში. დღეს, 31 ოქტომბერს, დილაზე, ცხონებულის გვამი მისმა უმცროსმა შვილმა და ძმისწულებმა - მიხეილმა და ლევანმა წაასვენეს ქვიშხეთს".

თავდაპირველად განზრახული იყო დიმიტრი ყიფიანის ქვიშხეთში გადმოსვენება და დაკრძალვა, მაგრამ ისევ თბილისში გადასვენება და მამა დავითზე დაკრძალვა გადაწყდა.

ანტონ ლორთქიფანიძე დიმიტრი ყიფიანის შვილს, ელენეს, ატყობინებს, რომ "ჯერ ტფილისში შემოიტანა მიცვალებული და მერმე ქვიშხეთს წაღების ნება არ მოგვცეს. ამაზედ მომწერეთ თქვენი აზრი. ახლა უნდა დავთანხმდეთ და მერმე შეიძლება გადატანა ქვშხეთიდან".

KARIBCHEდიმიტრი ყიფიანის გარდაცვალებისთანავე გამოითქვა აზრი მისი სახლ-მუზეუმის მოწყობის შესახებ ქიშხეთში. 1887 წლის 12 ნოემბერს "ივერია" იტყობინება: დიმიტრი ყიფიანის სახლობას გადაუწყვეტია, გაჰმართოს სოფელ ქვიშხეთში მუზეუმი, სადაც შეკრებილი იქნება ყოველივე ხელთნაწერი თუ დაბეჭდილი წერილები განსვენებულის დიმიტრისა. მუზეუმში იქნება შეკრებილი აგრეთვე დიმიტრის მდიდარი წიგნთსაცავი, იმის სურათები და სხვანი".

იგივე აზრია კოტე ყიფიანის წერილში ნიკო ლომოურისადმი: "ძმაო ნიკო! ვიცი, არ დაიზარებ და აღმისრულებ ჩემს თხოვნას, ნახე როგორმე იოველ ნატრიევი და გამოართვი მისი წარმოთქმული სიტყვა, მამაჩემის პანაშვიდზედ რომ სთქვა. ჩვენ მამაჩემის სახსოვრად ყოველისფერს თავი უნდა მოვუყაროთ, რაიცა შეეფერებოდეს მის სახელს".

***
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14/26 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში, ქოჩო (ივანე) ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში.

დიმიტრი თბილისში, შორეული ნათესავების ოჯახში იზრდებოდა. მისი აღმზრდელები იყვნენ მარიამ ყიფიანი და ნიკიფორე ფიოდოროვი.

1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა, უნიჭიერესი ჭაბუკი იქვე მასწავლებლად დაინიშნა. დიმიტრი იხსენებს: "სამსახურში მიმიწვიეს და დასამტკიცებლად წარმადგინეს. მმართველობამ უპასუხა, რომ 16 წლის ყრმას გიმნაზიაში მასწავლებლობა არ შეუძლიაო... მაგრამ აქ გიმნაზიის მმართველობა სხვა გზით შემომატარეს, სადაც თურმე დამტკიცებული იყო, რომ მე უკვე 20 წლისა ვარ, თუმცა ნამდვილად კი მხოლოდ 16-ისა ვიყავი".

დიმიტრი ყიფიანი მონაწილეობდა 1820-იანი წლების დასასრულისა და 30-იანის დასაწყისის იმ კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელსაც შეთქმულთა წრე წარმართავდა და რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას, ასევე აჯანყებისთვის იდეოლოგიური ბაზის შემზადებას.

დიმიტრი ყიფიანი აქტიურად მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორებთან, ამიტომ ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს.

1837 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. ამ წლიდან იწყება მისი იერარქიული აღმასვლა სახელმწიფო სამსახურში.

1845 წელს დიმიტრი ყოფიანმა ცოლად შეირთო ნინო ჭილაშვილი, ფრიად განსწავლული ქალბატონი, დამთავრებული ჰქონდა სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. იგი თავის დასთან ერთად, იმერეთის უკანასკნელი დედოფლის, სოლომონ II-ის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით, პეტერბურგში იზრდებოდა.

მათ ექვსი შვილი შეეძინათ, სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დარჩათ ორი ვაჟი - ნიკოლოზი და კონსტანტინე და ერთი ქალიშვილი ელენე. დიმიტრი ყიფიანის სამივე შვილი სხვადასხვა საზოგადო საქმიანობასთან ერთად სამეცნიერო და პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

1837-1864 წლებში დიმიტრი ყიფიანი მუშაობდა მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი გახლდათ, შემდეგ სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვეა, ასევე თბილისის გუბერნატორი, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი და თბილისის ქალაქისთავი.

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობისთვის საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი ამბიონიდან შეაჩვენა და დაწყევლა. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოსს ხაშურიდან დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოკრძალებით, მაგრამ შეუვალი პირდაპირობით წერდა: "თუ ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან". პრაქტიკულად, ყიფიანმა ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო იგი თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და ქურდულად მოკლა. "ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს. იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს", - წერდა აკაკი წერეთელი.

1887 წლის 30 ოქტომბერს წმინდა ილია ჭავჭავაძე "ივერიაში" დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების გამო წერდა: "ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვითხრა: დიმიტრი ყიფიანი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა "ჰოს", როცა მისი გული ამბობდა "არას", ძნელია უკეთესად გამოთქმა ადამიანის ღირსებისა". იმ დღეებში წმინდა ილია მართალმა არა მარტო აღწერა და საზოგადოებას გააცნო დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი, არამედ საერთოდ ჩამოაყალიბა "მადლისმქმნელი" პიროვნების კონცეფცია. იგი წერდა: "როცა ამისთანა კაცი სამუდამოდ მიდის, თითქო ჩემი და თქვენი წილადხდომილი სინათლე მზისა თან მიაქვსო, თითქო თითოეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ თან ჩემი, თქვენი ნაწილი, ჩემი, თქვენი ბედნიერება წაიღო, თითქო ვგრძნობთ, რომ ამისთანა კაცთან ერთად ჩვენს საკუთარ ბედნიერებასაც ვკარგავთ და ამის შემდეგ რაღა საკითხავია, რომ მივტირით ამ დაკარგულ ბედნიერებასა".

ყიფიანის დაკრძალვაზე წმინდა ილია მართალმა და აკაკიმ ხალხმრავალი თავყრილობა მოაწყვეს, რომელიც შემდეგ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დემონსტრაციაში გადაიზარდა.

8 ნოემებრს თბილისში, მთაწმინდისკენ, უკანასკნელ გზაზე დიმიტრი ყიფიანს მთელი საქართველო მიაცილებდა. ნიკო ავალიშვილი იხსენებს: "სამღვდელოების წინ მოქცეულ ალექსანდრე ეპისკოპოზს თითქოს ზეგარდმოშთაგონება მოევლინა, რუსის რაზმის შიგ პირში მდგარმა, მოზღვავებულ ხალხს თვალი გადაავლო და ჯვრის წინ წაწევით მტკიცე ნაბიჯი გადადგა რაზმშუა. რაზმი მსწრაფლ გაირღვა... ამგვარად ჯვრის მაღლა წინ ამართვით იწყეს სვლა ეპისკოპოზმა, სამღვდელოება უკან მოექცა მას და მთელი ლიტანიაც აღარავის შეუჩერებია, თავისუფლად გაიარა პროსპექტი, სასახლის ქუჩა და ყველა ის ქუჩები, სადაც გეგმით უნდა გაეარა ლიტანიას".

მთაწმინდაზე სამგლოვიარო მიტინგზე აკაკი წერეთელი დიმიტრი ყიფიანს ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობა: "მშვიდობით, ხორციელად ჩვენგან დაკარგულო, მაგრამ სულიერად კი საშვილიშვილოდ მოკავშირევ, ჩვენო დიდებულო მოძღვარო!" მოგვიანებით მის ნეტარ ხსოვნას აკაკიმ თავისი უკვდავი "განთიადი" უძღვნა.

რელიგიური მრწამსი
დიმიტრი ყიფიანი ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო. ამას ადასტურებს მის მიერ გრიგოლ შარვაშიძისადმი მიწერილი წერილის ფრაგმენტი: "მე ძველი კაცი ვარ და ღვთის სასოება ისე არის ჩემს გულში დამკვიდრებული, რომ მისი შერყევა ვერც ერთმა ახალმა იდეამ ვერ შეძლო". სხვაგან წერს: "ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი. ყოველ ზომისა და განსაზღვრების გარეშე მყოფი. ათას ხუთასი წელიწადია, არსებობს ქართული ეკლესია, ათას ხუთასი წელიწადია იგი დგას, როგორც დასტური დიადი აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდისა და სიმართლისა. თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ქართველი ხალხი არ განდრეკილა წმინდა მართლმადიდებლური მოძღვრების დოგმატების და ჭეშმარიტებისგან".

KARIBCHEდიმიტრი ყიფიანი იმ სულისკვეთებით იყო გამსჭვლული, რომელიც წმინდა ილია მართალმა სამ სიტყვაში გამოთქვა: "მამული, ენა, სარწმუნოება". სწორედ უფლის რწმენით, მამულისადმი თავდადებული სიყვარულითა და მშობლიურ ენაზე ზრუნვით იყო ნაკარნახევი ყოველი ნაბიჯი დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებაში. ამის დასტურია ყიფიანისეული ეროვნული ხსნის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მიუძღვნა მან თავისი მიწიერი ცხოვრება.

ეროვნული ხსნის პროგრამა
დიმიტრი ყიფიანისეული ეროვნული ხსნის პროგრამას საფუძვლად ედო თავადაზნაურულ-ლიბერალური განმანათლებლობის იდეოლოგია. მისი აზრით, არსებულ ვითარებაში საჭირო იყო პოლიტიკური სისტემის ფარგლებშივე ინტენსიური კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლა და ამ გზით ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების აღდგენა-განვითარება. "განათლება არის ჩვენი ფეხზედ დამყენებელი იმედი" - ამ სიტყვებით განმარტა დიმიტრი ყიფიანმა თავისი იდეა, რომელიც 40-იან წლებში დაუდო საფუძვლად თავის სამოქმედო პროგრამას.

დიმიტრი ყიფიანის პროგრამის განსახორციელებლად განსაკუთრებით ხელსაყრელი ვითარება მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მმართველობის პერიოდში, 1840-1850 წლებში შეიქმნა. ბრიტანულ დიპლომატიაზე აღზრდილი ვორონცოვი კავკასიაში ფართო რეფორმისტული გეგმით ჩამოვიდა. მის გეგმებში შედიოდა რუსეთის იმპერიასთან საქართველოს სრული პოლიტიკური და ეკონომიკური შერწყმა, მაგრამ იმავე დროს, თავის წინამორბედთაგან განსხვავებით, მას თავი ქართველი ერის კულტურული ინდივიდუალობის შენარჩუნებაზე მზრუნველად მოჰქონდა.

თავისი გარდაქმნების განსახორციელებლად ვორონცოვმა თანაშემწედ დიმიტრი ყიფიანი აირჩია, რომელიც, როგორც ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავს, "მთავარი სამმართველოს საბჭოს საქმეთა მმართველის თანამდებობის შესრულებისას სინამდვილეში მაშინდელი ადმინისტრაციული მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი ღერძთაგანი იყო".

დიმიტრი ყიფიანს კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად და ვინაიდან ახალი მეფისნაცვლის პოლიტიკა საამისო საშუალებას იძლეოდა, დიმიტრიმ შესანიშნავად ისარგებლა შექმნილი ვითარებით და შეუდგა თავისი პროგრამის განხორციელებას. მისმა ღვაწლმა სასიკეთო ნიადაგი განუმზადა წმინდა ილია მართლის სამოღვაწეო ასპარეზს. დიმიტრი ყიფიანი ქართველ ერს დიდი ილიას წინამორბედად მოევლინა.

საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება
დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით, ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით დაარსებული "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა" (1842-1848წ.წ.) პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო მისეული ეროვნული ხსნის პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის გზაზე.

სოფლის მეურნეობის აღორძინება-განვითარების საქმე
მეფისნაცვალ ვორონცოვის მიერ 1850 წელს დაარსებული "კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებაში" დიმიტრი ყიფიანი თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ. "საზოგადოება" მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის ევროპიზაციას. დიმიტრი ყიფიანმა საფუძვლიანად დაასაბუთა, რომ აღნიშნულმა საზოგადოებამ საქართველოში უნდა იხელმძღვანელოს არა ზოგადი, უნივერსალური პრინციპებითა და მეთოდებით, არამედ ზედმიწევნით გაითვალისწინოს ადგილობრივი სპეციფიკური პირობები: რელიეფი, კლიმატი, მიწის თვისებები და მისი დამუშავების, მოსავლის აღების, პროდუქციის ყიდვა-გასაღების სამეურნეო და ფსიქოლოგიური თავისებურებები, საუკუნობით ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა და წეს-ჩვეულებათა სპეციფიკა და სხვა.

საბანკო საქმიანობა
ცნობილია, რომ 1864 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დაარსების ინიციატორი დიმიტრი ყიფიანი იყო და ამ დაწესებულების ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულებად მას მოზარდი თაობის სწავლა-განათლების მატერიალური უზრუნველყოფა ესახებოდა.

მის მიერ წამოწყებული საბანკო საქმიანობა შემდგომში დიდმა ილიამ წარმატებით განავითარა.

სასკოლო საგანმანათლებლო სისტემის რეორგანიზაცია
1840-50-იან წლებში დიმიტრი ყიფიანმა დიდი ამაგი დასდო საქართველოში განხორციელებული სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის რეორგანიზაციის საქმეს. სხვადასხვა საზოგადოებრივ თანამდებობებზე ყოფნისას დიმიტრი ყიფიანი დაუღალავად იღვწოდა სასწავლებლებში ქართული ენის, როგორც სასწავლო დისციპლინის, სრულფასოვნად დამკვიდრებისა და მისი სწავლების დახვეწა-გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე სასკოლო ბიბლიოთეკების ქართული წიგნებით დასაკომპლექტებლად და სხვა.

საქართველოში სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემის გარდაქმნის ყიფიანისეული პროექტი ითვალისწინებდა ქართველ მოზარდთა რუსეთის სასწავლებლებში გაგზავნის შეწყვეტას. ამით მას სურდა, ეხსნა ფიზიკურად, ზნეობრივად და მოქალაქეობრივად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ქართველი მოზარდები მათთვის უცხო ეროვნულ, ფსიქოლოგიურ და კლიმატურ გარემოში მოხვედრისაგან, ხოლო მოზრდილებს საშუალება მისცემოდათ, სამშობლოშივე მიეღოთ უმაღლესი განათლება.

ქართული სალიტერატურო ენის დახვეწა
ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე.

KARIBCHE

მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო პოლიტიკის კრიტიკა დაიწყო როგორც პრესის (მათ შორის რუსული პრესის) ფურცლებზე, ისე უმაღლეს სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ეშელონებში. "მერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი, რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორი და ათცამეტნი სირიელნი მამანი, რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულის-მდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე, რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!" - წერდა დიმიტრი ყიფიანი.

იმჟამინდელი "ველიკოდერჟავული" ხასიათის შოვინისტურ პრესას ქართული საზოგადოებრიობის პატრიოტულად განწყობილი ნაწილი ეროვნული მიმართულების პერიოდულ გამოცემათა დაარსებით უნდა დაპირისპირებოდა. დიმიტრი ყიფიანის შეხედულებით, სწორედ "ჟურნალ-გაზეთები" უნდა გამხდარიყო ჩვენი ისტორიული წარსულისა და ეროვნულ-კულტურულ ფასეულობათა პოპულარიზაციის, მშობლიური ენის დახვეწა-განვითარების, ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებისა და გავრცელების მძლავრი საშუალება. დიმიტრი ყიფიანი საგანგებოდ აღნიშნავდა: "რა არის ახლა, ან ვინ არის ამ ახლანდელის ჩვენს წყობილებაში ჩვენი წინამორბედი, ჩვენი დამმოძღვრებელი, ჩვენი მეგობარი და ჩვენი მეინახე? ეს არის სტამბა, ეს არის ბეჭდვა. უჟურნალოთ, უგაზეთოთ რიღას მაქნისი ვართ ახლა?"

დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი "ცისკარი". მის დაარსებაზე ნებართვა დიმიტრი ყიფიანმა ვორონცოვს გამოსთხოვა. ასევე დიმიტრი ყიფიანის რეკომენდაციით დაევალა ჟურნალის რედაქტორობა გიორგი ერისთავს. მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანს არ გამორჩენია მხედველობიდან არც სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ინტერესები.

დიმიტრი ყიფიანმა, გარდა ბრწყინვალე თარგმანებისა, დაგვიტოვა ლექსები, მოთხრობები...

წმინდა დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობა მრავალმხრივი და ამოუწურავია. მას ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებდა მადლიერი ქართველი ერი.
ბეჭდვა
1კ1