ქანდა
ქანდა
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა "ქანდა" სპარსული წარმოშობისაა და ნიშნავს "ანათალს", სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით კი "ოქროს ვარაყს". ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ საიდან მიიღო მცხეთის რაიონში მდებარე სოფელმა აღნიშნული სახელწოდება, არ გვაქვს. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ საქართველოს რუკაზე ქანდა აღნიშნულია, მაგრამ სოფლების ნუსხაში არ იხსენიება, ალბათ მაშინ ნასოფლარი იყო.

სამუხრანბატონოს სოფელი ქანდა შიდა ქართლის გამორჩეულ და მძლავრ პოლიტიკურ ერთეულში, ქსნის საერისთავოში შედიოდა.

დღეისათვის მცხეთის რაიონში არსებობს ორი ქანდა: პატარა, რომელიც ქართველებითაა დასახლებული და ძველი ქანდა, სადაც უმრავლესობა ასირიელია - შორეული და ძლევამოსილი ასურეთის იმპერიის მემკვიდრენი.

***
ასურეთი ეწოდებოდა თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ტიგროსის შუა წელზე, ბაბილონის ჩრდილოეთით მდებარე ოლქს. თავდაპირველად ასურეთი მდინარე ევფრატამდე არ აღწევდა - დასავლეთიდან მას ევფრატის მარცხენა სანაპიროზე გაშლილი სტეპიანი ზოლი საზღვრავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით ირანის ზეგანისგან გამოყოფდა ზაგროსის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მდინარე ქვემო ზაბზე გადიოდა.

მერმინდელი ასურეთის მოსახლეობის თავდაპირველ ბირთვს შეადგენენ, როგორც ჩანს, ხურიტული და მათი მონათესავე ტომები; ამ ოლქებს ძვ. წ. აღ-ის II ათასწლეულის შუმერული ტექსტები - "სუბირს", ხოლო აქადური დოკუმენტები "სუბართუს" ("შუბართუს") უწოდებენ. მეცნიერთა უმეტესობა ამ ქვეყნის მცხოვრებლებს - სუბარელებს (შუბარელებს) - ხურიტებად მიიჩნევს. ძვ. წ. აღ-ის III ათასწლეულის შუა წლებიდან მერმინდელი ასურეთის ტერიტორიაზე იქმნება სემიტური (აქადური) დასახლებანი, ხდება სემიტური ტომების იმიგრირება და ადგილობრივ სუბარულ ტომებთან შერევა.

სემიტურ დასახლებათა შორის უმნიშვნელოვანესი იყო ქალაქი ასური, რომელიც მდინარე ტიგროსის მარჯვენა ნაპირზე, მასთან მცირე ზაბის შეერთების ცოტა ზევით, ახლანდელი ქალაათ-შერკატის ადგილზე მდებარეობდა. შემდგომ ხანებში ეს ქალაქი გახდა აქ შექმნილი სახელმწიფოს ცენტრი და ქვეყანასაც მის მიხედვით ასური ან ბერძნული ფორმით "ასირია" ეწოდა.

KARIBCHE***
ქანდა გზისპირა სოფელია. ამ ოდესღაც ღონიერ სოფელში დალხინებას ვერავინ შეამჩნევს. აქაურები წუხან - მომხედავი არავინ გვყავსო. უჩივიან უწყლობას, უმუშევრობას და კიდევ ბევრ სხვა რამეს. სოფელში კარგა ხანია ქორწილი არ გადაუხდიათ, ახალგაზრდები აღარ ოჯახდებიან და დემოგრაფიულმა პრობლემებმაც საგრძნობლად იმატა. მოძღვრის გამოჩენამ კი იმედი მისცათ. ბატონ ჯონდო რუბანოვის დახმარებით გავიცანი ქანდა და ქანდელები. ბატონ გრიშა ათანეზოვმა მითხრა, ჩემი წინაპრები ირანიდან, ურმიიდან გადმოსახლებულან და თითქმის 200 წელია, აქ ცხოვრობენო. ბატონმა გრიშამ თავისით შეისწავლა ასირიული წერა-კითხვა, რომელიც საკუთარი წარსულის შესწავლაში ეხმარება. ცხოვრობს ღვთის იმედად მარტო და რწმენით შეჰყურებს მომავალს. საუბარში უწმინდესი ახსენა:

- უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში არის განუმეორებელი. ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ. უწმინდესმა კარგად იცის ასირიელი ერის როლი ქრისტიანობაში, თუ რა მსხვერპლი გაიღო სარწმუნოების გზაზე, ძალიან კეთილადაა ჩვენს მიმართ განწყობილი. ჩვენც ძალიან გვიყვარს ჩვენი უწმინდესი და უნატარესი ილია II.

ბირჟა
გრძელ სკამთან თავი მოეყარათ აქაურებს და ქვეყნის ჭირსა და ლხინზე საუბრობდნენ. რომ იტყვიან, სულზე მივუსწარი და თავიანთი გულისნადები გამიზიარეს, თან გამეცნენ: მე სოსო ედიშეროვი ვარ, აგერ ბადალოვია, ხოშაბაევიაო...

- გვიყვარს ჩვენი სოფელი ქანდა... ეგაა, უმუშევრობა გვაწუხებს. ძირითადად გლეხურ საქმიანობას ვეწევით. უცხოეთში რომ გაგვიშვან, წავიდოდით სამუშაოდ, მაგრამ იქაც არავის ვუნდივართ.

ბატონი ვანო: - დღემდე ვმუშაობდი, 50 წლის სტაჟი მაქვს. ახლა ვიღას ვჭირდები... მიწები კი დაგვირიგეს, მაგრამ დამუშავებას იმდენი ფული უნდა, რომ... სარწყავი წყალიც არ გვაქვს. არხები აღარ არის ირგვლივ. წყალი არ შემოდის, გაყამირებულია ყველაფერი. მომხედავი არავინაა... ბევრს არაფერს ვითხოვთ, წყალი მაინც რომ გვქონდეს, ვენახებს, მიწას დავამუშავებდით.

KARIBCHEსხვა მხრივ, მეზობლები ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. ბევრია ქართულ-ასირიული შერეული ოჯახები, ვცხოვრობთ სიამტკბილობაში.

***
ძველი ქანდის საჯარო სკოლის ნახვაც შევძელი. სკოლის დირექტორის ნანა ნაკანის თქმით, სკოლაში ძირითადად ასირიელები სწავლობენ.

- ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ბავშვები სწავლობენ ჩვენს სკოლაში, - მიყვება ქალბატონი ნანა, - წელს ორი ოქროს მედალოსანი გვეყოლება მეთორმეტე კლასში. სკოლა 400 ბავშვზეა გათვლილი. დღეს კი 177 ბავშვი სწავლობს. დემოგრაფიული პრობლემები ქანდასაც შეეხო, რაც მოსწავლეთა რაოდენობაზეც აისახება.

სხვა მხრივ, ჩვენი სკოლა ყველანაირი ტექნიკითაა მომარაგებული. გვაქვს კომპიუტერული კაბინეტი. კომპიუტერები "ირმის ნახტომის" პროგრამით მივიღეთ, ხოლო დანარჩენი - მოსახლეობის დახმარებით შევიძინეთ. საუკეთესო პედაგოგები გვყავს. ყველა მოსწავლეს აქვს სწავლის საუკეთესოდ პირობები.

რა თქმა უნდა, განსხვავებული თაობა მოდის. თუმცა, ტრადიციების დაცვა ყველა თაობისთვის აუცილებელია. ჩვენ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ და უნდა ვუერთგულოთ წეს-ჩვეულებებს.

KARIBCHEქალბატონი მზია გავაკეთაშვილის თქმით, გასული საუკუნის 20-30-იან წლებში დაარსდა ამ სოფელში სკოლა. თავიდან ოთხწლედი იყო, შემდეგ გადაკეთდა რვაწლიანად, 70-იანი წლებიდან - საშუალო სკოლად. ჩვენმა მოსწავლეებმა იციან კომპიუტერი, უცხო ენები. ჩვენმა ერთმა მოსწავლემ კონკურსში გაიმარჯვა და გაზაფხულისთვის ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრება. სკოლა გერმანულენოვანი იყო, წელს მშობლებმა მოითხოვეს და მეხუთე კლასიდან შემოვიტანეთ ინგლისური ენა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფლის სკოლაში სწავლება მიდის ქართულ ენაზე, ასირიელთა ენას და ტრადიციებს ჩვენი სკოლის პედკოლექტივი და ხელმძღვანელობა პატივს სცემენ. სკოლას აქვს საკუთარი სააქტო დარბაზი და ასირიული ასოციაციის წარმომადგენელი ქალბატონი ლუდმილა შიტკაში ბავშვებს ასირიულ ცეკვებს ასწავლის. ეროვნული შუღლი აქ არასდროს მომხდარა, პირიქით, ყოველთვის დგანან ქართველების გვერდით და ქართული ტრადიციების დამცველები არიან.

***
სოფელი მღვდელმონაზონ ილიას (ფაჩულია) მობრძანებამ ღვთისკენ შემოაბრუნა. დიდი თუ პატარა - ყველა ეკლესიის წიაღში გაერთიანდა. ქანდელების სიხარული კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, თუკი ღვთისმშობლის ტაძრის ტრაპეზი იკურთხება და იქ წირვა-ლოცვა დაიწყება. მოძღვარი იქაური მრევლისთვის კვირაში სამჯერ ღვთისმშობლის, მაცხოვრის და წმინდანების სახელზე პარაკლისს აღავლენს და სულიერად აპურებს კიდეც.

მამა ილიამ ცოტა რამ საკუთარ თავზეც მიამბო: - უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2007 წელს მამა ამბროსიმ აღმკვეცა ბერად საგურამოს მამათა მონასტერში. მერე სამების ლავრაში გახლდით. 2009 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დიაკვნად დამასხეს ხელი. მარიამობის შემდეგ მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს ქანდაში ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად.

თავიდან როგორ დავიწყე სულიერი ცხოვრება? მარიამობის მარხვა დავიცავი და რაღაცნაირად სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი. სხვანაირად შევხედე ყველაფერს და გადავწყვიტე, უფალთან მეტი სიახლოვისთვის უფლის გზით მევლო. ვცდილობ, ჩემთან მოსული თითოეული ღვთისშვილი უნუგეშოდ არ დავტოვო. ადამიანი მოძღვრისგან ნუგეშს და შვებას ელის. სწორ გზას ასწავლის მოძღვარი. ნებისმიერ აღმსარებელს ისე უნდა შეხედო, როგორც საკუთარ სულს.

ნებისმიერი ადამიანი ეძებს სამოთხეს, რომელიც დავკარგეთ. სულისა და ხორცის ბრძოლაში ხორცი ხშირად იმარჯვებს და ეს გამარჯვება მატერიალურში გადადის. სულმა სწორი გზა რომ ნახოს, ამისთვის ეკლესიაში სიარულია საჭირო. ეკლესია არის ადამიანის უფალთან მიმყვანი, წუთისოფლის მორევიდან ადამიანის ამომყვანი. ეკლესიის გარეშე ადამიანის ცხონება წარმოუდგენელია. ღმერთმა დაგლოცოთ.

***
ღვთისმშობლის ტაძარში პარაკლისზე მისულ მრევლსაც გავესაუბრე.

ელისო აბრამოვი: - ასირიელები ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ერია. მადლობა უფალს და მამა ილიას, რომ მისი ჩამოსვლით დაიწყო სარწმუნოებისკენ სოფლის მოქცევა. მეზობელი სოფლებიდანაც დაიწყო ხალხმა ჩვენს ტაძარში სიარული. ღვთისმშობლის ტაძარი ქანდის მოსახლეობის დახმარებით აშენდა... ჩვენი ეკლესია ჯერ არ არის ნაკურთხი და ძალიან გვინდა, რომ მალე იკურთხოს და ზიარება მივიღოთ. მოსახლეობის დახმარებით თანდათან მოგროვდა ღვთისმსახურებისთვის ყველა საჭირო ნივთები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევას ველოდებით.

მამა ილიას ახალგაზრდებთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს. მამა ილიას დახმარებით შევძელი გალობის და მედავითნეობის შესწავლა.

ტაძრის ეზოში მოძღვრის საცხოვრებელი სახლი ავაშენეთ. მზად ვართ, შევინახოთ მოძღვარი და ყველანაირად გვერდით დავუდგეთ.

ელენე ხირდაევი: - მამა ილია ისეთი ადამიანია, რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს. ძალიან ადვილად ნახულობს ხალხთან საერთო ენას. ბევრი ძველი და ახალი თაობისანი მოაქცია ღვთისკენ. გვინდა მალე იკურთხოს ჩვენი ტაძარი. მე სვეტიცხოვლის მრევლი ვარ და ზოგჯერ მიჭირს იქ სიარული. როცა სოფელში მიცვალებულია, სხვა სოფლებიდან მოგვყავს მოძღვარი. ჩვენი ტაძრის ამოქმედების შემდეგ აღარც ჭირი შეგვაშინებს და არც ლხინი.

ია ათანეზოვი: - წინათ აქ გერმანელები ცხოვრობდნენ. მათ დროს ყოფილა ღვთისმშობლის პატარა ნიში. ის ნიში დაიკარგა. ერთ აქაურს ხილვა ჰქონდა - ნიშის ადგილას ტაძრის აშენებას აუწყებდა. ღვთის ნებით, ტაძარი აშენდა კიდეც.

შალვა მიხაილოვი: - მთელი სოფელი გვერდით ვუდგავართ მამა ილიას. მე და ჩემი მეუღლე მუხრანის ტაძარში დავდივართ. ძალიან გაგვიხარდება, თუ მალე აკუთხებენ ჩვენს ტაძარს და მამა ილია აქ ღვთისმსახურებას ჩაატარებს. ეკლესიურმა ცხოვრებამ იმდენად შემცვალა, რომ სულ მინდა ტაძარში ვიყო და ჩემი შრომით რაიმე შევმატო ღვთის სახლს.

KARIBCHE***
ჯონდო რუბანოვის ოჯახმა ტრაპეზის შემდეგ გამიზიარა გულისნადები.

- ძველი ქანდა შედარებით დიდი სოფელია, - მიამბობს ბატონი ჯონდო, - წინაპართა გადმოცემით, ჩვენი მამა-პაპა მუხრან-ბატონთა დროს ჩამოსახლებულა ირანიდან, რადგან ქრისტიანობა არ უარყვეს. ნაწილი მოსახლეობისა საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში ჩასახლდა, ნაწილი - ქანდაში. დედაჩემის დედა ნინოწმინდელი ასირიელი იყო. ერჩიათ, უფსკრულში გადაჩეხილიყვნენ, ოღონდ მართლმადიდებლობა ურყევად დაეცვათ. ერთი მოხუცი კაცი იყო, 130 წელი იცოცხლა. ის ჰყვებოდა: საქართველოსკენ წამოსულებს თათრები დადევნებიათ, მისი დისთვის ხელი მოუკიდიათ - უკან აბრუნებდნენ. ქალს ხელი გაუშვებინებია და მდინარე არაში გადამხტარა. საქართველოში მოსულ ასირიელებს ქანდაში ადრე ჩამოსახლებულ თვისტომთა ნაწილი დახვდათ. ეს მიწა-წყალი ერთ უშვილო ასირიელს შეუსყიდია მუხრან-ბატონისგან. დროთა განმავლობაში ასირიელები და ქართველები ისე დაახლოვდნენ, რომ შერეული ოჯახები მომრავლდა. ასირიული ენა თითქმის არავინ იცის, ბავშვი ენას ქართულად იდგამს. ჩვენი ახალგაზრდობა არც ერთ ქართველს არ ჩამოუვარდება სამშობლოს სიყვარულში. როგორც ქართველს უყვარს საქართველო, ისე უყვარს ასირიელსაც ეს ქვეყანა. ბევრი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. ომის დროს ჩვენი სოფლის მოსახლეობისგან შემდგარი ბატალიონი აქ ნატახტრის წყალსაცავს იცავდა.

ერთმანეთის ჭირითა და ლხინით ვცხოვრობთ. სოფელში დაახლოებით ექვსი ტაძარია: წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის სახელობის რამდენიმე ტაძარი, ასევე გვაქვს ასირიელების მფარველი წმინდანის მარეზის ტაძარი, სოფელს მთიდან წმინდა გიორგის ეკლესია გადმოჰყურებს. მის ქვეშ არის ციხესიმაგრე. მტერი რომ შემოდიოდა, ჩვენი ხალხი ციხეზე ანთებდა ცეცხლს, მეორე მხარეს მუხრანის ციხეზე ანთებდნენ, მერე მჭადიჯვარში და ერთმანეთს აგებინებდნენ საფრთხის მოახლოებას. ამ ციხესიმაგრეზე ასეთი გადმოცემაა: თურმე მტერმა უამრავი ადამიანი გამოკეტა შიგ და სასიკვდილოდ გაწირა. მშიერ-მწყურვალი ხალხი თავის შველას ცდილობდა ფარული გვირაბით, რომელიც მდინარე ქსანში ჩადის. იქიდან სასმელი წყალიც აჰქონდათ ციხეში და თევზიც. ასე გადაურჩნენ მტრის ავ ზრახვას.

ქანდაში ოცამდე გვარი ცხოვრობს: რუბანოვები, ხოშაბაევები, ხირდაევები, იაკოფოვები, ისაევები, აგახანოვები, ჩუგიანოვები, ილიაევები... თითქმის ყველა გვარს რუსული დაბოლოება აქვს. ქართველებიდან ცხოვრობენ დიდებაშვილები, წიკლაურები, აფციაურები, ქენქაძეები, სოხაშვილები და სხვა. რამდენიმე სომეხი და ბერძენი ეროვნების ოჯახიცაა. ბერძნები ქანდაში წალკიდან ჩამოსახლდნენ... ქანდაში რამდენიმე უბანია: ნემენცების უბანი, ახალუბანი, დაკარგულების უბანი, ჭაობის უბანი. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იმას სტადიონის უბანი ჰქვია.

KARIBCHEღვთისმშობლის ტაძარი ჩემმა ცოლის ძმამ, გოდერძი მიხაილოვმა ააშენა. ამჟამად ოჯახთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. როცა რუსეთში მუშაობდა, სიზმარი ენახა, - ტაძარი უნდა ააშენოო. ჩამოვიდა, ხალხს გულისნადები გაუზიარა. ზოგმა დასცინა კიდეც, მაგრამ თავისი გაიტანა და ტაძრის შენება დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობისა და განსაკუთრებით ეკლესიის მახლობლად მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებით ააგო კიდეც. წინათ ტაძრის ადგილას მეურნეობის სათბურები ყოფილა. სამრეკლოს ზარს ადრე სკოლა იყენებდა. მადლობა ღმერთს, რომ ზარი კვლავ ეკლესიას დაუბრუნდა. ტაძრის აღმშენებელი დღესაც ზრუნავს ტაძრის კეთილმოწყობაზე. ახლახან შესწირა ბარძიმ-ფეშხუმი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველანი. დიდი სურვილი გვაქვს, ტაძარი მალე იკურთხოს და წირვა-ლოცვა ჩატარდეს.

მოსახლეობამ საპატრიარქოში გაგზავნა წერილი - სულიერი წინამძღვარი გამოგვიგზავნეთო. უწმინდესმა სურვილი შეგვისრულა და გამოგზავნა მღვდელმონაზონი ილია (ფაჩულია). დიდი მადლობა ამისთვის უწმინდესს და ჩვენს მოძღვარს მამა ილიას, რომელიც ასე კეთილად და ღვთისსათნოდ ემსახურება მოსახლეობას და დედაეკლესიას. მრევლი თანდათან ემატება.Pდიდი თუ პატარა - ყველა ტაძარშია და მოუთმენლად ველოდებით ხოლმე სოფელში მოძღვრის გამოჩენას.Uუკვე იმდენი ხალხია, რომ ტაძარში ტევა აღარ არის. შემობრუნდა ხალხი ტაძრისკენ და უფლის სიყვარულით აენთო. სულ თავიდან, ტაძარი რომ აშენდა, აქ მამა მირიანი, ახლა უკვე იღუმენი ლაზარე (გაგნიძე) მოდიოდა... მისი წყალობით ქანდელებმა ეკლესიური ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს.

ეკლესიასთან სიახლოვე პირადად მე კარგა ხანია მაქვს. საქართველოს პატრიარქთან, დავით V დევდარიანთან მქონდა ახლო ურთიერთობა. მაშინ პატრიარქი ძველი საპატრიარქოს შენობაში ცხოვრობდა. ეს შენობა ჩემი ბრიგადის ბიჭებმა გაარემონტეს. როცა პატრიარქთან რაიმეს შესაკითხად მივდიოდი, მოკრძალებით შევაღებდი ხოლმე კარს. ღმერთკაცივით იჯდა სკამზე. თავად მეტყოდა ხოლმე, - მოდი, შვილო, რა გინდაო. მითითებებს მაძლევდა, როგორ გამეგრძელებინა სარემონტო სამუშაოები. უწმინდეს ილია II-ს ახლოს არ ვიცნობდი. მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ბრძანდებოდა დაMმოდიოდა ხოლმე პატრიარქთან.

კომუნისტების პერიოდში, კარგად მახსოვს, როგორ გვიშლიდნენ მასწავლებლები ეკლესიაში სიარულს. ჩუმად გავიპარებოდით და ავდიოდით წმინდა გიორგის ტაძარში. სანთელს ვანთებდით და ვლოცულობდით მალულად.

თუ ყველა ეკლესიის წიაღში გაერთიანდება, ჩვენი ცხოვრება უკეთ წარიმართება. ღმერთი მოწყალეა და პრობლემებს მოგვიგვარებს.

KARIBCHEსაუბარში ოჯახის დიასახლისი შემოგვიერთდა. ჟუჟუნა რუბანოვა: - რწმენა თავიდანვე ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას. მაგრამ მოძღვრის ჩამობრძანებამ კიდევ უფრო განგვამტკიცა რწმენაში. დიდი მრევლი შეემატა ღვთისმშობლის ტაძარს. მოკლე ხანში ძალიან შეგვაყვარა თავი მამა ილიამ. ტაძრის კურთხევის შემდეგ, წირვა-ლოცვა რომ დაიწყება, მრევლი უფრო დაუახლოვდება უფალს. სოფელს შეეტყო მოძღვრის მოსვლა. მამა ილიამ შვიდგზის ზეთისცხება ჩაატარა და ამით ძალიან დიდი სიხარული მივიღეთ. მიხარია, რომ ღვთისმშობლის ტაძარი ჩემი ძმის დახმარებით აშენდა. უფლისმიერი სიხარულით განიმსჭვალნენ ქანდელები.

ქეთევან რუბანოვა: - ყოველდღე ვმადლობ უფალს, რადგან უძველესი და უმდიდრესი კულტურის მქონე ერის შვილი ვარ და ვცხოვრობ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს კურთხეულ მიწაზე.

ქანდა რომ უძველესი სოფელია, ამაზე ისტორიული ძეგლებიც მეტყველებს. მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი სიყვარული თითოეულ ქანდელს ოდითგანვე მოსდგამს. უნდა ნახოთ, რა სიხარულით დადიან ქანდელები ტაძარში და როგორ ელოდებიან მოძღვრის გამოჩენას. მადლობა უფალს, უწმინდესს და ჩვენს მოძღვარს მამა ილიას ამ სიხარულისთვის.

***
ქრისტინე ბებოს გაცნობამ ყველაზე მეტად გამაოცა და გამახარა კიდეც. 94 წელს მიღწეული ქალბატონი იმდენად ჯანსაღად გამოიყურება, რომ აღტაცება ვერ დავმალე. ქრისტინე ბებო სოფელში ყველაზე მხცოვანია. თერთმეტი შვილის დედაა და 36 შვილიშვილის ბებია. თავისი მონაგარით მადლობას სწირავს უფალს. დამშვიდობებისას მითხრა, - უფლის იმედი მაქვს. როგორც შემიძლია, ვლოცულობ, დედის ლოცვას, სახარებას ვკითხულობ უსათვალოდო. მადლიანად დამლოცა და პირმცინარმა გზა მშვიდობისა მისურვა.
ბეჭდვა